რატომ იწერს ჯვარს გიო გაბუნია ყველა რელიგიის მიხედვით და რით გაუმასპინძლდა ბუდისტი მღვდელი მას კატმანდუში
„მოგზაურობა” გიო გაბუნიასთან ერთად არც ისე ადვილია – იმის მიუხედავად, რომ კომუნიკაბელური და სიტყვაუხვია, რესპონდენტის როლის მორგება უჭირს. თუმცა, ეს არაა პრობლემა – სამაგიეროდ, გადაცემის წამყვანისა და ავტორის როლშია, როგორც თევზი წყალში. მისგან მოგზაური ათეული წლების წინ დადგა. ბოლო წლებში მასშტაბი გაზარდა და უკვე იმდენ ქვეყანაში მოხვდა, სათვალავიც აერია. მოკლედ, დღეს ჩვენი რესპონდენტი, ყველაზე გამოცდილი მოგზაური გიო გაბუნიაა, მოგზაური ხან კომპასით, ხან – უკომპასოდ, რომელიც იმ ემოციებს გვიმხელს, რაც ყველა გზას ახლავს.
გიო გაბუნია: წინა ცხოვრებაში გიო გაბუნია ტაილანდელი მეძავი იყო და გემებს ელოდებოდა… ტროპიკები, ზღვა, ქვიშა – ესეც ხომ მოგზაურობის ამბავია. პროფესიით მსახიობი ვარ, თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ჩვენი ჯგუფი მოზარდ მაყურებელთა თეატრში გაგვამწესეს. ისე მოხდა, რომ ერთი წლის თავზე, მაინცდამაინც სპექტაკლის პრემიერაზე დაიგეგმა მოგზაურობა. მე, რა თქმა უნდა, არჩევანი გავაკეთე მოგზაურობაზე, პრემიერა „გადავაგდე” და ასე დავასრულე მსახიობის კარიერა თეატრში. ერთი წლის შემდეგ მეგობრებმა დათო ლოლაძემ და გია მანჯგალაძემ ჯაზ-კლუბი გახსნეს, მთავარ ადმინისტრატორად დავიწყე მუშაობა. ასე ერქვა ჩემს პოზიციას, თუმცა მეც ამ კლუბის ერთ-ერთი თანამფლობელი ვიყავი. წარმოიდგინეთ 90-იანი წლების თბილისი, სიბნელე. იმ დროს კლუბი იყო ერთადერთი ნათელი წერტილი, სადაც შეიძლებოდა, დროის გატარება, ხარისხიანი მუსიკის მოსმენა. მე გავაგრძელე „ქლაბერობა”. 2001 წელს გავხსენი კლუბი „ნოა-ნოა”, რომელმაც 5-6 წელი იარსება. აღმაფრენებიც მქონდა და დაცემებიც, როგორც ბევრს ჩემი თაობიდან. იმ პერიოდში თბილისში ბიზნესის პატრონს ყველანაირ ადამიანთან გქონდა შეხება, ეს გზა მეც გავიარე. შემდეგ იყო პერიოდი, რომელიც გამოვტოვე, მერე კი დავუბრუნდი ჩემს ძირძველ პროფესიას, მსახიობობას – ესპანელების მიერ გაკეთებულ პროექტში „ჩაიკა”, მთავარი როლი შევასრულე. ფილმი საკმაოდ წარმატებული გამოვიდა და რამდენიმე ფესტივალზე მთავარი პრიზებიც აიღო.
– როდის და როგორ გახდი „მოგზაური”?
