კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ეძიე კაცი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N31-32(711) 

– მაცადეთ, დავამთავრო სათქმელი, ნუ იცით ხოლმე სიტყვაში ჩახტომა, – გაბრაზდა რუსა.

– ჰო, მერე? – მართლა დაინტერესდა მია.

– მერე ის, რომ თან ჰყვება ცოლს: არაფერზე ხელს არ ანძრევინებს, ყველაფერში ეხმარება, სადილსაც კი თვითონ აკეთებს; თან, დილა-შუადღე-საღამოს სიყვარულს უხსნის, მაგრამ ამ სულელ გოგოს ახლა ამაზე დაეწყო „იზმენები“.

– რატომ? – გაუკვირდა ლიკას, – ასეთ ქმარზე არ ოცნებობდა?

– იმიტომ, რომ მთლად ნორმალური არ არის. იცით, რა მითხრა? ჩემი ქმარი ხან გერმანულად მიხსნის სიყვარულს, ხან ფრანგულად და ხან ინგლისურად, მე კი ქართულად სიყვარულის ახსნა მენატრებაო. ანუ, აშკარად პირველი ქმარი ენატრება და დღესაც ის უყვარს, ყველაფრის მიუხედავად.

– ქართულად, ანუ, ცხრასართულიანი გინების თანხლებით? – ირონია ვერ დაფარა სალომემ, – აი, ეს ვართ ქართველი ქალები, პატივისცემას ვერ ვირგებთ და, ამიტომაც, ყველაფერი ახია ჩვენზე.

– საერთოდ, როცა ქალი ან კაცი ქმრით ან ცოლით უკმაყოფილოა, ეყრება მას და სხვა პარტნიორს ეძებს – იმედი აქვს, რომ უკეთესს იპოვის; მისი აზრით, მას ყველაზე უარესი არგუნა განგებამ და, შესაბამისად, მას, ვინც ჰყავს, ყველა დანარჩენი სჯობია, მაგრამ, როცა მეორედ და მესამედ ცდის ბედს და ყოველ ახალ ჯერზე უარესი ვარიანტი შერჩება ხელში, ეწყება სინანული და ენატრება ის, ვისაც ერთ დროს თავქუდმოგლეჯილი გაექცა, – თქვა ლიკამ და მერე ჩუმად დაამატა: – ამას საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე გეუბნებით...

– მაგას მე „შეჩვეული ჭირის სინდრომს“ დავარქმევდი, – მიამ საათს დახედა და წამოდგა, – აღარ დავიშალოთ? ხვალ ძალიან ადრე ვარ ასადგომი.

– ჰო, დავიშალოთ, – თქვა ლიკამ და გოგოები წამოიშალნენ, – ისე, ძალიან აგრესიული საღამო კი გამოგვივიდა, მაგრამ, რა ვქნათ, ერთმანეთთანაც აღარ მოვიოხოთ გული?!

– ცოტა ბიჭების მერიდება, მართლა ზედმეტები მოგვივიდა, – თავით სამზარეულოსკენ ანიშნა სალომემ, სადაც თემო და ივიკო ისხდნენ.

– არა უშავს, გადაიტანენ როგორმე, – დააწყნარა მირანდამ, – უკვე აღარც კი ეხსომებათ.

– ჰოდა, ეს სულაც არ არის კარგი, – მრავალმნიშვნელოვნად თქვა ელისომ, – მათ მიმართ გამოთქმული კრიტიკული აზრები ასე მალე არ უნდა დაავიწყდეთ, თორემ, გამოსწორებასაც არ ეცდებიან.

– კარგი, ახლა, ისევ თავიდან არ დაიწყო! – გადაირია სალომე, – მაგათ კი არა, მე ამომივიდა ყელში ამ თემაზე ლაპარაკიც და სხვისი მოსმენაც. თანაც, სად გინახავს 35 წლის ასაკში გამოსწორებული კაცი!

– კი ბატონო, გავჩუმდები, მაგრამ, იმაში ხომ მაინც დამეთანხმები, რომ ეს მარადიული და ამოუწურავი თემაა?

