ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: გთხოვთ განმიმარტოთ შესაძლებელია თუ არა სისხლის სამართლის პროცესში, წინასწარი გამოძიებისას მოხდეს გაცდენილი თუ გაშვებული ვადის აღდგენა?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ სასამართლო უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობით აღადგინოს საპატიო მიზეზით გაცდენილი ვადა, თუ ეს არ იწვევს ბრალდებულის უფლებებისა და გარანტიების არამართლზომიერ შეზღუდვას. გაცდენილი ვადის აღდგენის შუამდგომლობა სასამართლოში წერილობით უნდა იქნეს შეტანილი საპატიო მიზეზის აღმოფხვრიდან 1 კვირის განმავლობაში. სასამართლო ამ საკითხს იხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, 10 დღეში. ვადის საპატიო მიზეზით გაცდენის მტკიცების ტვირთი ეკისრება ვადის გამცდენ პირს. ამასთან სასამართლოს გადაწყვეტილება გაცდენილი ვადის აღდგენის შუამდგომლობის თაობაზე საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
კითხვა: გთხოვთ მაცნობოთ რას გულისხმობს სისხლის სამართალწარმოებაში საპროცესო ვადის დაცვა?
პასუხი: ვადის დაცვა გულისხმობს, რომ საჩივარი, შუამდგომლობა ან სხვა დოკუმენტი ვადის ამოწურვამდე უნდა ჩაბარდეს მის მიღებაზე უფლებამოსილ პირს. საჩივარი, შუამდგომლობა ან სხვა დოკუმენტი შეიძლება ნებისმიერი საშუალებით ჩაბარდეს მის მიღებაზე უფლებამოსილ პირს. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით ვადა, გარდა დაკავებისა და პატიმრობის ვადებისა, გაცდენილად არ ჩაითვლება, თუ ის გაცდენილია დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) გამო.
კითხვა: გთხოვთ განმიმარტოთ ეკისრებათ თუ არა ბრალდებულსა და მსჯავრდებულს საპროცესო ხარჯების ანაზღაურება და თუ ეკისრებათ რა სახის და რა ფარგლებში ანაზღაურებენ ისინი საპროცესო ხარჯებს?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ მსჯავრდებულს ეკისრება მისი ან მისი ადვოკატის მიერ დაზარალებულის, მოწმის, თარჯიმნისა და ექსპერტის მოწვევის, წარდგენილი ნივთიერი მტკიცებულების შენახვისა და გადაგზავნის, მისი ან/და მისი ადვოკატის შუამდგომლობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების, ბრალდების მხარისგან მიღებული ინფორმაციის ასლის გადაღების ხარჯების ანაზღაურება. სასამართლოს უფლება აქვს, გადახდისუუნარობის შემთხვევაში მსჯავრდებული მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს საპროცესო ხარჯების გადახდისაგან.
კითხვა: გთხოვთ მაცნობოთ, ბრალდებულის გარდაცვალების შემთხვევაში უკვე გაწეული და ბრალდებულისათვის გადასახდელი საპროცესო ხარჯების გადახდის ვალდებულება გადადის თუ არა ბრალდებულის მემკვიდრეებზე?
პასუხი: გაცნობებთ, რომ გარდაცვლილი ბრალდებულის ან მსჯავრდებულის მემკვიდრეები თავისუფლდებიან საპროცესო ხარჯების გადახდისაგან.