რატომ ურჩევნიათ ქართველებს უკრაინაში თავის გამოჩენა საკუთარ ტერიტორიაზე გამაგრებულ ოკუპანტებთან შებრძოლებას
თუმცა ჩვენი ქვეყნის გვარიანი ნაწილი ოკუპირებულია და ოკუპანტები ისე საფუძვლიანად გამაგრდნენ, ჩექმებზე ეტყობათ, წასვლას არც აპირებენ (არაფერს ვიტყვი 2008 წლის აგვისტოს ომისა და მაშინ რფ-ის პრეზიდენტის, დ. მედვედევის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების შემდეგ, მაშინ ხალხის რჩეული ეკა ხერხეულიძის უკვე კლასიკად ქცეულ გამონათქვამზე – ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან, როგორც მას შესდეგ, რაც რფ-მ ცნო ჩვენი სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობაო), რომ ახალი ინიციატივის შესახებ შევიტყვეთ: თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი დავით მაყიშვილი უკრაინაში წასვლის მსურველი მოხალისეების შეკრებისა და მობილიზაციის პროცესშია და მიაჩნია, რომ თვით დასავლეთის სამხედრო პასიურობის ფონზეც კი, ქართულ-უკრაინული ძალებით რუსეთის დამარცხება შესაძლებელია. თუმცა ცოცხალ ინტერვიუს არ დათანხმდა და შეკითხვებზე პასუხების მხოლოდ წერილობით გაცემას დაჰყაბულდა. მიზეზი შემდეგნაირად ახსნა: „ჩვენ, სამხედროები, ოპერაციის დაგეგმვის დროს, ნებისმიერ საკითხზე ვგეგმავთ სამ სავარაუდო სამოქმედო გეგმას და მერე სამიდან ვორგეიმის მეშვეობით საუკუთესოს ვარჩევთ. თქვენს შეკითხვებსაც ამ პრინციპით მივუდგები“. ბუნებრივია, მე იქვე გავიხსენე, რომ 2008 წლის ომში, სამწუხაროდ, ერთი, ისიც საკმაოდ უხეირო გეგმის გარდა, არაფერი გაგვაჩნდა და ამ მეთოდის გამოყენება იქ უფრო უპრიანი იქნებოდა-მეთქი, თუმცა ეს უკვე სხვა საუბრის თემაა. ამჯერად უკრაინისთვის მოხალისეების შეგროვების თემაზე ვისაუბრებთ.
– დავით, რას გულისხმობს თქვენი ინიციატივა და საიდან მოგივიდათ ეს იდეა?
– ჩვენი ინიციატივა არის გამოხმაურება ბაჩო ახალაიას ინიციატივაზე, გვერდში დავუდგეთ უკრაინის სახელმწიფოს ამ რთულ პერიოდში. ეს დახმარება გულისხმობს: პირველი – იმ მოხალისეების შეკრებას, ვისაც აქვს სურვილი და შესაძლებლობა, უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად მიიღოს მონაწილეობა ბრძოლებში, იმ შემთხვევაში, თუ რუსული რეგულარული არმია შეიჭრება უკრაინის ტერიტორიაზე; მეორე – მხარდამჭერ ოპერაციებს, რომლებიც მოიცავს ჰუმანიტარულ და სამედიცინო ოპერაციებსაც.
– თუ გავითვალისწინებთ, რომ სამხედრო კონფრონტაციას თავს არიდებენ თვით „ნატო“ და ევროკავშირი, ისეთი ტიპის ინიციატივამ, რასაც თქვენ გამოთქვამთ, არ ფიქრობთ, რომ, შეიძლება, ზიანი მიაყენოს საქართველოს უსაფრთხოებას?
– თქვენთვის ცნობილია, რომ მეხუთე პუნქტის თანახმად, „ნატო“ ვალდებულია, გაუწიოს დახმარება მის წევრ ქვეყნებს; შესაბამისად, „ნატოს“ არც უფლება და არც ვალდებულება არ გააჩნია, ცალმხრივად ჩაერთოს უკრაინაში მიმდინარე პროცესებში სამხედრო თვალსაზრისით, რადგან დღესდღეობით არც უკრაინა და არც საქართველო არ არიან „ნატოს“ წევრი ქვეყნები. დღეს უკრაინაში წყდება საქართველოს უსაფრთხოების ბედიც და მე მართებულად მიმაჩნია ჩვენი მხრიდან უკრაინის დახმარება, რადგან დღეს ჩვენ საერთო მტერი გვყავს რუსეთის სახით.
– ვინ გამოგეხმაურათ, რამდენმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი უკრაინაში საბრძოლველად წასვლის და არის თუ არა მხოლოდ სურვილი საკმარისი სამხედრო დახმარების აღმოსაჩენად?
– კონკრეტული ციფრის თქმა რთულია, ზარები, უბრალოდ, არ წყდება. ამ რამდენიმე დღის განმავლობაში მოულოდნელად ბევრი მსურველი აღმოჩნდა და უკვე ასს გადააჭარბა, სურვილს გამოთქვამენ ყოფილი სამხედროები, პოლიციის თანამშრომლები და სამოქალაქო პირები, რომელთა შემართება და პატრიოტული სულისკვეთება მისასალმებელია და დასაფასებელი.
