კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უშლიდა ნადეჟდა ალილუევა სტალინს ბერიასთან ახლო ურთიერთობას

სისულელეა იმის ხელაღებით მტკიცება, რომ ლავრენტი ბერია სტალინის სავარძელს უმიზნებდა და საამისოდ ყოველ ღონეს ხმარობდა. ყოველ შემთხვევაში, ასეთი რამ გამორიცხული იყო 30-იანი წლების დასაწყისში და ახალბედა ბერია დიდი ბელადის  მიმართ აბსოლუტური ლოიალურობით გამოირჩეოდა. ამაზე მეტყველებს მრავალრიცხოვანი დოკუმენტი თუ იმ ადამიანთა მოგონებები, ვისაც უშუალო, საქმიანი შეხება ჰქონდათ მათთან. ყველა ერთხმად აღნიშნავდა სტალინის მიმართ ბერიას განსაკუთრებულ მორჩილებასა და მოწიწებას. „ეს მლიქვნელი კობას საკუთარ ნებას იმით ახვევს, რომ არაფერში ეწინააღმდეგება, უსიტყვოდ უსრულებს ყველაფერს და ეპირფერება“, – ეუბნებოდა ზინაიდა ორჯონიკიძე ნადეჟდა ალილუევას და სტალინის ახალგაზრდა მეუღლეს ბერიასადმი ზიზღს უფრო უღვივებდა. ნადეჟდა სერგეევნა განსაკუთრებით თბილი ადამიანი გახლდათ. მისი დამოკიდებულება ხალხისადმი, მით უმეტეს, მისი მეუღლის ახლობლებისადმი, განსაკუთრებით კეთილგანწყობილი იყო. თუმცა, ეს არ ეხებოდა ბერიას. მისდამი ის განსაკუთრებულ სიძულვილსა და აგრესიას იჩენდა. ბერია, რა თქმა უნდა, შესანიშნავად ხვდებოდა ყველაფერს, თუმცა თავი ისე ეჭირა, თითქოს არაფერი ხდებოდა და ყოველთვის მორჩილად ყლაპავდა ახალგაზრდა ქალის შეურაცხყოფას. იოსებ, – არაერთხელ უთქვამს ნადეჟდა სერგეევნას მეუღლისთვის, – მასთან სიახლოვე კარგს არაფერს მოგიტანს, ლაფში გაისვრები, შერცხვებიო. თუმცა, სტალინი ყოველთვის თავისაზე იდგა და არაფრად აგდებდა მეუღლის ყოვლად უარგუმენტო საუბრებს: შენ ის ფიზიკურად გძულს და თუ რატომ? – ვერ მეუბნები. მე კი, ის კავკასიური პოლიტიკისთვის მჭირდება და მასზე უკეთეს შემსრულებელს ვერსად ვიშოვიო, – პასუხობდა სტალინი და დასძენდა: „ნადია, შენ მათი (იგულისხმებიან ორჯონიკიძეები და მათდამი ლოიალური ამიერკავკასიური დაჯგუფებები) რუპორი ხარ და რის თქმასაც თავად ვერ მიბედავენ პირში, შენი მეშვეობით მითვლიან. მე საქმიანი, პრინციპული და ჭკვიანი კაცი მჭირდება იქ (კავკასიაში) და ბერია სრულიად მიესადაგება ამ როლს. მათ კი ძველი ბოლშევიკობა საკუთარი მიზნების განსახორციელებლად მიიკერეს და ბერიას მხოლოდ იმიტომ მიიჩნევენ არასასიამოვნოდ, რომ ძველი ბოლშევიკი არაა. ეს ხომ დემაგოგიაა და ნუთუ შენ ფიქრობ, რომ მე მას დავიჯერებ?“

ერთი სიტყვით, ასეთ მტრულ გარემოცვაში ბერია მხოლოდ და მხოლოდ სტალინის უდიდესი მხარდაჭერით ინარჩუნებდა მაღალ თანამდებობას. 1931 წლის 12 ნოემბერს, სტალინის უშუალო ჩარევით, ლავრენტი ბერია საქართველოს „ცეკას” პირველ და ამიერკავკასიის მეორე მდივნად დაინიშნა. ასეთ დაწინაურებას, როგორც ეტყობა, არავინ ელოდა და, როგორც ყოველთვის, ამასაც ანტიბერიული კამპანია მოჰყვა, რასაც, ამჯერადაც კულისებიდან სერგო ორჯონიკიძე ხელმძღვანელობდა.

