კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ამშობიარა პატრულ-ინსპექტორმა ქალი და რა ბედი ეწია პატრულის მიერ ნაპოვნ მილიონებს

გადავწყვიტეთ, მკითხველისთვის რამდენიმე შემთხვევის შესახებ მოგვეთხრო, რომლის მთავარი გმირები საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან. ადამიანები, რომლებიც ექსტრემალურ სიტუაციაში საკუთარ სიცოცხლეზე არ ფიქრობენ, მაგრამ სხვის გადარჩენაზე ყოველთვის ზრუნავენ, მართალია, საინტერესო ისტორიები ძალიან ბევრია, თუმცა ამჯერად ხუთ ეპიზოდს წარმოგიდგენთ.

ნიკოლოზ ხარშილაძე (პატრულ-ინსპექტორი): ეს ისტორია 2013 წლის 14 სექტემბერს, მარჯანიშვილის მეტროს ტერიტორიაზე, დაახლოებით 23:30 წუთზე მოხდა. მეტროს გამოსასვლელ კართან ვიდექი, როცა ძირს დადებული საკმაოდ მოზრდილი ხელჩანთა შევნიშნე. თავიდან ყურადღება არ მივაქციე, რადგან იქვე, ორი უცხოელი იდგა და მათი მეგონა. წასვლა რომ დააპირეს, ვუთხარი ხელჩანთა გრჩებათ-მეთქი, მაგრამ ჩვენი არ არისო და წავიდნენ. ავიღე ხელჩანთა და შიგნით შემოვიტანე, შესაბამისი რეაგირება რომ მომეხდინა. გავხსენი და შიგ უამრავი ფული იყო. 2 მილიონ 189 000 აშშ დოლარის საბანკო ჩეკი, 152 720 ერაყული დინარი, 160 ლარი, პასპორტი და სასტუმროს სავიზიტო ბარათი. დავრეკე და ვიკითხე მათი სასტუმროთი ხომ არ სარგებლობდა ეს პიროვნება. ასეც აღმოჩნდა. დამაკავშირეს და ნახევარ საათში უკვე დაბრუნებულიც ჰქონდა კუთვნილი თანხა. გაკვირვებული იყო, ვერ იჯერებდა, რომ დაკარგული ფული დავუბრუნეთ, მაშინვე გადათვალა. გაგიჟდა, ძალიან მაგარი პოლიციელები გყავთ, ერაყში ამას არავინ იზამდაო. იქ აქეთ გართმევენ და უკან ვინ დაგიბრუნებსო. აი, ასეთი ამბავი გადამხდა თავს, რომლის შემდეგაც ცნობილი პიროვნება გავხდი. ჩემი ისტორია კი არის გამორჩეული, მაგრამ ჩვენი ბიჭები ყოველდღიურად უამრავ კარგ საქმეს აკეთებენ. ყველა ძალიან გმირულად იქცევა.

კახა მამნიაშვილი (პატრულ-ინსპექტორი):

– უცნაური ისტორია გადაგხდათ, ქალს მშობიარობაში დაეხმარეთ და თქვენი დახმარებით ოჯახს ახალი წევრი შეემატა. 

– ქალი კი ვამშობიარეთ, მაგრამ ცუდი ის არის, რომ არც სახელი მახსოვს მისი და არც გვარი. ეს ამბავი სანაპიროზე მოხდა. მანქანა მოდიოდა და ფარებით გვანიშნეს, რომ გავჩერებულიყავით. რომ გავჩერდით, გადმოხტა კაცი და მიშველეთ ჩემი ცოლი მშობიარობს, სამშობიარომდე მიყვანას ვეღარ ვასწრებო. რაღას ვიზამდით, მშობიარობა დაწყებული ჰქონდა. სასწრაფო დახმარება რომ მოვიდა, ჩვენ უკვე ნამშობიარები დავახვედრეთ ეს ქალბატონი. ოთხი გოგოს დედას მეხუთე ბიჭი გაუჩნდა. 