– დიახ, როგორც ყველა დანარჩენი. ამიტომ, ჯობია, ბევრი რამ დაგრჩეს უთქმელი, ვიდრე ყველაფერი თქვა და მომავალი „სხოდკისთვის“ აღარაფერი შემოინახო, – ფილოსოფიურად დაასკვნა ნათიამ და კარი გააღო. 

ბიჭებთან დამშვიდობება არავის გახსენებია.

***

გოგოები რომ წავიდნენ, ქეთამ და მირანდამ სამზარეულოში მიაკითხეს ქმრებს და მობოდიშება იმით გამოხატეს, რომ მოეხვივნენ და შეაქეს:

– რაც არ უნდა თქვან, ჩვენისთანა ქმრები არავის ჰყავს.

– რა ვიცი, ლამის მიას გადააჭარბეთ კაცების ლანძღვა-გინებაში, – ნაწყენი ხმით უთხრა თემომ ქეთას, – ჩვენი დასაცავი და საქებარი ერთი სიტყვაც არ დაგცდენიათ.

– იცით, ბიჭებო, რაშია საქმე? – თქვა მირანდამ შემრიგებლური ტონით, – მთელი ჩვენი სადაქალოდან, პრაქტიკულად, მარტო ჩვენ ორს გაგვიმართლა ქმრებში და, როცა ამდენი ქალი მოთქმა-წუწუნით ემდურის ბედს, მით უფრო, რომ რეალური არგუმენტებიც აქვთ, ცოტა უხერხული იქნებოდა, მე და ქეთას თქვენით გვეტრაბახა, ეს უფრო ნიშნის მოგებას დაემსგავსებოდა და არ იქნებოდა ლამაზი.

– ჰო, მგონი, მართალი ხარ, – უთხრა კმაყოფილებისგან გაბადრულმა ივიკომ და წამოდგა, – წავიდეთ, და ეს ხალხიც დავასვენოთ, – მერე ცოლს შუბლზე აკოცა, ხელკავი გამოსდო და კარისკენ წაიყვანა.

– მართლა გაგიმართლათ, ხომ იცი; ასეთი ბიჭების ცოლობას ბარემაც ბევრი ქალი ინატრებდა, მაგრამ, არა, ბატონო, თქვენ ორნი გამოდექით ბედის რჩეულები, – გაეხუმრა თემო გოგოებს და სტუმრები კარამდე მიაცილა.

– ახლა, ძალიანაც ნუ აგივარდებათ თავში, თორემ, მაგისთვისაც გვაქვს აღვირი, ხომ იცი, – თითი დაუქნია ქეთამ.

– სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ვიცით, – ამოიხვნეშა ივიკომ და თემოს თანაგრძნობით გახედა.

***

ორ კვირაში ქორწინების ათი წლისთავი ჰქონდათ. პირველ წლებში ამ დღეს მხოლოდ თვითონ აღნიშნავდნენ – მეგობრებისა და ახლობლების გარეშე მიდიოდნენ ხოლმე ეგზოტიკურ ან ძალიან მაღალი დონის რესტორანში და თავს უფლებას აძლევდნენ, წელიწადში ერთხელ მაინც, ცოტა მეტი დაეხარჯათ, ცოტა უკეთეს გარემოში განეცადათ მარტო ყოფნის სიამოვნება. გულწრფელად ესაუბრათ, კიდევ ერთხელ აეხსნათ ერთმანეთისთვის სიყვარული, თინეიჯერი შეყვარებულებივით ჩახუტებულებს ეცეკვათ, ცოტა მეტი დაელიათ და მერე, სიყვარულითა და შამპანურით მთვრალებს, ჯერ ღამის თბილისის ქუჩებში გაესეირნათ, შემდეგ კი წინასწარ ერთი ღამის დაქირავებულ სასტუმროს ნომერში ასულიყვნენ ან ჩუმად შეპარულიყვნენ თავიანთ პატარა, ლამაზ ბუდეში და კიდევ ერთი დაუვიწყარი ღამე გაეტარებინათ. ერთი სიტყვით, ეს მხოლოდ მათი იყო შვიდი თუ რვა წლის განმავლობაში და არ არსებობდა მიზეზი, რომ ეს ტრადიცია დაერღვიათ. მაგრამ, როგორც იტყვიან, არაფერია ამქვეყნად მუდმივი და მათ რომანტიკას ნელ-ნელა ბზარი გაუჩნდა, მერე კი რღვევა დაიწყო არა მხოლოდ რომანტიკამ, არამედ ცოლქმრულმა ურთიერთობამ.