– ძნელი სათქმელია. როცა ვაკვირდები, ვხვდები, რომ ეს გენეტიკურიცაა. მამაც მოგზაური იყო, ბაბუაც, რომელიც ანძებს აშენებდა და სულ სადღაც იყო. მამაჩემი იახტსმენი გახლდათ და სულ დადიოდა. მახსოვს, მოლოდინის განცდა, როგორ ველოდი ხოლმე მშობლების დაბრუნებას. ეს ცუდიც იყო და კარგიც, რადგან მოლოდინი ბოლოს საჩუქრების ჩამოტანით მთავრდებოდა. მამა ძალიან საინტერესოდ მზრდიდა. წიგნის წაკითხვას დაიწყებდა და საინტერესო ადგილზე გამიწყვეტდა. შეიძლება ითქვას, მოგზაურობა კითხვით დავიწყე – ჰიკლბერი ფინთან ერთად მოვიარე მისისიპი. წიგნებიდან ძირითადად მოგზაურობის სცენები მიზიდავდა. ახლის აღმოჩენის ჟინი, ალბათ, ყველა ადამიანშია. გზა სულ სხვა რამეა, გზაში დროის აღქმა იცვლება, იცვლები შენც და სხვანაირი ხდები. ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დაიწყო ჩემი ეგრეთ წოდებული ათასმანეთიანი „პაეზდკები”, მერე იყო 90-იანი წლების შეხება ევროპასთან. დადგა დრო და საკლუბო ცხოვრებამ ძალიან დამღალა. ამას რაღაც ასაკში აქვს ხიბლი. როცა საქმე სიამოვნებას აღარ განიჭებს და მარტო კომერციას წარმოადგენს, ჩემთვის იმ საქმეს ინტერესი ეკარგება. ვცდილობდი, გამეკეთებინა რამე. იმ პერიოდში ბევრი თავისუფალი დრო მქონდა. ძალიან მიყვარდა ნადირობა და თევზაობა, ბიძაჩემს ბავშვობიდან დავყავდი სათევზაოდ და სანადიროდ. ავდექი და პირველ არხზე გავაკეთე გადაცემა „საფარი”, რაშიც ძალიან დამეხმარა ჩემი მეგობარი კიკალა (გიორგი კიკალეიშვილი). ესეც მოგზაურობა იყო, მაგრამ მცირემასშტაბიანი. არ მინდოდა, თევზაობასა და ნადირობაზე ჩავციკლულიყავი, ახალ პროექტზე დავიწყე ფიქრი და აქედან დაიწყო ყველაფერი – „საფარს” მოჰყვა „მოგზაურობა გიო გაბუნიასთან ერთად” და შემიძლია ვთქვა, აქ ვიპოვე ჩემი თავი!
– წელიწადზე მეტია, ამ გადაცემას აკეთებ, მოიარე ძალიან ბევრი ქვეყანა, მაყურებელს აჩვენე არაერთი ულამაზესი კადრი მსოფლიოს ცნობილი ადგილებიდან. როგორ არჩევ ქვეყანას, მგონია, რომ გლობუსს ატრიალებ და სადაც მოხვდება, იქ მიდიხარ?
– გლობუსი მაქვს, მთლად უკომპასოდ არ დავდივარ. ამ წელიწად-ნახევარში საკმაოდ ბევრი ვიმოგზაურე. ვნახე უამრავი მაგარი ქვეყანა. მოვიარე ევროპა, მარტო სკანდინავია დამრჩა. ვფიქრობ, ყველაზე მაგარი ჩემთვის მაინც აღმოჩნდა აღმოსავლეთი, რაც სულ მაინტერესებდა. ადრე ეს ვერ შევძელი, მაქსიმუმი იყო შუა აზია. მოვიარე ნეპალი, ინდოეთი, ბანგლადეში, ბუტანი. ვიცი, რომ აუცილებლად მოვხვდები ამომავალი მზის ქვეყანაში. იმის მიუხედავად, რომ ახლა უკვე საქმიან რეჟიმში მიწევს ყოფნა, მაინც იგივე დოზის სიამოვნებას ვიღებ ყველა მოგზაურობიდან, როგორც ადრე იყო. როცა მქონდა პროექტი „საფარი”, ყოველთვის მრჩებოდა დაუკმაყოფილებლობის გრძნობა. ალბათ, გამოცდილებამ მოიტანა, რომ ახლა უკვე გამომდის გავაკეთო საქმე და თან, სიამოვნება მივიღო.
– ყველაზე რთული გზა სად გაიარე? ექსტრემი და ფათერაკები ხომ, ალბათ, შენი მოგზაურობის მუდმივი ნაწილია.
