რა ეხმარება სოფია სებისკვერაძეს იმაში, რომ პატარა გოგოსავით გამოიყურებოდეს და რატომ არის მისთვის სიყვარული არცთუ ისე სასიამოვნო
ახალგაზრდა მსახიობს, სოფია სებისკვერაძეს საზოგადოება იცნობს ძირითადად, ფილმებიდან – „ჭამა და სექსი“ და „მამაჩემის გერლფრენდი“.
ხშირად უსვამენ ხაზს მის მიერ შესრულებულ თამამ როლებს, თუმცა თავად მიიჩნევს, რომ აქ, სითამამე არაფერ შუაშია და ამ მხრივ კინოსივრცეში ისეთი არაფერი გაუკეთებია.
ისევე, როგორც ყველა ცნობილი და წარმატებული ადამიანის შემთხვევაში, სოფიას ცხოვრებისადმიც ინტერესი დიდია. ამიტომ, დღეს ის ჩვენი რესპონდენტია და მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ დასმულ კითხვებზე გვიპასუხებს.
– დიდი ხნის ურთიერთობა გაკავშირებდათ გიორგი ლიფონავასთან. რა გახდა თქვენი განშორების მიზეზი?
– ალბათ, დავიღალეთ. მე დავიღალე და, ალბათ, ისიც.
– ერთად ყოფნისას, ამბობდით, რომ ძალიან ბედნიერი იყავით. რა შეიცვალა შემდეგ?
– ნებისმიერი ურთიერთობა მოსაბეზრებელია, როცა არ ვითარდება. ალბათ, ეს იყო მიზეზი. აღარ მინდა ამ თემაზე საუბარი.
– ახლა როგორი ურთიერთობა გაქვთ?
– ჩვეულებრივი.
– ამჟამად რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში?
– სიმშვიდეა და ძალიან მომწონს. არავიზე არ ვარ დამოკიდებული. სიყვარული სისუსტეა და არც ისე სასიამოვნო, როცა მხოლოდ ერთ ასპექტს მოიცავს. დამღლელიც ყოფილა. თუ ვერ განაზოგადებ და გაშლი, პიროვნულად ვერ განვითარდები.
– ახალგაზრდა დედა ხართ, როგორ ართმევთ თავს ამ მოვალეობას?
– მარი უკვე დიდი გოგოა. დედობას მარტო ვართმევ თავს. თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობენ ადამიანები, ვინც მეხმარებიან. თვითონ მარიც მეხმარება.
– თქვენი თაყვანისმცემლებისადმი როგორი დამოკიდებულება აქვს?
– ისე იღებს, როგორც საჭიროა. ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ. გააჩნია, რას გულისხმობთ? თუ ვინმე მაწუხებს, თვითონვე ვუმკლავდები. ისე კი, სასიამოვნოა, თუ ვინმეს მოსწონხარ. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ხარ ან რა პროფესიის. ზოგადად, ადამიანებს უნდა შეგვეძლოს იმის აღნიშვნა, რაც მოგვწონს.
– თქვენ მიერ შესრულებულ როლებზე რას ამბობს?
– შენიშვნებს ვიღებ და ვითვალისწინებ. არა მხოლოდ მარისგან, ზოგადად, მიყვარს გულწრფელი შენიშვნები.
– შვილი საოჯახო საქმეებში თუ გეხმარებათ?
– მეხმარება, თუ უნდა.
– როგორც ვიცი, ახალ სახლში გადახვედით.
– კი. ერთი კვირაა.
– ხშირად აღნიშნავენ, რომ ასაკით გაცილებით პატარას ჰგავხართ, ვიდრე ხართ. ამისთვის რაიმე განსაკუთრებულ ხერხებს მიმართავთ?
– არანაირს. მხოლოდ ვცდილობ, განწყობის თეორია ჩავრთო, რადგან ვფიქრობ, განწყობა უპირველესია, ზოგადად, ყველაფერში. სულ ეს არის. არაა რთული, მაგრამ არც მარტივია.
– დიდი ხნის განმავლობაში ქერას იმიჯი გქონდათ. ახლა რატომ შეიცვალეთ თმის ფერი?
– თმის ფერს ხშირად ვიცვლი. ხან – გადაღებების გამოც. მაგრამ, ამჯერად, ჩემი სურვილია. თეატრიდან სექტემბრამდე შვებულება მაქვს და ეს ერთი თვე გამოვიყენე.
– კარიერაზე გადავიდეთ. საკმაოდ თამამი კინოროლებით გიცნობთ საზოგადოება. აღნიშნავთ, რომ ცხოვრებაში ასეთი არ ხართ. როგორია სინამდვილეში სოფია სებისკვერაძე?
– სულ მიკვირს, რა გავაკეთე ასეთი თამამი კინოსივრცეში?! სულ რამდენიმე კინოროლი ვითამაშე – ვფიქრობ, სითამამე აქ არაფერ შუაშია. მე ასე მესმის. ცხოვრებაში, ალბათ, გაცილებით თამამი ვარ, სულ რაღაცეებს ვაპროტესტებ.
– ერთ-ერთ სპექტაკლში მხოლოდ ტრუსებით გამოხვედით, რასაც უარყოფითი შეფასებები მოჰყვა.
– სხვათა შორის, არ მოჰყოლია უარყოფითი შეფასება. პირიქით. რატომღაც, ქართველები, ხშირ შემთხვევაში, სწორად იგებენ სცენაზე სიშიშვლის დანიშნულებას. ალბათ იმიტომ, რომ სცენა უფრო აკადემიურია. მათთვიის პირველი პრეცედენტი იყო სპექტაკლი „ტრუსები“, სადაც მე გავიხადე. სხვაგან ვერსად იპოვით შიშველ სოფიას.
– თავს კომფორტულად თეატრში უფრო გრძნობთ თუ კინოში?
– სულ მეღიმება ამ კითხვაზე. რა თქმა უნდა, ორივე მიყვარს. თან, კამერასთან მუშაობა მომენატრა. ორივე რთული და საინტერესოა. ჩემი გული მხოლოდ მათ ეკუთვნის: კინო და სცენა – აი, ეს არის ჩემთვის ჭეშმარიტი სიყვარული.
– სიახლეები თუ გაქვთ... კონკრეტული პროექტები?
– ტელესივრცეში – არაფერი, უფრო – თეატრში. სექტემბერში ახალ პრემიერას ნახავთ და ოქტომბერში ესტონეთში მივდივართ ფესტივალზე სპექტაკლ „ტრუსებით“. ახალ წლამდე კიდევ ორ პრემიერას ვითამაშებ და მიხარია, რომ ახმეტელის თეატრს ახალი, ახალგაზრდა სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს – ირაკლი გოგია და დაეტყო კიდეც თეატრს. ბევრ საინტერესო პროექტს ნახავთ.
– საოცნებო როლი თუ გაქვთ?
– ბავშვობაში სონია მარმალადოვა, ანასტასია ფილიპოვნა, რემედიოსი და ლირის მასხარა იყო ჩემი საოცნებო როლები. თამამი ბავშვი ვიყავი. ახლა, ამ მხრივ, თავმდაბლობას ვიჩენ. კლასიკური და არაკლასიკური როლები გაცილებით საინტერესო გახდა ჩემთვის. ალბათ, გავიზარდე, დიდი გოგო ვარ უკვე.
– სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
– სამომავლო გეგმები თეატრს უკავშირდება, რაზეც ზემოთ უკვე გეხუმრეთ. სხვა ჯერ მეც არ ვიცი. ალბათ, კინოსფეროშიც იქნება სიახლეები მომავალში. ვნახოთ.