ნათიას დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია იმ ღამის გასახსენებლად, როცა ეს პირველად მოხდა: ვნების მორევში თავით გადაშვებული ქალი უცბად გამოაფხიზლა ქმრის გაცოფებულმა შენიშვნამ:

– ასეთი აღვირახსნილი თუ იყავი, არ ვიცოდი. პროფესიონალი ბოზი მყოლია ცოლად და არ ვიცოდი. იქნებ ხარ კიდეც, ჰა?! მეორედ აღარ გაბედო იცოდე, თორემ, ძაღლივით გაგაგდებ ჩემი სახლიდან!

ნათია გაოგნებული დარჩა. არაფერი განსაკუთრებული არ უქნია, თანაც ეს ყველაფერი რეზოს მანამდე სულაც არ აღიზიანებდა, პირიქით, აღფრთოვანებულიც კი იყო. იმ ღამის შემდეგ ყოველი ურთიერთობა აღშფოთებული საყვედურებით მთავრდებოდა და ეს მანამდე გაგრძელდა, სანამ ნათია უემოციო, ურეაქციო ხის თოჯინად არ იქცა. ისე დააკომპლექსა ქმრის შენიშვნამ, რომ კოცნისაც კი ეშინოდა, მაგრამ, ამაზეც თანახმა იყო, ოღონდ კი რეზოს არ სწყენოდა და არ გაბრაზებულიყო. თუმცა, ასეთმა რობოტად ქცევამ ყველაფერი უარესობისკენ შეცვალა: მათი სექსი თვეში ერთხელ მოვალეობის მოხდას დაემსგავსა, ყოველგვარი გრძნობისა და ვნების გარეშე. ნათია ამასაც მოითმენდა, ოღონდ ქმარი არ დაეკარგა, მაგრამ რეზომ ასეთ მორჩილებასაც მოუდო შარი – შენ რა ქალი ხარ, ხის ნაჭერივით დევხარ ლოგინში, კაცს ყველანაირ სურვილს დაუკარგავო.

ასეთ დროს ნათია სიკვდილს ნატრობდა. ბავშვი რომ არა, შეიძლება, მართლა ჩაედინა რაიმე სისულელე, მაგრამ, შვილი აკავებდა; შვილი და, კიდევ, სიყვარული – მაინც უყვარდა ქმარი, რომელმაც, საბოლოოდ, დაპროგრამებულ რობოტად აქცია და ახლა აღარ მოსწონდა, უფრო სწორად, ნერვებს უშლიდა და ვეღარ იტანდა და არც ფარავდა ამას. ფარავდა კი არა, აშკარად დაიწყო ნაირ-ნაირი ქალების გამოცვლა და, როდესაც ერთხელ გაბედა ნათიამ და საყვედურის მაგვარი წამოსცდა, რეზომ უცერემონიოდ მიახალა: 

– ძალიან შევცდი შენში. გარდა იმისა, რომ საინტერესო ქალი არა ხარ, შენ არ გაქვს არანაირი უნარი, გააოცო მამაკაცი, რომ აღარაფერი ვთქვა შენს ფრიგიდულობაზე. ამიტომაც ვცდილობ, სითბო სხვა ქალებთან ვიპოვო. შენდამი ყველანაირი ინტერესი დავკარგე, აღარ მიზიდავ, მაინც ჩემი შვილის დედა ხარ და სახლიდან ვერ გაგაგდებ. თუ გაწყობს ასეთი ურთიერთობა, იცხოვრე ჩემს სახლში, მაგრამ, პრეტენზიები აღარ გამაგონო.

– ადრე სულ სხვა სიტყვებს მეუბნებოდი... – ნათიამ ძლივს შეიკავა თავი, ხმამაღლა არ ატირებულიყო.

