კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იდებენ ადამიანები კისერზე ლომისის წმიდა გიორგის ტაძარში არსებულ დიდ ჯაჭვს და როგორ მიდიან იქ დაოჯახების, შვილიერებისა და განკურნების სათხოვნელად

„...ღმერთს თუ შეუდგებით, სულიერი კურნება უკვე დაწყებულია, ბედნიერების გზაზე უკვე შემდგრები ვართ. აღარ მოხვიდეთ აქ ჯანმრთელობის პრობლემებით, არც სხვაგან მიხვიდეთ, სანთელი არ დაანთოთ იმ ვედრებით: ღმერთო, მე კარგად მამყოფე, ღმერთო, ჩემი ცოლ-შვილი იყოს ჯანმრთელი, საბანკო ანგარიშები იყოს სტაბილური – ნუ ევედრებით ასეთი ვედრებით. ეს ბუნებრივად მოხდება და გამოსწორდება, თუ ჩვენ ღმერთთან სულიერ მამაშვილობას გამოვასწორებთ, ღმერთს სულიერი თვალის ახელას, სულიერ გამოფხიზლებას შევთხოვთ...” – სქემარქიმანდრიტი იოანე (სერაპიონ ჯიშკარიანი). 

დავით გაჩეჩილაძე (საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თანამედროვე მწერალი, მხატვარი): ლომისის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია ისტორიულად უკავშირდება საქართველოში ჯალალ-ედ-დინის შემოსევას. მტერი „აღაოხრებდეს საქართველოსა, არბევდეს და ტყვე-ჰყოფდეს და სრულად ხოცდეს და არავინ იყო ნუგეშინისმცემელი მათი... გაგრძელდა ესევითარი ჭირი და ზეგარდამომავალი რისხვა ხუთისა წლისა ჟამთა“. მტერმა მაშინ არაგვის ხეობაც დაარბია და 7 000 არაგველი ტყვედ წაასხა. ტყვეებს თან მთიულეთის მთავარი სიწმინდე – გზოვანის წმიდა გიორგის ხატი წაუღიათ. გადმოცემით, ამ ძლიერ ხატს ხვარაზმელთა (ხორასნელთა) მხარე „შეუკრავს“ – დედამიწას ნაყოფი აღარ გამოუღია, ადამიანი და საქონელი გაბერწებულა... ერთი სიტყვით, ქვეყანა დაღუპვის პირას მისულა. თავზარდაცემულ სულთანს მკითხავები უხმია. მათ მოუხსენებიათ: უბედურების მიზეზი გურჯისტანის ხატიაო. საკირეში ჩააგდეთო, მყისვე უბრძანებია სულთანს. ასეც მოქცეულან, მაგრამ უვნებელი ხატი საკირიდან ამოფრენილა და იქვე, მოვლენილი თეთრი ხარის რქაზე დაბრძანებულა. ხარი და ხატი მანამ არ დაძრულან ადგილიდან, სანამ სულთანს ყველა ტყვე არ გაუთავისუფლებია. მაინც დაჰკლებიათ ერთი კოჭლი დედაკაცი, რომელიც ვიღაც ხორასნელს მოახლედ წაუყვანია. ის ქალიც სასწრაფოდ მოუძებნიათ და ხატიანი ხარიც, 7 000 ტყვედყოფილის თანხლებით, საქართველოსკენ დაძრულა. გზად, სადაც კი ხარს შეუსვენია, ხალხს ყველგან ნიში აუგია. შინ დაბრუნებული ხარი, ყველას გასაკვირად, გზოვანის მთაზე კი არ ასულა, ერთ ციცაბო ბილიკს შესდგომია. ქსნისა და არაგვის ხეობათა წყალგამყოფ ქედამდე მიუღწევია და იქ, უსულოდ დაცემულა. ხატიც იქვე დაფრენილა. ამ მთის წვერიდან არაგვამდე ხალხი ჯაჭვად გაბმულა და ტაძარი აუშენებია. რაკი ხარს ლომა ერქვა, სალოცავსაც ლომისას წმიდა გიორგი უწოდეს. ამის შემდგომ ტყვედყოფილები არაგვის ხეობაში გაფანტულან და მადლიერების ნიშნად, წმიდა გიორგის სახელზე საყდრები აუშენებიათ. იქიდან მოყოლებული, უკვე