– ფიზიკურად კარგად ვარ. ჯანი ეტყობა, გენეტიკურად მომდგავს. თავგადასავალი, ხიფათი, ფათერაკი ხომ ჩვეულებრივი რამ არის, ამას თავისი ხიბლი აქვს მოგზაურობის დროს. პატარა იახტით შტორმშიც მოვყოლილვარ და მთაში დამკარგვია გზაც. ევროპელებში ყველაზე პოპულარული მარშრუტია ნეპალი – გოა. ამ გზას გადიან ძირითადად დაბალბიუჯეტიანი მოგზაურები, ახალგაზრდები. მეც ეს გზა ავირჩიე. ოთხი დღე ვიარეთ ავტობუსით, შვიდი დღე მატარებლით, არა და არ თავდებოდა ეს გზა. ეს იყო ძალიან რთული და მძიმე, 30 კილო შევწირე ამ გზას (იცინის). სულ მაინტერესებდა ბუდიზმი, მე არ მახასიათებს ფუნდამენტალიზმი არც ჩემს რელიგიაში, და არც სხვაში – ყველა რელიგიას ბროშურის დონეზე ვეცნობოდი, მაგრამ ბუდიზმი და მასთან დაკავშირებული რიტუალები სულ იყო ჩემი ინტერესის საგანი. ეს ყველაფერი განვიცადე საკუთარ თავზე. მე და ზინკამ ჯვარი დავიწერეთ ნეპალში, იქაურ ბუდასტუპაში. პატივისცემის ნიშნად, მღვდელი სუპით გაგვიმასპინძლდა. ვხუმრობდი, ყველა კონფესიის მიხედვით უნდა დავიწერო ჯვარი-მეთქი და ასეც გამოვიდა. თემურ ლენგის მავზოლეუმშიც მაქვს ჯვარი დაწერილი მუსულმანური წესების დაცვით. ერთადერთი, იუდაიზმი დამრჩა და ალბათ, ამასაც მოვახერხებთ მე და ჩემი მეუღლე.
ნეპალი ჩემი უსაყვარლესი ქვეყანაა, კატმანდუ არის ჯადოსნური ქალაქი. როგორც კი იქ მოხვდები, ამას მაშინვე გრძნობ. შეთქმულებების თეორიების არ მჯერა, მაგრამ კატმანდუში მართლაც სულ სხვა სამყაროა, სულ სხვანაირია დრო. იქ უკვე ხუთჯერ მოვხვდი, ხომ არსებობს მოსაზრება, ქალაქი, რომელიც მოგეწონა, მეორედ აღარ უნდა ნახოო. ეს მცდარია და ალბათ, იმათი მოგონილია, ვისაც იქ მეორედ ჩასვლის თავი არ აქვს. კატმანდუდან ცოტა ზევით თუ ახვალთ, იქიდან ევერესტიც მოჩანს, მართლაც საოცარი მხარეა. იმ დისკომფორტების მიუხედავად, რაც კატმანდუში საკმაოდ ბევრია, იქაურობას მაინც ენით აღუწერელი ხიბლი აქვს. მე მყავს მეგობრები, რომელთაც უყვართ მოგზაურობა, მაგრამ ისეთ ადგილებს ვერ აიტანდნენ, სადაც მე ბევრჯერ ვყოფილვარ. მწერები, სიღარიბე, ჰავა – უამრავი რამაა, რაც ყველა მოგზაურობას ართულებს. თუმცა, მე მაინც ეს ეგზოტიკა მიზიდავს, დავარცხნილი გლამურით ვერავინ გამაკვირვებს.
– როგორია პროფესიონალი მოგზაურის სამზადისი მოგზაურობის დაწყების წინ?
– ძალიან მიყვარს ექსპრომტი, ახლა მაგალითად, აგვისტოს ბოლოს ევროპის ტურნეს ვიწყებ, მაგრამ ჯერ არ ვიცი, საიდან დავიწყებ. ექვსი გადაცემა უნდა ჩამოვიტანო, მაგრამ დღეს ჯერ კიდევ არ ვიცი, სად დავიწყებ და სად დავამთავრებ. სამზადისი არის რიტუალი, წინასწარ ტკბობა იწყება ბილეთების დაჯავშნიდან. მეხსიერებასთან ცოტა ვერ ვარ კარგად და ვერც ჩამოწერა ვისწავლე, თუ რა უნდა წავიღო. ჩვევა მაქვს ასეთი – ხმამაღლა ვიმეორებ, ეს ჩავდე, ის ჩავდე. წამლები, ბინტი, სამოსი, წიგნი, ანკესები, რა ვიცი, ბევრი რამ მიმაქვს თან. ყოფილა მოგზაურობა, სადაც ანკესი მითრევია სულ ტყუილად. ანკესები წავიღე ბასკეთში, სადაც კარგი მდინარეები, ტბებია და კარგადაც ვითევზავე. აეროპორტიდან უკვე სხვა ადამიანი ვხდები. იქ იწყება ჩემი „ფილოსოფია” დროსთან. როცა ჩავდივარ დანიშნულების ადგილას, პირველი დღე „იწელება”. მაქვს შეგრძნება, რომ იქ უკვე ხუთი დღეა, რაც ვარ. მეორე დღესაც ცოტა ვერ ვარ, მესამე დღეს კი, ჩვეულებრივ რეჟიმში ვდგები და ვეწევი ჩემს ბიოლოგიურ დროს. მოგზაურობის ბოლო დღეებში დრო ჩქარდება, გეწყება სახლის, ოჯახის მონატრება. ისტორიაც მეორდება – როგორც მე ველოდი, ასე მელიან მეც და ასე მეორდება ყველაფერი. თუმცა, ჩემი მშობლებისგან განსხვავებით, მე ამ მხრივ განსხვავებული ვარ. ადრე ვის ახსოვდა საჩუქრები, მარტო დროსტარებაზე ვფიქრობდი. ახლა, არ ვიცი, სიბერის ბრალია, თუ რისი, მაგრამ ბოლო დროს ძალიან სენტიმენტალური გავხდი. უკვე ხშირად მახსენდება, რომ ვიღაცას რაღაც უნდა წავუღო. ამას შოპინგის ფორმა კი არ აქვს – არა, ვიყიდი დანას, ან ბუდას ფიგურას, ან რამე უცნაურს. შოპინგი, კბილის ექიმი და პროფილაქტიკა, ეს არის სამი არასასურველი თემა ჩემს ცხოვრებაში.
