ვინ დაადო ბანკის ვალები და დაუმონტაჟა სახლში მოსასმენი აპარატურა მურაზ მურვანიძეს
არ ვიცი, ვინ რას იტყვის, ამ ფაქტთან დაკავშირებით, არც ის ვიცი, რა შეცდომები ან თუკი შეიძლებოდა, საერთოდ, ასეთი ჰქონოდა დაშვებული ამ ადამიანს, მაგრამ პირადად ჩემთვის, ძალიან ძნელი დასაჯერებლია, მურაზ მურვანიძე, მსოფლიოში აღიარებული ქართველი პროფესიონალი მხატვარ-დეკორატორი, კაცი, რომელიც მსოფლიოს უდიდესი თეატრების სცენაზეა ნამუშევარი და მის ნამუშევრებზე ხალხს მართლაც ყბა უვარდება, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ახალი სამხატრო ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, თეატრის მთავარი მხატვარი აღარ არის.
– დავიწყოთ ამ სიახლით, ბატონო მურაზ – რა მოხდა, რატომ მოხდა?
– რა მოხდა? მოხდა ის, რომ უცებ დაიწერა ბრძანება ჩემი გათავისუფლების შესახებ. მე მიმაჩნია, რომ ერთადერთი ვარ, ვისაც თბილისის ოპერის თეატრის ფეხზე დაყენება შეუძლია. მსოფლიო თეატრები მაქვს მოვლილი, სად არ მიმუშავია და აქ, აშენებენ თეატრს და საერთოდ, აბსოლუტურად, არავითარი კითხვა არ იბადება. როცა რაღაც ახალს ვამბობ და მინდა, განვახორციელო, ყურად არავინ იღებს. დღეს ჩვენი თეატრი დაცემულია და მარტო მე ვხედავ ამას. ამას ვერც მომღერალი, ვერც ოპერის სოლისტი და ვერც ბალეტმეისტერი ვერ დაინახავს. იმიტომ რომ, სულ სხვა საქმე აქვთ მათ.
მას შემდეგ, რაც სამხატვრო აკადემია დავამთავრე, ვფიქრობდი მუსიკალური თეატრის მთავარი მხატვარი გავმხდარიყავი, მაგრამ არ ასრულდა. რამდენიმე ეპოქალური სპექტაკლი მაქვს გაკეთებული, მხოლოდ შტატში არასდროს ვყოფილვარ. შტატში ჩამსვეს მას შემდეგ, რაც მსოფლიო მოვიარე. თქვენ კარგად იცით, ვმუშაობდი „მეტროპოლიტენ ოპერაში”, სან-ფრანცისკოს, იტალიის, პარიზის გრანდოპერაში, პოლონეთში, უნგრეთში, მონაკოში, რუსეთში. მსოფლიოში უდიდესი მარინის თეატრის მთავარი მხატვარი ვიყავი. აქ რომ ჩამოვედი ცხონებულ ბადრი პატარკაციშვილთან ერთად დავიწყე მთაწმინდის „ბომბორას პარკზე” მუშაობა. შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა – ბადრი მოკლეს, მე გამომაგდეს იქიდან. მერე ვიღაცას გავახსენდი და დამნიშნეს ოპერის თეატრში. ჩემს ცხოვრებაში სახელმწიფო სამსახურში არ მიმუშავია. 75 წლის ვარ, პირველად მოვხვდი სახელმწიფო სამსახურიში, ჩემს სანატრელ და სათაყვანებელ ოპერისა და ბალეტის თეატრში. მაგრამ, ოპერის თეტარი იმ მდგომარეობაშია, რომ მისვლა არ მიხაროდა. ვიცოდი, რომ ჩემზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული და მზად ვიყავი, მისი აღორძინებისთვის. მთელს ჩემს ენერგიას დავახარჯავდი, მიუხედავად იმისა, რომ ოცდაათჯერ ნაკლები ხელფასი დამინიშნეს აქ, ვიდრე მქონდა. საერთოდ ხმა არ ამომიღია, ვიცოდი, რომ ჩემი საქმე უნდა მეკეთებინა. დავიწყე კეთება, გავაკეთე სასწაული „აბესალომ და ეთერი”, ისეთი რომელიც არასდროს ყოფილა. ახლა, გარდა იმისა, რომ მე გამომიშვეს თეატრიდან, ნამუსი არ ჰყოფნით და გამოაცხადეს კონკურსი „აბესალომ და ეთერის” დადგმაზე – რეჟისორსა და მხატვარზე. იმდენად ტუტუცია, არ იცის, რომ რობერტ სტურუა, თემურ ჩხეიძე, ჭოლა, ვინც მართლა გამოჩენილი რეჟისორები არიან, თუნდაც ჩემი შვილიშვილი – დათა თავაძე, არ მივლენ.