13 ნოემბერს გაიფიცა, როგორც საქართველოს, ასევე ამიერკავკასიის მთელი პარტიული აქტივი და კაბინეტებში არავინ შედიოდა იმ მოტივით, რომ ბერიასთან არ სურდათ მუშაობა. ორჯონიკიძემ, რა თქმა უნდა, სასწრაფოდ დარეკა კრემლში და თითქმის ერთსაათიან საუბარში ძალიან მუქ ფერებში დაუხატა თბილისში შექმნილი კრიზისული ვითარება, რაზეც დიდ ბელადს მოკლედ უთქვამს: „შენ იმდენად სუსტი ხელმძღვანელი ჩანხარ, რამდენადაც კარგი ბოლშევიკი იყავი და ნუ გგონია, წარსული დამსახურებები ყოველთვის გიშველის. მიტინგების დრო წარსულს ჩაბარდა და ასეთი დემარშებით ფონს ვეღარ გახვალთ. ვიცი, შენები აჯანყდნენ. პასუხისმგებლობაც შენზეა და თუკი მიტინგების გარდა, სხვაგვარი მუშაობა არ შეგიძლია, შემცვლელს მალე ვიპოვით!“ ამ სიტყვებით სტალინმა ყურმილი დაკიდა, ხოლო სერგომ უკუეფექტი მიიღო და იძულებული გახდა, დემარშისტები კაბინეტებში შეერეკა. ბერია ამ დროს კახეთში მიემგზავრებოდა მანქანით, რათა რეგიონს რესპუბლიკის ახალი ხელმძღვანელის რანგში გაცნობოდა: – „სერგო კვლავ ფაქტით დავაკავეთ”, – უთხრა სტალინმა კიროვს, რომელიც ორჯონიკიძესთან სატელეფონო საუბარსაც დაესწრო, – „მათ ვერ შეიგნეს, რომ არაცენტრალიზებული მმართველობა დამღუპველია ჩვენი უზარმაზარი ქვეყნისთვის და ფიქრობენ, ზოგიერთ საკითხს, ჩემთან შეუთანხმებლად, დამოუკიდებლად გადაწყვეტენ“. რა თქმა უნდა, სტალინი მართალი იყო და ეს მისი სიმართლე შემდგომმა მოვლენებმა დაადასტურა. თუმცა, მანამდე ბერიას კავკასიაში უმკაცრესი წინააღმდეგობების გადალახვა მოუწია. ბერია ბრმად ერთგული არასდროს ყოფილა და მისი ეს თვისება, რა თქმა უნდა, პირად ამბიციებზე იყო დამყარებული. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბერიას ამბიციები საკმაოდ მყარ ფუნდამენტს ეყრდნობოდა და ამ კაცს მათი განხორციელების დიდი პოტენციალი გააჩნდა. თუმცა, რა თქმა უნდა, სისულელეა იმის მტკიცება, რომ მაშინ ბერია სტალინობაზე ოცნებობდა. ძველ ბოლშევიკებს, განსაკუთრებით კი ტროცკისთან სხვადასხვა დროს დაახლოებულ ადამიანებს, გარდა იმისა, რომ ისინი უდრეკი ხასიათით გამოირჩეოდნენ, ინტრიგის წარმოების განსაკუთრებული უნარი და გამოცდილება გააჩნდათ. ბოლშევიკთა ქართული ფრთა ამ ამბავში პირველობას არავის უთმობდა. სამართლიანობა მოითხოვს და უნდა აღინიშნოს, რომ სტალინის გამარჯვებას პოლიტბიუროში სწორედ ამ ფრთის სიძლიერემ შეუწყო ხელი. მაგრამ, ეს მოგვიანებით, ერთგვარ სენადაც კი იქცა და რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, სტალინს დაუპირისპირდა. ალბათ, სწორედ ასეთმა ამბიციურობამ გააბედინა პაპულია ორჯონიკიძეს ეთქვა: სტალინი ჩვენთვის უბრალო გორელია და თუ მოვინდომეთ, მოვხსნითო.

