რა გაუგებრობაში აღმოაჩინა რეპერი მასტერი საკუთარმა ფსევდონიმმა და რატომ აუტყდა პატრულს სიცილი მის დანახვაზე
რეპერი მასტერი, ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევს და რაც შეიძლება, ბევრს მუშაობს. ჩვენს რესპონდენტს უამრავი გულშემატკივარი და თაყვანისმცემელი ჰყავს. ინტერნეტში განთავსებულ მის ვიდეონამუშევარს, დადებიდან სულ რაღაც რამდენიმე საათში, ათასობით ნახვა და მოწონება აქვს. როგორც თავად აღნიშნავს, მსმენელის სიყვარული მას სტიმულს აძლევს და აწერინებს ახალ-ახალ სიმღერებს.
– მგონი, ყველაზე აქტიურად შენ მუშაობ, თვეში ერთხელ კლიპს იღებ.
– იმდენი კლიპი გადავიღე, „ვიდეოკარტამაც” კი ვერ გაუძლო. ამ წელს უკვე დაახლოებით 10 კლიპი მაქვს გადაღებული და აქედან, 7 „იუთუბიზეა” ატვირთული. ტელევიზიებში აღარც მიმაქვს, ჯერ ერთი ჩარჩოები არ მსიამოვნებს, მეორეც, ბევრი უარი მაქვს მიღებული და გული ამიცრუვდა მართლა.
– სამაგიეროდ, ინტერნეტში ძალიან ბევრი ნახვა და მოწონება აქვს შენს ნამუშევარს.
– იმ დღეს „ჩიხურას” თამაშზე ვიყავი და იმდენი ადამიანი მოვიდა ჩემთან, მართლა არ მჯეროდა, ამდენი ხალხის სიყვარული თუ შევძელი. ჩემთვის მთავარი ეს არის.
– სულ მუშაობ...
– იცი რა, სულ მეჩქარება, სულ მინდა, რომ ბევრი გავაკეთო. მარტო მატერიალური თემაა, რაც ცოტა მაჩერებს. სულ ვამბობ, კიდევ კარგი ძალიან ბევრი ფული არ მაქვს, თორემ მერე რა მეშველებოდა-მეთქი.
– ზაფხულია და ამ პერიოდში კონცერტებიც ხშირად იგეგმება. თუ იღებ მონაწილეობას?
– არ მირეკავენ, არ ვიცი, რატომ ვარ დათარსული? სამ თვეში ერთხელ თუ სადმე გამოვალ, ეს რა არის. ისევ მე თუ გავაკეთებ ტურნეს, რაც, ჩემი აზრით, აუცილებელია. ხალხი ითხოვს და საჭიროც არის. ეს ყველაფერი თანხებთან არის დაკავშირებული და ვნახოთ. უფასო რომ არ იქნება კონცერტი, ეს ნამდვილად ვიცი. სიმბოლურად, 5 ლარი ეღირება და საქართველოს სხვადასხვა ქალაქს ვეწვევით.
– „კაზანტიპზე“ მიდიხარ?
– არა. იქით რომ იყო მომწონდა, აქეთ კი თითქოს ვერ აღვიქვამ. როგორც მუსიკალურ ფესტივალს არასდროს ვუყურებდი სერიოზულად, რადგან ელექტრონულ მუსიკას საერთოდ არ ვუსმენ, ძალიან შორს ვარ მისგან. ჩემი მეგობრები დადიოდნენ უკრაინაში და კმაყოფილები იყვნენ, კარგად ერთობოდნენ. პრინციპში, ძალიან კარგი, სულ ქართველმა ბიჭებმა ხომ არ უნდა იარონ უკრაინაში? ახლა უკრაინელი გოგონები ჩამოვიდნენ ჩვენთან.
– ამერიკაში სწავლობდი და რაღაც პერიოდი, იქ ცხოვრობდი. ხომ არ გეგმავ ისევ წასვლას?
