კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადაურჩა შალვა ოგბაიძე სახლიდან გაგდებას და რას შეელია ის საღამოობით

 შალვა ოგბაიძე თბილისის საკრებულოში „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს”  კვოტით მოხვდა. ქართული ავტოსპორტის ცნობილი სახისთვის ეს დებიუტი არ იყო – სხვა ვითარებაში, მაგრამ, ისევ საკრებულოში, მეორე წრეზე წავიდა. ამბობს, რომ ქართულ პოლიტიკას, რომელსაც ცხოვრება ათეული წლების წინ დაუკავშირა, წესები არ აქვს – პოლიტიკაშიც მიაგნო იმ ექსტრემს, რაც  საკუთარი პროფესიის წყალობით არასდროს აკლდა, რისთვისაც კვლავ აქტიური სამზადისი დაიწყო –  პოლიტიკამ ვერ შეიწირა  მთავარი საქმე, რომლისთვისაც ბოლო რამდენიმე თვეში 16 კილოგრამიც კი  გაიღო.

 

– ბატონო შალვა, როგორ მოირგეთ  დეპუტატის ამპლუა?

– საკრებულოს დეპუტატი პირველად არ ვარ, შესაბამისად, ეს ამპლუა უცხო არ არის ჩემთვის.  მე ვიყავი 2002 წლის მოწვევის საკრებულოს დეპუტატი „მწვანეთა პარტიიდან”, ამას გარდა, ნამუშევარი ვარ  თბილისის აღმასრულებელ ხელისუფლებაში. სოხუმის დაცემის შემდეგ, მე და ჩემი მეგობრები  ჭუბერის გზით გადმოვედით. თბილისში  ჩამოსვლიდან მეორე დღეს კი დავინიშნე ვიცე-მერად სოციალურ საკითხებში და ორწელიწად-ნახევარი ვიმუშავე ამ პოზიციაზე, ასე რომ, ის პრობლემატიკა, რაც ქალაქის მართვას ახლავს, ჩემთვის კარგადაა ცნობილი.

– თუმცა, მაშინ სხვა პოლიტიკური რეალობა იყო, დღეს თბილისის საკრებულოს მძიმე პოლიტიკური კულისები აქვს. 

– რა თქმა უნდა, მაშინ სხვა გარემოებები იყო,  ახლა კი სხვა გარემოებებია. არჩევნებამდე ბრძოლისა და მწვავე პოლიტიკური კონკურენციის მესმის, მაგრამ, როცა საკრებულოში მოხვდები, უნდა გაგიჩნდეს თმენის ვალდებულება, იფიქრო მოსახლეობის ინტერესების დაცვაზე და არ აყვე პირადი ურთიერთობის გარკვევას.  ხანდახან ძნელია  იმ მოწინააღმდეგესთან ურთიერთობა, რომელმაც შენი ცხოვრება დაანგრია და ამას ვიტყვი „ნაციონალურ მოძრაობაზე”, მაგრამ, მე მაქვს თმენის ვალდებულება და პიროვნულ დონეზე დაპირისპირებას ვერ დავიწყებ.  თბილისის საკრებულო სულ ახლახან შეუდგა მუშაობას. მე ძალიან სულსწრაფი ადამიანი ვარ, პირველივე დღიდან მინდოდა საქმეში ჩართვა და, საკრებულოს შეკრებიდან ერთი თვის შემდეგ,  უკმაყოფილო ვარ როგორც საკუთარი თავით, ასევე,  საკრებულოს მუშაობით. ამ ერთ თვეში ძალიან ბევრი საქმის წინ წაგდება შეიძლებოდა, მაგრამ, ჯერჯერობით, დანიშვნებისა და ახალი გუნდის დაკომპლექტების პერიოდია.  შეიძლებოდა  დაწყებულიყო მუშაობა იმ მასშტაბური მშენებლობების წინააღმდეგ, რაც აზიანებს ჩვენს ქალაქს, მაგალითად გამოდგება ის უსისტემო მშენებლობა და ბაკქანალია,  რაც ხდება სპორტის სასახლის გარშემო.  სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამისთვის არავის სცალია. 

– პარტიის ლიდერთან დღეს ახალი პოზიციიდან როგორ თანამშრომლობთ? და როგორია თქვენი ურთიერთობა ოფიციალურ ფორმატს მიღმა? 