როგორც ჩანს, ეს ფრაზა განგაშის სიგნალად იქცა და თავისი კავკასიური პოლიტიკის ფორსირება გადაწყვეიტა. 14 ნოემბერს, კახური ვოიაჟიდან დაბრუნებული ბერია პირველი შევიდა თავის ახალ კაბინეტში და აქაოდა, აქ არაფერი მომხდარაო, მთელი პარტიული აქტივის კრება გამოიძახა. ბერია, რა თქმა უნდა, არა მარტო საქმის კურსში იყო, არამედ ერთგვარად მართავდა კიდეც თავის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას. ამ მომენტს კი, თავის სასარგებლოდ და ოპოზიციის საზიანოდ იყენებდა. კრებამ საკმაოდ მშვიდობიან ვითარებაში ჩაიარა, ბერია ძირითადად ახალ თანამშრომლებს ეცნობოდა და შინაურულად ესაუბრებოდა. ამის გამო, თავიდან შექმნილი დაძაბული ატმოსფერო თანდათან განიმუხტა და ზოგიერთმა „ამხანაგმა“ „ცეკას“ ახალ პირველ მდივანთან გახუმრება, გალაზღანდარებაც კი სცადა. თუმცა, მათ ეს „ფამილარობა“ ბუმერანგივით დაუბრუნდათ – სულ რამდენიმე წლის მერე უკლებლივ ყველას (კრებას 56 ფუნქციონერი ესწრებოდა) სიცოცხლის ფასად დაუჯდა. სხდომის ბოლოს სიტყვა კვლავ ბერიამ აიღო და დაახლოებით ასე ჩამოაყალიბა თავისი სამოქმედო პროგრამა: „ამხანაგ სტალინის უშუალო ძალისხმევით, რუსეთის ყოფილი იმპერიის ხალხები ჩაგვრისგან გათავისუფლდნენ და ერთიანი თავისუფალი ქვეყანა შექმნეს, რომელსაც უამრავი მტერი გამოუჩნდა. ზოგიერთმა მათგანმა ჩვენს რიგებშიც კი შემოაღწია“.

ერთი სიტყვით, ბერია თავის გამოსვლაში ერთის მხრივ მტრებთან აქტიური ბრძოლისკენ მოუწოდებს ხალხს, მეორე მხრივ კი, უზომოდ აქებს და ადიდებს სტალინს. მეორე დღესვე, ყველა მოწინავე ცენტრალურმა გაზეთმა დაბეჭდა ბერიას სიტყვა. ზუსტად ერთ კვირაში კი მრავალტირაჟიანი ბროშურა დაისტამბა, რომელიც საბჭოთა კავშირის ყველა ენაზე ითარგმნა და მთელ ქვეყანაში გავრცელდა. სხვათა შორის, მავანნი სწორედ ამ პერიოდს მოიხსენიებენ სტალინის კულტის დაბადების თარიღად და მის (კულტის) შემქმნელად ბერიას ასახელებენ, რაც, რა თქმა უნდა, სინამდვილეს არ შეესაბამება.

„მისმა მლიქვნელობამ და ისტორიის ფალსიფიკაციამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა,” – ამბობდა აღშფოთებული ფილიპე მახარაძე ვიწრო წრეში ბერიაზე და დასძენდა, – „სტალინისგან ის ახალ გმირს, ახალი მითოლოგიური გმირის კულტს ამკვიდრებს. უნდა დაგვაჯეროს, რომ ის ახალი ამირანია. მის დამსახურებას, რა თქმა უნდა, ვერსად გაექცევი, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია და ასეთად მას, ჩვენ ვერასოდეს მივიღებთ“.

