კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მაფიის შვილობილი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N28-32(711) 

მაიორი ტახტიდან წამოდგა. სიგარეტი გააბოლა. ოთახში გაიარ-გამოიარა და გაიფიქრა: „დავუშვათ, პესკასელია ფანტომი. მან ყველაფერი იდეალურად დაგეგმა და ჩემი თავიდან მოშორება ვითომდა უბედური შემთხვევის მეშვეობით გადაწყვიტა, მე კი უბრალოდ, შემთხვევამ გადამარჩინა. მან სახლში შემიტყუა, დამათრო, თავი მთვრალად მომაჩვენა და თავადვე, ან სანდო პიროვნების მეშვეობით, სარკე დამიდო. ამ ყველაფერში პესკასელის პლუსი ის არის, რომ მან, ჯერ კიდევ ჩვენი გაცნობის დღეს, ანუ ათი დღის წინ მითხრა, სახლში უნდა დაგპატიჟოო. მაშინ კი, ნესტორისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოვადგენდი და არც ჩემი თავიდან მოშორება უნდა სდომოდა. მას ასეთი სურვილი პირველად ტარკილის გვამის აღმოჩენის შემდეგ უნდა გასჩენოდა. გუშინ კი, ეს უკვე მისთვის სასიცოცხლო რამ გახდა. მაგრამ, ოჯახში მიპატიჟება?.. მას რომ თუნდაც ტარკილის გვამის აღმოჩენის მერე დავეპატიჟებინე თავის ოჯახში, მეტი ეჭვის საფუძველი მექნებოდა, მას კი – მეტი დრო იმის მოსაფიქრებლად, თუ როგორ მოვეშორებინე თავიდან. თუმცა, გამორიცხული არც ის არის, რომ სარკის მეთოდი მას, ზოგადად, განსაკუთრებული შემთხვევისთვის ჰქონდა მომზადებული და წუხელ ჩემ წინააღმდეგ გამოიყენა. მაგრამ, მასე რომ არ იყოს და პატიოსან კაცს, თანაც ჩემს კოლეგას, ვწამებდე ცილს, მაშინ?.. რამე ეფექტური უნდა მოვიფიქრო ფანტომის გამოსააშკარავებლად. არც ჩემი ვარაუდების უყურადღებოდ დატოვება შეიძლება და არც მთელი ბრალდების აგება მხოლოდ ამ ვერსიაზე. თანაც, ამ ყველაფერს რუზგენ ჩოჩიანის გაქცევაც დაემატა და ღმერთმა უწყის, რა მოხდება“.

მერაბმა სიგარეტი ჩააქრო. კვლავ ტახტზე წამოწვა და თამარზე ფიქრში ჩაეძინა.

– მერაბ, შვილო, გაიღვიძე. ცხრა საათი სრულდება და შენი წასვლის დროა, – ჩაესმა ძილში მაიორს, თვალები გაახილა და მასპინძელს მოკრა თვალი, რომელიც ტახტთან იდგა.

– ჩამძინებია, ძია ასთამურ, – თქვა მაიორმა და წამოდგა.

– ივახშმე და წავიდეთ.

– არა, არა, ნამდვილად არ მშია, ძია ასთამურ.

– კარგი, შვილო მოწესრიგდი და წავიდეთ.

მერაბი და ასთამური რომ სახლიდან გავიდნენ, საღამოს ათი საათი იყო დაწყებული. სადგურზე, მატარებლის მოსვლამდე ნახევარი საათით ადრე მივიდნენ. ათი წუთი საუბარში გაატარეს. გოლიათმა მერაბს გაუღიმა და უთხრა:

– ჯერ მაინც ადრეა. რაღაც საქმე მაქვს. ცოტა ხნით გავალ და მალე დავბრუნდები.

ასთამური სადგურის შენობისკენ გაემართა. მერაბმა კი სიგარეტი გააბოლა და ამ დროს უკნიდან მოესმა:

– ისე მიემგზავრები, რომ ჩემთან გამომშვიდობება არც გიფიქრია?

მაიორი შეტრიალდა და თამარი შერჩა ხელში, რომელიც გაბუტული სახით უყურებდა მას.

– თამარ, შენ? – თქვა მერაბმა.

– ჩემი მოსვლა ხომ არ გეწყინა?

– რას ამბობ, თამარ! პირიქით.

– შენ გეგონა, გამეპარებოდი? – შემრიგებლურად თქვა თამარმა და მერაბს გაუღიმა, – რა მოხდა, ასე მოულოდნელად რატომ მიემგზავრები?

– მინისტრმა დამიბარა სასწრაფოდ.

– მოხდა რამე?

– არ ვიცი. არაფერი უთქვამთ.

– სამწუხაროა. ზეგ ჩემი დაბადების დღეა და ძალიან მინდოდა, მოსულიყავი.

– ვიცი და საგანგებოდაც მოვემზადე. მაგრამ...

– მაგრამ მიემგზავრები.

– მივემგზავრები, მაგრამ... – მერაბს გაეღიმა. ჯიბიდან პატარა ხვეული ამოაცურა. თამარს მისცა, – მაგრამ... ეს შენ, ჩემგან საჩუქრად.