– ექიმი არ ხართ და ალბათ, თქვენთვისაც სტრესი იყო ქალის მშობიარობაში მონაწილეობის მიღება. არ შეგეშინდათ?

– პირველი შემთხვევა კი იყო ჩემთვის ქალის მშობიარობა, მაგრამ რატომ უნდა შემშინებოდა? ადამიანს როცა უჭირს უნდა დაეხმარო. ბავშვი გაჩნდა, დავაწვინეთ დედას მუცელზე, გადავაფარეთ პლედი და სასწრაფოც მოვიდა. გამოცდილება უკვე მაქვს, ასე რომ მეან-გინეკოლოგადაც შემიძლია ვიმუშაო. 

ლაშა ბრეგვაძე (პატრულ-ინსპექტორი): შეტყობინება მივიღეთ, რომ გაგუას კლინიკის მე-6 სართულზე ხანძარი იყო. დერეფანში არ ჩანდა და რეანიმაციის კარი რომ გაიღო, შავი კვამლი გამოვარდა. ექთნები ყვიროდნენ, შიგნით პაციენტები არიან და გვიშველეთო. რა თქმა უნდა, დავიწყეთ მათი გამოყვანა, მაგრამ ყველაზე რთული ის იყო, რომ საერთოდ არაფრის გარეშე მოგვიწია ხალხის გამოყვანა. ფანჯრებიც ვერ გავაღეთ, ყველა პალატაში შევდიოდით და ისე გამოგვყავდა პაციენტები. ხილვადობა აღარ იყო, ამიტომ ხმაზე მივდიოდით – ზოგი აბრახუნებდა, ზოგი გვეძახდა, ზოგი ყვიროდა. მოკლედ, წვეთოვნებით, ეტლებით, ზოგიც კი ხელით გამოგვყავდა. თან, საავადმყოფოს თანამშრომლებს ვეუბნებოდი, პაციენტები დათვალეთ, ვინმე არ დარჩეს შიგნით-მეთქი. ძალიან შავი კვამლი იყო და ფაქტობრივად, დაბლა ხოხიალი გვიწევდა, ვერაფერს ვერ ვხედავდით. სახანძრო რომ მოვიდა, ჩვენ უკვე 10-11 ადამიანი გამოყვანილი გვყავდა. სანამ მათ გარედან კიბე მოადგეს, ჩვენ გაქაფულ მუშაობაში ვიყავით და დროს არ ვკარგავდით. მეხანძრეები მოგვეშველნენ და აირწინაღებით და სხვა აღჭურვილობით შევიდნენ ჩვენგან განსხვავებით. ჩვენ მართლა შიშველი ხელებით შევვარდით და ვინც გამოგვყავდა, დერეფანში ერთ ადგილზე ვათავსებდით. ჩვენი მიზანი იყო, რაც შეიძლება, მეტი ადამიანი გადაგვერჩინა. ეს ჩვენი ვალი და სამსახურია. 

მიშა პაპუნაშვილი (პატრულ-ინსპექტორი):

– მოხუცი მეთევზე სიკვდილს გადაარჩინეთ. როგორ გაიხსენებთ ამ დღეს?

– გამოძახება იყო, რომ მოქალაქე წყლიდან ვერ გამოდიოდა. რომ მივედით, ჯებირიდან დავინახეთ, რომ მოხუცი მამაკაცი წყალში იდგა. სანამ რეაგირებას მოვახდენდით, ერთი ნაბიჯი გადმოდგა და წყლის სიღრმეში ჩავარდა. მე და ჩემი მეწყვილე ჯებირს იქით გადავხტით და მას დავედევნეთ. დეტალურად მართლა აღარ მახსოვს, რადგან ძალიან ექსტრემალურ სიტუაციაში აღმოვჩნდით. რაღაცნაირად ამოვიყვანეთ და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა.