– რატომღაც მგონია, არის ისეთი რაღაცეები, რის თქმასაც ერიდებით. არადა, დღეს უკვე ყველა ყველაფერზე ღიად ლაპარაკობს.
– რის თქმაც მინდა, მე ყოველთვის ვლაპარაკობ. დასამალი არაფერი მაქვს და არაფრის მეშინია. არ ვუყვარდი არც ნაციონალებს და არც არავის. ჩემთვის არაფერი მინდა, მთელი ცხოვრება ისე ვარ, პირიქით, იქეთ მიმაქვს. მე მხოლოდ ის მინდა, უფლება მქონდეს, ჩემი ჩანაფიქრი განვახორციელო. დავინახო პერსპექტივაში, რომ რაღაც დაიძრა, რაც ჩვენი საზოგადოების და მომავლისთვის იქნება კარგი. არასდროს, არანაირ რევოლუციასა თუ მიტინგში მონაწილეობა არ მიმიღია. სრულიად აპოლიტიკური ვარ. იმიტომ რომ, ჩემი საქმე არ არის. მე ვარ დიდიოსტატი ჩემს პროფესიაში. 1989 წელს მივიღე მუსიკალური თეატრის საუკეთესო მხატვრის წოდება, ოქროს ჯილდო, ვარ იტალიის, პოლონეთის, საფრანგეთის, ლონდონის ამერიკის წლის ჩემპიონი. არასდროს არავის ჰქონია ასეთი მიღწევები. საქართველოში კარგად არ მიცნობენ, რადგან ამაზე არ ვყვირი, ჩუმად მინდა ცხოვრება და საქმის კეთება. მე დავამთავრე ჩემი გასაკეთებელი კარიერული თვალსაზრისით, ის რაც მინდოდა. მსოფლიოს იმ კვარცხლბეკზე დავდექი, რომელზეც ძეგლი მიდგას – მე თვითონ დავიდგი. აქ კიდევ, ვზივარ სახლში. რამდენიმე ადამიანმა იცის, რომ მე საქმის კეთება შემიძლია უმაღლეს დონეზე და ამ დროს, არ მეძლევა საშუალება. ახალგაზრდებს მოვეხმარები თუ მოვლენ და მთხოვენ, ზედ გადავყვები, მაგრამ სამსახურიდან რომ მხსნიან რა უნდა გააკეთო?!
– როგორი იყო ამაზე თქვენი პირველი რეაქცია?
