ძველ საბერძნეთში მსხვერპლშეწირვით ცოდვებს ინანიებდნენ
მიუხედავად იმისა, რომ ძველი ბერძნები თავს ჰუმანურებად მიიჩნევდნენ და საკუთარ კულტურას ირგვლივ მყოფი ხალხის „ბარბაროსულ“ წეს-ჩვეულებებს უპირისპირებდნენ, ადამიანთა მსხვერპლშეწირვას სხვადასხვა სახითა და ფრიად მრავალგვარი საბაბით, მათი ხანგრძლივი ისტორიის უმეტეს ნაწილში დიდი ადგილი ეკავა. მაგრამ ისეთი მასობრივი ხოცვა-ჟლეტა, როგორსაც დაკრძალვებზე ეგვიპტელები და მესოპოტამიელები აწყობდნენ, მათთვის მართლაც უცხო იყო.
ეგვიპტელებისა და შუმერებისაგან განსხვავებით, ბერძნებმა თითქმის არ იცოდნენ მიცვალებულებისთვის ადამიანთა მსხვერპლად შეწირვა. მათი წარმოდგენა საიქიოზე არ ითვალისწინებდა იმას, რომ მიცვალებულს იმქვეყნად მსახურები დასჭირდებოდა. ერთადერთი, რაც აჩრდილებს სწყუროდათ, იყო ცხვრებისა და თხების სისხლი. ეს მათ მეხსიერებას უბრუნებდა და როგორც ჩანს, შესაძლებელს ხდიდა, ცოტა ხნით სიცოცხლის მსგავსი ყოფა შეეძინათ, თუნდაც უსხეულო.
ელინების წინაპართა მიერ ღმერთებისადმი ადამიანთა მსხვერპლშეწირვის ნაკვალევს შორეულ წარსულში მივყავართ. ასე მაგალითად, კორინთოში არქეოლოგებმა ადრეული ბრინჯაოს ეპოქის ჭა აღმოაჩინეს, რომელიც ოცზე მეტი ადამიანის ნეშტით იყო ამოვსებული. სპეციალისტებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ეს იყო ქთონიკურ ან მიწისქვეშა ღმერთებისადმი მსხვერპლშეწირვის შედეგი.
მითების მიხედვით, ადამიანთა პირველი მსხვერპლშეწირვები სრულდებოდა ზევსის მამა-კრონოსის პატივსაცემად. კრონოსი იმით იყო ცნობილი, რომ საკუთარ შვილებს ჭამდა, რომლებიც მას ქალღმერთ რეასგან შეეძინა. თუ ღმერთის ქმედებას გამართლება არ ჰქონდა, შესაძლებელი იყო მისი გაგება: ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ მას საკუთარი ვაჟიშვილი დაამხობდა. მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, ღვთაებრივი მამა ქალიშვილებსაც ყლაპავდა. მაგრამ, რადგან კრონოსის შვილები, როგორც ღმერთებისთვის იყო დაშვებული – უკვდავები იყვნენ, როცა მამა მათ ჭამდა, არ შეეძლო მათი განადგურება (მოგვიანებით, ყველანი ამოანთხია და დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ). კრონოსის მეუღლეს არ მოსწონდა ეს ტრადიცია და ერთხელ მორიგი ბავშვის მაგივრად, მეუღლეს გადასაყლაპად ჩვრებში გახვეული ქვა მისცა. ეს შვილი გახლდათ მომავალი უმაღლესი ღმერთი – ზევსი, რომელიც მან კუნძულ კრეტაზე დამალა გამოქვაბულში და ვიღაც „კურეტები“ იცავდნენ.
ამის შესახებ თუ ვინ არიან კურეტები, სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. მაგრამ, ვინც არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი – ადამიანები თუ ღვთაებები, იმაზე ყველა თანხმდება, რომ კრეტაზე ბინადრობდნენ კრონოსის მმართველობის დროს და სწორედ ისინი იცავდნენ ჩვილ ზევსს. მოგვიანებით, ამ სახელით მოიხსენიებდნენ ჭაბუკებს, რომლებიც ბერძნული მითების მიხედვით, ამ ადგილებიდან იყვნენ წარმოშობით, თავიდან დიქტეას გამოქვაბულში, სადაც რეამ შვა ღმრთაებრივი ჩვილი, შემდეგ კი, იდეის გამოქვაბულში, სადაც მან ჩვილი გადამალა, ეს ჭაბუკები სცენაზე გამოდიოდნენ მაყურებლის წინაშე. მაგრამ, თუ კურეტები მხოლოდ მფარველობის ფუნქციით იყვნენ დაკავებულნი და ჩვილი ზევსის ტირილს შუბებისა და ფარების ხმაურით, ტიმპანებისა და ფლეიტების ჰანგებითა და მხედრული ცეკვებით ახშობდნენ, მოგვიანებით, უკვე კურეტი ქურუმები, თავს დამნაშავედ მიიჩნევდნენ მათ მიერ მოტყუებული კრონოსის წინაშე და ცდილობდნენ, მსხვერპლშეწირვით გამოესყიდათ ეს ცოდვა. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე საუკუნის ისტორიკოსი – ისტრი გვამცნობს, რომ ძველად კურეტები კრონოსს ბავშვებს სწირავდნენ.
