საქართველოს რომელ რეგიონებში იწყება გაუდაბნოების პროცესი, რატომ შემცირდა 3-ჯერ მარცვლეულის მოსავალი და რატომ აწუხებს გვალვა არტეზიულ წყლებზე მდგარ კახეთს
კლიმატოლოგების თქმით, გლობალური დათბობის შედეგად ზაფხული უფრო ცხელი გახდა, ზამთარი – უფრო ცივი, გაზაფხულის ხანგრძლივობა შემცირდა და ამ პერიოდში უფრო აგრილდა, ერთადერთი შემოდგომა გახანგრძლივდა და გათბა. ამ ყოველივემ კი პრობლემები არა მხოლოდ ადამიანებს, მცენარეებსაც შეუქმნა, რადგან ამა თუ იმ რეგიონში საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულმა კლიმატურმა პირობებმა ცვლილება განიცადა. რა გავლენა მოახდინა, ზოგადად, დედამიწის, კონკრეტულად, საქართველოს მოსავლიანობაზე კლიმატის ცვლილებამ და რა გართულებები ელით დედამიწელებს სურსათის ნაკლებობის თვალსაზრისით. გასულ კვირას სოფლის მეურნეობის მინისტრმა შემოგვჩივლა, გვალვა ბუნებრივი მოვლენაა და მის წინაშე უძლურები ვართო. თუმცა, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, უძლურება არაფერ შუაშია, საკმაოდ შემძლეები ვართ, სურვილისა და ცოდნის ეფექტიანად გამოყენების შემთხვევაში. თემას მეცნიერებათა დოქტორთან, პროფესორთან, სოფლის მეურნეობის აკადემიის ეროვნულ კოორდინატორთან აგროეკოლოგიის დარგში თამაზ თურმანიძესთან ერთად მიმოვიხილავთ.
– რა გავლენა მოახდინა კლიმატის ცვლილებამ დედამიწის განვითარების ჩვეულ პირობებზე?
– მეოცე საუკუნის ბოლო ათწლეულის განმავლობაში სტიქიური უბედურებების რიცხვმა 3-ჯერ გადააჭარბა იმავე მაჩვენებლებს 1960-ან წლებში, ეკონომიკურმა დანაკარგებმა კი იმავე პერიოდში 8-ჯერ მოიმატა. სურსათის მსოფლიო დღეს, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის ოქტომბრის ბოლო ოთხშაბათს, მსოფლიოს ყურადღება გამახვილებულია სტიქიური უბედურებების ტრაგიკულ შედეგებსა და მათი თავიდან აცილების საშუალებებზე. სტიქია ზემოქმედებს მიწისძვრებით, ქარიშხლებით და ყვედაზე მეტად, დამთანგველი სიცხეებით, რის გამოც ათასობით ადამიანი იღუპება. საგულისხმოა, რომ ეს თავს ატყდება არა მხოლოდ განვითარებად ქვეყნებს. მცხუნვარე ზაფხულმა 2003 წელს თითქმის 35 000 ევროპელის სიცოცხლე შეიწირა, მხოლოდ საფრანგეთში კი 15 000 ადამიანი დაიღუპა. გამოკვლევების შედეგებმა საგანგაშო ტენდენციები გამოავლინა: კაცობრიობას სულ უფრო ხშირად უწევს სტიქიასთან შეხება. თუკი 1995-1998 წლებში მსოფლიოში, საშუალოდ, 428 მიწისძვრა ხდებოდა, 1999-2003 წლებში ეს ციფრი 707-მდე, ანუ თითქმის ორჯერ გაიზარდა. 2004 წელი უპრეცედენტო იყო და ბუნებრივი კატასტროფების მიერ გამოწვეულმა ზარალმა 150 მილიარდი დოლარი შეადგინა, ამ მონაცემში არ შედის იმავე წლის 26 დეკემბრის ცნობილი მიწისძვრის შედეგები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.
– თუკი კლიმატური ცვლილებები არის ბუნებაში ადამიანის ჩარევის შედეგი, მიწისძვრების გაორმაგება შეიძლება ჩავთვალოთ ადამიანის გარემოზე ზემოქმედების შედეგად?