– იმ მომენტში თქვენს სიცოცხლესაც ემუქრებოდა საფრთხე.

– სიმართლე გითხრათ, იმ მომენტში იმაზე ნამდვილად არ მიფიქრია, ჩავიდე თუ არა წყალში-მეთქი. ჩემთვის და ნებისმიერი ჩემი კოლეგისთვის, მთავარია, საჭირო დროს დახმარება გავუწიოთ ადამიანს. ექსტრემალურ სიტუაციაში, იმაზე არ ვფიქრობ, რამე ხომ არ მომივა. ამისთვის დრო არ გრჩება. ყოველ წამს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. 

ლევან კენჭაძე (პატრულ-ინსპექტორი): 25 იანვარი იყო, ყინავდა. ბათუმის შესასვლელთან ბარცხანის დასახლებაა. ახალგაზრდა ბიჭმა შეყვარებულს დაურეკა, ბარცხანაში გადმოდი უნდა გნახოო. გოგონამ უარი უთხრა. მაშინ თავს მოვიკლავო, მაგრამ ვერც ამით დაითანხმა გამოსვლაზე. ჯანდაბამდე გზა გქონიაო, უპასუხა გოგონამ. ეს ბიჭი მახინჯაურში, რკინიგზის სადგურამდე გამოვიდა და ზღვაში შესვლა გადაწყვიტა თავის დასახრჩობად. მანამადე კი, 112-ზე დარეკა და ოპერატორს უთხრა, მაქვს თავის მოკვლის მიზეზი, ვარ ამა და ამ ადგილასო. ეს შეტყობინება რომ მივიღეთ, წავედით მის გადასარჩენად. უკვე სიბნელე იყო და ზღვის ნაპირზე მდგარი მამაკაცის სილუეტი დავინახეთ, რომელიც არ მოძრაობდა. ვიფიქრეთ, გადაიფიქრა და გადარჩაო. 10-15 მეტრში ფანრებით რომ დაგვინახა, ჩვენკენ წამოვიდა. რომ მოგვიახლოვდა, ისევ მიბრუნდა უკან და სირბილით შევარდა ზღვაში. ჩაყვინთვა რომ დაიწყო, არც დავფიქრებულვარ, ისე შევვარდი ყველაფრიანად გაყინულ წყალში. ვწვდი „კაპიშონში,” დავქაჩე ჩემსკენ და ნაპირზე გამოვიყვანე. ძალიან ბევრი წყალი ჰქონდა ნაყლაპი. ჩვენ ყველას გავლილი გვაქვს, პირველადი დახმარება როგორ უნდა გავუწიოთ ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანს და ამიტომ, მისი მოსულიერება არ გაგვჭირვებია. მუხლზე გადავიკიდე, საყლაპავი მილი თითით გავუსინჯეთ და სუნთქვაც გაეხსნა. სასწრაფოს დააგვიანდა, რადგან სხვა გამოძახებაზე იყო გასული. აღმოჩნდა, რომ სადგურზე, ჩამომდგარ მატარებელში ექიმი იჯდა, რომელიც მატარებელს აღარ გაჰყვა და ჩვენთან ერთად წამოვიდა, მას შემდეგ, რაც ნებართვა მივიღეთ, ბიჭი საავადმყოფომდე ჩვენ გადაგვეყვანა.

– თავის მოკვლას თუ გეგმავდა, შეტყობინება რაღაზე დატოვა?

– ეს უფრო იმას ჰგავდა, თავის მოკვლას ვაპირებ და გადამარჩინეთო. ალბათ, გოგონასთვის უნდოდა, დაემტკიცებინა, მის გამო რას აკეთებდა და პატრულმა როგორ იხსნა. ყველა ვარიანტში ხალხის უსაფრთხოება ჩვენი სამსახურეობრივი მოვალეობაა. 

скачать dle 11.3