– ეს რა არის?

– სახლში რომ მიხვალ, გახსენი და ნახავ.

– მადლობელი ვარ, – თქვა თამარმა და საჩუქარი ხელჩანთაში ჩადო.

მერაბმა აქეთ-იქით გაიხედა. შემდეგ თამარის მარცხენა ხელი, ხელისგულებში ნაზად მოიქცია და უთხრა:

– მე შენ მიყვარხარ, თამარ!

თამარი დიდი ხანი ელოდა ამ სიტყვებს და ძალიან ესიამოვნა. თუმცა, არაფერი უთქვამს,  მხოლოდ გაუღიმა მერაბს. მარცხენა ხელი ნაზად გამოაცურა მერაბის ხელის გულებიდან და ასთამურს გახედა, რომელიც დინჯად მოაბიჯებდა ლამაზი წყვილისკენ. ეჭვს არ იწვევდა, რომ სადგურზე ქალ-ვაჟის შეხვედრა გოლიათი მეტყევის მოწყობილი იყო.

– ძალიან შეგეჩვიე და სამწუხაროა, რომ მიემგზავრები. მაგრამ, რა გაეწყობა. იმედია, მალე დაბრუნდები. აბა, შენ იცი, მალე დაბრუნდი, – უთხრა ასთამურმა მერაბს, გადაეხვია და გვერდზე გაიწია, რომ თამარისთვის მიეცა დამშვიდობების საშუალება.

ქალ-ვაჟი ძალიან მოკრძალებულად დაემშვიდობა ერთმანეთს. თამარს მთელი არსებით უნდოდა ჩახუტებოდა მერაბს, მაგრამ ხალხის მოერიდა. მან ხელი გაუწოდა გამრეკელს და უთხრა:

– არ გემშვიდობები, მერაბ. მალე გელოდები.

მერაბი ჯერ ხელზე ეამბორა თამარს, შემდეგ მხრებზე დაადო ხელები, შუბლზე აკოცა და უთხრა:

– მალე ჩამოვალ. ნახვამდის!

– მატარებელი დაიძრა. მერაბი კიბეს შეახტა. მარჯვენა ხელი სახელურს ჩასჭიდა. მარცხენა კი ბაქანზე მდგომ თამარს და ასთამურს დაუქნია, ბოლოს კი ვაგონში შევიდა.

დილის რვა საათზე, მერაბი უკვე ტაქსიში იჯდა. თხუთმეტი წუთის შემდეგ კი დედას ესიყვარულებოდა.

– ჩამოხვედი, შვილო? დედა გენაცვალოს, როგორ გამახარე, ჩემო ვაჟკაცო. ახლავე გაჭმევ, – მიეფერა გახარებული დედა შვილს და სუფრის გაშლა დააპირა. მაგრამ მერაბმა არ დაანება.

– არ მშია, დედი. თან დროც არ მაქვს. გავრბივარ. შენ ფორმა გამიმზადე, მე კი შხაპს მივიღებ.

– სად გეჩქარება, შვილო.

– მინისტრთან ვარ დაბარებული.

– ხომ მშვიდობაა, მერაბ?

– ნუ ღელავ, დედი, მშვიდობაა, – მიუგო მაიორმა დედას და სააბაზანოში შევიდა.

დილის ათის ნახევარზე მილიციის მაიორის ფორმაში გამოწყობილმა მერაბ გამრეკელმა შინაგან საქმეთა მინისტრის კაბინეტის ზღურბლს გადააბიჯა და  გენერალს გამოეჯგიმა:

– ამხანაგო გენერალო! მაიორი მერაბ გამრეკელი თქვენი ბრძანებისამებრ გამოცხადდა.

– დილა მშვიდობისა, მერაბ. დაჯექი, – გენერალმა ხელი ჩამოართვა გამრეკელს და უთხრა:

– როგორ ხარ. ჭრილობა ხომ არ გაწუხებს?

– კარგად ვარ, ამხანაგო გენერალო და არც ჭრილობა მაწუხებს, – უპასუხა მერაბმა მინისტრს.

– ჩემმა აფხაზმა კოლეგამ ძალიან შეგაქო. მკვლელობის გამოძიებაში დახმარებიხარ და ისიც კი მთხოვა, ჩვენთან სამუშაოდ მოავლინეთო. რას იტყვი, იმუშავებ აფხაზეთში?

– მე ბრძანებას ვემორჩილები, ამხანაგო გენერალო და სადაც გამიშვებთ, იქ ვიმუშავებ.

– არა, ჩემო კარგო. შენ აქ უფრო საჭირო ხარ. მით უმეტეს ახლა, – უთხრა მინისტრმა მერაბს და ეშმაკურად გაეღიმა, – თუმცა, შენი ახალი თანამდებობიდან გამომდინარე, აფხაზეთშიც ხშირად მოგიწევს ჩასვლა. ისევე, როგორც საქართველოს სხვა რაიონებში.

– ბოდიშს გიხდით, ამხანაგო გენერალო, მაგრამ ვერ მივხვდი, რას გულისხმობთ.