– მაგალითად მოვიტანე, თორემ კლიმატის ცვლილებასთან უშუალო კავშირში არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ მიწისძვრების რაოდენობაც გაიზარდა. თუმცა ყველაზე დიდ საფრთხეს კაცობრიობას უქმნის სულ უფრო მზარდი გვალვები, წყალდიდობები, ქარიშხლები... საქმე ის არის, რომ დღეს ჯერჯერობით არ გვაქვს რეგიონული ლოკალური და გრძელვადიანი სეზონური პროგნოზები აღნიშნული მოვლენების შესახებ და არ არის შემუშავებული შესაბამისი ადრეული გაფრთხილებების სისტემა. ამასთან, შესამუშავებელია ახალი მიდგომები კლიმატის ცვლილების შედეგად სამომავლო საშიშროებების თავიდან ასაცილებლად, მათი ნეგატიური ზემოქმედების შესარბილებლად.
– კონკრეტულად საქართველოზე როგორ აისახა კლიმატის ზოგადი ცვლილება?
– კლიმატური ცვლილებები, უპირველესად, საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის აგროსექტორს, ეს ეხება ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ქვეყანაში გახშირებულ სტიქიურ მოვლენებს: გვალვებს, თავსხმა წვიმებს, წყალმოვარდნებს, ღვარცოფებს, მეწყრებსა და ასე შემდეგ. მაგალითად, ბოლო 5 წელიწადში სამჯერ განმეორდა კატასტროფული გვალვა: 2010, 1012 და 2014, ანუ მიმდინარე წელს. ძლიერი გვალვები აღინიშნა აგრეთვე 2002 და 2006 წლებში. ამის გამო გარდაბნისა და დედოფლისწყაროს რაიონებში დაწყებულია გაუდაბნოების პროცესები. ყოველივე ეს ამძიმებს ისედაც კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ სოფლის მეურნეობას და მოითხოვს ახალი ეფექტიანი ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებას ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების სფეროში.
– რა არის ჩვენი ძირითადი პრობლემა, როგორც კლიმატური ცვლილების შედეგი?
– გვალვა, როგორც გავრცელებული ექსტრემალური მოვლენა მოითხოვს საფუძვლიან შესწავლას. როდესაც ქვეყნის ხელისუფლება და ადგილობრივი ორგანოები სათანადოდ არ აფასებენ გვალვის შედეგებს, გვალვით მოყენებული ზარალი ბევრად მეტია მოსამზადებელ ღონისძიებებზე გაწეულ ხარჯებზე, ხოლო სასურსათო უშიშროების სფეროში გამოწვეული შედეგები მძიმე ტვირთად აწვება მოსახლეობას. ამის თვალსაჩინო მაგალითია 2006, 2010 და 2012 წლის კატასტროფული გვალვები საქართველოში და მთლიანად სამხრეთ კავკასიაში, რისგან გამოწვეულმა ზარალმაც საქართველოში შეადგინა მთლიანი შიგა პროდუქტის 6-პროცენტამდე. მრავალწლიანი, ისტორიული მონაცემებით, საქართველოში ძლიერი, კატასტროფული გვალვები მეორდებოდა ყოველ ათ წელიწადში ერთხელ, უკანასკნელ ათ წელიწადში კი იგი განმეორდა 4-ჯერ, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ კლიმატური დათბობის მიმდინარე და მოსალოდნელ პირობებში გვალვების სიხშირე და სიმძაფრე, ალბათ, კიდევ უფრო მოიმატებს. ეს კიდევ უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის არა მარტო სოფლის მეურნეობას, არამედ – ჰიდროენერგეტიკას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ელექტროენერგიის 80 პროცენტს გამოიმუშავებს და, რაც მთავარია, ადამიანთა ჯანმრთელობას. მაგალითად, საქართველოში გასული საუკუნის 80-ანი წლების ბოლოს ფუნქციონირებდა 182 ჰიდროლოგიური სადგური, ხოლო 2000 წლისათვის დარჩა მხოლოდ 72, ახლა უფრო ნაკლებია, რამაც საგრნობლად გააუარესა წყლის მონიტორინგი. აგრარული პროფილის სამეცნიერო დაწესებულებების გაუქმებამ კი გააუარესა მეცნიერ-მუშაკთა მიერ გვალვის საწინააღმდეგო ეფექტიანი ღონისძიებების გატარება და ფერმერთა კონსულტირება.
