როგორ იცავდნენ შავ ზღვაში დელფინები რუსუდან გორდეზიანს დღისით და ღამით და როგორ გახდა ის პირველი ქართველი გოგონა, რომელმაც სარფიდან ფოთამდე 73 კილომეტრი 25 საათის განმავლობაში გადაცურა
„ეს გაცურვა მე და ბატონმა ჯუმბერ ლეჟავამ ერთად დავგეგმეთ და მივუძღვენი აფხაზეთისა და აგვისტოს ომებში დაღუპულ გმირებს; ასევე ყველა იმ ადამიანს, ვინც სამშობლოს იცავდა და საქართველო დღემდე მოგვიტანა... და, რა თქმა უნდა, ბატონი ჯუმბერის ხსოვნას – ის იყო ჩემი წინამძღვარი, ადამიანი, რომელმაც მაჩვენა გზა, რომელსაც მარათონული ცურვა ჰქვია. ჩემი მხრიდან, ეს იყო პატივისცემისა და მადლიერების გამოხატვა ჩვენი გმირების მიმართ. მიმაჩნია, რომ ყველაზე ძლიერი და უანგარო სიყვარული – ეს სამშობლოს სიყვარულია... ყველაზე ამაღლებული საქციელია, როდესაც საკუთარ სიცოცხლეს თმობ იმისთვის, რომ დაიცვა ის, ვინც საკუთარ თავზე მეტად გიყვარს – ხალხი და ქვეყანა. სამშობლოს სიყვარული მხოლოდ სამშობლოში შეიძლება ისწავლო – მათნაირი გმირებისგან. პატივი უნდა ვცეთ იმას, რისაც მათ სჯეროდათ და სწამდათ – უკვდავებასა და მარადიულობას. სამშობლო რომ გვიყვარდეს, ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს. სხვა არაფერი რჩება ამქვეყნად, ყველაფერი იშლება, იკარგება, იძირება... სიყვარული კი სინათლეს ჰგავს, სიბნელეში შეჭრილ სინათლეს, ყველა სინათლე კი ზეციდან მოდის...“ – ეს სიტყვები რუსუდან გორდეზიანს ეკუთვნის, რომელმაც სულ ახალახან ცურვაში ახალი რეკორდი დაამაყარა: სარფიდან ფოთამდე 73 კილომეტრი 25 საათსა და 15 წუთში გადაცურა და ახლო მომავალში კიდევ არაერთი რეკორდის დამყარებას აპირებს.
რუსუდან გორდეზიანი: 3 წლის ასაკიდან ვცურავ, წყლის სიყვარული ბავშვობიდან მქონდა. მერე, როდესაც გავიზარდე, მივხვდი, შორ დისტანციაზეც შემეძლო ცურვა, მაგრამ არ ვიცოდი, ეს ვინმეს თუ აინტერესებდა... ზღვაში თავგადასავლები და ხიფათი მიყვარს და არაერთი ყოფილა. ოთხი-ხუთი წლის წინ შტორმი იყო, ზღვას დიდი ბალონი მიქონდა. ვიფიქრე, შევალ და გამოვიტან-მეთქი. მივრბივარ და უკან მსუქანი მაშველი მომდევს ყვირილით: ამოდი, ამოდიო, მე კი ვითომ არ მესმოდა. ბოლოს ხელი ჩაიქნია – რაც გინდა, ის გიქნიაო. გავცურე და, მერე რომ გამოვედი ნაპირზე, ფეხი დავადგი სილას, ამ დროს ტალღამ გადამიარა თავზე და ქვიშაში დამმარხა. ერთხელ ჩემი მეგობარი გოგონა შევიყვანე ზღვაში. ცურვა არ იცოდა, კამერაში ჩავსვი, ტალღას ვარტყამდი და თან დინებას მივყვებოდით. ამ დროს მაშველები მოვიდნენ: რას აკეთებთ, ხომ არ გაგიჟდითო. რა უნდა მეთქვა, ვუთხარი, ტალღებმა შემოგვიტყუეს-მეთქი, თან ჩემი მეგობარი მსახიობობდა – ვითომ მართლა ტალღებმა შეგვიტყუეს. მაშველმა მითხრა: მალიბუს მოჰკიდე ხელიო. არ მინდა-მეთქი. ბოლოს მოვკიდე, ჩემი მეგობარი მეორე მხრიდან აწვებოდა და ისე დაიღალა მაშველი, ვეღარ სუნთქავდა. ვუთხარი: ჟილეტი გაიხადე, მომეცი და შენ მოჰკიდე მალიბუს ხელი-მეთქი. ნაპირზე რომ გავედით, ხელწერილები დაგვაწერინეს. მადლობა გადავუხადეთ, რომ „გადაგვარჩინეს“.
