კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საოცრება ააშენეს ქართველებმა და რატომ დაანგრიეს ის რუსმა ჯარისკაცებმა

ერთიანი საქართველოს მეფე ბაგრატ მეოთხე ტახტზე ავიდა 1027 წელს, როცა ჯერ 10 წლისაც არ იყო. ამ დროს მის მამას, გიორგი პირველს გააფთრებული ომი ჰქონდა ბიზანტიასთან სამხრეთ საქართველოს მიწების გამო. ეს ბრძოლა გააგრძელა ბაგრატმა. ბიზანტიას სურდა, ქართული და სომხური მიწების ოკუპაცია და ანექსია, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, მაგრამ ბაგრატიონები მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ ბიზანტიის იმპერატორებს და ტოლს არ უდებდნენ, მეტიც, მათზე აღმატებულადაც მიაჩნდათ თავი.

 

ბიზანტიელებს მიემხრო მოღალატე არისტოკრატიის ნაწილი, ასევე ეპისკოპოსი იოანე ბანელი. მაგრამ, მოღალატეების გარდა, ერთგულებიც ბევრი ჰყავდა მცირეწლოვან მეფეს და სამშობლოს. ტბეთის ეპისკოპოსი საბა და ანჩის ეპისკოპოსი ეზრა სათავეში ჩაუდგნენ წინააღმდეგობის მოძრაობას და ქართველებმა მტერი შეაჩერეს. ბასილი ბულგართმმუსვრელის ეჭვიანმა და თავის ძმასავით თვალების დათხრის მოყვარულმა  კონსტანტინე მერვემ  ვერ შეძლო ტაო-კლარჯეთის დაკავება. 

1028 წელს მოკვდა კონსტანტინე მერვე. ბიზანტიის კეისრების ტახტზე ავიდა კონსტანტინეს სიძე, რომანოზ მესამე, რომელსაც თანამმართველად ჰყავდა ცოლი, კონსტანტინე კეისრის ასული ზოია.

ბიზანტია ცდილობდა, გაეუქმებინა სომხური და ქართული სამეფოები და თავის სახელმწიფოსთვის შეეერთებინა მათი ტერიტორიები (სომხური სამეფოების გააუქმება ბიზანტიელებმა შეძლეს, მას შემდეგ, 1918 წლამდე სომხებს სახელმწიფოებრიობა აღარ ჰქონდათ; ბაგრატიონებისა და ქართველი ხალხის სახელმწიფოებრიობამ გაუძლო ბიზანტიის შემოტევას, განსხვავებით სომხებისგან).

ქართველების თავდადებული ბრძოლის გამო, ბიზანტიამ უკან დაიხია. ბაგრატის დედამ, დედოფალმა მარიამმა ზავი ჩამოაგდო ბიზანტიასა და საქართველოს შორის და ბერძენი პრინცესა – რომანოზ კეისრის ძმის, ბასილის შვილი, პრინცესა ელენე მოუყვანა ბაგრატ მეფეს ცოლად.

1030 წელს ერთიანი საქართველოს მეფე ბაგრატ მეოთხემ იქორწნინა ბიზანტიის იმპერატორის რომანოზ მესამის ძმის შვილზე, ელენეზე. 

ქორწილი გადაიხადეს ბანაში...

ისტორიული საქართველოს სამხრეთში, ჭოროხის ხეობაში, მდინარე ბანას მარჯვენა სანაპიროზე დღესაც ჩანს ქართველთა დიდების მაცნე – ბანას ტაძრის ნანგრევი, ძველი სტრატეგიული ქალაქისა და დიდი კულტურის უსიტყვო მოწმე.

სუმბატ დავითის ძის მიხედვით, ბანას ტაძარი ეპისკოპოს კვირიკე ბანელს აუშენებია, ადარნასე მეორეს ბრძანებით. კვირიკე ბანას პირველი ეპისკოპოსი გახდა. სხვა ვარაუდით, ბანა მეშვიდე საუკუნის ნაგებობაა. „ადარნასე ალბათ, ტაძრის ხელმეორედ მაშენებელი იყო,“ – ვარაუდობს გიორგი ჩუბინაშვილი. ეს ვარაუდი უფრო სწორი უნდა იყოს.

