რატომ არის თეა გობეჯიშვილის თორმეტი წლის ჭინკა ფრიგიდული და ვის გამო უწევდა მას ტრაგედიების გადატანა
თეა გობეჯიშვილის სახლში მისულს, მისი პატარა ძაღლი, პირველი გეგებება. ის ამ ოჯახის ნამდვილი წევრია და თავს საკმაოდ კომფორტულად და მშვიდად გრძნობს საყვარელი ადამიანების გარემოცვაში. როგორც თეამ გვითხრა, მას ცხოველების გამო ბევრი ტრაგედიის გადატანა მოუხდა და აღარ აპირებდა მათ სახლში მიყვანას. თუმცა, პატარა, ჩინური ტიტველი ჯიშის ჭინკამ, ისე შეაყვარა თავი, რომ მის გარეშე ცხოვრება ვეღარც წარმოუდგენია.
თეა გობეჯიშვილი: ცხოველებიდან, ყველაზე მეტად ძაღლი მიყვარს და მახსოვს, მთელი ბავშვობა ვოცნებობდი, დედას ვეხვეწებოდი, მიყიდე-მეთქი. ალბათ, ყველა დედა წინააღმდეგია, სახლში ბავშვთან ერთად, ძაღლიც იზრდებოდეს. თუმცა, მე სამჯერ, ხან ბავშვური ხრიკით და ხან ტყუილით, მოვახერხე და ჩუმ-ჩუმად შემოვაპარე ისინი სახლში. ზოგადად, ძალიან მიყვარს, პატარა ჯიშის ძაღლები, მათთან მეტად სათუთი დამოკიდებულებმა მაქვს და მგონია, უფრო მეტად სჭირდებათ ჩემი მზრუნველობა. შვიდი წლის ვიქნებოდი, მამას რომ გავურიგდი და დედის თანხმობის გარეშე, „იაპონკას” ჯიშის ძაღლი, სახელად „პუსკა”, სახლში მოვიყვანეთ. ის ჩემი პირველი ძაღლი იყო. ხუთი წელი ცხოვრობდა ჩვენთან და ახლაც არ ვიცი, სად წავიდა. ვფიქრობ, ჩუმად გააჩუქეს. სახლში რომ მივედი და არ დამხვდა, ძალიან ვინერვიულე. წიწილებიც მყავდა სახლში, ბებიამ თბილისობის დღესასწაულზე მიყიდა. უსაყვარელესები იყვნენ, მაგრამ რთული მოსავლელი – ოთხი დამეხოცა. მხოლოდ ერთი დამრჩა, „წიპულიას” ვეძახდი და იმას ვუვლიდი. ერთ დღეს, ეზოში ჩავიყვანე სასეირნოდ. გავიხედე, გამოვარდა კატა, ეცა და მიახრჩო. იმის მერე, მიუხედავად, ცხოველებისადმი ჩემი დიდი სიყვარულისა, კატები არ მიყვარს. დღესაც მახსოვს, რა საშინელი განცდა მქონდა, როგორ ვინერვიულე და ვიდარდე „წიპულიას” დაკარგვა. მთელი დღეები ვტიროდი. სასაფლაოც კი გავუკეთე და ხშირად დავდიოდი ჩემი გამოზრდილი წიწილის საფლავზე. ზაფხულობით კი, მამას მივყავდით რაჭაში და არ დამავიწყდება, მთელი დღე შემეძლო, საქონელთან ერთად მინდორში ვყოფილიყავი. ძროხის მოწველაც კი ვისწავლე (იცინის). ვგიჟდებოდი პატარა ხბოებზე, ჩემი ხელით ვაჭმევდი. ერთ დღესაც, ასე ვაჭმევდი და თითი შევაყოლე ბალახს. ძალიან მეტკინა, ხორცი ამძვრა თითზე, მაგრამ ამას ჩემი მათდამი დამოკიდებულება არ შეუცვლია – დღემდე მიყვარს. თბილისში კი, მყავდა, უჯიშოზე უჯიშო, მეორე ძაღლიც.
– ეს უჯიშოზე უჯიშო ძაღლი, როგორ მოხვდა შენთან? იყიდე თუ ვინმემ გაჩუქა?
– პატარა ხომ ყველა და ყველაფერი ლამაზია, ჰოდა, ეს ძაღლიც, პატარა ისეთი ლამაზი იყო, უნდა გენახათ. ჩემმა თაყვანისმცემელმა მაჩუქა, როგორც პუდელი. ეტყობა, გაბრაზებული იყო ჩემზე და შური იძია (იცინის). დღითი დღე ვატყობდი, რომ არც თმა ეზრდებოდა და არც ყურები. მოკლედ, საბოლოო ჯამში, პატარა, დაგრეხილი ძაღლი შემრჩა, რომელსაც ერქვა „პაკო”. მაწანწალა იყო, გაიპარებოდა სახლიდან და შეიძლებოდა, ერთი კვირა არ მოსულიყო. ისიც ტრაგიკულად დავკარგე. მაწანწალა, ქუჩის ძაღლებმა დაგლიჯეს და ვეღარ შევძელით მისი გადარჩენა. ეს ჩემი მესამე ტრაგედია იყო და ვფიქრობდი, აღარ ვიყოლიებ ცხოველს სახლში-მეთქი.