– დაივიწყე, რასაც ადრე გეუბნებოდი! – უყვირა რეზომ, – და, ძალიან გთხოვ, ცრემლების ღვრა და თავის შეცოდება არ დაიწყო, ხომ იცი, ვერ ვიტან! შენ რა ქალი ხარ ან რაზე უნდა გქონდეს პრეტენზია, როცა იმის სურვილიც არასდროს გაგჩენია, რომ რამით გაგეკვირვებინე, რომ რამე ახალი აღმომეჩინა შენში. ქალი ბოლომდე ამოუცნობი უნდა იყოსო... ამოუცნობი კი არა, ამოსაცნობიც არაფერია შენში, ერთი რიგითი დიასახლისი ხარ, რომელიც მხოლოდ სახლს ალაგებს და სადილს აკეთებს, მეტი არაფერი; ცეკვა შენ არ იცი და სიმღერა, რომ საზოგადოებაში მაინც გამოიჩინო რამით თავი. თუ სადმე წაგიყვანე, ზიხარ მუდოსავით, სოფლის პატარძალივით და ხმას არ იღებ. ახლა რომ ვფიქრობ, აზრზე ვერ მოვდივარ, რა მომეწონა შენში!..

ნათიას ძალიან აეწვა რაღაც შიგნით. ქმარმა ლამის უპატიებელ თუ მომაკვდინებელ ნაკლად ჩაუთვალა ყველა ის თვისება, რაც ადრე ასე მოსწონდა – სისადავე, მორიდებული ხასიათი, სიმორცხვე... სულ იმას ეუბნებოდა, ვერ ვიტან ტინგიცა და ზედმეტად აქტიურ ქალებს, ყველგან ყირაზე რომ გადადიანო.

არაფერი უპასუხა, ისე გავიდა ოთახიდან, მაგრამ მეორე დილით ჩვეულებრივად დაახვედრა გაწყობილი საუზმე და გაუთოებული პერანგი. რეზო ცოტა უხერხულად გრძნობდა თავს, წინა საღამოს ასე დაუნდობლად რომ გადაუარა და შეეცოდა კიდეც, მაგრამ ბოდიშის მოხდა არც უფიქრია, მხოლოდ მოსინჯა, გამებუტა თუ არაო და ჰკითხა, ბავშვს შენ გამოიყვან დღეს სკოლიდან თუ მე მივაკითხოო.

– შენ თუ მოახერხებ, კარგი იქნება. მე რაღაც საქმე მაქვს დღეს და, შეიძლება, ვერ მოვასწრო.

რეზომ შვებით ამოისუნთქა – ნათია ჩვეულებრივად მშვიდად დაელაპარაკა, ესე იგი, არ გაებუტა. პრინციპში, არც ამის გამო მოიკლავდა თავს, მაგრამ მაინც ასე ერჩივნა. არც კი დაინტერესებულა, ასეთი რა საქმე ჰქონდა, რომ სკოლიდან ბავშვს ვერ წამოიყვანდა

ორ კვირაში ქორწინების ათი წელი უსრულდებოდათ. ნათიამ არ იცოდა, რა ერქვა ამ თარიღს – შუშის იუბილე, ბროლის იუბილე თუ რაღაც სხვა, მაგრამ, ერთი რამ ნამდვილად იცოდა – ერთად აღარასდროს წავიდოდნენ ამ დღის აღსანიშნავად.

„ყველაფერი დამთავრდა, – ფიქრობდა ტკივილითა და სევდით გულდამძიმებული, – თანაც, ძალიან სწრაფად და სტანდარტულად. მისთვის აღარაფერს წარმოვადგენ, მე კი მაინც მიყვარს. რომ გამეყაროს, ვერ ვიცოცხლებ“... –  მერე უცბად შეეცვალა განწყობა და მტკიცედ გადაწყვიტა:

– რომ მოვკვდე, უნდა რამე მოვიფიქრო და უნდა დავიბრუნო, მაგრამ, როგორ?

დილით მაღაზიაში რომ ჩავიდა პურის საყიდლად, მეზობელი გოგო შეხვდა, რომელიც რეზოსთან მუშაობდა.

