რა აზრის არის ალეკო ელისაშვილი განცხადებაზე „ქართველობას გვართმევენ“ და საიდან მოდის ჩვენი პრობლემები
ამბობს, ქვეყანას მაშინ ეშველება, როცა საქართველოში ჩინოვნიკობა და სახელმწიფო სამსახური დიდი თავის ტკივილი იქნება, ხოლო ჩვენი ხელისუფალნი თუ ძლიერნი ამა ქვეყნისანი, ფიქრიანი სახეებით, გადაღლილები ივლიან... ზოგი ფეხით, ზოგიც ველოსიპედით. ყოველ შემთხვევაში, არა ბიუჯეტის ხარჯზე ნაყიდი, ბოლო მოდელის „ჯიპებით“...
ალეკო ელისაშვილი დარწმუნებულია, რომ არჩევნებში ქართველების ერთმა ძალიან კარგმა თვისებამ – ახლობლისადმი თანადგომამ გაამარჯვებინა. თუმცა, იმასაც ხედავს, საით მივყავართ უამრავ მანკიერ ჩვევას... შეძენილს თუ თანდაყოლილს...
ალეკო ელისაშვილი: ქართველობა არ არის მხოლოდ ეთნიკურობა. ჩემ გარშემო არის რამდენიმე ეთნიკურად არაქართველი, რომელიც ამ ქვეყნის სიყვარულში ათეულობით ეთნიკურ ქართველს აჯობებს და მტკვარში ჩარეცხავს.
– ძალიან ბევრი კარგი თვისება დაკარგეს ქართველებმა და განსაკუთრებით მამაკაცებმა...
– სულ ვამბობ, რომ მხოლოდ შარვლის ჩაცმა არ არის კაცობა და ქართველი ქალები გაცილებით მაგრები არიან. 2008 წლის ომის დროსაც საქართველოსთვის თვალანთებული და შემართული ქალები უფრო მეტნი მხვდებოდნენ, ვიდრე მამაკაცები. ვისურვებდი, რა თქმა უნდა, პირიქით ყოფილიყო, მაგრამ სიმართლე ასეა და რა ვქნა. გაჭირვებაშიც ქართველი ქალები უფრო მაგრად დგანან, უფრო ყოჩაღები არიან და საქმის კეთებაც კარგად შეუძლიათ. მივესალმები ქალების გააქტიურებას და უფრო მეტი მათგანის მოსვლას პოლიტიკაში. თუმცა, ზოგიერთი ქალი საერთოდ რომ არ იყოს პოლიტიკაში, აჯობებს.
– მართლა ასეთი ცუდები ვართ?
– გვაქვს ძალიან ცუდი და კარგი თვისებებიც. ძალიან გაგვაფუჭა სამოცდაათწლიანმა საბჭოთა პერიოდმა. გაგვაზარმაცა და რაც ყველაზე ცუდია, საკუთრების განცდა დაგვაკარგვინა. სამწუხაროდ, დღეს ჩვენი საკუთრება შემოისაზღვრება მხოლოდ ჩვენი ბინით და მის ზღურბლს იქით, საერთოდ აღარაფერი გვაინტერესებს. სახლებს დავკანკალებთ, ვასუფთავებთ... სადარბაზო, ლიფტი, ქუჩა ფეხებზე გვკიდია. არ გვაქვს იმის განცდა, რომ ქალაქიც და ქვეყანაც ჩვენია და ისევე უნდა გავუფრთხილდეთ, როგორც საკუთარ ნივთს, ქონებას. აქედან მოდის ის, რომ ყველა ლიფტი აყროლებულია და ვინც ამას აკეთებს, ელემენტარულს ვერ ხვდება, რომ ისევ ის და მისი ოჯახის წევრები დადიან ამ ლიფტით. სადარბაზოებიც ანალოგიურ მდგომარეობაშია, ძეგლებიც და ნაგვის ბუდედ არის ქვეყანა გადაქცეული. ამას აკეთებს ხალხი. მერე ამ ხალხიდან ზოგიერთები მიდიან მთავრობაში და ფიქრობენ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში რომ ფულია, ის უნდა აიღონ და ფლანგონ. მიირთვან ციკნის მწვადი, ისეირნონ ძვირფასი მანქანებით და მოიწყონ კომფორტი. ეს არის საბჭოური, „კაზიონი“ ცნობიერების შედეგი. როცა საერთო, საბჭოთა საკუთრება არაფერში გვანაღვლებდა და ამ ინერციით მივდივართ დღესაც. ძალიან მძიმედ არის საქმე. იმის მაგივრად, რომ თითოეულ კაპიკს დავკანკალებდეთ და მიზნობრივად ვხარჯავდეთ, როცა ვამბობ – სახელმწიფო მოხელეების „ჯიპებით“ სიარული უაზროდ ფულის ფლანგვაა-მეთქი, ზოგიერთები ამას პოპულიზმს ეძახიან. მენტალობის პრობლემაა ის, რომ ჩინოვნიკს უჭირს სახელმწიფო მანქანაზე უარის თქმა და ამით ფულის დაზოგვა. მანქანით სიარული საკუთარი სტატუსის გამოსაკვეთად უნდათ. არ შეუძლიათ თქვან, მე, დეპუტატი, უარს ვამბობ მანქანაზე... იყოს მანქანები საჭიროების მიხედვით. საქმის კეთება, ფუფუნებაზე უარის თქმით იწყება. სამსახურებრივი ავტოპარკით რომ ისარგებლონ და შეწყდეს ეს „გულაობა“, დრო არ მოვიდა? უნდა იყოს ჩინოვნიკობა ძალიან დიდი თავის ტკივილი, რომ ადამიანი იქითკენ კომფორტისა და კარგი ცხოვრებისთვის არ გარბოდეს. აკეთოს ბიზნესი, იშოვოს ფული და იყოს „კაი ტიპი“. მინისტრობაზე აღარ უნდა ოცნებობდეს ქართველი. შრომისა და ბევრი ფიქრისგან თვალებჩასიებულ მინისტრებს უნდა ხედავდეს ხალხი და არა გარუჯულებსა და გაბრწყინებულებს. „გასვეცკებული“ ჩინოვნიკებით და სახელმწიფო მოხელეებით ბადალი არ გვყავს ქართველებს. იმიტომ რომ, როგორც კომუნისტების დროს იშოვებოდა, ახლაც იშოვება მინისტრობა-თავმჯდომარეობაში ფული.