– თუმცა, დღეს საყვარელი, პატარა ძაღლი ცხოვრობს შენს სახლში და თუ არ ვცდები, უკვე დიდი ხანია. საიდან მოხვდა ის შენთან?
– ნიტაზე ორსულად ვიყავი. ჩემს მეგობართან მივედი სტუმრად და დავინახე ეს ძაღლი – ჩინური, ტიტველი ქოჩორას ჯიშის. მაშინვე შემიყვარდა. ვიფიქრე, ახლა ეს რომ არ წავიყვანო გადავირევი-მეთქი. ახალი დაბადებული იყო, ორი თვის და საოცარი შესახედი – ტიტველი და ქოჩორა. შეიძლება სხვა ადამიანებს, მსგავსი ჯიშის ძაღლები არ უყვართ მისი შესახედაობის გამო, მაგრამ მე ვგიჟდები ჩემს ჭინკაზე.
– სახელი „ჭინკა” შენ დაარქვი?
– არა, დაბადებიდან ჭინკა ერქვა. პასპორტიც ჰქონდა და იქ ეწერა: „ერთი ციდა ჭინკა ფრიდა”. ამხელა სახელს ხომ ვერ დავუძახებდი? ამიტომ, შევამოკლე. ჭინკას, ყველაზე მეტად, ქარის ეშინია და არ დამავიწყდება, ახალი წლის დღეები იდგა, ქარიც იყო და ქუჩაში ასაფეთქებლებს აფეთქებდნენ. ჭინკა სასეირნოდ ჩაიყვანეს, ამ აფეთქების და ქარის ხმამ დააფრთხო, გაიქცა და დაიკარგა. ბევრი უძებნიათ, რომ ვერ ნახეს, მე სტუდიაში ვიყავი და დამირეკეს. გამოვვარდი გიჟივით, თან ბნელდებოდა, ქარი იყო და ძალიან ციოდა. ჭინკას კი სიბნელისაც ეშინია, ქარისაც და თან, ბეწვიც არ აქვს, გაიყინებოდა. ეს რომ წარმოვიდგინე, სულ გადავედი ჭკუიდან. მაშინ, ქავთარაძეზე ვცხოვრობდი. კორპუს-კორპუს დავრბოდი და ვყვიროდი: „ჭინკააა, ჭინკააა!“. კორპუსებიდან ხალხი გადმოდგა, ეს გოგო ხომ არ გაგიჟდა, ამ ღამით რომ დარბის ქუჩაში და ჭინკებს უხმობსო. მოკლედ, ვერ ვიპოვეთ ჭინკა. დავურეკე ჩემს მეგობარს, ვინც მაჩუქა და ვკითხე, რა გავაკეთო-მეთქი. დამამშვიდა, ნუ გეშინია, ნუ ნერვიულობ, ჭინკა არსად გაიყინება. ამ ჯიშის ძაღლები, სადაც ღია კარს ნახავენ, იქ ძვრებიანო. ეს დამამშვიდებდა? გავაგრძელე ნერვიულობა და წარმოვიდგინე, რომ სცივა, მე მელოდება, საცოდავად კანკალებს გაყინილი ქუჩაში და... გავიხედე, ღამის პირველ საათზე, კარზე კაკუნია. ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა და გვითხრა, სტუმრებს ვაცილებდი, კარი რომ გავაღე, ძაღლი შემოვარდა, საწოლის ქვეშ შევარდა და ვერაფრით გამოგვყავს იქიდან. იღრინება და, რომ გავიკითხეთ, ვის ჰყავს უბანში ასეთი ძაღლიო, თქვენთან მოგვასწავლესო. გავყევი, იმ ბიჭს და მართლაც, ჭინკა აღმოჩნდა საწოლის ქვეშ.
– წარმომიდგენია, რომ დაგინახა, რა დღეში ჩავარდა.
– რომ დამინახა, გამოვარდა საწოლის ქვემოდან, გახარებული მომახტა, მლოკა და მლოკა. ვერ გეტყვით, რა ემოცია გვქონდა, ხან ვტიროდით და ხან ვიცინოდით (იცინის).
– რამდენი წელია, რაც ჭინკა შენს გვერდითაა?
– უკვე მეთორმეტე წელი დაიწყო, რაც ჭინკა და მე ერთად ვცხოვრობთ. ჯერ ჭინკა შემოვიდა სახლში და მერე შემეძინა ნიტა. ჭინკამ ნიტაზე იეჭვიანა და წლები არ აღიარებდა მას, როგორც ოჯახის წევრს. ყველას, ვინც სტუმრად მოდის, სიხარულით ხვდება და ნიტას გამო, არასდროს გამოუხატავს მსგავსი რამ.
– ნიკას, შენს მეუღლეს, როგორ ხვდება? მასზე არ ეჭვიანობს?