– ჩვენს კორპორაციულ საღამოზე ხომ მოდიხართ? – ჰკითხა მეზობელმა დანახვისთანავე.

– როდის არის? – ისე ჰკითხა ნათიამ, თითქოს იცოდა და თარიღი დაავიწყდა.

– ორ კვირაში, ამ თვის ბოლო შაბათს. წამოდით, რა, კარგი რაღაცეები გვაქვს მოფიქრებული. კარაოკეც იქნება, ცეკვებიც, სხვა რამეებიც. ყველა ცოლითა და ქმრით მოვა და ძალიან კარგად უნდა გავერთოთ.

– ალბათ, მივალ, დიდი მადლობა.

სახლისკენ მიმავალს თითქოს გონება გაუნათდა – უკვე იცოდა, რით უნდა გაეოცებინა ქმარი და, თუ ვერ დაიბრუნებდა, აზრს მაინც შეაცვლევინებდა მასზე. ახლა მთავარი იყო, ისე მოეხერხებინა, რომ რეზოს იმ კორპორაციულ წვეულებაზე წაეყვანა. თუ ამას ვერ შეძლებდა, ისე არაფერი გამოუვიდოდა. ამიტომ, გადაწყვიტა, განსაკუთრებით თბილად და ყურადღებით მოჰქცეოდა, რომ უარი ვეღარ ეთქვა. სახლში მისვლისთანავე მოძებნა თავისი ბიძაშვილის ტელეფონის ნომერი, რომელსაც ცეკვების სტუდია ჰქონდა გახსნილი და იმავე საღამოს შეუთანხმდა შეხვედრაზე.

– ხომ მშვიდობაა? – გაუკვირდა მაკას, რადგან ნათია კარგა ხანი იყო, არ შეხმიანებია.

– მშვიდობაა, ნუ გეშინია. უბრალოდ, რაღაც საქმე მაქვს შენთან. ხუთისთვის შემოგივლი.

მაკა ძალიან გაოცდა, როცა ნათიამ რამდენიმე ცეკვის შესწავლა სთხოვა.

– ორ კვირაში ამდენს ვერ მოვასწრებთ, არაფერი გამოგვივა.

– კონკურსზე გასვლას კი არ ვაპირებ, წვეულებაზე მინდა ვიცეკვო...

– რამ გაგაგიჟა? – გაეცინა მაკას.

– არ გავგიჟებულვარ, ასეა საჭირო. ყველაფერი რომ ჩაივლის, მერე მოგიყვები. მე მგონი, არ გამიჭირდება – რამდენიმე წელი მატარა დედაჩემმა ჯერ ქართულ ცეკვებზე, მერე სამეჯლისოზე. მართალია, ასი წელია, ხელი არ გამიშლია, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ძალიან არ გაგაწვალებ.

– ანუ, სამეჯლისოც გინდა?

– მოკლედ, სასწრაფოდ უნდა მასწავლო რომელიმე ვალსი, ტანგო, „როკენროლი“ და რამე ორი ქართული ცეკვა.

– შენ მე გადამრევ, – გაეცინა მაკას, – ხუთი ცეკვა ორ კვირაში როგორ უნდა მოვასწროთ?

– ყოველდღე ვივლი და მოვასწრებთ. თან, ხარისხი დიდად არ მაინტერესებს. შეცდომები თუ მომივა, ვერავინ გაიგებს. რამდენიც საჭირო იქნება, გადავიხდი. ამიყვან?

– შენ ხომ არ გაგიჟებულხარ, გოგო! ჩემს სტუდიაში ჩემს ბიძაშვილს ფული გადავახდევინო? სულ გააფრინე?

– კარგი, ბოდიშს გიხდი, – მორიდებით უთხრა ნათიამ, – მაგრამ კიდევ ორი თხოვნა მაქვს შენთან. შემეძლო, ჩემი დაქალებიდან რომელიმესთვის მეთხოვა, მაგრამ, რატომღაც, არ მინდა.

– გისმენ, – მაკამ გუმანით იგრძნო, რომ ნათიას ახლა ძალიან უჭირდა, – რაშიც გინდა, გამომიყენე.