– პირველი რეკორდი საცურაო აუზში დაამყარე.
– პირველად საცურაო აუზ „ოლიმპიკში“ დავამყარე რეკორდი. 24 საათის განმავლობაში 47 კილომეტრი ვიცურე. ბატონმა ჯუმბერ ლეჟავამ მკითხა: რამდენი საათი შეგიძლია იცუროო. რა ვიცი, ერთი დღე, ორი, სამი-მეთქი. მაშინ, აუზზე ვცადოთო. კახი კახიაშვილს დაუკავშირდა, რომელიც ჩაერთო ამ საქმეში. მადლობა მინდა გადავუხადო საცურაო აუზ „ტონუსის“ ხელმძღვანელობას, სადაც ვვარჯიშობდი. მაშინ გავიცანი ბატონი ბეგლარიც, რომელიც სულ ჩემ გვერდით იყო. ასეთ დროს თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთან ერთად გაათენა ღამე და ახლაც სულ კატერში იჯდა და ყველაზე მეტად მედგა გვერდში.
ბეგლარ ელბაქიძე (ადამიანი-ამფიბია, რეკორდსმენი): მე მისი ბოლომდე მჯეროდა. საცურაო აუზში კომისიაში ვიყავი და უკვე ვიცოდი მისი შესაძლებლობები. მისით მე კი არა, მთელმა ქვეყანამ უნდა იამაყოს. მისი წარმატების შესახებ უკვე ორასმა ქვეყანამ გაიგო და კიდევ ბევრმა უნდა შეიტყოს.
რუსუდანი: აუზში ცურვისას ერთადერთი სირთულე ის იყო, რომ ჯვარი მეკიდა და ცურვისას ყელი გამიჭრა; კიდევ, საცურაო კოსტიუმმა დამიზიანა კანი.
ბატონი ბეგლარი: სარფში, როგორც კი რუსუდანი ჩავუშვით წყალში, სამ კილომეტრში შევამჩნიეთ ჯერ ერთი დელფინი, შემდეგ მეორე. არაფერი ვუთხარით, რომ არ შეშინებოდა. მთელი დღის განმავლობაში, დაახლოებით 20 კილომეტრზე დაჰყვებოდნენ დელფინები: ერთი – წინ, მეორე – უკან. 73 კილომეტრი რომ გაცურა, რეკორდი დაამყარა, 13 კილომეტრით გადაამეტა არსებულ რეკორდს, საქართველოში პირველი გოგონა გახდა, რომელმაც ასეთი რამ გააკეთა, გემზე ავიყვანეთ, ამ დროს, 30-ზე მეტმა დელფინმა გემის გარშემო ჰაერში დაიწყო ხტომა. 73 კილომეტრი სდიეს, ხელიც კი არ შეუშლიათ, გვერდში მოჰყვებოდნენ, თითქოს იცავდნენ და ბოლოს ჰაერში დაიწყეს ხტომა. ბევრგან ვარ ნამყოფი, ექვსი-შვიდი წელია, თურქეთის სახელით გამოვდივარ შეჯიბრებებზე, დელფინებიც ბევრი შემხვედრია, მაგრამ, ასეთი სასწაული არსად მინახავს... მე მთელი ცურვის განმავლობაში კატერით დავყვებოდი. ჭამის დრო რომ მოვიდოდა, ანუ, როცა ცხელი შოკოლადი უნდა მიმეცა, რუსუდანს ჰქონდა უფლება მოსულიყო ჩემთან და კატერზე დაედო ხელი. თავი მოიკლა და 73 კილომეტრი ისე გაიარა, თითი ვერ დავადებინე კატერზე.