რვა საუკუნეა, სულთმოფენობის შემდგომ ოთხშაბათს, მლოცველებით – ლომისას უნჯი, ანუ, ძირძველი ყმებით ივსება ძველი საყდარი. „ღმერთო, გაუმარჯვე დიდ ლომისას წმიდა გიორგის, ხორეშანით მობრძანებულს, შვიდი ათასი ტყვის მხსნელს, ქსნისა და არაგვის თავდამყუდებელს“, – ილოცებიან მთიულნი. ქსნისა და არაგვის ერისთავებს შორის ხშირად ხდებოდა მტრობა, დაპირისპირება და სწორედ ლომისის მონასტერი იყო ის სალოცავი, სადაც ხდებოდა შერიგება, დაფიცება. ამიტომაც ის არის აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ერთიანი საქართველოს სიმბოლო. მნიშვნელოვანია ერთი მომენტიც: ჯალალ-ედ-დინიც კი არ შესულა ქსნის ხეობაში. ქსნის ხეობა არასდროს ყოფილა მტრის მიერ დაპყრობილი. ეს მხოლოდ ახლა ხდება: იქ დღეს დგას რუსეთის საოკუპაციო ჯარი, რომელსაც მიერთებული აქვს ეგრეთ წოდებული ლენინგორის რაიონი. სინამდვილეში, ეს არის ახალგორი, ქსნის ხეობა, ძირძველი ქართული მიწა. ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლურია ის ფაქტი, რომ სწორედ ამ ქედის წვერზე, რომელიც ერთგვარი წყალგამყოფი, ცაგამყოფი და ასევე, ზღვარგამყოფია ბოროტსა და კეთილს შორის, მიმდინარეობს მონასტრული ცხოვრება, მოღვაწეობენ ქართველი ბერები. ლომისის მონასტრის საძმო მთის წვერზე მლოცველი განდეგილები და საქართველოს სულიერი მესაზღვრეები არიან.

– რა ბედი ეწია წმიდა გიორგის სასწაულმოქმედ ხატს? 

– ლომისის ტაძრის ტრაპეზზე შეწირული ხატებია დასვენებული. არავინ იცის, სად არის ლომისის სასწაულთმოქმედი ხატი. შიშიანობის დროს დეკანოზებს  გადაუმალავთ და სანაცვლოდ, მისი მსგავსი ვერცხლის ხატი მოუჭედინებიათ. გადამალული ხატი ვეღარ უპოვიათ. ასლი ახლა მლეთის ეკლესიაშია დაბრძანებული. ლომისის მონასტრის მუხის კარს რკინა აქვს გადაკრული, რომელზეც თვრამეტსტრიქონიანი ხუცური წარწერა ამოუჭრიათ. ამ წარწერიდან ირკვევა კარის შემჭედი ოსტატების, პურისა და რკინის შემომწირველთა ვინაობა. წარწერა მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებს უნდა ეკუთვნოდეს. კარს ოთხ მწკრივად რგოლები დაუყვება. ღამის დარაჯი, ეკლესიაში ქურდი რომ არ შეპარულიყო, ამ რგოლებს ფეხზე აყენებდა. თუ კარს ვინმე მიადგებოდა და წვალებას დაუწყებდა, რგოლები ცვიოდა და ხმაური დაძინებულ დარაჯს აღვიძებდა. თუკი მცველი დღისით დატოვებდა ეკლესიას, რგოლებს ისე აწყობდა, რომ უკან დაბრუნებულს შეემჩნია, ვინმე ხომ არ მიჰკარებოდა ტაძრის კარს. ლომისის კარის შესახებ ასეთ ამბავს ჰყვებიან: ერთხელ მთაზე მეფის ჯარს შეუსვენია. მოშიებულ მოლაშქრეებს კერძის მოსახარშად შეშა ვერ უპოვიათ. მეთაურის ბრძანებით, ლომისის კარი ჩამოუხსნიათ, დაუპიათ და იმით დაუნთიათ ცეცხლი. უჭამიათ თუ არა, ყველა დაბრმავებულა. მეთაური ლომისას შევედრებია, თვალის ჩინი დაგვიბრუნე და ტაძარს რკინის კარს შევაბამო. ჯარს თვალი ახელია და სარდალს მადლობის ნიშნად, ეს კარი შეუბამს. 