– რამდენი ქვეყანაა შენს „ანგარიშზე”?
– სიმართლე გითხრათ, არ ვითვლი, აეროპორტებშიც არ ვჩექინდები (იცინის). ძალიან მინდა, მოვხვდე ავსტრალიაში, მაინტერესებს ალასკა, ორაგულების მდინარეები, სადაც ათი ათას მილს გადიან, ადიან იქ, მაღლა, ქვირითობენ და მერე კვდებიან, რომ ახალგამოჩეკილი ლიფსიტები თავისი ხორცით გამოკვებონ. მერე ლიფსიტები მოუყვებიან მდინარეს და თავიდან იწყება ყველაფერი. მინდა, ამის შემსწრე გავხდე, ჩემი თვალით ვნახო, როგორ იჭერენ დათვები ორაგულებს.
ერთხელ ერთ სუფრაზე ვიღაცამ თქვა: „მენგრელი ლუდი ბალოტა”. ჩემთვის კაცის იდენტიფიკაცია არ ხდება იმით, მეგრელი ხარ თუ თბილისელი. მაგრამ, მერე გავაცნობიერე და დავაფიქსირე, რომ ბავშვობიდან მაქვს უცნაური სწრაფვა ჭაობების მიმართ. უცნაურია, მაგრამ ასეა – ჭაობის ყურება მამშვიდებს. მთელი საქართველოს ჭაობები ზეპირად ვიცი. ჩათრევის მცდელობაც მქონია. საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, როგორ უნდა დაუძვრე ჭაობს, რომ არ ჩაგითრიოს.
– ბოლო პერიოდში პატრიოტულ ნოტზე გადაერთე და საქართველოს ულამაზესი ადგილები „მოგვატარე”.
– პატრიოტული მოტივიცაა და ყველაფერი ერთად, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან მქონდა კონტრაქტი, ექვსი გადაცემა გადავიღეთ. ურაპატრიოტულ ყვირილში არ ჩამითვალოთ, მაგრამ ყველას ვურჩევ, ჯერ საქართველო ნახოს და მერე წავიდნენ სხვაგან - ჯერ წავიდნენ კავკასიონზე და მერე ჰიმალაებში. შენი სამშობლოს მიწა, მთა და ბარი მართლა სხვაა. ძნელად გამახსენდება საქართველოში ადგილი, ნამყოფი რომ არ ვიყო. მაიაკოვსკი მევასება ძალიან და სულ მახსენდება მისი სიტყვები: „კავკასიონზე რომ შევდგი ფეხი, მე გამახსენდა, რომ ქართველი ვარ”. სხვაგან, სადაც არ უნდა იყო, რაღაც რომ მოხდეს, უმწეობის შეგრძნება გექნება. აქ კი, რაც არ უნდა დაიკარგო, მაინც არ დაიკარგები..
– „ბოლო გაჩერება” სადაა?
– არ ვიცი, ალბათ კინოში, რომელიც ჯერ არ დამთავრებულა ჩემს ცხოვრებაში, პირიქით, ახლა იწყება. როცა ამ თემაზე მიფიქრია, ალბათ, მაინც კინოთი დავამთავრებ და დიდ ავიაციას – დიდ კინოს დავუბრუნდები.