– ახლავე აგიხსნი. ასე სასწრაფოდ იმიტომ გამოგიძახე გაგრიდან, რომ ახალი თანამდებობა ჩაგაბარო, – თქვა გენერალმა და პაუზა გააკეთა, – ცოტა შორიდან დავიწყებ. სამი დღის წინ, მოსკოვში ვიყავი და საკავშირო შინაგან საქმეთა სამინისტროს კოლეგიის სხდომას დავესწარი. მოხსენებით ჩვენი საკავშირო მინისტრი გამოვიდა და ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ მდგომარეობაზე ილაპარაკა. როგორც გაირკვა, საბჭოთა კავშირში, თურმე, მოიმატა სამი ან მეტი პირის მიერ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობამ. ჯგუფურმა, ანუ, როგორც ახლა მოდაშია, ორგანიზებულმა დანაშაულმა – ძირითადად, ყაჩაღობამ და ბანდიტიზმმა. ეს კი ქვეყნის საფუძვლებს არყევს და პირდაპირ კავშირშია იდეოლოგიასთან. აქედან გამოდის, რომ ჩვენ, სამართალდამცავი სტრუქტურები, ვერ ვახერხებთ პატიოსანი საბჭოთა მშრომელების დაცვას და ქვეყანაში ბოროტმოქმედები თარეშობენ. ასეთი რამის დაშვება კი, არავითარ შემთხვევაში, არ შეიძლება. ამიტომ, კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის უშუალო მითითებით, საკავშირო დონეზე გადაწყდა, შეიქმნას ახალი სტრუქტურა, რომელიც ეფექტურად შეებრძოლება ორგანიზებულ დანაშაულს. მას ასევე ერქმევა – „ორგანიზებულ დანაშაულთან მებრძოლი განყოფილება“. ასეთი განყოფილებები შეიქმნება ყველა საბჭოთა რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროში. კოორდინაციას კი მათ საკავშირო სამინისტროს ანალოგიური განყოფილება გაუწევს. ამ საქმეს პირადად საკავშირო მინისტრი კურირებს და ყოველმხრივ დახმარებასაც გვპირდება. აი, ეს განყოფილება უნდა ჩაგაბარო შენ. უფრო სწორად კი, შენ უნდა შექმნა საქართველოში ეს სტრუქტურა და ეფექტურად აამუშავო. ამისთვის ჩამოგიყვანე ასე სასწრაფოდ გაგრიდან და შენი პასუხი მაინტერესებს.

– კაბინეტური მუშაობის არანაირი გამოცდილება არ მაქვს და ჩემი სფერო ოპერატიულ-სამძებროს საქმიანობაა, – მიუგო მერაბმა მინისტრს. პაუზა გააკეთა და დაამატა, – შევძლებ კი ასეთი საპასუხისმგებლო საქმის გაძღოლას?

– ძალიან კარგადაც შესძლებ. ჭკუა არ გაკლია და გამოცდილება. თანაც, ყოველხმრივ დახმარებას გაგიწევ. ჩემი ღრმა რწმენით, შენზე უკეთ არავინ იცის, თუ როგორ უნდა ებრძოლო ბანდიტებს. ამ შენს ცოდნას ორგანიზებული ხასიათი უნდა მისცე და სხვებსაც ასწავლო. ერთი სიტყვით, ორკვირიან ვადას გაძლევ. ამ დროის განმავლობაში, შენი განყოფილების საშტატო-სტრუქტურული და ზოგადი სამუშაო გეგმა უნდა წარმომიდგინო. კონკრეტიკას კი, შეხვედრის დროს განვიხილავთ. გასაგებია?

– გასაგებია, ამხანაგო გენერალო.

– შეკითხვები ხომ არ გაქვს?

– ერთი შეკითხვა მაქვს. მაგრამ უშუალოდ ამ თემას არ ეხება.

– გისმენ, მკითხე.

– შინაგანი ციხიდან გაქცეულ რუზგენ ჩოჩიანზე ახალი ხომ არაფერია?

– ჯერჯერობით ახალი არაფერია. სამძებრო წუთით არ ჩერდება, მაგრამ ვერც იმ გასტონ მურღულიას მიაგნეს და ვერც რუზგენ ჩოჩიანს, – თქვა გენერალმა. პაუზა გააკეთა და დაამატა, – წარმოგიდგენია, რამხელა სირცხვილი ვჭამეთ? განსაკუთრებით საშიში ბოროტმოქმედი გაგვექცა, თანაც შინაგანი ციხიდან. ასეთი რამ, ადრე არასდროს მომხდარა და რაც უფრო მალე დავიჭერთ მას, მით უფრო სწრაფად ჩამოვირეცხავთ ამ სამარცხვინო ლაქას.

გამრეკელი უკვე წასვლას აპირებდა, მაგრამ კაბინეტში მინისტრის თანაშემწე შემოვიდა და მერაბი შეყოვნდა. თანაშემწემ გენერალს თხელი საქაღალდე დაუდო და უკან გაბრუნდა. მინისტრმა საქაღალდე გადაშალა, წაიკითხა და გაღიზიანებულმა თქვა:

– ჩოჩიანი არ გვეყოფოდა? ახლა მას ბუთბაც დაემატა.