– ლომისის  წმიდა გიორგის სახელთან კიდევ ერთი ტრადიციაა დაკავშირებული – ეკლესიაში ინახება დიდი ზომის ჯაჭვი, რომელსაც ადამიანები მხრებზე იდებენ და ასე უვლიან ეკლესიას გარშემო.  რასთან არის დაკავშირებული ეს ტრადიცია? 

– დიახ, ტაძარში ახლაც ინახება საყელურიანი დიდი რკინის ჯაჭვი. ეს საყელური ხარის შესაბმელ ჯაჭვთან არის გაიგივებული. თუმცა, რეალურად, ხარი ამხელა ჯაჭვს ვერ ატარებდა. დაახლოებით 20 კილოს იწონის და ლომისობაზე, როდესაც ბევრი ადამიანი მოდის, ისინი ერთდროულად იდებენ კისერზე. დღემდე ამ ჯაჭვს ბურდულები ფლობენ. ვისაც აღთქმა აქვს დადებული ან აღთქმის დადება უნდა, ანდა რაიმეს ევედრება წმინდანს, ამ ჯაჭვს კისერზე იდებს და ტაძარს სამგზის შემოუვლის ლოცვით. ზოგს ეს წარმართობის გადმონაშთი ჰგონია, მაგრამ ეს ასე არ არის. ეკლესია ამ ტრადიციას არც გმობს და არც ხელს უწყობს. ჯაჭვის კისერზე დადებით, წმიდა გიორგისთვის ყმობის გამოცხადების ტრადიცია საქართველოში სხვაგანაც ყოფილა გავრცელებული, მაგალითად, აწყურში. საინტერესოა, რომ პალესტინაში წმიდა გიორგის ტაძრის მოლოცვისას, თანამედროვე პილიგრიმებს სწორედ ასეთი, საყელურიანი რკინის ჯაჭვი უნახავთ. ხალხური გადმოცემით, ლომისის ჯაჭვი ბარიდან კისრით ამოუტანია ცოდვილ დადიანის ქალს. სხვა ვარიანტით, წმიდა გიორგის სასწაულებრივად უხსნია ერთი ქართველი ტყვე და მასაც მადლობის ნიშნად, ჯაჭვი, რომელიც ტყვეობაში კისერზე ედო, ლომისის მთაზე ამოუტანია. ქალაქ ლოდში წმიდა გიორგის საფლავზე მინახავს ანალოგიური ყელსაბამიანი ჯაჭვი, რომელიც წმიდა გიორგის წამებასთან არის დაკავშირებული. არსებობს ადგილები, რომელთა მოცლოვა ყოველთვის გვაძლიერებს და გვამზადებს იმისთვის, რომ ჩვენი თხოვნა უფრო კონკრეტული გავხადოთ. ერთ-ერთი ასეთი სწორედ ლომისის წმიდა გიორგის ეკლესიაა. ადრე აქ ყოფილა ლომხარას – ლომისა-მთვარისა წარმართული საკულტო ტაძარი, რომლის ადგილას შემდეგში ქრისტიანული ეკლესია აუგიათ. ლომისის მთავარმოწამეს შესთხოვდნენ ადამიანისა და საქონლის გამრავლებას, უშვილონი – შვილიერებას, დასაოჯახებლები – დაოჯახებას, ვისაც ძუძუში რძე არ ედგა, დეკანოზი-ხევისბერი ტაძრის კედლიდან კირს ჩამოფხვნიდა, წყალში გახსნიდა და მაწოვარ დედაკაცს შეასმევდა. ბავშვსაც თმას პირველად აქ სჭრიდა დეკანოზი. დღემდე ძალიან ბევრი ადამიანი მიდის ჯანმრთელობის პრობლემით და ისინი კურნებას იღებენ. 