სტალინის მიმართ ძველ ბოლშევიკთა ასეთი მედიდური დამოკიდებულება ძალიან კარგად იყო ცნობილი დიდი ბელადისთვის და სწორედ ამის გამო უწოდებდა მათ „დახავსებულებს“. ლავრენტი ბერია კი „ახალი ტალღის“ თვალსაჩინო წარმომადგენლად მიაჩნდა და სწორედ ამიტომ, ანდო ახალი კავკასიური პოლიტიკის სადავეები. სულ რაღაც სამი კვირის განმავლობაში, ლავრენტი ბერიამ სტალინთან შეთანხმებით, მთელი რესპუბლიკის მასშტაბით, პარტიული აპარატი განაახლა და რაიკომების პირველ პირებად 40-მდე ყოფილი „ჩეკისტი“ დანიშნა. დაიწყო პარტიული კადრების წმენდა და ეგრეთ წოდებულმა სპეცკადრებმა უკვე თვით პარტიულ აპარატშიც შეაღწიეს. მამია ორახელაშვილმა ვიწრო წრეში ამ პროცესს „პოლიტიზაცია“ უწოდა, ბერიას – „წითელი პოლიცმაისტერი“, ხოლო სტალინს – „წითელი იმპერატორი“, რაც „ჩეკას“ ყურებს არ გამოჰპარვია და მისი საუბრის სრული ტექსტი ჯერ ბერიას აახლეს, შემდეგ კი – სტალინს. ორახელაშვილსაც ისევე, როგორც სხვებს, ძალიან ძვირად დაუჯდა ასეთი კომენტარები – საკუთარი სიცოცხლით აგო პასუხი ამაზე.

როგორც არაერთხელ აღვნიშნე ჩემს ადრეულ ნაწერებში, „ჩეკა“ და „გეპეუ“ სტალინის შვილობილები და მისი „სისუსტე“ გახლდათ. ის სწორედ ამ სისტემიდან გამოსულ ადამიანებს ენდობოდა ყველაზე მეტად. ამ პრინციპს კი ასე ხსნიდა: „დისციპლინა, გონიერება და პასუხისმგებლობის გრძნობა – აი, რა ახასიათებთ „ჩეკისტებს“. ახალი ქვეყნის შენება კი, ამ თვისებების გარეშე, წარმოუდგენელია. ისინი (ჩეკისტები) კომუნიზმის „პრარაბები“ არიან და მათ მიერ აშენებულ სამყაროში უნდა იცხოვრონ თაობებმა“. როგორც ყველა ნორმალური მმართველი, სტალინიც, რა თქმა უნდა, კომპლექსურად აზროვნებდა და ათეული წლებით წინ იყურებოდა. მან ჯერ კიდევ ლენინის სიცოცხლეშივე იწინასწარმეტყველა მთელი რიგი პოლიტიკური კატაკლიზმები და მიუხედავად უდიდესი წინააღმდეგობისა, ამას მაინც მომზადებული დახვდა. ნებისმიერ მოქმედებას, ნებისმიერ პოლიტიკურ-ეკონომიკურ თუ სამხედრო ნაბიჯს, სტალინი ქვეყნის მომავალს, მის სიძლიერეს, ხოლო საბოლოო ჯამში, მომავალი თაობების ბედნიერებას უკავშირებდა. სტალინმა მშვენივრად იცოდა, რომ გლობალურ გარდაქმნებს ათწლეულები, საუკუნეები სჭირდებოდა, მაგრამ მან სულ რაღაც 20 წელიწადში უზარმაზარი სიძლიერისა და მოცულობის სახელმწიფო შექმნა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ „სუპერსახელმწიფოს“ ცენტრი კავკასია იყო.

„იქ კავკასიაში, – ამბობდა სტალინი, – უდიდესი  ინტელექტუალური რესურსებია დამალული და ჩვენ მათი, რაც შეიძლება, მალე აღმოჩენა და ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენება უნდა შევძლოთ“. როდესაც სტალინის კავკასიურ ინტელექტზე საუბრობდა, უპირველესად, სამი რევოლუციის გამოცდილებით ხელმძღვანელობდა და მშვენივრად უწყოდა, რა როლი შეასრულეს კავკასიელებმა (მათ შორის 80 პროცენტი ქართველები იყვნენ) „რუსული“ რევოლუციების საქმეში. მას სურდა, ეს რევოლუციურ-ინტელექტუალური პოტენციალი ახალი ქვეყნის მშენებლობისთვის გამოეყენებინა, ხოლო „ახალ მშენებლობებს“ ახალი კავკასიური პოლიტიკა ედო საფუძვლად და მისი მართვა სწორედ ბერიას მიანდო.