– ცოტა უცნაურად არ გეჩვენებათ, როდესაც ჩვენი ტერიტორიების საკმაოდ დიდი ნაწილია ოკუპირებული, დღიდან ოკუპაციისა, მსგავსი ტიპის მოხალისეთა რაზმები არ შექმნილა ჩვენთან, რომ, თუნდაც, დისკომფორტი შეექმნა ოკუპანტებისათვის და, უცებ, ასეთი ენთუზიაზმი, რაგინდ მეგობრული, მაგრამ მაინც სხვა ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის წინააღმდეგ?
– საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ყველაზე მტკივნეულია ჩემთვის, როგორც სამხედროსთვის და როგორც რიგითი ქართველისათვის. ბაჩო ახალაიას მინისტრობის დროს ჩვენ აქტიურად და მთელი შემართებით განვიხილავდით ყველა შესაძლო ვარიანტს ჩვენი ქვეყნის თავდაცვის კუთხით. აქტიურად დავიწყეთ ტერიტორიული რეზერვის შექმნა მთლიანი ქვეყნის მასშტაბით, რაც წარმატებით ხორციელდებოდა და ძალიან ეფექტიანი იქნებოდა ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის. ამ რეზერვის შექმნის პერიოდში გავითვალისწინეთ ყველა ის ხარვეზი, რაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს რეზერვის უმოქმედობამ გამოიწვია. სამწუხაროდ, დღეს ეს პროექტი შეჩერებულია ჩემთვის გაურკვეველი მიზეზების გამო. რაც შეეხება ენთუზიაზმს, მინდა გითხრათ, რომ დღეს საქართველოში საკმაოდ ბევრი პატრიოტია, რომლებსაც მიაჩნიათ რომ, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ რუსეთის წინააღმდეგ, ეს ბრძოლა უკრაინაშია და თუ ამ ბრძოლამ გაგრძელება პოვა საქართველოში, ჩვენ აქაც მხარდამხარ დავდგებით ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების გვერდით.
– მეტი რა გაგრძელება უნდა პოვოს – ტერიტორიები უკვე ოკუპირებულია. რადგან სიტყვამ 2008 წელი მოიტანა, დარწმუნებული ვარ, 2008 წელს რომ არ ეჩქარა საქართველოს იმჟამინდელ ხელისუფლებას და, დღევანდელ ვითარებას, როდესაც დასავლეთი მეტ-ნაკლებად აქტიურია რუსეთის წინააღმდეგ, შევხვედროდით 2008 წლის აგვისტომდე არსებული მდგომარეობით: როდესაც ჩვენ ვაკონტროლებდით ახალგორს, დიდი ლიახვის ხეობასა და კოდორის ხეობას და არც ერთი ჩვენი სეპარატისტული რეგიონი არ იყო აღიარებული რუსეთის მიერ, გაცილებით მომგებიან მდგომარეობაში ვიქნებოდით პოლიტიკურად. არ მეთანხმებით?
– მაშინდელი მთავრობის დაუღალავმა შრომამ „ნატოსა“ და ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით, გამოიწვია მომენტალური აგრესია რუსეთის მხრიდან, რასაც მოჰყვა 2008 წლის აგვისტოს ომი. ჩემი შეფასებით, როგორც იმ მოვლენების უშუალო მონაწილე, არ ვიტყოდი, რომ მაშინდელმა მთავრობამ იჩქარა, ეს სამხედრო ოპერაციები არ დაწყებულა 2008 წლის 8 აგვისტოს, ის გაცილებით ადრე დაიწყო, მთელი ივლისის თვეში ცხინვალის მხრიდან ხორციელდებოდა საარტილერიო წერტილოვანი დაბომბვები ჩვენი სამშვიდობო ბატალიონების პოზიციებზე, ასევე, მიმდებარე ქართული დასახლებული პუნქტების მიმართულებითაც, რასაც, შესაბამისად, უკვე მასირებული სახე მიეცა, 5-6 აგვისტოს, უკვე სოფელ ავნევის მიმართულებაზე, ჩვენ გვყავდა დაღუპული ქართული სამშვიდობო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები.
– ოფიციალური მონაცემით – 7 აგვისტოს, დღისით, თუმცა ეს არ ცვლის საქმის არსს. მაგრამ, რაც მთავარია, ეს მონაცემი, რატომღაც, ვერ მოხვდა ევროკავშირის კომისიასთან, რომელიც 2009 წელს შეიქმნა.