– რეაქცია მქონდა ისეთივე, როგორიც მთელ თბილისს – ყველა იცინის, მართლაც იმდენად სასაცილო ფაქტია. ოქროს ჩარჩო მაქვს დამზადებული, იმაში ჩავსვამ და დავკიდებ, რომ ყველამ ნახოს, მე, მურაზ მურვანიძე ვინმე დავით კინწურაშვილმა მომხსნა. ვულოცავ ბატონ დავითს – ერთი რამ, რითაც ისტორიაში შევა, სხვას ვერაფერს გააკეთებს. ერთმა მეგობარმა დამირეკა და მეუბნება: ეგ იცი, რას ჰგავს?! იესო ეკლესიიდან რომ გამოაძევონო. შაყირია რა, არ შეიძლება ამაზე სერიოზულად იფიქრო. შაყირით არის გავსებული ჩვენი ქვეყანა. თუ იუმორის გრძნობა გაქვს გადარჩები, თუ სერიოზული ხარ, ალბათ, უნდა მოკვდე, ისეთი რაღაცეები ხდება. ეს ყველაფერი ჩაივლის, ჩვენი სიცოცხლეც და რჩება მხოლოდ სახელი. მე მეცოდება ჩვენი დარჩენილი ოპერის მაყურებელი, განსაკუთრებულს ვერაფერს რომ ვერ ნახავს. საოცარი გეგმები მაქვს, მინდა, კლასიკური მუსიკა ისევ დავაბრუნო და შევაყვარო ხალხს, რომლის გარეშეც ცივილიზებულმა ქვეყანამ არ შეიძლება, იცხოვროს. ნერვები მეშლება, რომ ძალიან სწრაფად მიდის დრო, ახალგაზრდა რომ ვიყო, ალბათ არ გავღიზიანდები იმაზე, რაზეც ახლა მეშლება ნერვები – პირად შეურაცხყოფაზე არ ვფიქრობ, მათ თვითონ შეურაცხყვეს საკუთარი თავი. მე სულ სახლში ვზივარ და ვიცდი. გარეთ არასდროს გავსულვარ და არავისთვის მითხოვია სამუშაო მომეცით-მეთქი. მთელ მსოფლიოში ასეა, უცებ ზარი... მოგცემენ პროექტს, ზიხარ და მუშაობ.
– თქვენს ცხოვრებაში, გარდა იმისა, რაც ახლა მოხდა, ალბათ, ბევრჯერ ყოფილა ცუდი პერიოდი...
– მძიმე პერიოდი ჯერ კიდევ პატარამ გამოვიარე. მახსოვს მამაჩემის დაღუპვის ცნობა რომ მოვიდა ფრონტიდან, დედა რა დღეში ჩავარდა. მე ძლივს გამომგლიჯეს... მამა ფაშისტებმა მოკლეს, დედა კომუნისტებმა, მე – ნაციონალებმა. ნაციონალებმა მთელი ოჯახი მოგვაქციეს ბლოკადაში. ჩვენი ბინა დღემდე ჩადებულია ბანკში, მაკას (ყოფილი მეუღლის, მაკა მახარაძის – ავტორი) საბალეტო სასწავლებელიც ჩადებულია და არ ვიცით, როგორ იქნება საქმე. ნელ-ნელა უნდა გამოვძვრეთ იმ ვალებიდან. ჩემზე რომ იტყვიან, ბადრის კაცი იყო და გასაჭყლეტიაო... ჩემი ყურით გავიგე ტელეფონში, უბრალოდ, ვეღარ ვუთხარი იმ ადამიანს, შემახვედრე ვინც ეს თქვა-მეთქი. ძალიან შემაწუხეს, მოდიოდნენ: ეს გაზომეს, ის გაზომეს... ეს რატომ არის აქ, ის რატომ არის... არ მომასვენეს, სულ ნერვებს მიშლიდნენ, ინფარქტამდე მიმიყვანეს კინაღამ. მერე ჯოხით გამოვუდექი, დავცხე და გავარდნენ. სხვათა შორის, გოლფის ერთადერთი ქართველი მოთამაშე ვარ, რომელიც ამერიკაში ჩემპიონი გახდა. გეფიცებით, ყველაფრისთვის მზად ვიყავი. დავხოცავ ამათ და წავალ ციხეში-მეთქი, იქამდე მიმიყვანეს.
– ცუდი მომენტები პირად ცხოვრებაშიც იყო. პირველი მეუღლე, დალი ღოღელიანი ტრაგიკულად დაიღუპა, დაგრჩათ პატარა გოგონა. შემდეგ შეირთეთ მაკა მახარაძე, თბილისში ძალიან ცნობილი და ლამაზი წყვილის, მედეა ჩახავასა და კოტე მახარაძის ქალიშვილი, რომელსაც რამდენიმე წლის შემედეგ დაშორდით.
– ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და მოხდა ისე, რომ ჩვენი ერთად ყოფნა აღარ შეიძლებოდა. სიბრაზე არც მქონია, რაღაც გაუგებრობები იყო უბრალოდ. ისეთ ოჯაში გავიზარდე, სადაც ბაბუაჩემი სულ ცუდ ხასიათზე იყო, ბებიაჩემი ეკითხებოდა: კოლია, რატომ ხარ ცუდ ხასიათზეო. სანამ მეცოდინება, რომ მსოფლიოში თუნდაც ერთი ადამიანი მაინც არის მშიერი, სულ ცუდ ხასიათზე ვიქნებიო, – პასუხობდა. აი, ასეთი ადამიანების აღზრდილი ვარ და არ შემიძლია, სხვანაირად ცხოვრება, საკუთარ თავზე ფიქრი. რაც მოხდა, მოხდა, ამან ყველაფერმა ჩაიარა, ცხოვრება გრძელდება. მე არ ვიცი და არც მაინტერესებს, სხვა ქართველი მამაკაცების გაგება. მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს ქალბატონების მიმართ. ჩემს ოჯახში მამაკაცები ამოწყვიტეს, ქალების გაზრდილი ვარ და სულ სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს. ცუდი საქციელი არასდროს ჩამიდენია. ჩვენი გაყრა თუ შეყრა, საზოგადოებას არაფერს დააკლებს. საერთოდ, ხვალინდელ დღეზე უფრო მეტს ვფიქრობ, ვიდრე წარსულზე, ხვალინდელი დღე მენატრება – იქნებ რაღაც ის გავაკეთო, რაც არ გამიკეთებია, თორემ აბსოლუტურად არ მინდა უკან დაბრუნება. მთელი ღამე ვიმუშავე, თვალი არ მომიხუჭავს. ჯუმბერ ლეჟავას უნდა დავუდგა მონუმენტი. მიშას ველოსიპედი უნდა მოვხსნა იქიდან და ჯუმბერ ლეჟავას დავაყენებ, რომ თაობებმა იცოდნენ, ვინ გვყავდა. ეს იქნება ნაციონალების მიმართ ჩემი შურისძიება.
– მახსოვს, სააკაშვილის ინაუგურაციაზე იყავით მიწვეული, აღლუმი უნდა გაგეფორმებინათ და იქ ისეთი რამ მოხდა, რამაც შემდგომში, ფაქტობრივად, თქვენი ბედ-იღბალი განსაზღვრა. გვიამბეთ, ვინც არ იცის.
– დამიძახეს ინაუგურაციაზე. მივედი დიდი პაპკით, ესკიზებით. ყველაფერი გავიარე, რაც საჭირო იყო – ისე არ ხდება, დროშა დაკიდე და ჰიმნი იმღერე... დავსვი მაგარი პროგრამისტები, შევიყვანე ინტერნეტში და ვაჩვენე ყველა ქვეყნის ინაუგურაცია, – პრეზიდენტს რა უნდა ეცვას, პირველ ლედის რა უნდა ეცვას... მეორე დღეს დილით მოვიდნენ მთავრობის ხალხი, ძალოვანები, რეჟისორიც იქ არის. შემოვიდა მიშა, ყველას ჩამოგვართვა ხელი, ვდგავართ ვსაუბრობთ. დავით თევზაძეს ეუბნება: აბა, შენ იცი, ტექნიკა გააწკრიალე და გამოიყვანეო. მე ვუთხარი: ბატონო პრეზიდენტო, თუ შეიძლება, ერთი საინტერესო წინადადება მაქვს, მერე არ ვინანო, რომ არ გითხარით და მომისმინეთ-მეთქი. რაშია საქმეო. იქნებ ვარდების რევოლუცია, რაც მოხდა, უფრო ლამაზად ვაჩვენოთ. არ გვინდა ტექნიკა, მოდი, ყველას ვაჩვენოთ მაგალითი-მეთქი... თევზაძემ, აგაშენათ ღმერთმა, ბატონო მურაზ! ტექნიკა ისედაც არ მყავსო. ისიც გამოაგდეს და მეც (იცინის). ამის შემდეგ, ჩემს შვილს, ნატოს – არც ერთი პრემია, ჩემს შვილიშვილს – არც ერთი პრემია, მაკა გამოაგდეს სასწავლებლიდან... უამრავ საზიზღრობას სჩადიოდნენ. სიგნალიზაცია დავაყენე, რაღაც ბევრი ანტენები გაქვთ და რა არისო, – მითხრეს. ახლა, ახალი მთავრობა რომ მოვიდა, დამირეკეს: თუ შეიძლება, მოვალთ, იქ რაღაც დაგვრჩა და წავიღებთო. მე ვუთხარი, ფული მაქვს გადახდილი ამაში 1 400 ლარი, რას ჰქვია წაიღებთ, მოსმენა აკრძალეს და უნდა მოვხსნათო. თურმე, მოსასმენი აპარატურა დაუმონტაჟებიათ და მე გადამახდევინეს ფული. მოვიდნენ და წაიღეს, ეს იყო შარშან ზამთარში.
– მოსასმენი აპარატურა, თქვენ?
– ბადრის სახელზე ლიტერატურული სალონის სტილის კლუბი გავხსენი და ყველა, ვინც ბადრის არ უღალატა, აქ ვიკრიბებოდით. ხედავდნენ, მანქანები რომ ჩამოდგებოდნენ, მაგრამ ჩვენ არ ვიცოდით, თუ მოსასმენი აპარატურა მედგა სახლში.
– სახელი და პატივისცემა თქვენ არ გაკლიათ, აკეთებთ იმ საქმეს, რაც მოგწონთ, გსიამოვნებთ და ძალიან მაგრად გამოგდით, გაქვთ არაჩეულებრივი ოჯახი, ხართ სიმპათიური, მუდამ ქალების ყურადღების ცენტრში, საინტერესო ადამიანი – რას ნანობთ ყველაზე მეტად, თუ მიიჩნევთ, რომ რაღაც ისე არ უნდა გაგეკეთებინათ?
– სინანული ყოველთვის ერთი მქონდა, მამა რომ არ მყავდა. სულ მგონია, რაც მაკლია იმის გამო მაკლია, რომ მამის ხელში არ გავიზარდე. სამაგიეროდ მამაჩემის ლეგენდამ გამზარდა. 31 წლის დაიღუპა. იყო მეცნიერების კანდიდატი, მოცურავე, ალპინისტი, ბოქსიორი, უდიდესი ფიზიკური ძალის პატრონი. ბრძოლისუნარიანობა არ მაქვს ისეთი, რაღაც გავიტანო ჩემი სახელისთვის. იმ იდეებს გავიტანდი, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ქალაქისთვის. ქალაქი რომ გამომყვეს, მექად გავხდი – როგორი უნდა იყოს, რა კოზირი აქვს თბილისს, ის, რაც მსოფლიოში არც ერთ ქალაქს არ აქვს. ყველა მარტო წარმოებებზე, სახლებზე, უმუშევრობაზე ლაპარაკობს. რომ ვყოფილიყავი მამაკაცის გაზრდილი, ალბათ, გავიტანდი, მაგრამ რბილი ვარ. საქართველოში ჩემი ხასიათით სულ ყოველთვის ბოლო ადგილზე ვიყავი. როგორც კი ამ ქვეყნიდან წავედი, პირველ ადგილზე დავდექი. მერე, რომ ჩამოვედი, ცოტა პატივისცემა დავიმსახურე, თორემ ისე, აქ ვიყავი, პრაქტიკულად, არარაობა.
– გახსოვთ, ხატვის გარდა რა გაინტერესებდათ ახალგაზრდობაში?