კიდევ ერთი, სერიოზული პრობლემა გვჭირს ქართველებს – გრძელვადიანი ხედვა გვიჭირს. დღეს და ხვალ გვინდა ყველაფერი. როგორ და რანაირად, ამაზე არ ვფიქრობთ. როგორც საქმეში, ისე პირად ცხოვრებაში გრძელვადიანად უნდა შევხედოთ საკუთარ მომავალს. გვჭირდება ბევრი და მიზანდასახული შრომა. დღეს რომ ევროკავშირში გვინდა და ხვალ თუ არა ზეგ – „ნატოში“, ეგრე არ არის. ამდენი წელი გენერალური გეგმა არ ჰქონდა თბილისს. შეიძლებოდა, ქალაქს განვითარების გეგმა არ ჰქონოდა?!
– მგონი, ქართველობის გაგებაც გაუკუღმართებული გვაქვს. ძალიან მოდური გახდა ყვირილი: „ქართველობას გვართმევენ!“
– ვინ უნდა წაგვართვას ქართველობა ან შვილებს ვინ უნდა წაართვას. მე ვზრდი მათ. ანტიდისკრიმინაციულ კანონზე ყველა აღშფოთებული იყო და დარწმუნებული ვარ, ოთხმოცდაათმა პროცენტმა საერთოდ არ იცის, შიგ რა წერია. ეს ჩვენი ქართველობაც რა არის, მოდი, კარგად გავიაზროთ. თუ ის არის ქართველობა, ნაგავი პირდაპირ აივნიდან ვყაროთ და სიგარეტის, ნაყინის ქაღალდი ქუჩაში მოვისროლოთ; ან კიდევ, კულტურული მემკვიდრეობა ფეხებზე დავიკიდოთ – ეს ჩემთვის ქართველობა არ არის. ვფიქრობ, ყველაფერ ამის „ბუდე“ ჩვენი გაუნათლებლობაა.
კარგი თვისებებიც გვაქვს – ეს არის ადამიანური ურთიერთობები. როცა იცი, თუ რამე პრობლემა შეგექმნა, შენი მეგობარი, ახლობელი გვერდით დაგიდგება. მე არჩევნები ჩემი მეგობრებითა და ახლობლებით მოვიგე. ჩემს შტაბში ხელფასს არავინ იღებდა. არ სჯერათ ეს. ხალხი ჩემ გარშემო ისე დაირაზმა, თხუთმეტი ათასი ლარი შევაგროვეთ და ამით მოვიგეთ არჩევნები. ეს იყო პლაკატების, ბილბორდებისა და ოფისის ფული... ჰო, კიდევ ლობიანებისა და ხაჭაპურების. ზედნადებით ვყიდულობდით ხოლმე (იცინის). ეს არის ჩვენი ძალა – ადამიანური, თბილი ურთიერთობები. სტუმარმასპინძლობის წესებიც ძალიან მომწონს. ფული რომ შეიძლება, არ გქონდეს და მაინც პატივი სცე სტუმარს. შემიძლია, თამამად ვთქვა, მატერიალური თვალსაზრისით ვარ ღარიბი, მაგრამ ადამიანური ურთიერთობებით – უმდიდრესი. უფროსი მეგობარი მყავს, ჩემი ქვისლის მამაა. ხშირად გვისაუბრია იმაზე, თუ რა დაგვემართა ქართველებს. რომ ნახა, რა ფაციფუცი იყო ატეხილი ჩემ გარშემო, მითხრა: ძალიან სკეპტიკურად ვიყავი უკვე განწყობილი და ამ სიტუაციამ საქართველო ხელახლა შემაყვარაო. ამან მომცა ძალა, ახლაც რომ დოღის ცხენივით დავრბივარ. ჩემ გარშემო უამრავია ისეთი ადამიანი, რომელიც სრულიად უანგაროდ დამიდგა გვერდით.