– რას გულისხმობთ, ამხანაგო გენერალო? – მორიდებით ჰკითხა მერაბმა მინისტრს.

– აი, სპეცშეტყობინება მომივიდა მოსკოვიდან, – მინისტრმა საქაღალდეს დაადო ხელი, – აქ წერია, რომ გუშინ, მოსკოვის მახლობლად მდებარე მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიიდან გაიქცა განსაკუთრებით საშიში რეციდივისტი დაურ ვიქტორის ძე ბუთბა და გვაფრთხილებენ, შესაძლებელია, საქართველოში გამოჩნდესო და დახმარებას გვთხოვენ მის დაპატიმრებაში. ჩოჩიანის არ იყოს, ამ ბუთბას დაპატიმრებაშიც ხომ გაქვს მონაწილეობა მიღებული?

– დიახ. ის ჩვენ ოთხი წლის წინ ავიყვანეთ პლეხანოვზე, – მიუგო მერაბმა მინისტრს. მას კი გაეცინა და გამრეკელს უთხრა:

– რა გამოდის ახლა, შენ იჭერ ამ საშიშ დამნაშავეებს, ისინი კი ციხიდან გარბიან. მდა... ბუთბაღა გვაკლდა. კიდევ რამე შეკითხვა ხომ არ გაქვს ჩემთან?

– არა, ამხანაგო გენერალო, – მიუგო გამრეკელმა მინისტრს და ფეხზე წამოდგა. ფეხზე წამოდგა გენერალიც. მერაბს ხელი ჩამოართვა და უთხრა:

– მაშინ თავისუფალი ხარ. წარმატებებს გისურვებ. ორი კვირის მერე კი შენს დაწვრილებით პატაკს ველოდები. რომ გახვალ, ჩემი თანაშემწე გიჩვენებს შენს ახალ სამუშაო ოთახს. აბა, დროებით!

მერაბ გამრეკელისთვის აბსოლუტურად მოულოდნელი იყო მინისტრის შეთავაზება და ძველი სამუშაო ერჩივნა. მაგრამ, გენერლის ბრძანებას დაემორჩილა და ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებას შეუდგა. მან ჯერ თავში გაიაზრა ყველაფერი. შემდეგ ეს ნააზრევი ქაღალდზე გადაიტანა, დახვეწა, შესაბამისი ფორმა და შინაარსი მისცა და ამგვარად წარუდგინა მინისტრს.

დროთა განმავლობაში მერაბ გამრეკელის განყოფილება მოწინავე გახდა სამინისტროში და მძიმე დანაშაულთან ბრძოლის მძლავრ და ეფექტურ იარაღად გადაიქცა. აბა, რას წარმოიდგენდა მაშინ ოცდარვა წლის ახალგაზრდა მაიორი, რომ გენერლის წინასწარმეტყველება აბსოლუტურად ზუსტად აუხდებოდა.

ორი კვირის შემდეგ მერაბი შინაგან საქმეთა მინისტრს ეახლა და ახალი განყოფილების სტრუქტურისა და ფუნქციონერების დამუშავებული სქემა წარუდგინა. გენერალი დეტალურად გაეცნო მაიორის ნააზრევს და გამრეკელს უთხრა:

– რაც ამ ქაღალდზე წერია, მესამედს მაინც თუ შეასრულებ, ჩათვალე, რომ წარმატება გარანტირებული გაქვს. კარიერული წინსვლისთვის ყველა გზა გაგეხსნება და არცთუ ისე შორეულ მომავალში, ჩემს სავარძელს დაიკავებ.

მერაბს არაფერი უთქვამს. მხოლოდ გაეღიმა და თავისი ნააზრევის დეტალურ, ცოცხალ განხილვას შეუდგა. გენერალი თითქმის სამი საათის განმავლობაში უსმენდა მერაბს. ერთხელაც არ შეუწყვეტინებია მისთვის სიტყვა და ბოლოს უთხრა:

– სამუშაო ოთახები გაქვთ. შენი დანიშვნის ბრძანებას ბეჭდავენ და როგორც კი შემომივა, ხელს მოვაწერ. წადი ახლა, თანამშრომლები შეკრიბე და ყველაფერი გააცანი. ერთ კვირაში კი უკვე სრული დატვირთვით უნდა შეუდგე მუშაობას და ორ-სამ თვეში პირველ შედეგებს ველოდები.

კაბინეტში მინისტრის თანაშემწე შემოვიდა,  გენერალს თაბახის ფურცლებზე დაბეჭდილი, მერაბ გამრეკელის ახალ თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანება შემოუტანა და გავიდა. მინისტრმა მერაბს ბრძანება წაუკითხა. ხელი მოაწერა,  მაიორს მაგრად ჩამოართვა ხელი და უთხრა:

– გილოცავ, მერაბ! ამ წუთიდან შენ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების უფროსი ხარ და წარმატებებს გისურვებ მუშაობაში.

