ცნობილ ადამიანთა ენამახვილური გამონათქვამები
გურიის ეპისკოპოსს მგალობლად წეროძე ხლებია. ისეთი ტრფიალი ყოფილა თავის გალობისა, რომ, საცა უნდა ყოფილიყო და რაზედაც უნდა ელაპარაკა, წეროძეს ენაზე სულ მოძახილი, მაღალი და დაბალი ბანი მოადგებოდა ხოლმე. ერთხელ ეს მგალობელი დაიბარეს სასამართლოში, საცა თავის დღეში არ ყოფილიყო. როცა რიგი ამაზეც მიდგა, მოსამართლემ ჰკითხა:
– შენ რას იტყვიო?
– თუ პირველს ხმას თქვენა ბრძანებთ, მე მოძახილს მოგახსენებთ, თუ არა და ბანს ვიტყვიო...
***
გოგი ბერიძემ რაღაც საქმე მოიგო მომრიგებელ მოსამართლესთან. მაგრამ როდესაც მოპასუხემ ხელმეორედ გარჩევა ითხოვა და საქმე ხელახლად დაინიშნა, ბერიძემ მოგებული საქმე წააგო.
– დედავ, ვერა გამიგია-რა! გუშინ მე მოვიგე... დღეს ამან მოიგო... „კონჩინა“ ყოფილა ეს თქვენი ახალი სუდი, – თქვა გულჩაწყვეტილმა გოგიმ.
***
ერთხელ აკაკის ახალგაზრდა კაცი ეწვია სხვიტორში. მგოსანი აივანზე იჯდა, წინ ქართული „დაბადება“ ჰქონდა გადაშლილი.
სტუმარი ათეისტად თვლიდა თავს. გაკადნიერებულმა დამცინავი ღიმილით გადახედა წიგნს:
– რად გინდათ, ბატონო აკაკი, მაგას რომ კითხულობთ, რა სარგებლობა უნდა მოგცეთ მაგ ზღაპარმა?
– ჰო, ჩემო შვილო, – უპასუხა აკაკიმ, – ვისაც სურს ქართული ენა ღრმად შეისწავლოს, ეს წიგნი უნდა იკითხოს ხშირად და ბეჯითად... თუმცა მარტო ეს არ არის საკმარისი, – დასძინა მან მცირე დუმილის შემდეგ, – ამ მიზნით ხალხშიც უნდა იაროს, დააკვირდეს ხალხის ენას, ჩასწვდეს მის ბუნებას.