რა გენეტიკური კავშირებია ქართველებსა და ჩრდილოეთ კავკასიელებს შორის, რატომ არის უნიკალური ბაგრატიონების ჰაპლოჯგუფი და რომელი ხალხების სინთეზის შედეგად ჩამოყალიბდა რუსი ერი
დნმ-ის კოდი არის ის გასაღები, რომელიც თითოეული ადამიანის წარსულსაც დეტალურად ასახავს და თუ მთლიანად არა, მისი მომავლის მნიშვნელოვან ნაწილსაც განსაზღვრავს. იმის მიუხედავად, რომ ეროვნებას აყალიბებს კულტურა, მენტალიტეტი, ღირებულებათა სისტემა და ასე შემდეგ, ჩვენს დნმ-ს შემონახული აქვს ინფორმაცია თვით იმ პირველი არსების შესახებ, რომლის წყალობითაც ჩვენ აქ და ამ დროს მოვევლინეთ ქვეყნიერებას. დღეს მსოფლიოში აქტიურად მიმდინარეობს გენეტიკური კვლევები, რაც, საბოლოოდ, არა მხოლოდ ბევრ კითხვას მოჰფენს ნათელს, არამედ, შესაძლოა, მრავალი პოლიტიკურ-ისტორიული დავებიც გადაჭრას. ამ კვლევებში ქართველებიც იღებენ მონაწილეობას და უკვე დადგენილია ის ძირითადი ჰაპლოჯგუფები, რომლებიც ქართველებისთვისაა დამახასიათებელი. რა გენეტიკურ კოდს ინახავს ჩვენი ორგანიზმი, ვისი შთამომავლები ვართ, რა კვალი დატოვა ჩვენს დნმ-ზე უამრავმა დამპყრობმა, როგორ შეერწყა ერთმანეთს მრავალი ტომი ერთ ქართველ ეთნოსად? ამ შეკითხვებზე პასუხების მიღებაში ამერიკული Family tree DNA პროექტის ქართული გენეტიკური პროექტის თანაადმინისტრატორი კახი სახლთუხუცესი დაგვეხმარება.
– როდის დაიწყო და რა მიზანს ემსახურებოდა ეს გენეტიკური კვლევები?
– კვლევები, დაახლოებით, 10-12 წლის წინათ დაიწყო და თავდაპირველად, მხოლოდ მეცნიერული საფუძველი ჰქონდა, რადგან თითოეული ადამიანის ტესტირება ძალიან ძვირი ჯდებოდა, მაგრამ 2004 წლიდან დაიწყო ტესტების კომერციულად გაყიდვა. თავადაც დავინტერესდი ამ საკითხით და 2005 წელს პირადად შევუკვეთე ტესტი ჩემთვის, შემდეგ უკვე დავუკავშირდი ამ ლაბორატორიის ხელმძღვანელებს, დავაარსეთ კავკასიის და შემდეგ საქართველოს პროექტი, რომელიც აერთიანებს ქართველ და კავკასიელ ტესტირებულ ადამიანებს.
– ამ პროექტის მიზანი თავდაპირველად სამეცნიერო იყოო. რა იყო ეს სამეცნიერო მიზანი, გაერკვიათ დედამიწის მოსახლეობის წარმომავლობა?
– ასეთი კვლევები გასული საუკუნის 70-ანი წლებიდან დაიწყო და ცდილობდნენ, დაედგინათ მსოფლიოს სხვადასხვა პოპულაციის წარმომავლობა და მათი ურთიერთკავშირი. თავიდან ძირითადად იკვლევდნენ სისხლის ანალიზით. შემდეგ, როდესაც საშუალება გაჩნდა დნმ-ის კვლევის, რადგან დნმ-ის მეშვეობით უფრო ადვილი და ინფორმაციულია შთამომავლობის ხეების წარმოქმნის ნახვა, დაიწყო მუშაობა დნმ-ზე. დნმ-ის ანალიზით გვაქვს საშუალება, გავიგოთ ადამიანის წარმომავლობა მოყოლებული ათეულ ათასობით წლის წინათ ჩვენს დრომდე. იკვლევენ Y ქრომოსომას, რომელიც მამიდან ვაჟიშვილს უცვლელად გადაეცემა და მოჰყვება ათასწლეულების განმავლობაში.
– ქალების დნმ-ის ანალიზი რა ინფორმაციას გვაძლევს?