– გმადლობთ, ამხანაგო გენერალო! – მიუგო მერაბმა მინისტრს.

გენერალმა მაიორი ფანჯარასთან მიიყვანა. ეზოში გადაახედა.

– იმ ახალთახალ, შავი ფერის „გაზ-21, ვოლგას“ ხომ ხედავ?

– დიახ, ამხანაგო გენერალო.

– ჩვენმა მოსკოველმა ხელმძვანელობამ თავისი პირობა შეასრულა და ახალი სტრუქტურის მოწყობაში ყოველმხრივ გვეხმარება. ეს „ვოლგა“ დღეიდან შენს განკარგულებაშია. აი, გასაღები. შეგიძლია, ახლავე გამოსცადო. სხვა აღჭურვილობასაც მალე მიიღებ.

– გმადლობთ, ამხანაგო გენერალო, – გამრეკელმა მანქანის გასაღები გამოართვა მინისტრს და უთხრა:

– ამხანაგო გენერალო, სამი საათისთვის განყოფილების სრულ შემადგენლობას შევკრებ და ჩვენი მუშაობის შესახებ დაველაპარაკები. თან, ჩემს მოადგილეს, კოტე სოხაძეს წარვუდგენ. კოტე უკვე ყველაფრის საქმის კურსშია და ჩვენი განყოფილების შექმნაში მეხმარებოდა.

– ძალიან კარგი. მშვენიერი კანდიდატურაა. კოტე პატიოსანი, პროფესიონალი კადრია და არაერთი ჩახლართული საქმე აქვს გამოძიებული. ვიწონებ შენს არჩევანს.

– ამხანაგო გენერალო, თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს.

– გისმენ, მერაბ!

– მაქსიმუმ ერთი კვირა მჭირდება, რომ საქართველოს ყველა რაიონი დავიარო და ჩვენს ახალ განყოფილებასთან დაქვემდებარებული სტრუქტურები პირადად დავაკომპლექტო. თბილისში კოტეს დავტოვებ და რომ დავბრუნდები, უკვე სრული დატვირთვით ავმუშავდებით. ხვალიდან დავიწყებ.

– კი, ბატონო, გინდა, ერთ კვირაზე მეტი იყოს. „ვოლგა“ გყავს, უფლებამოსილება გაქვს და რა დროც სჭირდება ამ საქმეს, იმდენი დღით წადი. მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.

– არა, ერთი კვირა მეყოფა. თქვენგან კი ის მინდა, რომ ყველა რაიონის მილიციის უფროსს პირადად დაურეკოთ და უთხრათ, ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებაში ხელს ნუ შემიშლიან. გამორიცხული არაა, რომ სხვა განყოფილებებმა საუკეთესო კადრების მოცემაზე უარი თქვან და კონფლიქტი რომ არ წარმოიშვას, თქვენი ჩარევა ჯობია.

– კი, ბატონო. ახლავე დავუკავშირდები ყველა მილიციის უფროსს პირადად და გავაფრთხილებ, რომ ხელი არ შეგიშალონ. კიდევ რამე ხომ არ გჭირდება?

– არა. მეტი არაფერი. თუ თქვენ არ გჭირდებით, მაშინ წავალ.

– თავისუფალი ხარ. წარმატებებს გისურვებ და თუკი რამე დაგჭირდება, არ მოგერიდოს და მოდი.

– გმადლობთ, ამხანაგო გენერალო. ნახვამდის, – მერაბი შინაგან საქმეთა მინისტრის კაბინეტიდან გამოვიდა და თავისი ახალი სამუშაო ადგილისკენ გაემართა, რომელიც სამინისტროს შენობის მეოთხე სართულზე მდებარეობდა.

მაიორმა მერაბ გამრეკელმა ძალიან მალე და ეფექტურად აამოქმედა ახალი სტრუქტურა და პირველ წარმატებას ბევრად ადრე მიაღწია, ვიდრე ამას მინისტრი ელოდებოდა მისგან. სულ რაღაც თვე-ნახევარში, გამრეკელის ხელქვეითებმა საქართველოს ორ რაიონში ორი მსხვილი ბანდიტური დაჯგუფება გამოააშკარავეს და გაანეიტრალეს. რამდენიმე ოპერაცია დამამთავრებელ ეტაპზე იყო მიყვანილი და მათ დასრულებას დღე-დღეზე ვარაუდობდნენ. ასეთი წარმატება კი მაიორ გამრეკელის პირადმა ძალისხმევამ განაპირობა – იმან, რომ მან ახალ თანამდებობაზე დანიშვნის პირველივე საათებიდან, უშუალო, პირადი კონტაქტი დაამყარა აბსოლუტურად ყველა ხელქვეითთან და დაწვრილებით აუხსნა ახალი სტრუქტურის მუშაობის თითოეული ნიუანსი.

