ვინ ეძებს მამას უკრაინიდან საქართველოში და რა მიზეზით სურს უკრაინელ ქალს თავისი ნახევარძმების ნახვა
45 წლის ლიანა მევლუდის ასული პესჩანაია ეძებს: დაახლოებით 70-75 წლის მევლუდ დავითის ძე ახალაძეს.
ისტორია: ვეძებ მამას – დაახლოებით 70-75 წლის მევლუდ დავითის ძე ახალაძეს. ჩემი დედ-მამა 1972 წელს დაშორდა ერთმანეთს. მას შემდეგ მე და დედა უკრაინაში ვცხოვრობთ. მამის მოძებნა ძალიან მინდა, ვიცი, რომ მყავს სამი ნახევარძმა. მათი პოვნაც მინდა. იმედი მაქვს, დამეხმარებით. ამჟამად უკრაინაში, დონეცკის მხარეში ვცხოვრობ. თქვენი დიდი იმედი მაქვს.
– როგორ დაშორდით მამა-შვილი ერთმანეთს?
– დედაჩემი, ლიდია სერგეის ასული ზუბენკო (დაბადებული 1950 წელს) და მამაჩემი მევლუდ დავითის ძე ახალაძე დაშორდნენ ერთმანეთს 1972 წელს. მის შემდეგ მე და დედა საცხოვრებლად უკრაინაში გადავედით. ამჟამად მე ვცხოვრობ დონეცკის მხარის, ამროვსიევსკის რაიონის, სოფელ მეტალისტში. მას შემდეგ, რაც დედ-მამა დაშორდნენ, მე და დედა ვიყავით საქართველოში მამის სანახავად. ეს იყო 1980 წელს. მაგრამ, მამა არ დაგვხდა. სამაგიეროდ, საქართველოში ყოფნისას გავიცანი მამაჩემის ძმები (ანუ ჩემი ბიძები): რუდოლფი, თემური და რამაზი, ასევე, ბებიაჩემი (მათი დედა). ბებიას ვენერა ერქვა. მახსოვს, ძალიან კარგად შეგვხვდა ყველა. მაგრამ, მას შემდეგ საქართველოში აღარ ვყოფილვარ და არც მამის შესახებ ვიცი რამე. მინდა, ნათესავების პოვნა და რა თქმა უნდა, მაინტერესებს მამაჩემის ამბავიც. ამჟამად მამა დაახლოებით 70-75 წლის უნდა იყოს.
– კიდევ რა იცით მამის შესახებ. მას თუ უცდია როდესმე თქვენი ნახვა?
– სამწუხაროდ, მის შესახებ არაფერი ვიცი, გარდა იმისა, რომ ჰყავს სამი ვაჟი, ანუ მე მყავს სამი ნახევარძმა, მათი პოვნაც ძალიან მინდა. გადმოცემით ვიცი, რომ ჩემი ნახევარძმებიც საქართველოში ცხოვრობენ. მათი სახელები და ასაკი ჩემთვის უცნობია. ამა წლის ივნისში გადავწყვიტე, მამა აქტიურად მომეძებნა და ჩემი განაცხადი მამის მოძებნის თაობაზე სამძებრო საიტებზეც განვათავსე. გავიგე, რომ საქართველოში ერთმანეთის პოვნაში ადამიანებს თქვენ ეხმარებით და თქვენც მოგმართეთ. იმედი მაქვს, მამას მოვძებნი და ჩემი დაკარგული კავშირიც ნათესავებთან და ნახევარძმებთან, აღდგება. მე ამის მჯერა. თავად მამა თუ მეძებდა, არ ვიცი, მაგრამ, ასე მგონია, ჩემი პოვნა და ჩემთან შეხვედრა გაუხარდებოდა. ღმერთმა ქნას, ის ჯანმრთელად და ყოჩაღად იყოს, დანარჩენს ყველაფერს მიეხედება.
– დედამ თუ იცის, მამას რომ ეძებთ და რა აზრის არის ამაზე?
– დედამ იცის, მან ყოველთვის იცოდა, რომ მამა მენატრებოდა და მისი ნახვა მინდოდა. მან, თავისი მხრიდან რაც იცოდა, ყველაფერი მითხრა. სამწუხაროდ, მეტი ინფორმაცია მამის შესახებ არ გამაჩნია და მხოლოდ თქვენი იმედი დამრჩა. ჩემმა ნახევარძმებმაც ხომ იციან ჩემი არსებობის შესახებ და დარწმუნებული ვარ, მათაც ენდომებათ ჩვენ შორის კავშირის აღდგენა. მაინტერესებს ასევე, ჩემი ბიძების ბედი. მე რომ ბოლოს ისინი ვნახე, ანუ 1980 წელს, საკმაოდ პატარა ვიყავი, მაგრამ ძალიან კარგად დამამახსოვრდნენ, თბილი და მზრუნველი ადამიანები იყვნენ.
– თუ შეგიცვლიათ საცხოვრებელი მისამართი, ანუ მამათქვენისთვის თუა ცნობილი, ამჟამად სად ცხოვრობთ?
– მეც და დედაჩემიც, საცხოვრებლად სხვაგან გადავედით, ანუ მამამ ჩვენი ახალი მისამართი არ იცის. მაგრამ, ვფიქრობ, ჩემი პოვნა რომ ნდომოდა, მაინც მიპოვიდა. ანუ, ძველ მისამართზე რომ ექექა, ეტყოდნენ, სადაც გადავედით. სიმართლე გითხრათ, ნაკლებად მაინტერესებს, მეძებდა თუ არა მამაჩემი, ჩემთვის მთავარია, რომ მე მინდა მისი ნახვა და ჯიბრში ვერ ჩავუდგები. კაცები სხვაგვარად დარდობენ ყველაფერს და შეიძლება, მამას არ მოვეძებნე, მაგრამ ვერ დავიჯერებ, ჩემი ნახვა არ ნდომოდა.
– ამ ყველაფერს მისი პოვნის შემთხვევაში გავიგებთ.
– დიახ, ახლა მთავარია, ჩვენ ვიპოვოთ ერთმანეთი და თუ მამას სურვილი ექნება, თქვენი დახმარებით დამიკავშირდება. მინდა, იცოდეს, რომ მე ის არასდროს დამვიწყებია და ყოველთვის მახსოვს.
თუ გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიასთან დაკავშირებით ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.