– არსებობს მიტოქონდრიული დნმ, რომელსაც დედა გადასცემს როგორც ქალიშვილს, ისე ვაჟიშვილს, მაგრამ ვაჟიშვილი შემდეგ თავის შვილებს ვეღარ გადასცემს, ქალიშვილი კი აგრძელებს. არსებობს ქალის ხაზებზე შედგენილი გენეალოგიური ხეებიც, მაგრამ მისი დინამიკა ცოტა სხვანაირია და ამიტომ წარმომავლობის გათვალისწინებისთვის ჯერჯერობით ნაკლებად გამოიყენება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მამიდან შვილზე გვარებიც გადადის და ამიტომ გენეალოგიური თვალსაზრისით უფრო ადვილია Y ქრომოსომის გამოკვლევა, რადგან ევროპაში გვარები უკვე რვაასი წელია არსებობს, ჩვენთანაც ასეა და ამ შედეგების ისტორიული წყაროებით დამოწმებაც შეიძლება. ქალები გვარს იცვლიან, თავიანთ შვილებს არ გადასცემენ და ამ მხრივ ძნელია მათი მონაცემის გამოყენება. სხვათა შორის, ქალის მიტოქონდრიული ქრომოსომის გამოკვლევა უფრო ძვირიც ჯდება. როდესაც კვლევა გაიაფდება და შედარებით ხელმისაწვდომი გახდება, მაშინ უფრო გამოიყენებენ, ალბათ.
– არ მომეწონა, ცოტა დაჩაგრულები ვყოფილვართ ქალები და ჩვენი ქრომოსომები. მაგალითად, ებრაელებთან ეროვნება გადადის ქალის ხაზით. იქ რას იკვლევენ, მაინც მამაკაცის Y ქრომოსომას?
– ყველაზე კარგად ებრაელი ეთნოსია გამოკვლეული, უზარმაზარი დიასპორა ჰყავთ, დაინტერესებაც დიდია, მეცნიერულადაც იკვლევენ და პირადადაც. მათში აღმოჩნდა საინტერესო მონაცემი, რომ აშქენაზები 4 ქალის შთამომავლები არიან, რომლებიც, დაახლოებით, 2 000 წლის წინათ ცხოვრობდნენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაშინ სხვა ებრაელი ქალები არ იყვნენ, უბრალოდ ნიშნავს, რომ იმ 4 ქალის შთამომავალმა მოაღწია დღემდე და დღევანდელი აშქენაზი ებრაელები არიან 4 ქალის შთამომავლები, რომლებიც 2 000 წლის შინათ ცხოვრობდნენ.
– ქართველების შემთხვევაში, რადგან ჩვენ მამაკაცებს ვიკვლევთ, ქალის კვალი ამიტომ არ ჩანს? თორემ ქალის საწყისი საკმაოდ ძლიერია ჩვენს მითოლოგიაში, ზღაპრებში, არქეტიპში.
– მეტნაკლებად მაინც გამოკვლეულია ქალები. პირადად მე გამოვიკვლიე დედაჩემის ხაზი და, დაახლოებით, 20-მდე სხვა ქართველმაც. ირკვევა, რომ ჩვენი დედების ხაზი მომდინარეობს ანატოლია-კავკასიიდან. ასევე, არის X ჰაპლოჯგუფი, რომელიც გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, მაგრამ ამოუცნობია, საიდან გავრცელდა. ის გამოკვლეულ ბევრ ქართველ ქალსაც აღმოაჩნდა.
– დღევანდელი ქართველები ვისი შთამომავლები ვართ? ვინ არის ის პირველი მამაკაცი თუ მამაკაცები, რომელთა გენებმა დღევანდელობამდე მოაღწია?
– ქართველებს შორის, ძირითადად, გავრცელებულია რამდენიმე ჰაპლოჯგუფი, ჰაპლოჯგუფი არის გენების ერთობლიობა, რომლებიც პირობითადაა დაჯგუფებული და ერთი კონკრეტული ადამიანიდან მოდის რამდენიმე ათეული ათასობით წლების წინათ. ქართველებს შორის გამოიკვეთა რამდენიმე დომინანტი ჰაპლოჯგუფი და მათ შორის ყველაზე ძველს პირობითად ეწოდება J2a*, რომელიც, დაახლოებით, 12 000 წლის წინანდელია და როგორც ჩანს, ეს იყო პირველი მამაკაცი, რომელმაც ანატოლიიდან მოაღწია კავკასიაში და პირველი დამკვიდრდა აქ. ჯერჯერობით არ ვიცით, რა ენაზე ლაპარაკობდნენ, ვინ იყვნენ. ამას გაარკვევს არქეოლოგიური კვლევები. ამის შემდეგ მოდის R1b1a2 ჰაპლოჯგუფი, ასევე, გავრცელებულია G2a3b ჰაპლოჯგუფი, G2a1a, J2*. ესენი არიან დომინანტი და უძველესი ჰაპლოჯგუფები. როდესაც გენეალოგიურ ხეს ადგენენ, ჩვენ ცალკე შტოზე ვხვდებით. ეს იმის მიმანიშნებელია, რომ ყველა ეს ჰაპლოჯგუფი ძალიან ადრე მოვიდა კავკასიაში და შემდგომ ქართველების ეთნოგენეზში მიიღო მონაწილეობა. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ G2 არის პროტოქართველი, მაგრამ, რადგან ცხოვრობდნენ კავკასიის ტერიტორიაზე მრავალი ათასი წლის განმავლობაში, სწორედ მათ მიიღეს მონაწილეობა ქართველების, როგორც ერის ჩამოყალიბების პროცესში. ამას გარდა არის კიდევ რამდენიმე მინორული ჰაპლოჯგუფი.
