რა იწვევს ავტომობილის ძრავას ხმაურს
ავტომობილის ძრავადან მომდინარე ხმაური ყველაზე ცუდის მომასწავებელია. თუმცა, არის ხმაური, რომლის შესახებაც თითქოს ყველა მძღოლმა და ხელოსანმა ყველაფერი იცის, მაგრამ, როგორც გაირკვა, „კლაპანების“ წკრიალი ძრავას სარქველების ხმა სულაც არ ყოფილა.
მევლუდ მელაძე: ამ ბოლო დროს ნავთობკომპანიები გააქტიურდნენ საწვავის ხარისხის ამაღლებასთან დაკავშირებით. შემოვიდა ისეთი საწვავი, რომელიც ძრავასაც უვლის, თან ეკონომიურია, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ შედარებით ძვირი ღირს. ბაზარზე გაჩნდა „ჯი ფორსი,” „ეკო,” „ნანო” და სხვა ტიპის ახალი საწვავი. ზოგიერთი უკვე გაიტესტა, ზოგიერთიც ამჟამად გადის ტესტირებას პროფესიონალი მრბოლელებისა და საავტომობილო ფედერაციის ექსპერტების მიერ. ამიტომ, ამაზე მოგვიანებით ვრცლად ვისაუბრებთ. სტაჟიანია მძღოლი თუ არა, ყველამ იცის, რომ ცუდი ხარისხის საწვავის ჩასხმის შემდეგ, გაზის მიცემის ან აღმართზე ასვლისას, ძრავას სექტორიდან წკარუნის ხმა ისმის, თან, ერთხელ კი არა, მიჯრით. მიზეზიც თითქოს ყველა მძღოლმა იცის – ცუდი ბენზინი ჩაასხა და „კლაპანების“ ხმაა. სინამდვილეში ეს სარქველების, ანუ „კლაპანების“ ბრალია, საიდანაც ჰაერი შედის და რომლის გაღება-დაკეტვის შემთხვევაში, გამონაბოლქვის გამოდევნა ხდება, ანუ დაუკეტაობის ბრალი სულაც არ არის.
– არის ისეთი ავტომობილებიც, დაბალი ხარისხის ბენზინი რომ სჭირდება?
– დიახ. მაგალითად, ამერიკული მოდელები დაბალ ოქტანობაზე მუშაობენ, მაგრამ, თუ იქაც კი, 92-ოქტანობის საწვავზე ნაკლებს ჩაასხამ, იმასაც აუცილებლად ექნება წკრიალის ხმა. მილიონი რაღაც ხდება საწვავის მოცულობის გასაზრდელად: მასში ურევენ ნავთს ან სხვა მინარევებს, რაც, მართალია, იწვის, მაგრამ ბენზინს ოქტანობას აკლებს. თუ ავტომობილის მოფრთხილება გვინდა, ასეთ ქიმიურ ექსპერიმენტებს თავი უნდა დავანებოთ და დავუბრუნდეთ მთავარს – იმ ფაქტს, რომ ხმა სულაც არ მოდის „კლაპანებიდან“. ვთქვათ, მართლა სარქველების ხმაა. დაფიქრდით, როგორ შეიძლება, სარქვლის მოძრაობა შეჩერდეს და შემდეგ ხმაურით დაიკეტოს – მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება წკრიალი. ასეთი რამ, თუ ოდნავ მაინც ერკვევით ავტომობილის მექანიკაში, მიხვდებით, რომ შეუძლებელია. მარტივად რომ აგიხსნათ, ასეთი რაღაც ხდება: მოჭიმული ზამბარა ექაჩება სარქველს დასაკეტად. იმ მომენტში კი, როცა უნდა გაიღოს, სპეციალური მოწყობილობა ზამბარას აძალებს გარეთ გამოსვლას. თუ მართლა რამე გამოიწვევს სარქვლის შენელებას, ის ზამბარას უნდა მოერიოს, რათა ღია მდგომარეობაში დარჩეს. მაგრამ, „კლაპანსა“ და მიმწოლს შორის მანძილი რომ იყოს – ელემენტარული ღრიჭო, მისი დამჭერი ძალიან მარტივად ამოვარდება. ანუ, ეს მოწყობილობა წკრიალის დროსაც იდეალურად მუშაობს. რეალურად, ეს არის დეტონაციის ხმა, ანუ, რა ხდება: ძრავაში მოხვედრილი დაბალი ხარისხის ბენზინი სრულად დაწვას ვერ ახერხებს. როდესაც სანთლიდან მიიღებს ნაპერწკალს, ის ერთი აფეთქებით, სრულად ვერ იწვება და ზედ დარჩენილი საწვავის პატარ-პატარა დაჯგუფებები ერთმანეთის მიმდევრობით ფეთქდება, სალონში კი წკრიალის ხმა ისმის. დაახლოებით, რომ წარმოიდგინოთ, შედარებისთვის გეტყვით: ბომბი რომ ტყვიების საწყობში ჩავარდეს, რა მოხდება?! – ჯერ იქნება ერთი დიდი აფეთქება, მერე კი ტყვიები სულ სათითაოდ დასკდება, აფეთქდება. ზუსტად იგივე ხდება ავტომობილში. ერთმა დიდმა აფეთქებამ მოქმედებაში მოიყვანა დგუში, ხოლო დაუწვავი საწვავი მერე თანდათან ფეთქდება.
– ოქტანობა რა შუაშია?
– სწორედ ამიტომ ვერ ახერხებს მთლიანად დაწვას, დაბალი ოქტანობის გამო. ავტომობილს, რომელიც დაბალოქტანიან საწვავზე მუშაობს, სპეციალური, დიდი წვის კამერა აქვს, რომ აალებამ მთელი საწვავი დაწვას. მაღალი ოქტანობის ავტომობილს კი, ამისთვის ძალიან პატარა სივრცე აქვს და ამის ხარჯზე ძალიან დიდი რაოდენობით ჰაერს ტენის – მაღალია შეკუმშულობა, რომ მაღალი წნევა მიიღოს და საწვავი მთლიანად დაიწვას.
– და დეტონაცია რაიმე პრობლემას იწვევს?
– რა თქმა უნდა. ერთჯერადად არა, მაგრამ რამდენიმე ხანში ის აუცილებლად გამოიწვევს ძრავას მუშაობის შეფერხებას, ეგრეთ წოდებული „პორშინის“ გაბზარვას.
– სარქველებს რაიმე ხმა აქვს?
– მხოლოდ მაშინ, თუ ზემოთ ნახსენები „კლაპანის“ დამწოლი მექანიზმის ღრიჭო (ხელოსნები „ზაზორს“ უწოდებენ) მეტი, ან ნაკლებია. ანდა, იმ შემთხვევაში, თუ – ის მექანიზმი, რომელიც „კლაპანს“ აწვება, გაცვდება. თანამედროვე ავტომობილებში ეს დაშორება უკვე ზეთის წნევით რეგულირდება, რასაც ჰიდროკომპენსატორები ჰქვია. თუ ეს მოწყობილობა მწყობრიდან გამოდის და ზეთი ვეღარ არეგულირებს ამ სისტემის მუშაობას, ამ შემთხვევაში, რჩება დიდი მანძილი და დარტყმას აკეთებს ისე, რომ სარქვლიდან ხმა ისმის. თუმცა, ეს „საყოველთაო წკრიალთან“ და ოქტანობასთან, არაფერ შუაშია.