სანქციებით მოარშიყენი
არ გინდოდათ რძე და ყველი, ანუ კალმახი და ორაგული?!
მართალია, რფ-მ აშშ-ის, ევროკავშირის, კანადის, ნორვეგიისა და ავსტრალიის მიერ დაწესებულ სანქციებს თავისი დაუპირისპირა და საკუთარ ტერიტორიაზე ზემოჩამოთვლილ ქვეყნებში წარმოებული პროდუქციის შეტანა აკრძალა, თუმცა ერთი გადახვევით – ის წარმოებები, რომლებიც ემბარგოგამოცხადებულ ქვეყნებს რფ-ში აქვთ გახსნილი, კვლავ წარმატებით განაგრძობენ საქმიანობას (ანუ, როგორც ჩანს, პრ. პუტინი ემბარგოთი ტექნოლოგიური ინვესტიციების მიზიდვას გეგმავს).
თუმცა, სავარაუდოდ, რაკი აღმოჩნდა, რომ საკუთარი და მოკავშირეების რესურსებით თავს, მაინცდამაინც ძღომამდე ვერ გამოიკვებავენ, გასულ კვირას შევიტყვეთ, რომ რფ-ის ხელისუფლებამ სანქციების სიიდან რამდენიმე საკვები პროდუქტი ამოიღო –
სახელდობრ: აქამომდე დაწესებული ემბარგო გაუქმდა ულაქტოზო რძეზე, ორაგულზე, კალმახზე, სათესლე კარტოფილზე, ჰიბრიდულ სიმინდზე, ხახვსა და ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებზე. ეს სასურსათო უკანდახევა კი თავისი ხელმოწერით პრ.-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა დაამოწმა.
უფრო მეტიც, იმასაც უბნობენ, რომ დაემბარგოებულთა მიერ წარმოებულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას რფ-ში ბელორუსისა და ყაზახეთის გავლით შეიტანენ. თუმცა, როგორც რუსეთის მთავრობის წევრები შენიშნავენ, ბელორუსსა და ყაზახეთში რუსეთში გასაგზავნ პროდუქციას გადაამუშავებენ; ასევე, პრ.-მინისტრმა მედვედევმა ვიცე-პრემიერ დვორკოვიჩს პროდუქტების ფასების მატებისგან დავის გაკონტროლებაც დაავალა.
ზედაც, ამ უკანასკნელმა ისიც შენიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ბელორუსი და ყაზახეთი ფრიად იხეირებენ, ხოლო, რაკი ვის, თუ არა ჩვენ, მოგვეხსენება, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისთვის სხვათა, თუნდაც, მოკავშირეების ბედნიერებაზე ზრუნვა უცხოა („ჯერ თავო და თავოო“), აშკარაა, ყაზახეთი და ბელორუსი პარტნიორისგან რაღაც ფარცაკს უნდა ელოდონ!