– მინორული?
– ნაკლებად გავრცელებული, მაგრამ ისტორიულ დროში მოსული. მაგალითად, ჩემი ჰაპლოჯგუფი, რომელიც, სავარაუდოდ, მესხებთან ერთად მოვიდა, დაახლოებით, 2 800 წლის წინათ, იმიტომ რომ ბალკანური წარმომავლობისაა, ასევე, არის L1b ჰაპლოჯგუფი, გავრცელებული ლაზებში, რომელიც, ასევე, გვხვდება მეგრელებსა და სვანებში. და გვაქვს უნიკალური შემთხვევა, არის ჰაპლოჯგუფი, რომელიც მხოლოდ ერთი გვარის წარმომადგენლებს აქვს. ეს საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი გვარია – ბაგრატიონების ჰაპლოჯგუფი. ბაგრატიონები შეადგენენ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე არქაულ შტოს და მათი ნათესავი მსოფლიოში ჯერჯერობით არავინ ჩანს.
– ბაგრატუნები არიან გამოკვლეულები?
– სამწუხაროდ, ისინი არ შემორჩენილან, ჩვენ გვაქვს კავშირი სომეხ მეცნიერებთანაც, ვკითხეთ მათ ამის შესახებ და დღეს ვინც იჩემებს სომეხ ბაგრატუნობას, ის თვითმარქვიააო. ბაგრატუნების ხაზი მეთვრამეტე საუკუნეში გაწყდა. ერთადერთი იმედი არის ნაშთების გამოკვლევა. აპირებენ და იმედია, მომავალ წელს მაინც იქნება შედეგი.
– და ბოლოს და ბოლოს, გადაიჭრება ეს დავა.
– აშკარაა, რომ ბაგრატიონები მოსულები არიან, არავინ იცის, ძველი ებრაელები იყვნენ თუ ძველი პართიელები.
– სეპარტისტი და ჩრდილო ოსებიც აქტიურობენ, რომ ბაგრატიონები იყვნენ ოსები. თუმცა ისინი ლამის მთელი საქართველოს მოსახლეობას მიიჩნევენ ოსებად. რას ამბობს გენეტიკური კვლევა?
– ბაგრატიონების შემთხვევაში, დავით სოსლანიდან მომდინარე ბაგრატიონებს არანაირი კავშირი არ აქვთ ოსებთან. რამდენიმე ასეული ოსია გამოკვლეული, მათი ყველა საგვარეულოდან, ყველა თემიდან და ერთსაც კი არ აღმოაჩნდა ეს ჰაპლოჯგუფი. თუმცა არათუ ოსებს, ჩეჩნებსა და ჩერქეზებს შორის, ქართველებს შორისაც კი. ეს უნიკალური ჰაპლოჯგუფია.
– ბაგრატიონები გასაგებია, მაგრამ თუ არის გენეტიკური სხვაობა თავადურ და გლეხურ გვარებს შორის, მათ ერთი და იგივე ჰაპლოჯგუფები აქვთ თუ განსხვავებული?
– თავადური გვარების გამოკვლევა უფრო ინფორმაციულია, რადგან შესაძლებელია ისტორიულ წყაროებთან შედარება. თუმცა განსხვავებული, უნიკალური ჰაპლოჯგუფი არ იკვეთება თავადურ საგვარეულო შტოებში.
– ესე იგი, ცისფესისხლიანები მხოლოდ ბაგრატიონები გამოდიან. სომხების, აზერბაიჯანელების, ჩრდილო კავკასიელების დომინანტი ჰაპლოჯგუფები სადაურია?