რუსუდანი: თავიდან მინდოდა, სარფიდან ანაკლიამდე გამეცურა 113 კილომეტრი. წინა დღეს ერთ-ერთმა მონაზონმა მითხრა: უფლისგან მოვლენილი მადლი სამი რამით იზომება: მშობლის, სამშობლოსა და ღმერთისადმი სიყვარულით. რადგან ეს სამშობლოს სახელით ხდება, აუცილებლად შეძლებო. როგორც აღვნიშნე, ეს ბატონ ჯუმბერ ლეჟავასთან ერთად დავგეგმე. ჩემი მწვრთნელები იყვნენ ბატონი ჯუმბერი და გიორგი აბზიანიძე. ბატონი ჯუმბერის გარდაცვალების შემდეგ 20 დღე არ მივარჯიშია, აღარ ვფიქრობდი ამაზე. მაგრამ, საბოლოოდ, გადავწყვიტე, გამეკეთებინა და ქართველი გმირებისთვის მიმეძღვნა. მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მომსახურების სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტულ კლუბ MIA Force-ს – მათი ეგიდით ჩატარდა ეს გადაცურვა. დაახლოებით ერთი კვირით ადრე დაიგეგმა ყველაფერი. 5 დღით ადრე წავედი ურეკში, გარუჯვა ვერ მოვასწარი, დავიწვი, კანი გადამძვრა და ცურვის დროს ძალიან მეწვოდა, მაწუხებდა, თან, მარილიანი წყალი მედებოდა.
ბატონი ბეგლარი: მარშრუტი წინასწარ იყო დაწერილი: წინ გემი მიდიოდა და მას მიჰყვებოდა რუსიკო, ჩვენ კი კატერით მივყვებოდით. განაცხადში იყო ასე: რუსიკოს უნდა გადაეცურა 60 კილომეტრიდან 100 კილომეტრამდე. 60 კილომეტრი აუცილებელი იყო, რადგან ასეთი იყო წინა რეკორდი. რომ შევხედე და უკვე 73 კილომეტრი ქონდა გაცურული, 13 კილომეტრით იყო წინ, აღარ მინდოდა, მეწვალებინა, თან, ძალიან იყო დამწვარი. ის, რაც გააკეთა, უკვე სენსაცია იყო საქართველოში, ამიტომ, ვთხოვე, ცურვა გაეჩერებინა. ძლივს ამოვიყვანე წყლიდან.
რუსუდანი: ღამით ცურვა იყო საოცრება. ზოგჯერ ნაპირიდან 20 კილომეტრში ვცურავდი. ნეიტრალურ წყლებში, სადაც ზღვის სიღრმე 500 მეტრს აღემატებოდა. იყო სრული სიბნელე და სივრცე ზღვასა და ცაში, მეტი არაფერი. ჩემგან 500-700 მეტრში დგებოდა გემი, პროჟექტორი ანათებდა და იმ სინათლეს მივყვებოდი. ყველაზე ლამაზი და ჯადოსნური ის იყო, ცურვისას წყალზე ხელს რომ ვუსვამდი, მწვანე ვარსკვლავები ცვიოდა წყალში, როგორც ცეცხლის ნაპერწკლები. ეს იყო ყველაზე ლამაზი რამ, რაც კი ოდესმე მინახავს. ეს ფოსფორი იყო, რომელსაც ზღვის წყალი შეიცავს, მაგრამ მე მას ყველა იმ ადამიანის სულად აღვიქვამდი, ვინც საქართველო დღემდე მოგვიტანა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ყოველი ხელის მოსმაზე ათობით ასეთი ნეპერწკალი ცვიოდა და მათ მივყვებოდი – ეს იყო ზღაპრული რამ...
– ასეთ სიფრიფანა, ნაზ გოგონას, საიდან გაქვს ამდენი ძალა და ენერგია?
– არ ვიცი, საიდან მაქვს ეს ენერგია. ერთხელ, ჩემი ოთახი დავალაგე და ისე დავიღალე, ორი დღე მეძინა. გაცურვის წინა დღეს მესამე სართულზე რომ ავედი, ვთქვი: ვაიმე, დავიღალე-მეთქი. დედამ მითხრა: მოგკლავ ახლა, ამდენი ხალხი შეყარე, მესამე სართულზე ადიხარ და ვაის იძახიო. წყალში საერთოდ არ ვიღლები, ვერ ვგრძნობ დაღლას.
– ახლო მომავალში რას გეგმავ?
– მინდა, მსოფლიო რეკორდი დავამყარო – 250 კილომეტრი გავცურო. კაცებში არსებული რეკორდი 235 კილომეტრია და, მინდა, 15 კილომეტრით გადავაჭარბო. ასევე, მინდა ლა-მანშის სრუტის გადაცურვა, რომლის სიგრძეც 33 კილომეტრია. კიდევ, უნდა გავიმეორო ის მარშრუტი, რომელიც ახლახან დავფარე, ოღონდ, ანაკლიაში უნდა ჩავიდე.