– ვერ დავკონკრეტდები, რადგან ზუსტად არ ვიცი. ერთი პროექტია, რომელშიც, სავარაუდოდ, მონაწილეობას მივიღებ. სექტემბრის ბოლოს წავალ ალბათ, 3-4 თვით.
– გოგონები თუ გაძლევენ იმის სტიმულს, რომ ახალ-ახალი სიმღერები შექმნა?
– კი, რა თქმა უნდა. ფიზიკურად ვეღარ ავუდივარ ყველა წერილის წაკითხვას, „ფეისბუქზე” იმდენი გამოხმაურება მაქვს. საკუთარ თავს ისიც ვუთხარი, თავში ხომ არ აგივარდა ამდენი წერილი რომ მოგდის-მეთქი. ადრე ვახერხებდი ყველასთვის მეპასუხა, მაგრამ ახლა უკვე ფიზიკურად შეუძლებელია. კვირაში დაახლოებით 400-მდე წერილი მომდის. ყველაზე მეტად არ მიყვარს, როცა მწერენ, დაგინახე და ვერ მოვედიო. სულ იმას ვამბობ, მოდით, როცა დამინახავთ, ნუ გრცხვენიათ-მეთქი. ჩემი მეგობრებიც აღნიშნავენ, რომ ძალიან უშუალო ვარ. 8-9 წლის ბავშვები რომ მოდიან, მათაც კი ველაპარაკები. ერთხელ მეთერთმეტეკლასელი ბიჭები მოვიდნენ ჩემთან და გამომელაპარაკნენ. ისე გამოვკითხე ყველაფერი, ბოლოს დაიბნენ, ხომ არ ვიცნობთ ერთმანეთსო. როგორც კი დამიძახებენ, მასტერ, რავა ხარო, უყურადღებოდ არ ვტოვებ მათ. მივალ, გადავკოცნი და მოვიკითხავ. ზრდასრული ტიპი რომ გაგაჩერებს და გეტყვის: რა მაგარი ტიპი ხარო, – მაგის არ დაფასება არ შეიძლება. ერთად ვიღებთ ფოტოებს და ხშირად მიგზავნიან. ისეთი შემთხვევაც ყოფილა, მე გამიგზავნია. ერთხელ, მაგალითად, შუქნიშანთან მანქანა ამომიდგა გვერდით და ბიჭმა დამიძახა: აუ, ფოტო გადავიღოთ რა ერთადო. ამ დროს თურმე ტელეფონი დამჯდარი ჰქონია. რა პრობლემაა, ჩემით გადავიღოთ-მეთქი და მერე გადავუგზავნე. ერთხელ მანქანით ველოდებოდი მეგობარს, ღამის სამი საათი იყო და უკან, პატრულის მანქანა მომადგა. რომ გადმოვიდა, მივხვდი, რომ საბუთები უნდა შეემოწმებინა. დამინახა და სიცილი დაიწყო. ჯერ ვერ მივხვდი, რატომ იცინოდა. მერე ვკითხე, მიცანი-მეთქი? აბა არ გიცანიო? ჩემი სიმღერებიც ჰქონდა. ძალიან მაგარი იყო. მერე ფოტოც გადავიღეთ ერთად.
– ანუ, პატრულიც გისმენს და მათთანაც მეგობრობ.
– კი, რა თქმა უნდა. მას რომ უბრალოდ ვეცანი და არაფერი ეთქვა, ის დღეს ჩემი ძმაკაცი არ იქნებოდა. მართლა დავძმაკაცდით. ერთხელ მომწერეს, გუშინ ფეხბურთის მატჩზე ჩემს უკან იჯექი, მაგარი კაცი ხარ, შემოგევლეო. ძალიან გავბრაზდი, აქ რომ მწერ, მაშინ შემოტრიალებულიყავი და ხელი ჩამოგერთმია, ჩაგეხუტებოდი და რა იცი, იქნებ დავძმაკაცებულიყავით კიდეც-მეთქი. ლამის „მაიკაზე” დავიწერო: არ ტეხავს, მოდით. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ მსმენელთან მთელ ქართულ შოუ-ბიზნესში ყველაზე ახლოს მე ვარ.
