როგორ გახდა „მოკლული“ „მკვლელი“ ფილმ „დათა თუთაშხიას“ გადაღებისას
„დათა თუთაშხიას“ ვიღებდით გუდაუთის რაიონში. ქართველ კინომაყურებლებს კარგად ემახსოვრებათ ის ეპიზოდი, ზვამბა რომ კლავს თოდუას და მის ფულებს ითვისებს.
ზვამბას როლს მე ვასრულებდი, თოდუას – ზესტაფონის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი, გვარად შავგულიძე.
სცენარის მიხედვით, ვკლავ ამ კაცს და მერე წამოსწრებული დათა თუთაშხია მაიძულებს, ცხედარი მდინარის ნაპირიდან ამოვათრიო გზაზე.
საერთოდ, უარყოფითი პერსონაჟების როლების შემსრულებლები ხშირად ვარდებიან უხერხულ მდგომარეობაში და ასე მოხდა ამჯერადაც.
მთავარი ის იყო, რომ შავგულიძე მაშინ 130 კილოგრამს იწონიდა, მე – 70-75-ს. როგორი წამოსაკიდებელია?
წამოვიკიდე ამოდენა დევი ამ ჩია კაცმა (ჩემი ცოდვა მიეცეს ჩვენს რეჟისორს) და მოვათრევ 40-50 მეტრის სიმაღლე აღმართზე – როგორია?
ვის ესმის ჩემი – როლია და უნდა შეასრულო.
დაიწყო ეპიზოდი.
– აიკიდე, ზვამბა ძაღლისშვილო! – მიბრძანა თუთაშხიამ.
– არ შემიძლია... მეშინია მე კვდრის, – ვპასუხობ.
– ტკაც! – გავარდა მაუზერი.
ხვნეშით წამოვიკიდე ცხედარი.
ცოდვას ვერ ვიტყვი, მიცვალებულიც მეხმარება, როგორც შეუძლია – აიმჩატა ტანი, მაგრამ, წონა წონაა...
საერთოდ, გადაღების დროს ყოველთვის იდგა სასწრაფო დახმარების მანქანა მედპერსონალით.
მივათრევ და ვფიქრობ: რა მოხდებოდა, მე ვყოფილიყავი „მკვდარი“ და გავჯგიმულიყავი შავგულიძის ზურგზე? მაგრამ, ბედი უნდა ყველაფერს, ძმაო!
დამასხა ოფლმა შუბლზე, მეკეცება მუხლები... არადა, კამერა მუშაობს (არაფერი „ბლეფი“ ამ სცენაში არ ყოფილა).
როგორც იქნა, ამოვაჯახირე ჩემი „ცხედარი“, დავასვენე მიწაზე და მივუწექი გვერდით გონდაკარგული.
– არიქა, მკვლელი გვიკვდებაო, – მეცა მედპერსონალი. შემასხეს „კაპლი“ ცხვირ-პირში, კინაღამ გამეჩხირა აბი ყელში... ხელოვნურად მკლავდნენ.
გიგა ლორთქიფანიძემ დუბლის გამეორება ითხოვა.
ძლივს მობრუნებულს, ისევ წამივიდა გული, მაგრამ, ვინ გაცლის?! გამიყარეს ანალგინის ნემსი ძვლებში (აბა, ხორცი სად მქონდა) და დამალევინეს რაღაც სტიმულატორი.
– მატოორრრ! – დაიჩხავლა მეგაფონმა.
ისევ დავიკავე საწყისი პოზიცია და ავიკიდე ჩემი „მკვლელი“, არადა, ჩემი „მოკლულია“.
ამოვაბორძიკე მუხლების კანკალით და ისევ წავიქეცი.
მადებენ ცივ ტილოებს მთელ ტანზე, ბუღი ამდის. ვარაუდით ვიხედები... კინოც მძულს და ამირეჯიბიც...
– ისევ დუბლი! – დაიძახა რეჟისორმა.
გავგიჟდი! მინდა ვიყვირო, მაგრამ, სადღაა ხმა?
მესამე დუბლსაც (რომელიც უკანასკნელი იყო და კინაღამ ჩემთვისაც უკანასკნელი გამოდგა) გავუძელი და დაწოლილმა ავწიე ხელები.
სიკვდილს, ნამდვილ სიკვდილს გადავურჩი.
კურიოზი ის იყო, რომ შეწუხებული შავგულიძე გამემასხრა:
– მრიცხველი რომ გქონდეს, კაი იქნებოდა.
– რატომ? – ვერ მივხვდი.
– კაცო, გავიგებდი მაინც, რამდენი დაწერა ჩემს ტარებაში და გადაგიხდიდი ფულსო.
ზესტაფონელი მაინც ზესტაფონელია.
მე კი მართლა კინაღამ შევეწირე ამ დიდებულ ფილმს, მაგრამ, ახლა ყველაფერს სიამოვნებით ვიხსენებ.
საქართველოს სახალხო არტისტ, რუსთაველის თეატრისა და კინოს მსახიობ ვიქტორ ნინიძის ნაამბობის