ვენესუელური ნოუ-ჰაუ
„ძმა ძმისთვისაო, სანქციების დღისთვისაო“
მართალია, რფ-ის ტერიტორიაზე ორაგულის, კალმახისა და თვით სათესლე კარტოფილის ბედი გარკვეულია, მაგრამ, რაკი სუსტი რგოლები კვლავაც რჩება შიდა სასურსათო ბაზრის მომარაგებაში, მათ დახმარების ხელი პაკისტანმაც გაუწოდა.
ეს უკანასკნელი მზადაა, რომ სრულად ჩაანაცვლოს ავსტრალია რფ-ისთვის ცხვრის ხორცის მიწოდებაში („ძმა ძმისთვისაო, შავი დღისთვისაო“). ამის შესახებ ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე განაცხადა პაკისტანის ელჩმა რფ-ში „როსსელხოზნადზორის“ ხელმძღვანელთან შეხვედრისას! –
დიპლომატი ირწმუნება, რომ პაკისტანს იმაზე მეტი ცხვრის ხორცის მიწოდებაც კი ძალუძს, რაც ავსტრალიას აქამომდე შეჰქონდა! ასე, მაგალითად, 2013 წლის განმავლობაში ავსტრალიას დიდ რუსეთში სულ რაღაც 26,7 მილიონი აშშ დოლარის შეუტანია. უფრო მეტიც, პაკისტანი მზადაა, რძისა და თევზეულის შემოტანასაც მოჰკიდოს მეგობრული ხელი და ციტრუსისა და კარტოფილის მოწოდებაც კი გაზარდონ!
ჩვენ არ ვიცით, დააპურებს თუ არა მეგობართა მცდელობები ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, თუმცა ის კი უკვე ცნობილია, რომ რფ-ისა და ჩვენებური სეპარატისტების მეგობარი ვენესუელის პირველკაცმა ნიკოლას მადურომ უკვე გამოსცა ბრძანება ვენესუელის სასურსათო მაღაზიებში თითის ანაბეჭდების სკანერების სისტემის შესაქმნელად, რის წყალობითაც, მომავალი წლიდან ვენესუელელებს სურსათის შეძენა მხოლოდ თითის ანაბეჭდების დატოვების შემდეგ შეეძლებათ (ამ მეთოდით ვენესუელის ხელისუფლება კორუფციის, კონტრაბანდისა და პროდუქციის დეფიციტის დამარცხებას ცდილობს).
ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩამოთვლილი სამივე მანკიერება არც რფ-სთვისაა უცხო ხილი, ვფიქრობ, მოკაშვირე-თანამოაზრე ვენესუელა მათ ამ გამოცდილების გაზიარებას არ დაამადლის.