მახსოვს, პირველად ლომისის მონასტერში 1999 წელს ვიყავი. იმ დროს არანაირი მღვდელმსახურება არ იყო. იქ პირველი წირვა ჩაატარეს მამა თეიმურაზმა და მამა ნეოფიტემ. მე, როგორც სტიქაროსანი, ისე ვმსახურებდი. შეწირვის დროს ერთ-ერთი ხელსისხლიანი, ჯუბაში ჩაცმული ადამიანი ხანჯლით შემოვარდა, ტრაპეზიდან აიღო ჯვარი: ხალხი უნდა დავაწყალობოო და გავიდა გარეთ. ეს იყო საოცარი შოკი, ტრაგედია, რადგან არაფრით არ შეიძლება ქრისტეს ტრაპეზს ერისკაცი შეეხოს. როცა უკან შემობრუნდა, ჯვარი გამოვართვით და დავდეთ ტრაპეზზე. არ გასულა დიდი ხანი, როცა განსაცდელი დაუშვა ღმერთმა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მონასტერში არ უშვებდნენ სასულიერო პირებს და დაპირისპირებაც იყო. ერთ დღესაც მოსკდა მეწყერი, რომელმაც მთლიანად დაიტანა სოფელ მლეთის მარჯვენა მხარე, მსხვერპლიც იყო. მოხდა სასწაული: ეს მეწყერი არ შეეხო ეკლესიას, გარშემო შემოუარა, თითქოს რკალი შემოარტყა და შემდეგ ჩავიდა არაგვამდე. მთლიანი ტერიტორია დაფარა, როგორც ეკლესიამდე, ასევე ეკლესიის შემდეგაც, მაგრამ თავად ეკლესიას არ შეხებია. თუმცა, კარი დაუხურა წარმართული, ხალხური ტრადიციების აღმსრულებლებს, რომლებიც ვეღარ შევიდნენ მონასტერში. ეს იყო ნიშანი და მთიულეთში ახალგაზრდა თაობამ იმძლავრა, დეკანოზები დათმობაზე წავიდნენ და ამის მერე აღდგა მონასტერში წირვა-ლოცვა. 2007 წლიდან კი იქ მუდმივად ფუნქციონირებს სამონასტრო კომპლექსი. იქ არის რამდენიმე მღვდელ-მონაზონი, ათი ბერი და რამდენიმე მორჩილი. მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი მამა სერაპიონი (ჯიშკარიანი) უწმიდესმა გამოარჩია და ბერობის უმაღლეს სასულიერო ხარისხში დიდ სქემაში აღიკვეცა, იოანე ეწოდა სახელად. სქემაში აღკვეცა ნიშნავს გაორმაგებულ ღვაწლს. ამის შესახებ ისტორიიდან არაერთი ფაქტი ვიცით. თუნდაც სქემარქიმანდრიტ ვიტალი (სიდორენკოს) ცხოვრებიდან, რომელიც მთელი ღამე უწყვეტად ლოცულობდა, რომ შეეღწია რეიგანის გულში. მას ლოცვაში ჩაეძინა და დილით მოახსენეს: ამერიკამ ჩილეში შეჭრა გადაიფიქრაო. მაშინ უთქვამს: როგორც იქნა, შევაღწიე რეიგანის გულშიო. ცნობილი დოგმაა, რომ სამ სქემმონაზვნის ლოცვას შეუძლია, დედამიწა მსოფლიო ომისგან გადაარჩინოს. დღეს, საბედნიეროდ, დედამიწაზე არიან ბერები, რომლებიც თავისი განღმრთობილობით ზეციული