– და შენ ამბობ კიდევ, თავში ამივარდაო?
– არა, უბრალოდ, პასუხებს რომ ვერ ვწერ ყველას, ეს მიტყდება.
– ძალიან ბევრი სიმღერა გაქვს დაწერილი, რაც წარმოუდგენელიც კია, რაღაც მომენტში. „გაჭედვის” შეგრძნება არასდროს გქონია?
– ჯერჯერობით ამის საშიშრობა არ მაქვს. ჩემი რეპერი ძმაკაცები მეღადავებიან, მასტერს სიმღერაზე მეტი კლიპი აქვსო. ყველა სიმღერა შვილივითაა. უკლიპო სიმღერა კი ჩემთვის იგივეა, შვილი სკოლაში რომ არ შეიყვანო და განვითარების საშუალება არ მისცე.
– მუსიკას და ტექსტს თავად წერ?
– არა მხოლოდ მუსიკა და ტექსტია ჩემი, რეჟისორიც მე ვარ, სცენარისტიც, ხმის რეჟისორიც და სხვა დანარჩენიც, რაც ამ ყველაფერს სჭირდება. ჩემი სიმღერები მრავლდებიან და მრავლდებიან და მათ საკვებივით ვაძლევ მსმენელს. ეს ყველაფერი სიყვარულზეა აგებული, არანაირი მატერიალური მოგება არ მაქვს. ჯიბიდან მხოლოდ გადის და არ შემოდის. სიმღერამ ძალიან ბევრი მეგობარი შემძინა. ერთხელ გოგო მომეწონა და მისი მანქანის ნომერს ფოტო გადავუღე. ეს ფოტო ჩემს ოფიციალურ გვერდზე ავტვირთე. ვიკითხე, ვინმე ხომ არ იცნობდა ამ მანქანის პატრონს. ვერ წარმოიდგენ, რა მოხდა. ყველაფერი მომწერეს: ტელეფონის ნომერი, მისამართი, ერთმა მომწერა ჩემი ჯგუფელიაო. ისიც მომწერეს 3 წელია, საქმრო ჰყავს და თავი დაანებე მის ძებნასო.
– რეპერებს, ზოგადად, ცხოვრების განსხვავებული წესი აქვთ. შენ კი მათ არ ჰგავხარ. არ ეწევი, არ სვამ, ცხოვრობ ჯანსაღად.
– სიგარეტსაც კი არ ვეწევი და სხვებსაც მოვუწოდებ მომბაძონ. დალევითაც შეიძლება, 3 თვეში ერთხელ დავლიო. არც ნარკოტიკებთან მქონია ახლო დამოკიდებულება, არც ვთამაშობ. უამრავი ადამიანი მწერს: იცი რა, მე რეპს არ ვუსმენ, მაგრამ შენი სიმღერები მომწონსო. რეპს რომ არ უსმენენ, ეგ არ მომწონს, მაგრამ ის რომ, მე მაინც ვაწონებ ამ ჟანრს, ეს მართლა სასიამოვნოა.
– ალბათ, შენი ფსევდონიმიდან გამომდინარე, გაურკვევლობაშიც აღმოჩენილხარ. როცა ტელევიზორში გამოაცხადეს კანონიერ ქურდთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაცია, რომლის ფსევდონიმიც მასტერაა, შენი მსმენელი, ალბათ, ცოტა ხნით მაინც დაიბნა და შენ ეგონე.
– კი, ასე იყო. მწერდნენ, რა ხდება, მასტერ, ხომ მშვიდობააო. თან, მგონი, ბევრ თემაშია, ისე ხშირად ლაპარაკობენ მასზე. ჩემსავით აქტიურია, მე ჩემს საქმეში, ის თავის საქმეში.