ვისთვის იყო ნინო ღავთაძე ქალი-ვიაგრა, რა პირობას უყენებს იდეალურ მამაკაცებს და ვინ ანებივრებს მას სიყვარულით, ყურადღებითა და ლამაზი სიტყვებით
მომღერალი ნინო ღავთაძე ყოველთვის გამოირჩევა რესპონდენტის ამპლუაში თავისი სტილითა და საუბრის მანერით. მართალია, ნინო ბავშვობიდან მღერის და უმაღლესი მუსიკალური განათლებაც აქვს მიღებული, მაგრამ მსმენელმა ის მაინც რამდენიმე წლის წინ, პროექტ „ვარსკვლავების აკადემიიდან” გაიცნო. ის ავტორ-შემსრულებელია, მის სიმღერებს მღერიან სხვა ქართველი მომღერლებიც. როგორც საუბრის დროს აღნიშნა ნინომ, მის ცხოვრებაში ხშირად ისეთი რაღაცეები ხდება, თავი ლამაზ სიზმარში ჰგონია. უყვარს საქმე, რომელსაც აკეთებს და ბედნიერია, რადგან უამრავი ადამიანის სითბოთი, სიყვარულითა და ლამაზი სიტყვებით არის განებივრებული.
– დიდი ხანია, არ გამოჩენილხარ „თბილისელების” ფურცლებზე. რა სიახლეებია შენს ცხოვრებასა და შემოქმედებაში?
– უპირველესად, მინდა, მივესალმო „თბილისელების” მკითხველს. თქვენს ჟურნალთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს და ყოველთვის სიხარულს მანიჭებს თქვენთან შეხვედრა. ძველებურად ისევ ვმღერი, ვმღერი და ვერ ვიტყვი, რომ არაფერი მაღელვებს. თუმცა, ჩემს აღელვებას ყოველთვის ახალი სიმღერა მოჰყვება. ყველაფერს თავისი პლუსი აქვს. გააჩნია რას ეძებ, დადებითს თუ უარყოფითს.
– ახლახან კიდევ ერთი ახალი სიმღერა ჩაწერე, რომელმაც რადიოში გაჟღერებისთანავე, დიდი მოწონება დაიმსახურა და მსმენელმა შეიყვარა.
– მართალია, სიმღერა ახალი ჩაწერილია, მაგრამ ის დიდი ხნის წინ დავწერე. ფაქტობრივად, ეს ერთ-ერთი პირველი სიმღერაა, რომელიც მე დავწერე. მასაც თავისი ისტორია აქვს და რა თქმა უნდა, ჩემს პირველ სიყვარულს ეძღვნება.
– კი მაგრამ, ამ სიმღერას „ბანკირი” ჰქვია და გამოდის, პირველი სიყვარული ბანკირი გყავდა?
– კი არ მყავდა, იყო. რომ მყოლოდა, ალბათ, ამ სიმღერას ვეღარც დავწერდი. თუმცა, როგორც ამბობენ: რაც ხდება, უკეთესობისკენ ხდება.
– რას გულისხმობ?
– ანუ, მაშინ ჩვენი ურთიერთობა რომ შემდგარიყო, ამდენი წლის მერე, შეიძლება, მისგან არაფერიც აღარ დარჩენილიყო. ყველა გრძნობა ნელდება, ცხოვრება კი გრძელდება. იმ გრძნობისგან შეიძლება, არც არაფერი დარჩენილიყო, აქ კი სიმღერა დარჩა. ეს უკვე მომწონს.
– ვინ იყო ის პიროვნება, ვისაც ეს სიმღერა მიუძღვენი?
– კონსერვატორიის სტუდენტი ვიყავი, ის კი უკვე პოპულარული და წარმატებული ადამიანი იყო. რა თქმა უნდა, ჩემს გრძნობებს ვმალავდი და მან არც არაფერი იცოდა ამის შესახებ.
– ამდენი წლის შემდეგ, რა იყო იმის მიზეზი, რომ ეს სიმღერა გააცოცხლე?
– როგორც იცით, უკვე წლებია, რესტორან „სენატში” ვმღერი. ერთ საღამოსაც ეს ადამიანი ჩვენს რესტორანს ესტუმრა. მისმა დანახვამ ცოტა ხნით წარსულში დამაბრუნა და სურვილი გამიჩნდა, ეს სიმღერა მისთვის მემღერა.
– ვიცი, რომ უამრავი თაყვანისმცემელი გყავს. შენს გულში რა ხდება?
– ვერ ვიტყვი, რომ ყურადღება მაკლია, მაგრამ მზეზე გათბობა მირჩევნია.
„მარტო მე არ დავრჩები, ვინმეს ხელში გავთბები,
თუ არ მოხდა ესეც, მე გავთბები მზეზე...“
ასე რომ, ამ ეტაპზე მზეზე ვთბები და ამით ძალიან ბედნიერი ვარ.
