მისდევენ თუ არა მოდას ქართველები და რა რჩევებს აძლევს მათ დიზაინერი ანუკა ქებურია
დიზაინერ ანუკა ქებურიას ყველა კარგად იცნობს. ის პოპულარული და აქტუალურია. მასთან საუბარი მოდის სფეროში იმ სიახლეებით დავიწყეთ, რაც გასათვალისწინებელი და მისაღებია ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც სურს, ზაფხულის ცხელ დღეებში ლამაზად, პრაქტიკულად და რაც მთავარია, მოდურად გამოიყურებოდეს.
– მოდის ტენდენციების გათვალისწინებით, წლევანდელ ზაფხულში აქტუალურია მკვეთრი ფერები – რაც შეიძლება, მეტი ფერადოვნება. გარუჯულ სხეულსაც ძალიან უხდება მკვეთრი ფერები, მაგალითად: ყვითელი, სტაფილოსფერი... რაც შეეხება პრინტებს, რომლებიც ასევე, მოდურია, წელს, ყველანაირი ფლორა, ფაუნა, ძალიან აქტუალურია.
– რაც შეეხება ფეხსაცმელს.
– წელს პირველად გავაკეთე სანდლები, რომელიც ზემოდან მოქარგულია თვლებით, ქვებით და საკმაოდ ფერადია. ჩემს კოლექციებში ყოველთვის ჭარბობს მუქი ფერი. მე თვითონ ძალიან მიყვარს შავი, მაგრამ ზაფხულში მაინც ფერადოვნება გამოვიყენე. ცისფერი საკმაოდ ტენდენციურია წელს. სანდლები ცისფერი ქვებითაც გავაწყვე, რომლებიც ძალიან ჰგავს ზღვის კენჭებს. რა თქმა უნდა, ეს დამუშავებული ქვებია.
– ფეხსაცმლის როგორი ფორმებია ამ ზაფხულს მოდაში?
– რა თქმა უნდა, ყოველდღიურად, ზღვაზე მაინც, უფრო პრაქტიკულია დაბალ ძირზე ეგრეთ წოდებული სანდლები. მაგრამ, როცა სადმე მივდივართ, საღამოსთვის მაინც ქუსლიანი ფეხსაცმელი რჩება აქტუალურად. მოდაშია პლატფორმა, რომელიც განსაკუთრებულად კომფორტულს ხდის ქუსლიან ფეხსაცმელს. აქაც ფერადოვნებაა აქტუალური, ასევე, ოქროსფერი და ვერცხლისფერი, რომელიც ძალიან უხდება გარუჯულ სხეულს.
ოქროსფერი, ვერცხლისფერი აქსესუარებია ძალიან ტენდენციური, ასევე, ფერადი ქვებითა და თვლებით გაწყობილი აქსესუარები.
– საცურაო კოსტიუმებზე რას მეტყვით, რა ტენდენციებია და როგორი კოსტიუმებია ამ სეზონზე უფრო მოდური?
– ეგ უფრო ინდივიდუალურია, ზოგს მთლიანი მოსწონს, ზოგს – ცალ-ცალკე, ზოგისთვის უფრო დახურული, „მოშორტო” კოსტიუმია მისაღები. თუმცა გააჩნია, როცა გასარუჯად მივდივართ, ამ შემთხვევაში, უფრო პრაქტიკულია ცალ-ცალკე საზღვაო კოსტიუმის ჩაცმა, თუ აუზზე მიდიხართ და იქ შეიძლება, კოქტეილ-ივენთიც იყოს, უფრო გამოპრანჭვა ჯობია და გირჩევთ, მთლიანი საცურაო კოსტიუმი ჩაიცვათ. ფერებში აქაც სიჭრელე და სიმკვეთრეა აქტუალური.
ძალიან აქტუალური და ტენდენციურია წელს შლაპები. მე ძალიან მომწონს, ბევრად უფრო ელეგანტურს და ქალურს ხდის ნებირმიერ ქალბატონს. მიხარია, რომ ქართველმა დიზაინერებმაც დაიწყეს ამ შლაპების კეთება. საკმაოდ ფართო არჩევანია და ძალიან ლამაზ და ხარისხიან პროდუქტსაც ქმნიან ქართველი დიზაინერები.
– რაც მთავარია, მოსახლეობამაც ძალიან აიტაცა შლაპები. ხომ მართალია?
– კი, ასეა. საერთოდ, ქართველები ჩემი აზრით, ძალიან მიჰყვებიან მოდის მსოფლიო ტენდენციებს და თანამედროვე მსოფლიო მოდის სიახლეები ყოველთვის აქტუალურია საქართველოში, რაც ძალიან მახარებს.
– ამჟამად რაზე მუშაობთ?
– სულ ახლახან გავაკეთე ახალი კოლექცია ბათუმისა და თბილისის მაღაზიებისთვის. ბათუმში ზაფხულში, მოგეხსენებათ, ბევრი ტურისტია და საკმაოდ დიდი მოთხოვნაა ბოლო პერიოდში ქართველი დიზაინერების პროდუქციაზე, რაც ძალიან მახარებს. გავაკეთე მაისურები ბათუმის და თბილისის თემაზეც. ასევე, ზღვის პრაქტიკული ჩანთები, ეგრეთ წოდებული „პლაჟის ჩანთები” და საზაფხულო ფეხსაცმელები. ამ ეტაპზე ვაპირებ, დასვენებას, რადგან ძალიან დავიღალე. სექტემბერში აუცილებლად მექნება ახალი კოლექცია, უკვე შემოდგომა-ზამთრის.
– ვისთან ერთად და სად ისვენებთ?
– მთელი წლის განმავლობაში საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მაქვს. მიწევს ძალიან ბევრი მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და დიდ სიამოვნებას მანიჭებს, მაინც დამღლელია. ცოტა განტვირთვა მჭირდება. დასვენებას, რა თქმა უნდა, ვაპირებ ჩემს შვილთან ერთად. ახლა წამოვედით ბაკურიანში, სადაც სახლი გვაქვს. ვართ მე, ჩემი მეგობრები, ჩემი შვილი და მისი მეგობრები. ვაპირებთ, კარგად დავისვენოთ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ ვახერხებ. წამოღებული მაქვს: სახატავები, ფანქრები, ფურცლები, პატარ-პატარა ჩანახატებს ვინიშნავ, ბოლომდე ვერ ვწყდები საქმეს, უკვე ვფიქრობ, სექტემბრის კოლექციაზე (იცინის).