888 წელს ადარნასე მეორე ბაგრატიონმა თავი ქართველთა მეფედ გამოაცხადა. მანამდე, ტაო–კლარჯეთის მმართველი ბაგრატიონები იწოდებოდნენ ხელმწიფეებად, ზოგ წყაროში – მეფეებად, მაგრამ ტიტული „ქართველთა მეფე“, სწორედ ადარნასემ მიიღო იმ წელს. „ეს იყო არა მარტო ერთმეფობაზე პრეტენზია, არამედ ბაგრატიონთა სახლის სუვერენობისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაცია,“ – წერდა ამ ფაქტზე ისტორიკოსი ალექსანდრე ბენდიანიშვილი.

 ამ დროისთვის ბაგრატიონები ძალიან მომძლავრებულნი იყვნენ სამხრეთ საქართველოში.

 ბანა (ბანაკი) საკმაოდ დიდი ქალაქი გახლდათ. ის ოლთის-ტაოს და მთელს გარშემო ტერიტორიების სტრატეგიული ცენტრი იყო. ძირძველი ქართული მოსახლეობა, რომელიც არაბების შემოსევების შედეგად შემცირებულიყო, ისევ მომრავლდა (გაჩნდა სომხური ახალშენებიც აქა-იქ). ბანას ტაძრის გარშემო იდგა მეფის, მღვდელმთავრისა და სხვა დიდებულების სასახლეები, სხვადასხვა სიმაგრე-საფორტიფიკაციო ნაგებობები, ვაჭრების, უბრალო ადამიანების სახლები.

აქვე იყო ბაზრები, სასტუმროები.  

ბანას ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთით, კლდეებში შემორჩენილი ყოფილა ქვაბულები, ჩაშენებული კედლებით. ერთ-ერთში პატარა დარბაზული ეკლესიაა. 

ბანას ტაძრის გარშემო დიდი მინდვრებია, წელიწადის ყოველ დროში სხვადასხვაგვარად აფერადებული. მინდვრებს მთები აკრავს, მთებიც ფერად-ფერადია. მთებს მთაგრეხილები, ქედები შემორტყმია გარს. შორს დაინახავ არსიანის, მესხეთის ქედებს, მცირე კავკასიონს. აქედან მთელი სამხრეთის პერსპექტივა იშლებოდა ბაგრატიონებისთვის – ძველი ქართული მიწები ბასიანისა, სპერისა, უფრო დასავლეთით ლაზეთ-ქალდეასი. თუმცა, ტაოც ქალდეას მიწაა, მისი ნაწილია.

ამ ტერიტორიებზე ჩაისახა პირველი ქართული სახელმწიფოებრიობა დიაოხისა. მანამდე ამ მიწაზე ლითონის წარმოების წინაპრები სახლობდნენ. აქედან ისწავლა კაცობრიობამ რკინის დამუშავება, აქედან დაიწყო რკინის ცივილიზაცია (არ იგულისხმება კაცობრიობის არსებობის დაყოფა ოქროს თუ რკინის პერიოდებად).

ბაგრატიონებმა ააშენეს (თუ აღადგინეს და განამშვენეს) მონუმენტური, მართლმადიდებლური ტაძარი ბანა, რომელიც დიდი სატახტო ქალაქის მშვენებად იქცა. ის სამსართულიანი შენობა იყო, შიგნიდან ერთიანი. მისი სიმაღლე 32 მეტრი უნდა ყოფილიყო (დაახლოებით თანამედროვე 10-11-სართულიანი კორპუსის სიმაღლე). მრგვალი, ოვალური, ტეტრაქონქი (ასეთი ტაძრები მეშვიდე საუკუნის მერე აღარ შენდებოდაო, ამბობდა გიორგი ჩუბინიშვილი), ცილინდრული გუმბათის ყელით... გარშემოწირულობა 40 მეტრზე მეტი...

როგორც ჩანს, ბანას ტაძარი უდიდეს შთაბეჭდილებას ტოვებდა, როგორც გარედან – შორიდანაც და ახლოდანაც, ისე შიგნიდან – სამივე სართულიდან, როგორც მონუმენტურობით, ისე გაფორმებით. შთაბეჭდილებას, ალბათ, ამძაფრებდა ქალაქის ციხე-კოშკები და სასახლეები.