რაც არ უნდა თქვას მავანმა და მავანმა, რა საბაბიც არ უნდა მოიტანოს ბერიას განსაქიქებლად (მით უმეტეს, რომ მისი მრისხანე საცეცები მეც უსასტიკესად შემეხო და ეს ლამის სიცოცხლის ფასი დამიჯდა), სამართლიანად უნდა აღინიშნოს, რომ ბერიამ, როგორც არავინ, იმდენი სასარგებლო რამ გაუკეთა თავის სამშობლოს, რაც სხვა ბევრმა სანიმუშო ქართველმა ერთად აღებულმა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბერიას ლანძღვა სტალინის ლანძღვაცაა, რადგან 20 წლის განმავლობაში ეს ორი პიროვნება მსოფლიო პოლიტიკაში უმძლავრეს ტანდემს წარმოადგენდა და სწორედ მათ ნებაზე იყო დამოკიდებული ნახევარი მსოფლიოს ბედი.

„ქართველები, სომხები და აზერბაიჯანელები, რომ აღარაფერი ვთქვათ ნახევრადველურ მთიელ ტომებზე, ამ რეგიონს თავდაყირა ამოაბრუნებენ და შემდგომ მისი პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება სამმაგად გაგვიჭირდება. იქ (კავკასიაში) ისეთი პიროვნებაა საჭირო, ვინც ყველასთან გამონახავს საერთო ენას და მათ ვნებებს დაარეგულირებს“, – სტალინს ამგვარად წარმოედგინა კავკასიის მომავალი მმართველი და საერთოდ, მომავალი კავკასიური პოლიტიკა. ანუ, მან მშვენივრად იცოდა, რომ კავკასიელთა ვნებებს მოთოკვა ესაჭიროებოდა. თუმცა, მას ეს ყოველგვარი კონფლიქტის გარეშე სურდა და სწორედ ამიტომ უსვამდა ხაზს მათთან (კავკასიელებთან) „საერთო ენის გამონახვის“ აუცილებლობას. სტალინმა, რა თქმა უნდა, იცოდა თავისი „კადრების“ შესაძლებლობები და ბერია არა მარტო მისდამი ლოიალურობის გამო დააწინაურა, არამედ მასში დაინახა კავკასიის მომავალი მმართველი, სწორედაც  საერთო ენის გამონახვის ხელოვნების ცოდნის გამო. ბერიამ თითქმის ყველა კავკასიური ენა კარგად იცოდა, ნამუშევარი იყო აზერბაიჯანში, საკმაოდ მჭიდრო კავშირები ჰქონდა მთელ კავკასიაში და მისი უახლოესი გარემოცვა კავკასიელებისგან შედგებოდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სხვა საშუალებების გარდა, ბერიას პირადი ურთიერთობების დონეზეც მტკიცე პოზიცია ჰქონდა ამიერკავკასიაში. თუმცა, ის არასდროს მიეკუთვნებოდა ძველ ბოლშევიკთა ელიტას. სწორედ მისმა სიახლემ განაპირობა მისი აღზევება.

1931 წლის მიწურულს, კავკასიაში ორი ურთიერთდაპირისპირებული ძალა დაეჯახა ერთმანეთს. პირველს, ძველ ბოლშევიკთა „ლეგენდარული“ პლეადა (ეს სიტყვა ქართველ ბოლშევიკთა მიმართ ლენინმა იხმარა) შეადგენდა და მას სათავეში „რკინის სერგო“ (ორჯონიკიძე) მართავდა, მეორეს კი – ყველასთვის უცნობი, ახალგაზრდა ბერია, რომელსაც ზურგს თავად სტალინი უმაგრებდა.

 

სტალინის პირადი დაცვის უფროსის მოადგილის, მიხეილ თევდორაძის ჩანაწერების მიხედვით 

скачать dle 11.3