– კი, სულ მინდოდა, ვყოფილიყავი საბავშვო ბაღის დირექტორი, იმიტომ რომ, ბავშვებისთვის კარაქი არ მოეპარათ. სულ პატარა რომ ვიყავი, მინდოდა, ფეხსაცმლის წმენდავი ვყოფილიყავი. ჩვენთან სტუმრები რომ მოდიოდნენ, მაგიდის ქვეშ შევძვრებოდი და ფეხსაცმელებს ვუწმენდდი. ქუჩაც გამოვიარე, რასაკვირველია, მაგრამ ჩემი ოჯახის ქალები სულ დამსდევდნენ და ძალიან მეცოდებოდნენ. ჩემ გარდა, ოჯახში მამაკაცი არ დარჩენილა, მყავდა მხოლოდ მამინაცვალი. დედა გათხოვდა რამდენიმე წლის შემდეგ. გადასარევი პიროვნება შემოვიდა ჩვენს ოჯახში. მერე შემეძინა ძმა, რომელიც ძალიან მიყვარს.
– წარმოსახვაზე მინდა, გკითხოთ. ჩაცმულ ქალს შიშველს რომ ხედავთ, ეს თქვენ გინდათ, ასე წარმოიდგინოთ, ის ვინც მოგეწონებათ, თუ, უბრალოდ, გეჩევნებათ?
– არაფერი არ მეჩვენება, მართლა ვხედავ. ნებისმიერ ქალს შემიძლია, შევხედო და დავხატო შიშველი. ახლა ვაწყნარებ ხალხს, სიბერეში აღარ ვხედავ-მეთქი და უფრო თავისუფლად არიან ჩემთან. მე, საერთოდ, რაღაც მჭირდა ისეთი, რისიც მეშინია, ამიტომ, ერთხელ ავდექი და ავლიპ ზურაბაშვილს მივაკითხე. მაკაც წამომყვა. სასწაული კოლორიტული პიროვნება იყო... მოვუყევი ჩემი ამბავი. მეკითხება: კაცო, ამნაირი ხილვები რომ გაქვს, ახლა შენა, მერე მოგწონსო? მე ვუთხარი კი, საინტერესოა-მეთქი. ჰოდა, მე კიდენა მშურს შენი, წადი და იცხოვრე რა...
– თქვენთან საუბარი, ალბათ, არასდროს არავის მოსწყინდება. არც მეგონა, თუ ასეთი ლაღი და კარგი იუმორის პატრონი იყავით.
– მე არასდროს ვარ სერიოზული, გარეგნობა მაქვს სერიოზული თორემ, ცხოვრებაში სერიოზული არ ვყოფილვარ. სულ ბავშვებთან ერთად ფეხბურთს ან რაღაცას ვთამაშობ. დედაჩემს, რატომღაც ეგონა, კულტურის მინისტრი გავხდებოდი ჩემი განათლებით. იტყოდა, მურაზი კულტურის მინისტრი რომ გახდება, მაშინ მაინც დაანებებს თავს ქუჩის ბავშვებთან ფეხბურთის თამაშსო. აი, ახლაც „ბასეინიდან” მოვდივარ პატარა ბავშვთან, ჩემი მეგობრის შვილთან ერთად ვცურავდი და ვყვინთავდი. ყოველ დილით ასე ვარ, ხან ვცურავ, ხან ვვარჯიშობ, ხან ბურთს ვთამაშობ.
– ათი, ოცი წლის მერეც აპირებთ ასე ცხოვრებას, როგორ წარმოგიდგენიათ მაგ პერიოდისთვის თავი?
– შეიძლება, გავაგრძელო ხატვა, შეიძლება არა. თქვენ გგონიათ, ძალიან მიყვარს და ვგიჟდები?! ვხატავ იმიტომ, რომ ვიღაცას მივუძღვნა, ვიღაც ვასიამოვნო... მოხუცი არასდროს ვიქნები. ვიცი, რომ სანამ ვიქნები – ახალგაზრდა ვიქნები!