მოქალაქეები არიან. ასეთი იყო ბერი გაბრიელი (ურგებაძე). დავით გარეჯშიც უნახავთ მლოცველი ბერი, რომელიც ლოცვის დროს  ზემოთ იწეოდა, ცაში: მიწაზე კი არ იდგა, ამაღლებული იყო ღვთის წინაშე. ასეთი მოსაგრე ბერები ხშირად თავიანთი ღვაწლმოსილების, ღმერთშემოსილების დასაფარავად, სალოსობენ. სწორედ ასეთია სქემარქიმანდრიტი იოანე. მან ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა, ისევე, როგორც სხვების. თავიდან ცოტა არ მჯეროდა, რომ ეს კაცი შეიძლება, წმიდანი ყოფილიყო და ეჭვის თვალით ვუყურებდი. მაგრამ, როდესაც მონასტერში მივედი, ვიხილე მასთან ნუგეშის მისაღებად ჩასული უამრავი ხალხი, ზოგს მძიმე სნეულება ჰქონდა, ზოგს – თანდაყოლილი და ვუყურებდი, როგორ მუხტავდა ეს ადამიანი მათ კეთილი სიტყვით, განსწავლიდა მათ ქრისტეს მცნებებით, განკურნავდა და აძლიერებდა, ჩემი წარმოდგენები საერთოდ შეიცვალა. არ მეგონა თუ შევხვდებოდი ნამდვილ, ცოცხალ წმიდანს. მახსოვს, როგორ ჩამავლო ორივე ხელში ხელი და მითხრა: თუ გრძნობ, როგორ შემოდის შენში სითბო,  მითხარი, ყველაზე მეტად რა გაწუხებსო. გულისმიერი ლოცვა არ ვიცი, მამაო და მასწავლე-მეთქი. მე რა ვიცი, რა არის გულისმიერი ლოცვა, მოინდომე და თვითონ ისწავლიო. ვიგრძენი, როგორ წამოვიდა ხელებში სითბო, ავიდა მხარში, მხარიდან თავში, გონებაში და ღვთისმშობლის ის ლოცვა, რომელსაც ბაგეებით ვამბობდი, ვიგრძენი, როგორ ჩავიდა ყელში, იქიდან კი გულში. მარცხენა ხელიდან მაშინვე გავიდა სიცივე და გამითბა. მამაომ მკითხა: როგორ გრძნობ თავს, რამე ხმა გესმისო, – უკვე გრძნობდა ჩემს მდგომარეობას. მეც ვიგრძენი, როგორ გალობდა ჩემს გულში ამ ლოცვას ჩიტების გუნდი, ღვთიური ანგელოზები – გულიდან ისმოდა მათი გალობის ხმა. ეს ჩემთვის იმდენად გასაოცარი და მოულოდნელი იყო, რომ დიდხანს ამის შესახებ არაფერს ვყვებოდი, მით უმეტეს, საჯაროდ პირველად ვყვები. ჩემი თვალით ვნახე, მამაოს, რომელიც მძიმე პაციენტთან იჯდა და ლოცვას უკითხავდა, როგორ გაუშავდა მარჯვენა ხელი, ფერი შეეცვალა – ისინი ხომ ჩვენს ცოდვებს, ტვირთს იღებენ საკუთარ თავზე... როდესაც ეს ყველაფერი ვიხილე, მივედი არქიმანდრიტ იოანესთან და შენდობა ვთხოვე იმის გამო, რომ განვიკითხავდი. მანაც მიმტევებლურად და ღვთისმიერად მომიტევა. ასევე, მოწმე ვარ იმის, როგორ მიიღო მისი დახმარებით განკურნება მძიმე