– ნინო ბურჯანაძისგან  მე მაქვს სრული კარტბლანში, ჩვენი ურთიერთობა აგებულია სრულ ნდობაზე.  ჩვენ უკვე ბევრი  წელი გვაკავშირებს ერთმანეთთან და ჩვენ შორის კარგი მეგობრული ურთიერთობაა. მეც დედისერთა ვარ, ქალბატონ ნინოსაც არ ჰყავს და-ძმა და, ერთხელ თქვა, ძმა რომ მყოლოდა, ალბათ, ისე ვცემდი პატივს, როგორც ბატონ შალვასო, რაც ჩემთვის დიდი კომპლიმენტი იყო. მე მას დავყვებოდი საპრეზიდენტო არჩევნების დროს  რეგიონებში, შეხვედრებზე, ყოველთვის მის გვერდით ვიყავი. ხშირად მახსენდებოდა ხოლმე  ერთი ისტორია, რომელიც ჩემს გვარს ეხება და ცხონებული ალექსი ჭინჭარაულისგან მაქვს მოსმენილი: თურმე ოგბაიძეები ასპინძის ომში მონაწილეობდნენ, სამას არაგველს შორის იყვნენ. შემდგომ ერეკლემ ხმალი აჩუქა ჩემს წინაპარს,  გიორგი ოგბაიძეს.  მეფეებს პირად მცველებად მთიულები ჰყავდათ, მათ შორის – ოგბაიძეები. ეს, ეტყობა, გენეტიკურია: როდესაც რეგიონებში დავდიოდით, როდესაც  ქვებს გვესროდნენ და ნინო ბურჯანაძეზე პირდაპირი ნადირობა მიდიოდა, იმ პერიოდში ჩემში წინაპრების გენებმა გაიღვიძა და ხანდახან მართლაც პირადი მცველი მეგონა ხოლმე თავი (იცინის).    

– თბილისის საკრებულოდან ჯერჯერობით  მხოლოდ ორი ფრაქციის – „ნაციონალებისა” და „ოცნების”  და ერთი მაჟორიტარის  „ხმა” გვესმის; სად ხართ დანარჩენები, ხომ არ იჩაგრებით პოლიტიკურ კონკურენციაში?

–  ჩემი დაჩაგვრა არც ისე იოლია, ეს მიხეილ სააკაშვილმაც კი ვერ მოახერხა. არ არსებობს სხდომა, რომელსაც ჩვენ გარკვეულ ტონს არ ვაძლევდეთ, მაგრამ, მედიას  მაინც ასე აქვს განაწილებული: ერთი – „ოცნებიდან,” ერთი – „ნაციონალური მოძრაობიდან” და, ერთიც – ვიღაც. ეს, ალბათ, გემოვნების საკითხიცაა და ამის გადაწყვეტასაც დრო სჭირდება. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი გავაკეთოთ ხალხისთვის და შეფასებას ხალხი თავად გააკეთებს, თუნდაც საარჩევნო ყუთებთან. მე ავტომობილისტი ვარ,  ჩემი კვლევის სფერო – გამონაბოლქვის ზემოქმედება და საჰაერო აუზის გაჯანსაღება – პირდაპირ  უკავშირდებოდა  „მწვანეთა პარტიის” საქმიანობას. მერე დაიწყო ჩემი და ზურაბ ჟვანიას მეგობრობა, რაც მის  გარდაცვალებამდე გრძელდებოდა. ამის  შემდეგ ჩემთვის დამთავრდა პოლიტიკა – ვიცოდი, რომ პირდაპირ იყო გამოცხადებული ჩემი დევნა და ვიყავი ეგრეთ წოდებულ „შავ სიაში”. მე ვიბლოკებოდი ყველგან, მაშინაც კი, როცა პოპულარიზაციას ვუწევდი უსაფრთხო მოძრაობას; როცა შევწყვიტეთ ახალგაზრდების არასანქცირებული რბოლა  და ვეცადეთ, ისინი გადაგვენაცვლებინა რუსთავში.  მიხეილ სააკაშვილის ბიძამ გადაწყვიტა, დაჰპატრონებოდა საავტომობილო ფედერაციას და ასე დაიწყო მკვეთრი დაპირისპირება. რაც ბოლო წლებში დატრიალდა ჩემს თავს, ეს ყველამ კარგად იცის. სამწუხაროდ,  ქართულ პოლიტიკას  წესები არ გააჩნია, ეს არის ბრძოლა წესების გარეშე.  ჩემი გამოცდილება არის ასახული ჩემს თავზე: შრამებზე, ნატყვიარებზე, წართმეულ ქონებაზე, დევნილ შვილზე, რომელიც ახლა ოჯახთან ერთად პოლიტიკური დევნილის სტატუსით ცხოვრობს გერმანიაში – ეს არის საბრძოლო „იარები,” რამაც  დიდი გამოცდილება მომიტანა, ანუ,  ამ მხრივ „მძიმეწონიანი” ვარ (იცინის).

