ჯიბესავსე ანცები
ანუ ფუნტი სტერლინგებია ჩემი გამხარებელი
საპრეზიდენტო კოსტიუმებით გამოწვეული სიხარულნარევი აღშფოთება ვერ მოგვენელებინა (სიხარულნარევი, ვინაიდან, ტყემლით, ანუ ქიშმირით მაინც სულ სხვაა; აღშფოთება კი, რადგან, რაკი ჩვენი ფულითაა ნაყიდი, განა ჩვენ ვერ გავიბრწყინებდით ჩაკოსტუმებულები რომელიმე კოსმეტიკურ პროცედურაზე?!), როცა გავარკვიეთ, რომ 14 ივლისს ნახელისუფლარ და პარლამენტის ნათავმჯდომარალ ბ-ნ ბაქრაძესა და მის „ჰერმესის“ სამეთვალყურეო საბჭოში დასაქმებულ მეუღლეს ერთ-ერთ ბრიტანულ ბანკში ანგარიში დაუხურავთ, ეს ფაქტი კი იმ ანგარიშზე დარიცხული თანხის ოდენობის გამო მოხვდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.
ან კი როგორ არ მოხვდებოდა, როდესაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმარავლესობას 261 757 გირვანქა სტერლინგი არათუ რეალში, სიზმარშიც არ უნახავს. –
თუმცა ძაღლის თავის ძიებას არა იმდენად თანხის ოდენობაში (როგორც მოგვიანებით განმარტა ბ-ნმა ბაქრაძემ, თანხა სიმამრმა მაჩუქაო), არამედ – კანონში შეუდგნენ. კერძოდ, ამ ჩვენი მოქმედი კანონმდებლობით, მოხელე და პოლიტიკოსი ვალდებულია, წარადგინოს ქონებრივი და ფინანსური დეკლარაციები ბოლო თეთრამდე, ანუ პირნათლად გაასაჯაროოს ყველა თავისი ქონება, უძრავ-მოძრავი და შემოსავალ-გასავალიც, თავის ნაღდ ფულიან-საბანკო ანგარიშებიანად.
ხოლო, რაკი ზემომოტანილი ფაქტი ბ-ნ ბაქრაძეს თავის დეკლარაციაში არ აუსახავს, ამ ფაქტს ჩვენი მშობლიური არასამთავრობო სექტორიც გამოეხმაურა და ასეთ შემთხვევებში კანონის მოთხოვნები გაიხსენა. სახელდობრ, ამის ჩამდენს (აი, იმ ჩინოვნიკს, რომელიც დამალავს, რომ „ვალუტაა მისი გამხარებელი“), ეკისრება ჯარიმა ან საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა 20-დან 200 საათამდე და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. თუმცა, მაგალითად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იქვე დასძენს, რომ გამოსაკვლევია, როგორ გახდა ეს კონფიდენციალური ინფორმაცია საჯარო და სამართალდამცველებს გამსაჯაროებლის გამოვლენა-დასჯისკენ მოუწოდებს (ანუ არც მწვადს წვავს და არც – შამფურს?!).
თუ გავითვალისწინებთ, რომ ბ-ნი ბაქრაძე არ უნდა იყოს (არც არის) არც პირველი და არც უკანასკნელი პატიოსანი გვამი, ვინც გულდაგულ მალავს რეალურ ქონებასა და შემოსავლებს, შესაძლოა (თუ ხელისუფლება მტკიცედ მოჰკიდებს ხელს ასეთ ანცთა გამოვლენას), საზოგადოებრივად სასარგებლო სამუშაო აღარ დაგვრჩეს ჩვენი ჩინოვნიკ-რჩეულების ფართო და სავსე ჯიბეების გადამკიდე. –