– პირველი – დღესვე მომიძებნე სიმღერის მასწავლებელი, რომელიც ორ-სამ სიმღერას მასწავლის ორ კვირაში და, მეორე – ამ ორი კვირის განმავლობაში, როცა შენ გეცლება, წვეულებისთვის კაბისა და ფეხსაცმლის საყიდლად გამომყევი.

მაკა ძალიან დააფიქრა ნათიას თხოვნამ, თვალებში შეხედა და საკმაოდ შეშინებულმა ჰკითხა:

– საყვარელი გაიჩინე?

– რა სისულელეებს ბოდავ! – აღშფოთდა ნათია.

– აბა, რაში დაგჭირდა ეს კლოუნადა? რამე პროექტში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტე?

– მერე მოგიყვები, როცა ყველაფერი ჩაივლის. დანარჩენ რამეებშიც დამეხმარები?

– სხვა რა გზა მაქვს. სიმღერებს ჩემი დაქალი გასწავლის, ახლავე დავურეკავ. რომელი სიმღერები გინდა?

– ორი-სამი სიმღერა, რომლებსაც უფრო ხშირად მღერიან კარაოკეებზე.

– ქართული თუ უცხოური?

– ორივე, თითო-თითო მაინც.

– მე მგონი, სიმღერის მასწავლებელთან კი არა, ფსიქიატრთან ხარ მისაყვანი, – ამოიოხრა მაკამ და დაქალის ნომერი აკრიფა.

– შეიძლება, ეგეც მალე დამჭირდეს, –ჩაილაპარაკა ნათიამ და თვალებზე ცრემლი მოადგა.

მაკა მიხვდა, რომ ნათიას რაღაც ძალიან უჭირდა, მაგრამ, ზედმეტი შეკითხვებით აღარ გააღიზიანა და თავის დაქალს შეხვედრის დრო დაუთქვა.

ნათიამ სამსახურიდან ორკვირიანი უხელფასო შვებულება აიღო, დედას სთხოვა, ბავშვი ეს ორი კვირა შენთან იყოს, საქმეები მაქვსო და მთელ დღეებს რეპეტიციებზე ატარებდა: დილით სიმღერაზე მიდიოდა, საღამოს – ცეკვაზე. რეზო დილიდან ღამემდე სამსახურში იყო, ხანდახან ღამითაც არ მოდიოდა სახლში, ამიტომ ნათიას საშუალება ჰქონდა, სარკის წინ შინაც ევარჯიშა ცეკვაშიც და სიმღერაშიც, ოღონდ კარ-ფანჯარას კარგად ჩაკეტავდა ხოლმე, ხმა რომ არ გასულიყო და ცნობისმოყვარე მეზობლები არ გაგიჟებულიყვნენ. აშკარად არა უშავს რა გამოსდიოდა ერთიც და მეორეც; მართალია, მოყვარულის დონეზე, მაგრამ, მაინც კარგად.

წვეულებამდე რამდენიმე დღით ადრე მაკამ დაურეკა და მაღაზიებში გაყოლა შესთავაზა:

– დღეს მთელი დღე მცალია. ფული რამდენი გაქვს? ამას იმიტომ გეკითხები, თანხიდან გამომდინარე უნდა შევარჩიო მაღაზია.

– შვიდას ლარამდე მაქვს, ოღონდ, აქსესუარებიც უნდა ვიყიდო. მეყოფა?

– ვიმყოფინებთ. თუ დაგაკლდება, მე დაგიმატებ ან ჩემი გარდერობიდან შეგირჩევ რამეს. ერთ საათში შენს სადარბაზოსთან ვიქნები მანქანით.

ბუტიკებში სიარულს თითქმის ნახევარი დღე მოანდომეს, მაგრამ ყველაფერი საუკეთესო და ლამაზი იყიდეს.

– ახლა ის მოვიფიქროთ, როგორი ვარცხნილობა მოგიხდებათ შენც და შენს ახალ ტანსაცმელსაც, – დაფიქრებით თქვა მაკამ, როცა „პოდიუმი“ დაასრულეს, – მე მგონი, 40-50-იანი წლების რეტრო კარგად წავა. თანახმა ხარ? ოღონდ თმა წითლად ან ქერად უნდა შეიღებო.

