მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: სამწუხაროდ, დავკარგე ნდობა ჩემი მოძღვრის მიმართ. მირჩიეთ, როგორ მოვიქცე?
პასუხი: მოძღვარზე უარის თქმა ცოდვა არ არის იმ შემთხვევაში, თუ მას არ მიჰყავხართ ქრისტეს გზით, თუ მისი სწავლება ეწინააღმდეგება ქრისტიანულ სწავლებას და უფლის ათ მცნებას. ასევე, მაშინ, თუ გარკვეული მიზეზების გამო პიროვნულად ვერ იხსნებით მასთან აღსარებისას – ასეთ დროს შეგიძლიათ, სხვა მღვდელმსახურს მიმართოთ, უკეთესია, თუ კურთხევას ძველი მოძღვრისგან აიღებთ. რაც მთავარია, ეს არ უნდა გახდეს ეკლესიის მიტევების საფუძველი.
კითხვა: ძალიან განვიცდი, რომ ჩემი შვილი ცოდვებში ჩაფლულ ადამიანს დაუახლოვდა. მას ჩემი აღარ ესმის. მირჩიეთ რამე.
პასუხი: ყველაზე კარგს, რასაც თქვენი შვილისთვის გააკეთებთ, ეს არის ლოცვა. მშობლის ლოცვა უსათუოდ დაეხმარება ცოდვებში ჩავარდნილ შვილს. ერთ მაგალითს მოგიყვანთ: ნეტარი ავგუსტინე სანამ ღვთის სათნო ცხოვრებას დაიწყებდა, გარყვნილ ცხოვრებას ეწეოდა. დედამისი ძალიან განიცდიდა შვილის ამბავს და გამუდმებით ტიროდა. ერთხელ ასე შეწუხებული ეპისკოპოსთან მივიდა და თავისი უბედურების შესახებ უამბო. მან კი დაარიგა, ელოცა შვილისთვის. ასეც მოხდა და ოდესღაც ცოდვილი ავგუსტინე ზეციურ წმინდანთა დასში ამაღლდა.
კითხვა: დღეს ჩვენ გარშემო ძალიან მომრავლდნენ სხვადასხვა გზით გამდიდრებული ადამიანები. შეიძლება, მდიდარი ადამიანი იყოს „სულით გლახაკი“?
პასუხი: მდიდრებიც შეიძლება იყვნენ „გლახაკნი სულითა“. თუ ისინი შეიგნებენ, რომ ხილული სიმდიდრე ხრწნადია და წარმავალი და ის ვერ შეცვლის სულიერ სიკეთეს. თუ სიმდიდრეს მდიდარი სიკეთით მოიხმარს და მოყვასსაც შეეწევა, სიმდიდრე არ იქცევა მისთვის ტვირთად.