ჭეშმარიტი სარწმუნოება
ის შენზე ადრე შევა ზეციურ სასუფეველში
ერთხელ ღირს სერაფიმე ვირიცელთან (+1949 წელი) მივიდა მისი სულიერი შვილი ოლღა და, გაუზიარა თავისი გულისტკივილი. ოლღას და ვალენტინა, მართლმადიდებელი და მორწმუნე ადამიანი ცოლად გაჰყვა პარტიის წევრსა და თავდადებულ ათეისტს, სახელად ნათან მოისეევიჩს. ვალენტინამ ტაძარში სიარულიც კი შეწყვიტა, რომ ქმარი, რომელიც მაღალი თანამდებობის პირი იყო, ცუდ მდგომარეობაში არ ჩაეგდო. მამა სერაფიმემ ოლღა გვერდით დაისვა და დაარიგა: „შენ განიცდი, რომ შენი დის ქმარი ებრაელია, მაგრამ ძე ღმრთისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ხომ ებრაელთა შორის ქადაგებდა და მისი მოწაფეებიც – მოციქულები ებრაელები იყვნენ. ახლა კი მომისმინე, რას გეტყვი და უფალი ჩვენ მოგვისმენს. შენ უკმაყოფილო ხარ სიძით, აგითვალწუნებია, მაგრამ ის შენზე ადრე შევა ზეციურ სასუფეველში. ასეა სათნო უფლისთვის. დიახ, დიახ, ეს მე ზუსტად ვიცი!“
ბერთან შეხვედრის შემდეგ გავიდა ორმოცი წელი. 1987 წელს ვალენტინა გარდაიცვალა და ნათან მოისეევიჩი მარტო დარჩა. მეუღლის სიკვდილმა გადაატრიალა მისი ცხოვრება. იგი დაფიქრდა იმაზე, რომ მომავალ ცხოვრებაში თავის საყვარელ ვალენტინასთან ერთად ყოფილიყო. ოლღამ უთხრა მას: „აბა, როგორ ფიქრობ შენ მასთან ერთად ყოფნას? შენ ხომ ურწმუნო ხარ, კომუნისტი, მოუნათლავი“. უეცრად ნათანმა წამოიძახა: „ოლია, მე ძალიან ბევრი ვიფიქრე. რა იქნება, რომ მოვინათლო? მე ვიქნები მასთან?“
იგი ღირს-იქნა, მიეღო წმიდა ნათლისღება ანატოლის სახელით, გარდაცვალებამდე სამი თვით ადრე, 1993 წელს. მაშინ ის ავად იყო და არ შეეძლო ბინიდან გასვლა, ამიტომ ნათლობის საიდუმლო სახლში აღსრულდა. როდესაც მღვდელი მიუახლოვდა, რომ მირონი ეცხო, ანატოლი უხილავმა ძალამ გადააგდო. ის წიგნების კარადას დაეჯახა, მინები ჩაამტვრია და ძირს დაეცა. მღვდელმა თქვა: „ნახე, როგორი გაბოროტებულია ეშმაკი!“
ნათლობის შემდეგ სიძე თითქოსდა თავიდან დაიბადა. სულ ამას ამბობდა: „მე ახლა ვალენკასთან ერთად ვიქნები“.
გარდაცვალების წინ, ანატოლი-ნათანი ქრისტეს წმიდა საიდუმლოებას ეზიარა. მას წესი ალექსანდრე ნეველის ლავრის წმიდა სამების ტაძარში აუგეს.