– კავკასიაში ყველაზე კარგად შესწავლილები არიან სომხები, იმიტომ რომ მათი პროექტი ძალიან ძლიერია, დაფინანსებაც დიდი აქვთ და თავად სომხეთშიც აქვთ ლაბორატორია, სადაც უკვე 3 000-მდე ადამიანი გამოიკვლიეს. დასტურდება, რომ მათ შორის არის ხალხი, რაც ისტორიული წყაროებითაც ცნობილია, რომლებიც ცხოვრობდნენ კავკასიაში და, ასევე, არის ხალხი, რომლებიც მოვიდნენ შედარებით გვიან და რომლებმაც, სავარაუდოდ, მოიტანეს სომხური ენა. სომხებს შორის არიან ურარტუელების შთამომავლებიც და არმენების შთამომავლებიც, რომლებიც, სავარაუდოდ, ბალკანეთიდან მოვიდნენ. რაც შეეხება ჩეჩნებსა და ინგუშებს: ისინიც ძალიან დიდი ინტერესით იკვლევენ თავიანთ წარმომავლობას ყველა თავიანთი თემის მიხედვით და საინტერესო მონაცემებიცაა: არის კავშირები იმ ჯგუფებთან, რომლებიც ნამდვილად კავკასიურია – ხევსურებთან, ფშაველებთან და ზოგადად ქართველებთან; ასევე, მათ შორის არის ჯგუფები, რომლებიც, სავარაუდოდ, პაკისტანიდან, ირანიდან მოვიდნენ ათასი წლის წინათ. ჩერქეზები და აფხაზები შედარებით ნაკლებად არიან გამოკვლეულები. თუმცა ჩვენ გამოვიკვლიეთ ანჩაბაძეები და ისინი ადიღური წარმომავლობის აღმოჩნდნენ; რაც შეეხება ჩაჩბებს, ანუ შერვაშიძეებს, სავარაუდოდ, დასტურდება ისტორიული გადმოცემა მათი სპარსული წარმომავლობის შესახებ. აზერბაიჯანელები ნაკლებად არიან გამოკვლეულები. ვინც ჩაიტარა კვლევა, მათ შორის არიან კავკასიური წარმოშობისაც და თურქმენულისაც, რომლებიც, სავარაუდოდ, შუა აზიიდან მოვიდნენ. თურქები საკმაოდ კარგად არიან გამოკვლეულები. მათი ძირითადი მოსახლეობა ანატოლიიდანაა და 10-15 პროცენტი არიან ისინი, რომლებიც ოსმალებთან ერთად მოვიდნენ შუა აზიიდან 1 000-1 500 წლის წინათ.
– რუსები საიდან მოვიდნენ?
– რუსების მნიშვნელოვანი ნაწილი მართლაც ფინო-უნგრული ხალხის შთამომავალი გამოვიდა გენეტიკური თვალსაზრისითაც. არის ზოგად სლავური ნაწილი ფინო-უნგრული, რუსების ეთნოგენეზი მოხდა მოსული სლავებისა და ადგილობრივი ფინო-უნგრელების შერწყმით, რასაც ეს კვლევები ადასტურებს. ისიც დადასტურდა, რომ ურიურიკები მართლაც სკანდინავიელები იყვნენ. საქართველოში უნიკალური შემთხვევაა გირგვილიანების გვარი, ჯდება ანგლოსაქსურ ქვეჯგუფში. თუმცა არავინ იცის, როგორ მოხვდა და როდის.
– ჩვენ ვისთან გვაქვს ყველაზე ახლო გენეტიკური კავშირი?
– აფხაზებთან. ფაქტობრივად, იდენტურები ვართ ავტოსომური დნმ-ის ხაზით, მამაკაცების ქრომოსომებითაც იდენტურები ვართ, მაგრამ აფხაზების ადიღებთან კავშირი იმის მიმანიშნებელია, რომ მათი ნაწილი მოვიდა ჩრდილოეთიდან და დღევანდელი აფხაზები არიან მცირეოდენი მოსული ხალხისა და ადგილობრივი მოსახლეობის შერევის შედეგად. რომ აიღოთ ბრმა ტესტი, ვერ მიხვდებით, ქართველია თუ აფხაზი.
– ჩვენ არაერთი დამპყრობელი გადავიტანეთ და ომი გულისხმობდა გაუპატიურებებსაც. იკითხება ჩვენს დნმ-ში არაბების, მონღოლების, სპარსელების, თურქების კვალი?
– საოცარია, მაგრამ არანაირი კვალი არ ჩანს. ცნობილია მონღოლების კვალი, ანუ მათი ჰაპლოჯგუფი, რომელიც გვხვდება აზერბაიჯანელებში, მაგრამ ქართველებში ერთიც არ არის, არც თურქების. შესაძლოა, როგორც გადმოცემები ამბობს, გაუპატიურების შემთხვევაში ქართველი ქალები თავს იკლავდნენ ან თუ ამის შედეგად ბიჭი იბადებოდა, თითქოს მასაც კლავდნენ. ასეა თუ ისე, კვალი არ ჩანს წამლადაც კი. კვლევები გრძელდება და რაც მეტი ადამიანი მიიღებს მასში მონაწილეობას, მით მეტ ინფორმაციას მივიღებთ ჩვენი წარმომავლობის შესახებ.