პირველ ოთხ დღეში მერაბმა თითქმის მთელი საქართველო შემოიარა და თავისი განყოფილების სტრუქტურები დაალაგა. ბოლოსთვის კი აფხაზეთი დაიტოვა და სამი დღე იქ გაატარა. მერაბმა ეს შეგნებულად გააკეთა, ერთი მხრივ, იმიტომ, რომ აფხაზეთში ყველაზე მეტი სამუშაო იყო და მეტ დროს მოითხოვდა. მეორე მხრივ კი, იმიტომ, რომ თამარი ენახა და მისთვის ცოლობა ეთხოვა.

სამეგრელოში რომ დაასრულა მუშაობა, მერაბმა გეზი სოხუმისკენ აიღო. აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრი უკვე ელოდა მერაბის ვიზიტს და სამინისტროს მისაღებში პირადად დახვდა. თავის კაბინეტში აიყვანა და უთხრა:

– გილოცავთ, მაიორო, ახალ თანამდებობას. დიდ და ძალიან საჭირო საქმეს მოჰკიდეთ ხელი და ჩვენ, ჩვენი მხრივ, ყველანაირ დახმარებას გაგიწევთ. ჯერ ერთი თვეც არ გასულა ჩვენი ბოლო შეხვედრიდან და უკვე ახალი, საპასუხისმგებლო მისიით გვეწვიეთ. მინისტრმა, ზოგადად, უკვე ჩამაყენა საქმის კურსში, მაგრამ ყველა ნიუანსს, ალბათ, თქვენგან მოვისმენ.

მერაბმა თავშეკავებულად მოისმინა მინისტრის სიტყვა და მიუგო:

– გმადლობთ, ამხანაგო გენერალო. თქვენი ნებართვით, ხვალ დილით თქვენდამი დაქვემდებარებული მილიციის ყველა უფროსს ერთად მინდა გავესაუბრო.

– კი, ბატონო. დილის ცხრა საათი გაწყობთ, – ჰკითხა მერაბს აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

– დიახ. კარგი დროა.

– ჩემს მდივანს ახლავე დავავალებ, რომ ყველა საჭირო პირს დაურეკოს და ხვალ, დილის ცხრა საათზე, სამინისტროში დაიბაროს. თქვენ კი დაღლილი იქნებით. ერთად ვისადილოთ. შემდეგ კი მოისვენეთ. „ინტურისტში“ თქვენთვის ნომერია დაჯავშნილი.

– გმადლობთ, ამხანაგო გენერალო. ბოდიშს გიხდით, მაგრამ გაგრაში მელოდებიან და ძალიან მეჩქარება. იქ ვრჩები ამაღამ, – მაიორი წამოდგა. მინისტრს ხელი ჩამოართვა, – დილის ცხრა საათზე გეახლებით. ნახვამდის.

მინისტრს არ ეპიტნავა გამრეკელის უარი, მაგრამ გაუღიმა და უთხრა:

– რა გაეწყობა. ნახვამდის, მაიორო. ხვალ დილით გელოდებით.

მერაბი ჩქარი ნაბიჯით გამოვიდა სამინისტროდან. „ვოლგაში“ ჩაჯდა და გაგრისკენ აიღო გეზი. მაიორს ერთი სული ჰქონდა, როდის ნახავდა ასთამურს და თამარს. სულ რაღაც სამი კვირის წინ დაშორდა მათ და ეს დრო საუკუნედ მოეჩვენა. იმ ადგილს რომ ჩაუარა, სადაც შუა გზაზე დადებული სარკე აღმოაჩინა, ფანტომი გაახსენდა. ფანტომმა კი პესკასელი გაახსენა და გაიფიქრა: „მიფრთხილდი, წარუმატებელო სასიძოვ! თუ მართლა შენ ხარ ფანტომი და ამდენი უბედურება შენს კისერზეა, ისეთ დღეში ჩაგაგდებ, სიკვდილი მოგენატრება“. მერაბს თავისივე ფიქრების შერცხვა და საკუთარ თავს უთხრა: „სირცხვილი შენ, მაიორო გამრეკელო. პესკასელზე ეჭვიანობ თამარის გამო? ან ახალი თანამდებობა ხომ არ აგივარდა თავში? დამშვიდდი და ღირსეულად მოიქეცი!“ მერაბს გაეცინა. სისწრაფე დააგდო და გზა განაგრძო.

სამი საათი სრულდებოდა, მერაბი რომ ასთამურის კარ-მიდამოს მიადგა. „ვოლგა“ ქუჩაში გააჩერა. ეზოში შევიდა და დაიძახა:

– ძია ასთამურ!

სახლის კარი სწრაფად გაიღო. ზღურბლზე გოლიათი მეტყევე გამოჩნდა და მერაბი რომ დაინახა, სახე გაებადრა. ეს რა ბედნიერი დღე გამითენდაო, – დაიძახა და შვილობილს შეეგება. სტუმარ-მასპინძელი ერთმანეთს გადაეხვია. ასთამურმა მხარზე ხელი მოხვია მერაბს, სახლში აიყვანა და უთხრა:

– ჯერ გულბათი მესტუმრა თავისი ცოლ-შვილით, ახლა კი – შენ. უბედნიერესი დღე გამითენდა ნამდვილად.