– არა, წითელი ნამეტანია, ქერა მირჩევნია, უფრო ადვილად შევეგუები.

– წითელმა რა დაგიშავა? თან, ძალიან მოდაშია.

– ვიცი, მომწონს კიდეც, მაგრამ, ჩემი არ არის, არ მინდა.

– კარგი, ბატონო, როგორც შენ იტყვი. როდის არის ღონისძიება?

– შაბათ საღამოს.

– ესე იგი, შაბათ დილას უნდა წავიდეთ სალონში.

– ოღონდ, იცოდე, რეზომ არაფერი იცის და რამე არ წამოგცდეს, – შეშინებული ხმით შეეხვეწა ნათია.

– კარგი, – გაუკვირდა მაკას და მხრები აიჩეჩა, – მაგრამ იცოდე, კვირას ყველაფერს მომიყვები, რა თამაშში ჩამითრიე – ხომ ასე შემპირდი?

– ყველაფერს, თანაც დაწვრილებით, – დაეთანხმა ნათია და ახალშეძენილი ნივთები კარადაში შეინახა.

***

რეზო კი ამჩნევდა ცოლს უცნაურ ფორიაქს, მაგრამ, არაფერს ეკითხებოდა, რადგან, ძალიან დაძაბული იყო – არ ეგონა, ასე თუ გაუჭირდებოდა საბოლოო ფრაზის თქმა. არადა, უკვე გადაწყვიტა სახლიდან წასვლა. მართალია, ოფიციალურად გაყრა ასე სწრაფად არ მოხერხდებოდა, მაგრამ ნათიასგან წასვლა უკვე მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი და აქამდეც გააკეთებდა ამას, რომ არა ეს სულელური კორპორაციული წვეულება (ქორწინების ათი წლისთავი არც გახსენებია).

– ჩვენი ამერიკელი პარტნიორებიც იქნებიან და ყველანი ცოლებით და ქმრებით უნდა მოხვიდეთ! – უბრძანა თანამშრომლებს დირექტორმა.

ქალებს გაუხარდათ, კაცები კი აბუზღუნდნენ.

– რა აუცილებელია ცოლების წამოყვანა, აქ მაინც ამოგვასუნთქეთ, – გახუმრება სცადა რეზომ.

– განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება! – ნახევრად ხუმრობით თქვა დირექტორმა და წამოდგა, – მე შაბათამდე არ ვიქნები, სტუმრებს უნდა გავყვე-გამოვყვე. აბა, თქვენ იცით, კარგად მოემზადეთ, არ შევრცხვეთ!

– საკმაოდ მკაცრი და დაუნდობელი განაჩენია, მაგრამ, რას იზამ, უნდა დავემორჩილოთ, – სიცილით უთხრა რეზოს თავისმა თანაშემწემ, ლადომ, – ჩემი ცოლი სიხარულისგან გაგიჟდება.

– ჩემიც... – ჩაილაპარაკა რეზომ, – თან ყველა სიკეთესთან ერთად ახალი კაბის ყიდვაც მომიწევს.

– მერე, უყიდე, რა გაწუწუნებს, ძალიან გიჭირს? – რატომღაც „უიაზვა“ ლადომ.

რეზოს გაუკვირდა თანამშრომლის ასეთი ტონი და წარბის აწევით შეხედა, მაგრამ აღარაფერი უთხრა და ისე გამოვიდა ოთახიდან, არ დამშვიდობებია.

***

ნათია მთელი ორი კვირა აწყობდა გეგმებს, როგორ ჩამოეგდო ლაპარაკი წვეულებაზე და როგორ დაეთანხმებინა ქმარი, რომ ისიც წაეყვანა, მაგრამ, ჩალიჩი აღარ დასჭირდა – ხუთშაბათ საღამოს სამსახურიდან დაბრუნებულმა რეზომ უთხრა, შაბათს სამსახური კორპორაციულ საღამოს აწყობს რესტორანში და შენც უნდა წამოხვიდეო. ნათია კინაღამ შეხტა სიხარულისგან, მაგრამ, შეეცადა, მღელვარება არ შეემჩნია.