– 6 აგვისტოს უკვე რუსეთის მხრიდან შემოდიოდა 58-ე არმიის სამხედრო კოლონები და ყველასათვის უკვე ნათელი იყო, რომ მზადდებოდა ფართომასშტაბიანი საომარი ოპერაცია რუსეთის მხრიდან, რასაც მოჰყვებოდა საქართველოს სრული ანექსია და მაშინდელი მთავრობის დამხობა, რითაც წერტილი დაესმებოდა ჩვენი ქვეყნის სწრაფვას ევროპისაკენ. მანამდე არსებულ ვითარებას ცხინვალის რეგიონში ევროპა მხოლოდ შეშფოთების გამოხატვით აფასებდა. საბოლოოდ, აგვისტოს ომმა ევროპა და ევროპის პირველი პირები დაარწმუნა იმაში, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებდა როგორც აგრესორი და დამპყრობელი ქვეყანა, რაც კიდევ ერთხელ თვალნათელი გახდა მათთვის დღეს მიმდინარე უკრაინის მოვლენებში. ასე რომ, როგორც 1989 წლის 9 აპრილის თავდადება ქართველი ერისა გახდა საწინდარი საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისა, ასევე, აგვისტოს ხუთდღიანმა ომმა, აუხილა თვალი ევროპას რუსეთის, როგორც ოკუპანტი და აგრესორი ქვეყნის წარმოჩენაში.
– საბჭოთა კავშირს გამოეყო ყველა მოკავშირე რესპუბლიკა, ყოველგვარი 9 აპრილების გარეშე და არც ჩვენს ხარჯზე დასავლეთის თვალების ახელა მგონია დიდად მისასალმებელი საქმე. მაგრამ, იმ ფონზე, როდესაც საფრანგეთის მთავრობამ არ შეაჩერა რუსეთისთვის „მისტრალების“ მიყიდვის საკითხი, თვით ეკონომიკური სანქციებიც კი არ ეხება გიგანტ დასავლურ ფირმებს – ისინი წარმატებით განაგრძობენ ფუნქციონირებას რუსულ ბაზარზე და მილიარდობით მოგების მიღებას. ასევე, როდესაც ცნობილია, რომ „ნატოს“ ძალები არ არიან მზად სწრაფი რეაგირებისათვის, ფიქრობთ, რომ თქვენი ინიციატივა არ დააზარალებს საქართველოს, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი დანაყვის ძალა ყოველთვის ექნება რუსეთს?
– დღევანდელ უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, როდესაც დასავლეთის ქვეყნები ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ სანქციების გამკაცრებისა და რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გადახედვაზე, მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ დასავლეთი საერთოდ არ იცნობს მოწინააღმდეგეს, ანუ რუსეთს. არ იცის მისი ფსიქოლოგია, არც მისი წარსული და ახლანდელი განვითარების დონე. დასავლეთი გარკვეულ წინააღმდეგობას გამოხატავს, გადახედოს თავის წარსულს და წარსულში დაშვებულ შეცდომებს; მის უმოქმედობას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, რამაც რუსეთს თავის დროზე დაუსჯელობის გამო, მისცა ყირიმის ოკუპაციის საშუალება და დღევანდელი მოვლენების განვითარება სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში. ყოველივე ამის გამო, დასავლეთი ვერ იგებს მოწინააღმდეგის ახლანდელ ქმედებებს, ვერ პოულობს სწრაფ გამოსავალს მის წინააღმდეგ. ეს მიდგომა დღევანდელ რუსეთს ფასდაუდებელ სამსახურს უწევს და მას შეუზღუდავი პოლიტიკური ინიციატივის შანსს და იმის საშუალებას აძლევს, აირჩიოს სასურველი ტაქტიკა, თავდასხმის დრო და ადგილი. სრულიად მცდარია პოზიცია, რომ რუსეთისთვის დაყვავება გამოიწვევს იმას, რომ მოხდება საქართველოს დეოკუპაცია და რუსეთი თავისუფლად სუნთქვის საშუალებას მოგვცემს. ამას ჩვენს ქვეყანაში ბოლო ორი წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენებიც მოწმობს. ჩვენი ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს კონსტრუქციული დიალოგის ფონზე ურთიერთობის დათბობას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, რუსეთი აგრძელებს თავის აგრესიულ და დამპყრობლურ პოლიტიკას. ერთი ცხადია და, დროა, ყველა ქართველმა გაითავისოს ის, რომ, რაც უფრო დამთმობი ვიქნებით რუსეთთან, მით უფრო მალე გავხდებით ჯერ დამონებული და შემდეგ მთლიანად დაპყრობილი.
– მით უმეტეს, როდესაც, როგორც თქვენ ამბობთ, დასავლეთის ქმედებები არასაკმარისია, პირდაპირ ვიტყვი, ფიქრობთ, რომ კიდევ ერთხელ უნდა გავრისკოთ ჩვენი ქვეყნის ბედით? იმას ამბობთ, რომ ჩვენ, ანუ, რაც ჩვენგან დარჩა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ და უკრაინა, ანუ, რაც მისგან დარჩა ყირიმის ანექსიის შემდეგ, მოვერევით რუსეთს მოხალისეებით დასავლეთის პასიურობის ფონზე?
– კიდევ ერთხელ გავიმეორებ: თუ დღეს მოხდა უკრაინის დამარცხება, შემდეგი ვიქნებით ჩვენ, ეს გარდაუვალი იქნება და მაშინ უკვე დიდი იქნება რისკი იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ბედი უკეთესობისკენ ვეღარ გადავწყვიტოთ.