– თუმცა, სპორტული ილეთების პრეზენტაცია  ჯერ არ დაწყებულა ჩვენს საკრებულოში.

– მე ვისურვებდი, ჩვენი საკრებულო იყოს ის საკრებულო, სადაც საქმე არ მივა სპორტის სხვადასხვა სახეობის გამოყენებამდე. მოგეხსენებათ, ძალაუფლება რყვნის ადამიანს, აბსოლუტური ძალაუფლება კი აბსოლუტურად რყვნის.  მე ვისურვებდი, რომ „ქართული ოცნება” არ გამონაციონალდეს, არ დაემართოს მათ ის, რაც მათ წინამორბედებს დაემართათ ამ მხრივ. ერთ თვეში მკვეთრად არ ჩანს ეს ნიშნები, თუმცა, რამდენიმე შემთხვევაში, მათ შორის, მოადგილეებისა  და კომისიების ხელმძღვანელებთან დაკავშირებით, ეს მაინც გამოჩნდა. არაა, ბატონო, პრობლემა, გააკეთონ საქმე, რომ ხალხმა იხეიროს. ამაზე ერთი კახური ანეკდოტი მახსენდება: კახელი ფერად ტელევიზორს იყიდის. მეზობელი ეკითხება: მიხო, რა კარგი ტელევიზორია, რა მარკისააო? – ოღონდ გაამართლოს  და მამაჩემის სახელს დავარქმევო,  უპასუხა მიხომ. ასე რომ, ოღონდ „ქართულმა ოცნებამ” გაამართლოს ამომრჩევლის იმედები და, მე თავს ბედნიერად ვიგრძნობ. 

– დარჩენილიყავით, ბატონო, ავტოსპორტში – ადრენალინი იქაც ბევრი იყო, სამაგიეროდ, ამ მძიმე კულისებს გადაურჩებოდით. 

– ჰო, ადრენალინი არც ჩვენს პოლიტიკას აკლია.  მე ცხოვრებაშიც ისეთი ექსტრემალი ვარ, როგორც სპორტში. წლებმა ცოტა კი შემირბილა ეს თვისება, მაგრამ, მაინც ორი უკიდურესობა მაქვს: კაცი ან მიყვარს, ან არ მიყვარს, „ისე რა” არ არსებობს ჩემთვის.  და, ვინ თქვა, რომ ავტოსპორტს  ჩამოვშორდი? ავტომრბოლელი მაშინ კვდება, როცა შეჯიბრებაზე გამოსვლის ოცნებას შეწყვეტს. მაშინ, როცა უკვე აღარ გამოვდიოდი, დღედაღამ სულ  შეჯიბრებები  მელანდებოდა. მე გახლავართ ძველი, ნამდვილი, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი და, გულით რომ მოინდომოს ვინმემ, ვერც  ჩამომაშორებს; უფრო მეტიც, გადავწყვიტე, ფიზიკურად დავუბრუნდე ავტოსპორტს – მე თვითონაც გამოვიდე შეჯიბრებაზე. ამაზე უკვე ვიზრუნე და რამდენიმე თვეში 16 კილოგრამი დავიკელი. 

– უგულავას დიეტას ხომ არ იცავთ?

–  არა, დღეს შალვა ოგბაიძის დიეტა უფრო მოდურია, ვიდრე უგულავასი, თუმცა, ეს არცაა დიეტა, ესაა დაბალანსებული კვება, რომელიც  ჩემეული რეცეპტით მიმდინარეობს. საახლობლო წრეში ჩემი  რეცეპტი ძალიან პოპულარულია.  დიდი ხანია, უარი ვთქვი საღამოობით უზარმაზარი ტაფის „გასუფთავებაზე.” ბევრ რამეს შეველიე, რადგან, ვფიქრობ, რომ, ადამიანმა, მით უმეტეს – სპორტსმენმა, რომელსაც აქვს სურვილი, გამოვიდეს სპორტულ ასპარეზზე, პატივი უნდა სცეს საკუთარ თავსა და მაყურებელს.  მინდა, კარგად მოვემზადო და გამოვიდე წრიულ შეჯიბრებაზე,  რისთვისაც, მინიმუმ, საჭიროა, შევიძინო მანქანა.

– ძველ, ნამდვილ საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტს მანქანა არ ჰყავს? 

