ვეტერინარის რჩევები
კითხვა: რა გართულებას იწვევს ზაფხულის სიცხე ძაღლის ორგანიზმში?
პასუხი: ზაფხულში ხშირია კონიუქტივიტები, რაც განპირობებულია მტვრის მოხვედრით თვალის ლორწოვან გარსზე. ძაღლს ამ დროს თვალი დახუჭული აქვს, აღენიშნება ცრემლდენა და ქუთუთოების შესიება. ზაფხულში ასევე, ყურადღება უნდა მიექცეს ჭრილობების მოვლას იქნება ეს ოპერაციული თუ შემთხვევითი. სიცხეში ადვილად ვითარდება ჭრილობის ინფექციები. ასევე, საშიშია პარაზიტული ბუზები, რომლებიც ჭრილობაში დებენ კვერცხებს.
კითხვა: სახლში ორი ლეკვი მყავს – ძუ და ხვადი, და-ძმანი. მართალია, ჯერ 2 თვისაც არ არიან, მაგრამ მაინტერესებს, ცხოველებში შესაძლებელია თუ არა დედ-მამიშვილების შეჯვარება, თუ სტერილიზაცია უნდა გაუკეთდეს ხვადს? ეს იმიტომ მაინტერესებს, რომ მათ გაჩუქებას არ ვაპირებ და მინდა, აგარაკზე ორივე ძაღლი მყავდეს.
პასუხი: საკმაოდ საინტერესო და აქტუალური შეკითხვაა, რომელსაც ბევრი რატომღაც ყურადღებას არ აქცევს და ჰგონიათ, მათი შეჯვარება ჩვეულებრივი მომენტია. სქესობრივი მომწიფების შემდეგ, არაკასტრირებული ცხოველები აუცილებლად შეჯვარდებიან, თუნდაც ერთი და იმავე წყვილის შთამომავლები იყვნენ. ამ შემთხვევაში, თავს რამდენიმე პრობლემა იჩენს. მაგალითად, არასასურველი ლეკვები, ასევე, ახლო ნათესავთა შეჯვარების შედეგად, დიდია მემკვიდრეობითი დაავადებების გამომჟღავნების ალბათობა. ასე რომ, თუ სახლში ორივე ცხოველის დატოვებას აპირებთ, 6 თვის ასაკამდე აუცილებელია, იზრუნოთ მის სტერილიზაციაზე.
კითხვა: მაინტერესებს, სტაფი ადამიანისთვის უსაფრთხო ჯიშია თუ მაინც საშიშია, როგორც ამას ხშირად ამბობენ?
პასუხი: რა თქმა უნდა, საშიშია თუ ადამიანზე გაიწია. თუმცა, როგორც წესი, სტაფი უმიზეზოდ არ უნდა ესხმოდეს თავს. თუ გაწვრთნიან და დაცვას შეაჩვევენ, მაშინ უკვე დიდი სიფრთხილეა საჭირო. თუ ვინმე მისი პატარა ზომით მოტყუვდება, ძალიან შეცდება. მათ სისხლში აქვთ საქმის ბოლომდე მიყვანა. სეირნობა უყვარს, და ამიტომ, თუ ენერგია არ დაახარჯვინეთ, მაშინ სახლში აუცილებლად დაგხვდებათ რაიმე ნივთი გაფუჭებული. მოზღვავებულ ენერგიას ის ნამდვილად იქ დახარჯავს, სადაც არ არის საჭირო.
კითხვა: ძაღლი გვინდა და არჩევანი პეკინესის ჯიშზე შევაჩერეთ. რადგან სახლში ბავშვი გვყავს, მაინტერესებს ბავშვებისთვის საშიშია მისი ოჯახში ყოლა?
პასუხი: პეკინესი ოჯახისთვის საშიში ძაღლი არ არის. ის ძალიან ერთგული და მოსიყვარულეა. როგორიც პატრონს უნდა ისეთი ხდება. თუ გინდათ გეთამაშებათ, ხოლო თუ შეგატყოთ, რომ დაიღალეთ იმწუთშივე ხვდება და მოგერიდებათ. არიან ძაღლები, რომლებიც ძალიან ენერგიულები არიან და პატრონიც ასეთივე სპორტული უნდათ. პეკინესი კი ზედმეტად შემაწუხებელი არ არის. ბავშვთან თუ შეზრდილია და ოჯახში ისე არ არის გაფოფინებული, როგორც დედისერთა შვილები, ვერავის რომ ვერ იტანენ ირგვლივ, არ ეჭვიანობს. პეკინესს თუ სწორად გაზრდით, ის შეიძლება, ბავშვისთვის მშვენიერი ძიძაც გამოდგეს და სიკვდილამდე დაიცვას. ბავშვს რომ ვინმე მიეკაროს, ან თავად უთხრათ რამე უხეშად, შეიძლება, შემოგიღრინოთ კიდეც.