– მე და ნიკა, საღამოს, რომ „ჩავსხდებით” ტელევიზორის საყურებლად, ჭინკა მორბის და შუაში „ეკვეტება” (იცინის). თუ ქარია, გამორბის თავისი ოთახიდან და ჩვენს საძინებელში შემორბის. ნიკა რომ აძლევდეს უფლებას, საწოლშიც ჩაგვიწვებოდა (იცინის). ახლა დიდია და გვიჯერებს. ერთი წლის რომ იყო, ძალიან ცელქობდა, ყველაფერი დაჭამა – არ დაგვიტოვა, ჩუსტი, „ბასანოშკი”, ჩექმა, რომ აღარაფერი ვთქვათ, ხის ავეჯზე. ყველაფერი მაღლა გვეწყო, რომ არ მისწვდომოდა და არ დაეგლიჯა და დაეღრღნა. ბოლოს, გადავაჩვიეთ. დღეს, ჭკვიანი გოგოა და არაფერს აფუჭებს. თუმცა, მარტო ყოფნა არ უყვარს და მაშინ ცოტას ცელქობს. ჭინკა სახლის ძაღლია, არ უყვარს გარეთ, ქუჩაში სეირნობა. როგორც კი გარეთ გამყავს, დისკომფორტს განიცდის. სახლში კი მყუდროდ გრძნობს თავს, აქ მისი გარემოა. ჩასაცმელებიც ვუყიდე, მაგრამ არ უყვარს ჩაცმა. ჟილეტიც მოვუქსოვე, მაგრამ ჩაცმა არ სიამოვნებს და ამიტომ, არ ვაცმევ. არც ბანტს ვუკეთებ თმაზე, არ მოსწონს. ძალიან მსუნაგია და საზამთროდან დაწყებული, მზესუმზირით დამთავრებული ყველაფერის ჭამა უყვარს, მაგრამ მარტო თავის საჭმელს ვაჭმევ. იშვიათად, დანამატის სახით, ცოტა ხილით ვანებივრებ (იცინის).
– დასასვენებლად რომ მიდიხარ, ჭინკაც თან დაგყავს?
– ორჯერ წავიყვანე დასასვენებლად და მივხვდი, ძალიან შეწუხდა უცხო ხალხის გარემოცვაში. ძალიან მშიშარაა ჭინკა და სხვაგან, დასასვენებლად ყოფნას, სახლში დარჩენა ურჩევნია, თავისი ტერიტორია უყვარს.
– ამბობენ, ცხოველები, დროთა განმავლობაში, თავის პატრონებს ემსგავსებიანო. შენ თუ ამჩნევ რაიმე მსგავებას?
– კი, ეს სიმართლეა, ცხოველები თავის პატრონებს, ნამდვილად ემსგავსებიან და ჭინკაც მე მგავს. ყველაფერში ზომიერია, ზუსტად იცის, რომელ ადამიანთან გამოხატოს სიხარული, ვის მოერიდოს. ძალიან მოსიყვარულე და ერთგულია. ასევე, ყურადღებიანია. როცა ცუდ ხასიათზე, ან დაღლილი ვარ და ვერ ამიყოლიებს თამაშში, ზუსტად იგივე ხასიათით მომიჯდება გვერდით და არ შემაწუხებს. ჭინკა, ჩემსავით გრძნობს ადამიანის განწყობას და შესაბამისად რეაგირებს. გარეგნობითაც, მგონი, მგავს.
– გარეგნობის მსგავსებაში რას გულისხმობ?
– რაც თმა შევიჭერი, ჭინკა და მე ერთმანეთს დავემსგავსეთ (იცინის).
– ჭინკა „გოგონაა,” ალბათ, ბევრი თაყვანისმცემელიც ეყოლება, არა?
– ბევრი თაყვანისმცემელი კი ჰყავდა, მაგრამ, თავად არ მოინდომა მათთან რომანების გაბმა. ერთი სახლშიც კი აკითხავდა, მაგრამ არც გაიცნო და არც ახლოს მიიკარა. რომ მივხვდით, ჭინკა უკვე დიდია და საჭირო იყო მისთვის „კავალერი”, ჩავებით ამ საქმეში. ხუთჯერ შევახვედრეთ „სასიძოს”, მაგრამ არაფრის დიდებით, არ ისურვა გათხოვება – დარჩა შინაბერა. რომ მიმყავდა „სასიძოსთან”, დედაჩემმა იფიქრა, ახლა ეს შეჯვარდება, მერე თეა მის ლეკვებს ვერ შეელევა, მათაც სახლში დაიტოვებსო, და, მოკლედ, წინააღმდეგი იყო ჭინკას გათხოვების. ერთხელ უშედეგოდ დასრულდა მისი „გათხოვების” ამბავი, მეორედაც ასე, მესამედაც და შევწუხდი. სახლში პრეტენზია რომ გამოვთქვი, ეს რა ფრიგიდული ძაღლია-მეთქი, დედაჩემმა მითხრა: ხომ გეუბნებოდი, ჩვენი ჭინკა ეგეთი არ არისო (იცინის). ასე გაამართლა დედამ, ჭინკას ფრიგიდულობა და დღემდე, ასე, შინაბერად დაგვრჩა ჩვენი ქოჩორა გოგო სახლში.