– საკუთარი მანქანა დიდი ხანია არ მყავს – მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა გაგვიყიდა სადილერო კომპანია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც მე ვიყავი. ახლა დავდივარ ელექტრომობილით, რომელიც იაპონიის მთავრობამ აჩუქა საქართველოს მთავრობას პრომოუშენისა და ექსპერიმენტისთვის. მე მოვხვდი ტესტირების პროგრამაში და, როგორც ამ საქმის ექსპერტი, ვცდი ამ მანქანას. დაახლოებით რვა თვეა,  ელექტრომობილით ვსარგებლობ და თითქმის მიჭირს ბენზინიან მანქანაზე გადაჯდომა, თუმცა, შეჯიბრებაზე გამოსვლისთვის ნამდვილად მომიწევს ავტომანქანის შეძენა.  ვიყიდი იაფი კლასის  მანქანას და თვითონ მოვამზადებ სტარტზე დასადგომად. ავტოსპორტსმენები ერთმანეთს „შერეკილებს” ვეძახით – ნორმალური ადამიანი, რასაც შოულობს, საკუთარი ცხოვრების გალამაზებისთვის ხარჯავს – იმისთვის, რომ წავიდეს, დაისვენოს და ნახოს რამე; ავტოსპორტსმენი კი კრედიტს იმისთვის იღებს, რომ მანქანა გააკეთოს. ავტოსპორტი  არის უძირო ორმო: 1 500 დოლარი გაქვს? – არ გენანება მანქანისთვის; მილიონი გაქვს? – ისიც მანქანას უნდა დაახარჯო.   ავტოსპორტსმენთა ცოლებმა რომ იცოდნენ, ამ მანქანებზე რამდენი გვაქვს დახარჯული, სახლში არ შეგვიშვებდნენ (იცინის).    

– თქვენი შვილი გერმანიაში ცხოვრობს პოლიტიკური დევნილის სტატუსით. ხშირად ჩადიხართ მასთან?

– რა თქმა უნდა. ბოლო ათ წელიწადში ჩემმა ოჯახმა იმდენი გადაიტანა, უფრო შევიკარით და გავერთიანდით. მეუღლე და ჩემი შვილი, ლევანი, გვერდიდან არ მცილდებიან.  წელიწადში  ორჯერ ვახერხებ გერმანიაში ჩასვლას. ვიცი, ეს ცოტაა შვილებთან და შვილიშვილებთან ურთიერთობისთვის, მაგრამ, რას ვიზამთ. ახლა ძალიან ვგულშემატკივრობ   ჩემს  შვილიშვილს, შალვა ოგბაიძეს, რომელიც ბერლინის საფეხბურთო კლუბის ფეხბურთელია – შალვა გუნდის კაპიტანია და გუნდმა მასზე  გადააწყო თამაშის სტილი. ის მოხვდა გერმანიის საფეხბურთო ფედერაციის ნიჭიერთა გუნდის შემადგენლობაში, რაც ძალიან მახარებს.     

– ოთხი-ხუთი თვის წინ, ახალ ფარულ ჩანაწერებში მაინდამაინც თქვენ მოყევით. კიდევ გისმენენ? 

– როცა გესმის ტელეფონზე ჩხაკუნი და დანამდვილებით იცი, რომ გისმენენ, არაა ცხოვრება იოლი. ამ ფარულ ჩანაწერებში  მესამე ფიგურა ისევ მე ვიყავი. სამწუხარო ისაა, რომ არავის დავუკითხივარ, არავის დაუსვამს შეკითხვები. არადა, იმ საუბარში არაფერი იყო, ჩვეულებრივი შეხვედრის ორგანიზებას ვგეგმავდი ორგანიზაციის წარმომადგენელთან.  ვიღაცა რომ ჯიბეში ხელს ჩაგიყოფს, ასეთი გრძნობა მქონდა. ეს რომ უკანონობაა, ყველამ ხომ ვიცით? ხომ შეიძლება რეაგირება? ასე რომ, ჩემთვის ეს კოშმარი ამ ნაწილში ისევ გრძელდება. ადამიანი ასე ითხოვდეს პროკურატურაში დაბარებას,  გინახავთ? მე სხვა სამართლებრივი მეთოდი არ ვიცი; მეორე არის „ქუჩის სამართალი,” რომლის ასაკიდანაც მე დიდი ხნის წინ გამოვედი, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ავჭალაში, ქარხანა „ცენტროლიტის” დასახლებაში ვცხოვრობდი, სადაც   საკუთარი თავისა და სიმართლის დასაცავად ბევრი ფათერაკიც იყო, მაგრამ, ახლა ზუსტად ვიცი,  რომ ეს გზა ყველა მამაკაცმა უნდა გაიაროს. 

 

скачать dle 11.3