ფლორის სამყაროში
კითხვა: ბინაში მაქვს პლუმბაგო, რომელიც ძალიან სწრაფად გაიზარდა და ფორმა დაკარგა, ხომ არ დაზიანდება მცენარე, კარკასზე რომ შემოვახვიო?
პასუხი: ეს მცენარე ნამდვილად სწრაფად მზარდია და ოთახში დიდი სივრცე სჭირდება, რათა თავი ვიწროდ არ იგრძნოს. მავთულის კარკასზე ან ბადეზე მიმაგრებით პლუმბაგოს სასურველ ფორმას მიაღებინებთ. მას ყვავილები მხოლოდ პირველი წლის ტოტებზე ამოსდის, ამიტომ, გაზაფხულზე გასხალით და კარკასზე მხოლოდ გახევებული ტოტები დაუტოვეთ, რათა ახალი საყვავილე ღეროები განუვითარდეს.
კითხვა: გამძლე მცენარეა თუ არა იზოლეპისი?
პასუხი: ძლიერი, კომპაქტური იზოლეპისის გაზრდას კაშკაშა სინათლე სჭირდება. მცენარე სიგრილეში უკეთ გრძნობს თავს, ვიდრე სიცხეში. დადგით ჰაერიან ადგილას და მოარიდეთ სიცხეს. კარგია მინიმალისტური ინტერიერი. თუ ამ პირობებს გაითვალისწინებთ, იზოლეპისი გამძლე გახდება.
კითხვა: როგორი პირობები უნდა შევუქმნა პელარგონიუმს, რათა კარგად გაიხაროს?
პასუხი: მთელი წლის განმავლობაში ამ მცენარისთვის აუცილებელია კარგი განათება. ზაფხულობით მცენარე შუადღის მზეს მოარიდეთ. დროდადრო სიმშრალეს იტანს, მაგრამ ზაფხულობით ეცადეთ, ტენი არ მოაკლოთ. ნათელ და თბილ ბინაში ზამთრობითაც გააგრძელეთ მორწყვა. გაზაფხულზე კი გადარგეთ. იდეალურია ოთახის ტემპერატურა. თუ ზამთრობით სინათლე მოაკლდა, სიგრილეში გადადგით, თორემ ფორმას დაკარგავს.
კითხვა: ბინაში მაქვს რეო, რომლის ფოთლებსაც წვეროები გაუხმა. რისი ბრალია და როგორ გამოვაჯანმრთელო მცენარე?
პასუხი: ამ მცენარეს აუცილებლად სჭირდება ტენი. ალბათ, ტენის ნაკლებობის გამო გაუხმა წვეროები. რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, რეოს მით მეტი ტენი სჭირდება, მაგრამ, გაითვალისწინეთ, რომ წყალი ზედმეტი არ მოგივიდეთ, თორემ, ამის გამო შეიძლება, ფესვები და ღერო დაულპეს. ტენის მოსამატებლად შეგიძლიათ დადგათ სხვა მცენარეებთან ერთად ან სველკენჭებიან ლანგარზე. გაზაფხულზე და ზაფხულში, ზრდის დროს, რეგულარულად მორწყეთ.
კითხვა: როგორი პირობები მოსწონს ჰოვეას?
პასუხი: ამ მცენარეს უყვარს სინათლე, თუმცა, ნაკლებად ნათელ გარემოსაც აიტანს. ზამთრობით ფანჯარასთან დადგით. ამ დროს მინიმალური ტემპერატურა 13-14 გრადუსი უნდა იყოს. საერთოდ, მოსწონს ოთახის ტემპერატურა, 18-24 გრადუსი. ჰოვეას სინათლე, წყალი და ცოტაოდენი ყურადღება სჭირდება. ფოთლები სველი ნაჭრით ან ღრუბლით გაუწმინდეთ. დადგით სამხრეთის ფანჯარასთან, სასტუმრო ოთახში.
კითხვა: პრეტენზიული მცენარეა თუ არა ასპიდისტრა?
პასუხი: ასპიდისტრა ჭირვეული მცენარე არ არის, მას მინიმალური მოვლაც აკმაყოფილებს. ჩრდილს იტანს, მაგრამ, სინათლეში უკეთ იზრდება, ოღონდ, მზის გულზე ნუ დადგამთ. იტანს ნულს ზემოთ ტემპერატურას, თუმცა ოთახში 18-24 გრადუსი ურჩევნია. მიწა ნესტიანი უნდა ჰქონდეს, ამიტომ, ზაფხულში, აქტიური ზრდის პერიოდში, რეგულარულად მორწყეთ. თუ მორწყვა ზედმეტი მოუვიდა, ფოთლებზე ყავისფერი ლაქები გაუჩნდება.
კითხვა: როგორ სინათლეზე და ტემპერატურაზე ვამყოფო ბილბერგია?
პასუხი: ბილბერგია დადგით ისეთ ადგილას, რომ დღეში რამდენიმე საათის განმავლობაში მზის შუქი ხვდებოდეს. იტანს 4 გრადუსსაც, თუმცა, სულ რომ იყვავილოს, ოთახის ტემპერატურა 18-24 გრადუსი უნდა იყოს. მცენარისთვის ყველაზე სასურველი ადგილია ნათელი სასტუმრო ოთახი.