ყველა სტუმარი, რომელიც სავაჭროდ თუ დიპლომატიური მიზნით, ჩამოვიდოდა ბანაში, უდიდესი შთაბეჭდილებით წავიდოდა უკან და გაავრცელებდა ამბავს ქართველთა და ბაგრატიონთა დიდებულებისა და სიძლიერის შესახებ. ბაგრატიონები და ქართველები აცხადებდნენ, როგორც პოლიტიკური და მილიტარისტული ქმედებებით, ისე არქიტექტურითაც, რომ მათი სამეფო არც ერთ სახელმწიფოს არ ჩამოუვარდებოდა. ამ მიდამოებში და მთელ საქართველოში, მთელ მაშინდელ მსოფლიოში, გავრცელებული იყო ბაგრატიონების ქრისტესთან ნათესაობის თეორია. ასეთი იზოთეისტური, ღვთიურობის თეორია არც ერთ ქრისტიანულ დინასტიას არ ჰქონია მთელი ისტორიის განმავლობაში.

ბაგრატიონთა გავლენა ვრცელდებოდა. ბანას (ბანაკის, იქნებ დაბანაკების – სტრატეგიული  სახელწოდება) მნიშვნელობა სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო არტანუჯიც და რა თქმა უნდა, სხვა ციხე-ქალაქებიც. 

ბაგრატიონთა გავლენის ზრდას ამტკიცებს 1030 წლის სამეფო ქორწილი ბანაში. 

ქორწილის გადახდას ბანაში რამდენიმე მიზეზი ჰქონდა:

1. ბაგრატ მეფე და ქართველები ყველას უმტკიცებდნენ, რომ ქალაქი ბანა (ბანაკი) და მისი შემოგარენი ქართული სახელმწიფოს განუყოფელი ტერიტორიაა.

2. აქცენტი კეთდებოდა იმაზე, რომ ტაო საქართველომ შეინარჩუნა და ბიზანტიას (და სხვებს) ამას ხაზგასმით უმტკიცებდა.

3. მართალია, ბანა აღარ იყო ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი დედაქალაქი (მაშინ ქუთათისი გახლდათ გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი), მეფის ქორწილები კი, როგორც წესი, დედაქალაქებში ეწყობა ხოლმე, მეტი პომპეზურობისთვის. მაგრამ, ბანას არქიტექტურას სტუმრად მოწვეული ბერძენი დიდებულებისთვის უნდა ეჩვენებინა, რომ არქიტექტურული, სტრატეგიული თუ სხვა თვალსაზრისით, ჩვენი მეფის ერთ-ერთი რეზიდენცია (და არა დედაქალაქი), არ ჩამოუვარდებოდა კონსტანტინოპოლს.

მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში ბანა უნახავს გერმანელ მოგზაურს კარლ კოხს, რომელიც წერდა: 

„ეს უეჭველად ყველაზე მშვენიერი და დიდებული რამაა, რაც კი მსგავსი რამ მინახავს ოდესმე მთელ აღმოსავლეთში, თუ, რა თქმა უნდა, კონსტანტინოპოლს არ ჩავთვლით“. 

ბანას ტაძარში ჯვრისწერის ჩატარებას, მართლაც დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს ჩვენმა წინაპრებმა, რადგან თუ გავიხსენებთ, მაშინ უკვე აშენებული იყო ბაგრატის დიდებული ტაძარი ქუთათისში, ქვეყნის იმდროინდელ დედაქალაქში, ბაგრატ მეოთხის პაპის, ბაგრატ მესამის მიერ. ბაგრატ მესამემ 1003 წელს დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნა მისი კურთხევა.

ბანაში გამართული ბაგრატ მეოთხესა და ბიზანტიელი პრინცესა, ელენეს ქორწინება იმდენად დიდმნიშვნელოვანი იყო, რომ მისი მხატვრული აღწერა მალე მოხდა ოშკის დიდებული ტაძრის კედელზე, ფრესკაზე. ფრესკაზე დღესაც კარგად ჩანს ტაძრის გამოსახულება.

სამწუხაროდ, ბაგრატ მეოთხის პირველი ცოლი, დედოფალი ელენე ძალიან მალე გარდაიცვალა.

ბანას მნიშვნელობაზე მეტყველებს ალექსანდრე პირველი დიდის ვაჟის, ვახტანგ მეოთხის საქციელი. როცა მას გარდაეცვალა მეუღლე, სითი-ხათუნ ფანასკერტელი, დაკრძალა ბანაში. როგორც ჩანს, მეფეს ბანას ტაძარი თავის საძუალედ მიაჩნდა. 1446 წელს გარდაიცვალა თავად მეფეც და ის საყვარელი მეუღლის გვერდით დაკრძალეს.