პაციენტმა, სულიერად ავადმყოფმა, შეპყრობილმა. მაგრამ, როგორც ნამდვილ სალოსებს სჩვევიათ, სქემარქიმანდრიტი იოანე ასეთ რამეს არასდროს იმჩნევს, კუთხეში გადგება ხოლმე, ან შეიძლება, ხატვა დაიწყოს, ველოსიპედზე დაჯდეს, ანუ რაღაც მოულოდნელი გააკეთოს – თითქოს ის არაფერ შუაშია.. სქემარქიმანდრიტი იოანე მინახავს ძალიან ბავშვურ, ადამიანურ სიტუაციაში. ის ჩვენი დროის ნამდვილი სალოსია. მან თავისი ბერული ღვაწლი იმით დაიმძიმა, რომ წელიწადში თითქმის 8 თვე მარტომყოფელი, განდგომილებით მცხოვრებია ლომისას მთის წვერზე. თავისი ხელით ააშენა სენაკი, სადაც დიდ დროს ატარებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მამა იოანეს ლოცვა-კურთხევით, თბილისის ზღვაზე არსებობს დედათა მონასტერი, რომლებიც იფარავენ და ზრდიან შვიდ მცირეწლოვან ბავშვს, რომელთა მშობლებს უნდოდათ, აბორტი გაეკეთებინათ ან გაეშველებინათ ისინი და დატოვეს ეკლესიაში. მათზე მზრუნველობა ლომისის წმიდა გიორგის მონასტერმა აიღო. ბავშვები „მამიკონას“ ეძახიან და მათთან ბავშვივით, თანატოლივითაა. იყო ასეთი შემთხვევაც, როდესაც მონასტერს ძვირად ღირებული ავტომობილი „ჯიპი“ შესწირეს. შემომწირველმა მანქანაში წერილი და გასაღები ჩატოვა, რომ თავად ინკოგნიტოდ დარჩენილიყო. არქიმანდრიტმა იოანემ მოძებნა და უთხრა: განა ჩვენ გვჭირდება ასეთი მდიდრული მანქანით სიარული, ეს მონასტერს არ შეშვენისო  და უკან გაატანა... მასთან ბევრი ადამიანი მიდის რჩევის, კურნების სათხოვნელად. ერთხელ არავინ მიიღო,  თქვა: ძალიან ცუდად ვარო. როცა ვკითხე, რატომ ხართ ცუდად-მეთქი, ასე მიპასუხა: ჩემი უღმერთობისა და ცოდვების გამოო. გამიკვირდა: ასეთი მლოცველი ხართ, როგორ შეიძლება უღმერთო იყოს მონაზონი. როცა ერში ამდენი უღმერთობაა, ეს ჩემი უღმერთობაც არისო – ის არის ადამიანი, რომელიც თავის ტკივილად, მინუსად აღიქვამს ჩვენი საზოგადოების ყველა ზნეს და ამით მიგვაჩნია, რომ მისი ცუდად ყოფნა ჩვენი საზოგადოების მდგომარეობით იყო გამოწვეული... ის საოცრად კეთილი და უბრალო ადამიანია, მუდმივად ვგრძნობ, როგორ ხედავს სულიერი თვალით ჩემს მდგომარეობას, ზოგჯერ სიყალბეს და მაქსიმალურად ვცდილობ, გულწრფელი ვიყო. ფაქტობრივად, ის არის სულიერი მესაზღვრე, რომელიც ლომისის მონასტრიდან იცავს ჩვენს ტერიტორიას და ზღვარს დებს ბოროტსა და კეთილს შორის.

скачать dle 11.3