გულბათი და მერაბი ძმებივით გადაეხვივნენ ერთმანეთს. შემდეგ, მარგიანმა მერაბს თავისი მეუღლე, ლონდა გააცნო და უთხრა:

– ტყუპებსაც გაგაცნობ, როცა გაიღვიძებენ. დილიდან აქ ვართ და იმდენი იცელქეს, დაიღალნენ და ჩაეძინათ.

ლონდამ სუფრა განაახლა და ჭურჭელი გამოცვალა. ასთამურმა ღვინის დასხმა დააპირა, მაგრამ მერაბმა გააჩერა:

– მანქანით ვარ, ძია ასთამურ და ნასვამი ვერ მივუჯდები საჭეს.

– შენ რა, ამაღამ აქ არ რჩები? – ჰკითხა მასპინძელმა.

– დღესაც და ხვალაც. ღვინოც ღამით დავლიოთ, მაგრამ ბევრს ვერ დავლევ. ხვალ დილით სოხუმში უნდა ვიყო. ამ საღამოს კი, თამარს მინდა მივაკითხო სამსახურში, – უთხრა მერაბმა მასპინძელს.

– კარგი, შვილო, მასე იყოს, – თქვა ასთამურმა და ჯერ გულბათს ჩამოუსხა, რომელიც საკმაოდ შექეიფიანებული იყო, შემდეგ კი თავადაც შეივსო სასმისი. ჭიქა ასწია და თქვა:

– ჩემს მერაბს გაუმარჯოს! სიცოცხლე და ბედნიერება არ მოგაკლოს ღმერთმა, შვილო!

ასთამურმა დალია. გულბათმაც ადღეგრძელა მერაბი, ჭიქა გამოსცალა და მაიორს უთხრა:

– ასე მტერი დაგეცალოს, ჩემო მერაბ.

– შენთან ერთად, ჩემო გულბათ, – მიუგო მერაბმა და მხარზე ხელი მოუთათუნა გულბათს,  – ერთი თხოვნა მაქვს შენთან და ნუ მიწყენ.

– გისმენ, მერაბ. შენგან რა უნდა მეწყინოს.

მერაბმა ლონდას გახედა და თქვა:

– ლონდა ჩემი დაა, შენ კი – ძმა. ხვალ დილით ფორმაში უნდა იყო. რვაზე გამოგივლი და სოხუმში წავიდეთ. ამიტომ, მეტს ნუღარ დალევ და მომისმინე.

გულბათმა ჩამოსასხმელად გამზადებული ღვინის დოქი მაგიდაზე დადგა და მერაბს მიუგო:

– გისმენ, ძმაო. რით შემიძლია გემსახურო?

– ხვალ, დილის ცხრა საათზე სოხუმში, მინისტრის კაბინეტში თათბირს ვატარებ და შენც უნდა დაესწრო.

– თათბირს მინისტრთან? რა ხდება? – გაოცდა გულბათი.

– რა ხდება და, ხვალ შენ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების, გაგრის ქვედანაყოფის უფროსად დაინიშნები. ამიტომ, კარგ ფორმაში უნდა იყო და კარგად გამოიძინო, – გაუღიმა მერაბმა მარგიანს და თქვა:

– ჩვენს სისტემაში ახალი სტრუქტურა შეიქმნა. საქართველოში ამ განყოფილებას მე ვუდგავარ სათავეში და ქვედანაყოფებს ვაყალიბებ. აფხაზეთიღა დამრჩა და ხვალ აქაც უნდა დავნიშნო ხალხი. გაგრას შენ გაუძღვები, – გააკეთა პაუზა გამრეკელმა – ახლა გვეყოფა ამაზე ლაპარაკი. დანარჩენს ხვალ დილით, მანქანაში აგიხსნი. სადილს რომ მორჩნენ, ლონდამ სუფრა აალაგა. ამასობაში ბუდუმ და სერგიმაც გაიღვიძეს და მერაბი კარგა ხანს ეთამაშა მათ. საღამოს შვიდ საათზე კი მერაბმა „ვოლგით“ წაიყვანა მარგიანების ოჯახი სახლში.

– ნახვამდის, ძია ასთამურ. აწი ხშირად მოვალთ თქვენთან, – უთხრა ლონდამ გოლიათს, გადაკოცნა და ბავშვები მანქანაში ჩასხა.

გულბათიც გამოემშვიდობა ნათლიას და „ვოლგაში“, წინა სავარძელზე მოკალათდა. მერაბი კი გოლიათს მხარზე მიეფერა და სანამ წავიდოდა, უთხრა:

– არ მოიწყინო, ძია ასთამურ, შუაღამეს არ გადავაცილებ.

მერაბმა რომ მარგიანები სახლში მიიყვანა, „ვოლგა“ შემოატრიალა და გაგრის მთავარი საავადმყოფოსკენ აიღო გეზი.

– მერაბ! ჩემო ძვირფასო, როგორ ხარ? – წამოიძახა მაიორის დანახვით გახარებულმა თამარმა და გადაეხვია.

– ძალიან მომენატრე, თამარ. ერთი სული მქონდა, როდის გნახავდი, – გაუღიმა მერაბმა საყვარელ ქალს და შუბლზე მიეფერა.