– როგორ, შენს ცხოვრებაში არავინაა? ვერ დავიჯერებ.
– მთავარია, გულოში იყოს ვინმე, თორემ ცხოვრებაშიც გაჩნდება. სამწუხაროდ, გულამდე ვერავინ აღწევს.
– როგორი ხარ შეყვარებული?
– როცა შეყვარებული ვარ, ვგრძნობ, რომ სუსტი და დაუცველი ვხდები. მაგრამ, როცა სიყვარული გაივლის, მერე უკვე ორმაგად ვძლიერდები. ამიტომაც, ბოლო დროს ამ გრძნობას ვერიდები. ასე რომ, მამაკაცებო, მაქეთ და მერიდეთ.
– როგორ მამაკაცთან არ გექნება არასდროს ურთიერთობა?
– ვერ ვიტან მონადირე, თვალებცეცება მამაკაცებს. უმჯობესია, საქმე, ლაპარაკის ნაცვლად.
– მაშინ ის მითხარი, როგორი წარმოგიდგენია იდეალური მამაკაცი, რომელიც შენ გვერდით იქნება?
– სერიოზული ადამიანი, რომელსაც ენდობი და მის გვერდით მშვიდად იგრძნობ თავს.
– ასეთი მამაკაცები არიან?
– სადღაც შეიძლება არიან, მაგრამ მე ჯერჯერობით არ შემხვედრია. ვისაც მიგაჩნიათ, რომ ასეთი ხართ, გამომეხმაურეთ. მხოლოდ ერთი პირობით, ოჯახებს და ურთიერთობებს არ ვანგრევ.
– მომიყევი შენი სამსახურის შესახებ. ალბათ, ბევრი საინტერესო რამ გექნება გასახსენებელი.
– მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გადატვირთული გრაფიკი მაქვს, ბედნიერი ვარ იმით, რომ ვაკეთებ საქმეს, რაც ძალიან მიყვარს. სიყვარულით, სითბოთი, ყურადღებითა და ლამაზი სიტყვებით განებივრებული ვარ. ისეთი რაღაცეები ხდება, ხანდახან თავი სიზმარში მგონია.
– რომელ ფაქტს გაიხსებენ?
– მაგალითად, ერთ შემთხვევას გავიხსენებ. უამრავი ქალბატონია ვალერი მელაძის თაყვანისმცემელი. სხვათა შორის, მეც მქონდა ოდესღაც იმის სურვილი ჯგუფ „ვიაგრაში” მემღერა. ჩემი მეგობრები, ერთი პერიოდი, ქალ-ვიაგრასაც მეძახდნენ. როცა ეს სურვილი მივიწყებას მიეცა, სწორედ მაშინ, ჩვენს რესტორანს ესტუმრა ვალერი მელაძე. ეს ის შემთხვევა იყო, როცა მე კი არ ვუსმენდი ვალერი მელაძეს, არამედ ის ისმენდა ჩემს ნამღერს...
– როგორც ვიცი, რევზინიც იყო მასთან ერთად სტუმრად, რომელიც „ახალი ტალღის” დამდგმელი რეჟისორია.
– სწორედ მის ხელში გაიარეს მთელმა პოსტსაბჭოთა კავშირის მომღერლებმა. მას ყველა მომღერალი იქით სცემს პატივს და ალბათ, არც საჩუქრებს აკლებენ, სიმღერა რომ დავასრულე, ჩემთან მოვიდა, დიდი სითბო გამოხატა და საჩუქარიც გამიკეთა.
– რა საჩუქარი?
– ფულადი ჯილდო. ანუ, რესტორან „სენატის“ გრან-პრი მივიღე (იცინის). არ ჰგავს ეს ყველაფერი ლამაზ სიზმარს? ერთ საღამოს კი ადრეულ ბავშვობაში დავბრუნდი, სწორედ იმ დროში, როცა ძალიან პოპულარული იყო ინდური ფილმები და „დისკოს მოცეკვავე.” მითხუნ ჩაკრობორტი, ანუ ვინც მთავარი როლი შეასრულა ამ ფილმში, სტუმრად გვეწვია და უამრავი ადამიანი იღებდა მასთან ფოტოს. ამ დროს გამომხედა და დამიძახა: მოდი ჩემთან, ერთად გადავიღოთ ფოტოო. რას წარმოვიდგენდი, რომ დისკოს მოცეკვავეს, ვაკის პარკის ტერიტორიაზე პირადად შევხვდებოდი და თავად მოისურვებდა ჩემთან სამახსოვრო ფოტოს გადაღებას (იცინის). უამრავი ასეთი დასამახსოვრებელი ფაქტი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, პოლიტიკოსებსა და სხვა პროფესიის პოპულარულ ადამიანებზე აღარც ვისაუბრებ. აი, ასე მხიარულად და საინტერესოდ ვცხოვრობ მე და სულაც არ ვგრძნობ თავს მარტო.