მართლაც, კრეტაზე არქეოლოგებმა ადამიანთა მსხვერპლშეწირვის ნაკვალევი აღმოაჩინეს, რომელიც ბრინჯაოს ეპოქაში ხდებოდა. კერძოდ, კრონოსის სასახლის ერთ-ერთ სათავსში, არქეოლოგმა უორენმა აღმოაჩინა ადამიანის ძვლები, რომლებიც კარგად შენახული 28 ჭურჭლის გვერდით ეწყო. ეს ნეშტები 10-15 წლის რამდენიმე მოზარდისა იყო. ფხეკის კვალი ძვლებზე რიტუალურ კაციჭამიობაზე მიანიშნებდა. ის ფაქტი კი, რომ ძვლები თერმულად არ იყო დამუშავებული, შესაძლოა, იმაზე მეტყველებდეს, რომ კრეტელები უმ ხორცს მიირთმევდნენ.
უნდა აღინიშნოს, რომ ბერძნული ღმერთების დამოკიდებულება ადამიანთა მსხვერპლშეწირვისადმი იყო ორმხრივი. ერთი მხრივ, ისინი ამას ითხოვდნენ და იღებდნენ, ხოლო მეორე მხრივ – კიცხავდნენ კიდეც ამას, თუ ადამიანები ასეთ მსხვერპლს საკუთარი ინიციატივით, ორაკულის ბრძანების გარეშე სწირავდნენ.
***
ჭაბუკ სპარტელებს ღირსებად ეთვლებოდათ, თუ ხვნეშის გარეშე აიტანდნენ გვემას. ისინი ერთმანეთს გამძლეობაში ეჯიბრებოდნენ, თუ რომელი უფრო მეტ დარტყმას გაუძლებდა და ზოგიერთი სამსხვერპლოზე კვდებოდა კიდეც. თუმცა, ეს უკვე თავისი ნებით ჩადენილი ქმედება იყო – არტემიდა (ბერძნულ მითოლოგიაში: აპოლონის და, ცხოველებისა და ნადირობის შემდეგ კი ქალწულობისა და მშობიარობის მფარველი ქალღმერთი) არ ითხოვდა ვინმეს მოკვდინებას და მზად იყო სისხლით დაკმაყოფილებულიყო. ახალგაზრდებიც, „სიკვდილზე მიდიოდნენ“ არა ქალღმერთის საამებლად, არამედ სახელის მოსაპოვებლად, რასაც აღწევდნენ კიდეც.
პლუტარქე გვიამბობს:
„ბიჭებს სპარტაში არტემიდას სამსხვერპლოზე მთელი დღის განმავლობაში შოლტით ამათრახებდნენ და ისინი, არცთუ იშვიათად იღუპებოდნენ კიდეც დარტყმებისაგან. ბიჭები ამაყად და მხიარულად ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, რომელი უფრო დიდხანს და ღირსეულად გაუძლებდა გვემას. გამარჯვებულს ადიდებდნენ და ის ცნობილი ხდებოდა. ამ შეჯიბრებას „დიამასტიგოსისს“ უწოდებდნენ და ის ყოველწლიურად ტარდებოდა.
ადამიანთა მსხვერპლშეწირვას არტემიდასადმი სპარტელთა მეზობლები, პელეპონესის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ პატრის მცხოვრებნიც აწყობდნენ. მაგრამ, მათთან ეს პრაქტიკა მთლიანად შეწყდა ტროას ომის შემდეგ. პავსანია (ძველი ბერძენი მწერალი – მეორე საუკუნე) წერდა: როდესაც ამ ადგილებში იონიელები დასახლდნენ, მათ არტემიდას პატივის მისაგებად ტაძარი ააგეს და ყოველწლიური დღესასწაული დააწესეს ღამისთევით. ქურუმის მოვალეობა უნდა შეესრულებინა ქალიშვილს (ქალწულს) მანამ, სანამ არ გათხოვდებოდა – თვით არტემიდაც ხომ ქალწული ქალღმერთი იყო.