სანამ თამარი ცვლას აბარებდა, მერაბმა მთავარი ექიმი და საავადმყოფოს სხვა, ნაცნობი მედპერსონალი მოინახულა.

– როგორ ხარ, გმირო, ჭრილობა ხომ არ გაწუხებს? – ჰკითხა მერაბს მთავარმა ექიმმა.

– არა, ექიმო, გამოვჯანმრთელდი და ჭრილობაც შემიხორცდა, – უპასუხა მერაბმა.

– აბა, ერთი წელსზემოთ გაშიშვლდი, უნდა გაგსინჯო, – უთხრა მერაბს მთავარმა ექიმმა.

მერაბმა პერანგი გაიხადა და ექიმმა რომ გასინჯა, უთხრა:

– კარგად შეხორცებულა. ქორწილამდე კი სტამბოლის კაჟივით იქნები. ქორწილი არ გამომაპარო, იცოდე!

 – უკვე დაპატიჟებული ხართ, ექიმო.

– დიდი ხნით ჩამოხვედი?

– ზეგ დილით უნდა გავემგზავრო.

– კეთილი, – თქვა მთავარმა ექიმმა. მერაბი დერეფნამდე გააცილა და მაიორის მომლოდინე თამარს მიუბრუნდა:

– შეგიძლია, ხვალ სამსახურში არ მოხვიდე. ცვლაში კლარა გამოვა. შენ კი დაისვენე, თამარ.

– გმადლობთ, ექიმო. ნახვამდის, – გაუღიმა თამარმა მთავარ ექიმს და მერაბთან ერთად საავადმყოფოდან გამოვიდა.

– კოლონადას კაფეში ხომ არ წავიდეთ? – შესთავაზა თამარმა მერაბს.

– სადაც შენ იტყვი, – დაეთანხმა მერაბი და ქუჩის კუთხეში მდგომი „ვოლგისკენ“ გაემართა.

– გზა დაგავიწყდა, მერაბ? – გაეცინა თამარს.

მერაბმა მანქანის კარი გაუღო თამარს და უთხრა:

– გთხოვთ, დაბრძანდეთ. მანქანით მივდივართ.

– „ვოლგა“ იყიდე? – ჰკითხა თამარმა მერაბს, როდესაც წინა სავარძელზე მოკალათდა.

– სამსახურში გამომიყვეს.

– გამოგიყვეს? ესე იგი, გემსახურება?

– მემსახურება, – გაუღიმა მერაბმა თამარს და მანქანა ადგილიდან დაძრა, – მაგრამ მძღოლზე უარი ვთქვი და თვითონ ვმართავ. ასე მირჩევნია.

– შენ რა, დაგაწინაურეს?

– დამაწინაურეს.

– კარგი რა, მერაბ, ნუ მაწვალებ. მითხარი, სად დაგაწინაურეს?

– საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ დანაშაულთან მებრძოლი განყოფილების უფროსი, მილიციის მაიორი მერაბ გამრეკელი თქვენს განკარგულებაშია, ქალბატონო თამარ, – ნახევრად ხუმრობით, საზეიმოდ განაცხადა მერაბმა და გაეცინა.

– ეგ რას ნიშნავს. რა განყოფილებაა?

– რას ნიშნავს და ისეთი ბოროტმოქმედები უნდა დავიჭიროთ და ვამხილოთ, რომლებიც ჩვეულებრივ ქურდზე, ყაჩაღსა და ბანდიტზე უფრო საშიშნი და ძნელად მოსახელთებელნი არიან.

– ალბათ, ძალიან საშიშია, ხომ?

– მილიციელობა საშიში პროფესიაა, – გაუღიმა მერაბმა თამარს, – მილიციელის ცოლობა კი – მოსაბეზრებელი და უფრო მეტად საშიში. ქმარს უნდა ელოდო, ღამეები ათიო, – გაიმეორა მერაბმა თამარის სიტყვები, რომელიც მან გაგრის მთავარ ქუჩაზე სეირნობისას უთხრა მაიორს და ისევ გააგრძელა, – ერთ მშვენიერ დღეს კი, ეს ქმარი სულაც, შეიძლება, ვიღაც ბოროტმოქმედმა მოგიკლას...

– ღმერთმა დაგიფაროს, მერაბ! – წამოიძახა თამარმა და მაიორს შეშინებული მზერა ესროლა.

მერაბს გაეცინა თამარის რეაქციაზე. „ვოლგის“ სვლა შეანელა და თამარს უთხრა:

– აი, მოვედით. წამოდი, გადავიდეთ.

– არ მინდა კაფეში. მოდი, სოჩაში გავისეირნოთ მანქანით.

 – დედა გააფთრხილე?

– გავაფრთხილე.

მერაბმა საათს დახედა და თამარს უთხრა:

– ცხრის ნახევარია. სამ საათში უნდა ჩავეტიოთ. ძია ასთამურს შევპირდი, შუა ღამეს არ გადავაცილებ-მეთქი. ხვალ დილის ცხრა საათზე კი სოხუმში თათბირი უნდა ჩავატარო.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3