– კარგი, როგორც შენ გინდა, – მშვიდად უპასუხა ქმარს, მაგრამ გული ისე უცემდა, ლამის ბუდიდან ამოვარდნოდა.

– რამე ნორმალური კაბა გაქვს? – ჰკითხა რეზომ და ხალათში გახვეული ცოლი თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა.

– რაღაცას მოვძებნი, – ნათიამ თვალი აარიდა რეზოს, რომ არ „გაყიდულიყო“.

– მოვძებნი არ ვიცი, ფულს მოგცემ და რამე წესიერი იყიდე. ჩვენი ამერიკელი პარტნიორებიც იქნებიან ცოლებით და...

– გასაგებია, ვიყიდი, – მორჩილად უპასუხა ნათიამ, მერე ცოტა ხანს პაუზა გააკეთა და ქმარს ყოველგვარი შესავლის გარეშე დაუსვა კითხვა: – „შენ წვეულებიდან სახლში დაბრუნდები თუ იქიდანვე წახვალ იმ ქალთან?

„ყველაფერი იცოდა და არ იმჩნევდა, არც მე მაგრძნობინებდა... ისე, ძალიან მაგარია, ამას მოთმენა და გაძლება არ უნდა?“ – გაიფიქრა შეცბუნებულმა რეზომ, ხმამაღლა კი უთხრა:

– რადგან უკვე გცოდნია, რამის დამალვას აზრი არ აქვს. ჰო, იმ საღამოსვე ვაპირებდი წასვლას, მაგრამ, ალბათ, არ გამოვა ასე. ჯერ ერთი, ჩემი ნივთები ხომ უნდა წავიღო, თანაც... – რეზოს უნდოდა, ეთქვა, თანაც, თანამშრომლებისა და უცხოელი პარტნიორების თვალწინ ხომ არ დაგემშვიდობები სამუდამოდო, მაგრამ, ვეღარ უთხრა და გაჩუმდა.

– რა – „თანაც“? – დაინტერესდა ნათია.

– რა და ასეა თუ ისე, შაბათს ჩვენი ქორწინების ათი წლისთავია, – უცებ გაახსენდა რეზოს და დარცხვენით დაამატა: – მაინცდამაინც ამ დღეს ხომ არ წავალ.

– გმადლობთ, ასე რომ მიფრთხილდები, – მწარედ გაეღიმა ნათიას და თემა შეცვალა, – შენ რომელი კოსტიუმი გაგიმზადო?

– შავი შარვალ-კოსტიუმი და თეთრი პერანგი, ჰალსტუხს მე თვითონ შევარჩევ. ხვალ გამიმზადე, საჩქარო არ არის.

– კარგი, – ისევ მშვიდად უპასუხა ნათიამ და ტელევიზორი ჩართო.

პარასკევს რეზო ცოტა ხნით მივიდა სამსახურში, შინ მალე დაბრუნდა და მთელი დღე ნათიასთან ერთად გაატარა. თვითონაც უკვირდა, მაგრამ ცოლთან საუბრის სურვილი გაუჩნდა და, შეიძლება ითქვას, ენა არ გაუჩერებია. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ისე ცხოვრობდნენ ერთ ჭერქვეშ, როგორც კარგი მეზობლები – ჩხუბებისა და აყალმაყალების გარეშე, მაგრამ, ოფიციალურად; ახლა კი, თითქოს მობეზრდა ეს უკვე საკმაოდ გაგრილებული (თუ უფრო მეტი არა) ურთიერთობა და ქადაგად იქცა, თან ყველაფერზე უცნაურად აჟიტირებული ლაპარაკობდა.

„ღელავს და იმიტომ იქცევა ასე“, – გაიფიქრა ნათიამ და გადაწყვიტა, თვითონაც აჰყოლოდა: ჯერ თანამშრომლებზე ჰკითხა რაღაცეები, მერე – ამერიკელ პარტნიორსა და მის ცოლზე.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3