– სარწყავი სისტემის მოწესრიგებით და თუ გავითალისწინებთ, რომ ჩვენ ბევრი არტეზიული წყლები გვაქვს, მათ შორის, კახეთშიც, გვალვასთან გამკლავება სავსებით რეალურია?
– რა თქმა უნდა. გვალვის დროს ნალექები მცირდება, ზედაპირული ჩამონადენიც, მაგრამ არის მიწისქვეშა წყლის რესურსი, რის გამოყენებაც უკეთესად შეიძლება და რასაც ვერ ვაკეთებთ სხვადასხვა მიზეზის გამო. მთავრობა არ იყო მომზადებული გვალვისთვის. ინფორმაციის დეფიციტის გამო მთავრობა მივიდა დასკვნამდე, რომ ძლიერმა გვალვამ მოიცვა მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველო, ამიტომ მხოლოდ მათ გაეწიათ დახმარება, ამ დროს კი დასავლეთ საქართველოშიც საკმაოდ მძიმე გვალვები და მოსავლის დანაკარგები იყო. მიუხედავად 2010, 2012 წლების კატასრტოფული გვალვებისა, 2014 წლის ზაფხული ჯერ არ დამთავრებულა, ამიტომ მონაცემი არ გვაქვს, ქვეყანაში არ შემუშავებულა გრძელვადიანი გვალვებისაგან გამოწვეული ზარალის შემცირებისა და თავიდან აცილების პროგრამა.
– ჩვენი სოფლის მეურნეობა ამჟამად არსებული მდგომარეობით ვერ უზრუნველყოფს სრულად ჩვენი მოსახლეობის გამოკვებას, თუმცა აქვს 8-10 მილიონი ადამიანის გამოკვების პოტენციალი. გვალვების ზემოქმედების შედეგად რამდენჯერ შემცირდა და შემცირდება მოსავლიანობა, თუ პრევენციული ღონისძიებები არ დაისახა?
– ამის პროგნოზირების მეთოდები არის შემუშავებული. თვითრეკლამასავით გამოდის, მაგრამ ქართველმა მეცნიერებმა შეიმუშავეს კატასტროფული გვალვების სეზონური პროგნოზირების მეთოდები. პროგნოზები შედგენილი იყო ყველა გვალვიანი წლისთვის, რომლებიც ჩამოვთვალე, მათ შორის, წლევანდელისთვისაც. შეიძლება, ჩვენი სისუსტის ბრალიცაა, მაგრამ ეს ინფორმაცია მთავრობას არ მიეწოდებოდა ოპერატიულად და არ ქვეყნდებოდა შესაბამისი რეაგირებისთვის. ამასთან, დამუშავებულია წამყვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების, უპირველესად, მარცვლეულის მოსავლიანობის პროგნოზები და შეიძლება მათი გამოყენება. იმედი ვიქონიოთ, რომ ახლო მომავალში ამას მიექცევა ყურადღება.
– და რას ამბობს პროგნოზი?
– მოსავლის პროგნოზი არ დგება, ეს უნდა შეადგინოს სამინისტრომ. თუმცა მეცნიერულად ეს საკითხი შესწავლილია, მხოლოდ უფრო მეტი გააქტიურებაა საჭირო მეტი შედეგის მისაღებად. ფაქტობრივი მონაცემებიც გვაქვს: თითქმის 2-3-ჯერ შემცირდა მარცვლეულის მოსავალი.
– რომელ კულტურებს შეეხო ყველაზე მეტად გვალვა თუ ყველას განურჩევლად?
– ძირითადად ეხება მარცვლეულ კულტურებს და ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს სათიბებისა და საძოვრების მხრივ, წელს კატასტროფული სიტუაციაა – არ ვიცი, როგორ გადაიტანს ამ ზამთარს ჩვენი საქონელი.
– ბალახი გახმა და იმიტომ?
