რატომ შეიტანა საკუთარი ფერწერული ნამუშევრები ქონებრივ დეკლარაციაში დიასპორის სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე 1965 წელსაა დაბადებული თბილისში. დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1989 წელს) და მისი შრომითი ბიოგრაფიაც 1989 წელს დაიწყო: 1996 წლამდე იყო თავის მიერვე ჩამოყალიბებული საბავშვო ესთეტიკურ-საგანმანათლებლო სასწავლებლის დირექტორი. მინიჭებული აქვს უმაღლესი კატეგორიის პედაგოგის წოდება. შემდეგ სპეციალობა შეიცვალა და 1999-2001 წლებში სწვალობდა დიპლომატიურ აკადემიაში. 1998 წლიდან 1999-მდე იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის პირველი მდივანი, 1999-2000 წლებში – სამინისტროს პრეს-ცენტრის მრჩეველი; 2000 წელს დაწინაურდა და 2001 წლამდე საგარეო პოლიტიკური ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ იმუშავა. 2001 წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მრჩევლად დაინიშნა, 2005 წელს კი – კულტურული მემკვიდრეობისა და დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსად (2007 წლამდე). იმავე წელს რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს მრჩევლად გადაიყვანეს, 2009 წელს – უკრაინაში საქართველოს საელჩოს უფროს მრჩევლად, 2013 წელს – უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი გახდა, 2014 წლის ივნისში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს, ივლისში კი სახმინისტრის პორტფელიც ჩააბარეს. მინიჭებული აქვს უფროსი მრჩევლის დიპლომატიური რანგი; თუმცა, პარალელურად, ლიტერატურულ საქმიანობასაც ეწეოდა: არის ავტორი ნოველების კრებულების – „ყვითელი ტროლეიბუსი“ და „მე – მორბენალი“. 2002 წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოს ილია ჭავჭავაძის სახელობის თეატრში დაიდგა მისი პიესა „ღამის სტუმარი“, ხოლო 2012 წლის ივნისში კიევის გალერეა Artholl-ში ბ-ნი დუმბაძის ფერწერული ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენაც გაიმართა.
გელა დუმბაძის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2001 წლით თარიღდება, რომელიც მან საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის რანგში შეავსო. ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე – ირინა სულთანიშვილი და 1988 წელს დაბადებული ქალიშვილი – სალომე. ოჯახის ერთადერთი საკუთრება იყო საცხოვრებელი ბინა თბილისში, რომელიც ბ-ნ დუმბაძეს ეკუთვნოდა. მისი მეუღლე იმ პერიოდში კომპიუტერული ფირმა „ივერსის“ კონსულტანტი იყო. დეკლარაციაში მითითებული არ არის მათი შემოსავლები.
ბ-ნი დუმბაძის ბოლო დეკლარაცია 2014 წლით თარიდება, რომელიც მან სახმინისტრის მოადგილის ამპლუაში შეავსო და ოჯახის წევრად მიუთითა მხოლოდ მეუღლე. რაც შეეხება უძრავ ქონებას: გელა დუმბაძის საკუთრებაა საცხოვრებელი ბინა თბილისში, ძოწენიძის ქუჩაზე (90 კვ.მ.), მიწის ნაკვეთი მუხათწყაროში (600 კვ.მ.), აგარაკი ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზენობანში (150 კვ.მ.), ოღონდ მხოლოდ მესამედი; ირინა სულთანიშვილს კი ეკუთვნის სხვენი – მდებარე თბილისში, ყაზბეგის 41-ში (78 კვ.მ.) და იმავე მისამართზე მდებარე ბინის მესამედი (საერთო ფართობი 100 კვ.მ.).
ამას გარდა, გელა დუმბაძის საკუთრებაა პირადი ფერწერული ნამუშევრები: „მიყვარს ვაშლი“, „მსხლები“, „მისტიური ფანჯრები“, „სამბა“, „გემის გასეირნება“, „უცნობი ევა“, „მეტალურგიული ქარხნის დამლაგებლები“, „წითელი პარასკევი“, „მოსამართლე“.
ასევე, „თი ბი სი ბანკში“ გახსნილ ანაბრებზე გელა დუმბაძე ინახავს, შესაბამისად, 2 771 აშშ დოლარსა და 700 ლარს, ხოლო მისი მეუღლე – 1 300 აშშ დოლარს.
2013 წლის განმავლობაში ბ-ნმა დუმბაძემ, როგორც უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და უზბეკეთში საქართველოს საელჩოს დიპლომატმა 37 500 აშშ დოლარი მიიღო.
2013 წელს მან 57 500 აშშ დოლარად გაყიდა საცხოვრებელი ბინა და იმავე წელსვე 60 000 აშშ დოლარად იყიდა სხვა საცხოვრებელი ბინა.