ბანა ტაოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი იყო. ბანაში დამზადებული წიგნებიდან ჩვენამდე მოაღწია საბაწმინდის ტიპიკონმა, გადაწერილმა მეფის ასულ ქეთევანისთვის 1511 წელს.

როგორც ჩანს, მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში, როდესაც ის კარლ კოხმა მოინახულა, ბანას საკათედრო ტაძარი დანგრეული არ იყო.

1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დროს, ბანას გრანდიოზული ტაძარი, რომელიც იმ დროისთვის დანგეული არ იყო ოსმანურ იმპერიაში, თითქმის განადგურდა. ოსმანთა არმიამ რუსული ჯარის წინსვლის შესაჩერებლად, ბანაში ციხესიმაგრე მოაწყო. ბანას დიდი თაღები ამოაშენეს. იქვე, მოწყობილი იყო იარაღის საწყობიც.

როგორც გადმოგვცემენ, რუსულმა ჯარმა ზარბაზნის ჭურვები დაუშინა ქართველთა სათაყვანებელ ტაძარს. რუსებს იმ დროისთვის დიდი ხნის გაუქმებული ჰქონდათ ქართული ეკლესიის ავტოკეფალია. კარგა ხნის დაწყებული იყო ძარცვა ქართული ეკლესიებისა და ქართულ სიწმინდეს, ერთ-ერთ ქართულ ტაძარს რაღას დაგიდევდნენ რუსები?!

რამდენიმე ხნის ბრძოლის მერე, ოსმან-თურქებმა დატოვეს ბანას მიდამოები. ეს უაღრესად სტრატეგიული და ისტორიული ქართული მიწა, რუსეთის იმპერიის საზღვრებში მოექცა. მაგრამ, რუსეთს არ ადარდებდა ქართული სიწმიდე...

მერეც, გადმოცემის თანახმად, რუსები ბანას ისევე უშენდნენ ჭურვებს და ვარჯიშობდნენ, როგორც ნაპოლეონის ჯარები სფინქსს ესროდნენ, სროლაში დახელოვნების მიზნით.

დღეს დიდებული ტაძრის მხოლოდ და მხოლოდ ნანგრევებიღაა შემორჩენილი. ოსმალთა იმპერიაში გადარჩენილი ტაძარი რუსების ხელით დაინგრა. ბანას კვლევა დაუწყია ექვთიმე თაყაიშვილს, არქიტექტორ კლდიაშვილთან ერთად. უამრავმა მეცნიერმა აღწერა ბანა, დაწერა მასზე ან შეეცადა, მის სამეცნიერო რეკონსტრუქციას.

სადაც 1030 წელს, ქართველთა დიდებას ხედავდნენ ბერძენი დიდებულები, სადაც ქართველი მეფისა და მღვდელმთავრების საფლავებია, მხოლოდ ბანას პირველი სართულიღაა შემორჩენილი. გარშემო ქართველების ნამოსახლარებსა და საფლავებზე ახლა პურის ყანები და სათიბებია. 

სულ სხვა ხალხის ისმის ჟრიამული ახლა ბანაში. ტაძრის შორიახლოს  დასახლებაა, სახელწოდებით ფანაკი. სახლები, როგორც ჩანს, ტაძრიდან და სხვა ისტორიული ნაგებობებიდან წამოღებულ ქვებზე დგას. რაც დრო გადის უფრო და უფრო ინგრევა ტაძარი. 

ქართულმა სახელმწიფომ (და ეკლესიამ) ყველაფერი უნდა იღონონ, რომ ბანა დაკონსერვდეს მაინც და გაიწმინდოს (მერე იქნებ აღდგეს). საჭიროა, იქ ჩატარდეს არქეოლოგიური კვლევა.

ეს ხელს აძლევს თურქეთის სახელწიფოსაც და თურქ ხალხსაც – ტურიზმი მშვენიერ შემოსავალს იძლევა. გარდა ამისა, ვისაც უმოგზაურია და მოულოცია ტაო-კლარჯეთში, ყველა შეამჩნევდა, რა კეთილგანწყობილნი არიან თურქეთის მოქალაქენი ქართველებისადმი.  

скачать dle 11.3