– დიახ, გადამხმარია ბალახი და თივა ძალიან გაძვირდა. მთიანი რაიონებიდან შემოდის, სადაც ნალექები უფრო იყო, მაგრამ დაბლობებში გვალვამ გადაწვა მინდვრები.
– ხილსა და ბოსტნეულზე როგორ მოქმედებს გვალვა?
– ბოსტნეული საქართველოში, ძირითადად, სარწყავ მიწებზეა, ამიტომ შედარებით უკეთესი მდგომარეობაა: გარდაბნის, მარნეულის რაიონებში, ანუ ქვემო ქართლი, ძირითადად, მტკვრის წყლით ირწყვება. მეორე რაიონი ბოსტნეულის წარმოების თვალსაზრისით, არის იმერეთი – იქ გვალვები არის, მაგრამ არა ისეთი სიმძაფრით, როგორც აღმოსავლეთში, ამიტომ ასეთი კატასტროფული მდგომარეობა არ არის, თუმცა გარკვეული სიძნელეები იქაც იქმნება. რაც შეეხება ხილს: იქ, სადაც სარწყავ მიწებზეა ხილის ბაღები, მოსავალს არ შესტყობია გვალვა. ტელევიზიით ხშირად ჩივიან მევენახეები, რომ ვაზი ხმება, გულახდილად უნდა გითხრათ, რომ ეს ცოტა გადაჭარბებულია. ჩემი თავდაპირველი პროფესია არის მევენახეობა, ვაზს მძლავრი ფესვთა სისტემა აქვს, 2 და მეტ მეტრზე და ერთი ზაფხულის გვალვა ვერ გაახმობს, მაგრამ მოსავალზე, რა თქმა უნდა, მოქმედებს.
– გარდა გვალვისა, რა აუარესებს ჩვენი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხსა და მოსავლიანობას?
– გარდა გვალვისა, არის სტიქიური მოვლენა სეტყვა. როგორც წესი, გვალვიან წლებში, ანუ ცხელ ზაფხულებში ხშირდება სეტყვის შემთხვევები.
– გამოდის, რაც გვალვას გადაურჩება, იმას გაანადგურებს სეტყვა.
– დიახ. თუმცა არის საუბრები, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო აპირებს სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების შეძენას. თავის დროზე სეტყვის სამსახური ძალიან მაღალ დონეზე იდგა საქართველოში. ქართველ მეცნიერებს შემუშავებული ჰქონდათ შესაბამისი მეთოდები, იყო დანადგარებიც, რომლებიც, როგორც ვიცი, შემდეგ თავდაცვის სამინისტროს გადაეცა. მოიშალა შემდეგ ეს ყველაფერი, მაგრამ ახლა თითქოს დაიძრა ეს საქმე, რაც აუცილებელია. აღმოსავლეთ საქართველოში და, განსაკუთრებით, კახეთში სეტყვა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სტიქიური მოვლენაა გვალვის შემდეგ.
– ზამთარი უფრო ცივი გახდა კლიმატური ცვლილებების გამო, ესეც ხომ ახდენს გავლენას მოსავალზე?
– თითქოს პარადოქსულია, მაგრამ გლობალური დათბობის კვალობაზე, ყინვები ძლიერდება და ამ ყინვებისგან მოსავლის დაცვაა საჭირო. ეს საკმაოდ სერიოზული საკითხია. ერთი რამ შეიმიძლია ვთქვა, მაქვს დამუშავებული ზამთრის ყინვების გრძელვადიანი პროგნოზი. შევადგინე გასულ შემოდგომაზე და აგრეთვე, ორი წლით ადრეც. შემიძლია ოქტომბრის ბოლოს ვთქვა, იქნება თუ არა მოსალოდნელი ზამთარი მკაცრი. ამ საკითხსაც უნდა მიეხედოს, რადგან არსებობს ძლიერი ყინვებისგან დაცვის მეთოდებიც.
– თქვით, რომ საქართველოში მარცვლეულის მოსავალი 2-3-ჯერ შემცირდა კლიმატური ცვლილებების გამო, მსოფლიოში როგორი ტენდენციაა?
– იგივე ტენდენციაა აბსოლუტურად.