რა იდეები მოსდის თავში თეფშის რეცხვის დროს ლალი მოროშკინას და რატომ გადაწყვიტა მან ახალგაზრდა პოლიტიკოსებისთვის სპეციალური სკოლის გახსნა
დამეთანხმებით, ზაფხული შვებულებასთან, დასვენებასა და გართობასთან ასოცირდება. იშვიათად შევხვედრივარ ადამიანს, რომელსაც ზაფხული არ უყვარს. სწორედ ასეთი გამონაკლისია ლალი მოროშკინა. როგორც თავად ამბობს, მისთვის წელიწადის ეს დრო, ყველაზე რთულად გადასატანია და ცუდ მოგონებებთან არის დაკავშირებული. თუმცა, წელს, მას უცხოეთიდან ბევრი სტუმარი ჰყავდა და ქალაქგარეთ გასვლა ხშირად უწევდა, რომ მათთვის გიდობა გაეწია. თუ როგორ იტანს აქტიურ ცოლს მისი ქმარი, რის გამო იდგა ის პაპანაქება სიცხეში პარლამენტის ყოფილი შენობის წინ და რატომ გეგმავს დამწყები პოლიტიკოსებისთვის სპეციალური სკოლის გახსნას, ამაზე თავად მოგიყვებათ.
ლალი მოროშკინა: კატასტოფულად არ მიყვარს ზაფხული. მეტსაც ვიტყვი, ვერ ვიტან წელიწადის ამ დროს და ერთი სული მაქვს, როდის გავა. დასვენება ჩემთვის წარმოუდგენელია ზაფხულის კურორტებზე. თუ არ ჩავთვლით იმ პერიოდს, როცა შვილები პატარები იყვნენ და მათთან ერთად ზღვაზე მივდიოდი, ფაქტობრივად, ამ სეზონზე არ ვისვენებ. შემოდგომა მიყვარს და ზღვაც ამ სეზონზე მიზიდავს. თან, ვერ ვიტან სიცხეს და მიმაჩნია, რომ თუკი რაიმე შეიძლება, ადამიანს ცუდი დაემართოს ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ზაფხულს უკავშირდება. ალბათ, მეც არ ვუყვარვარ ზაფხულს და თუკი რამე ცუდი დამმართნია, ყველაფერი ამ პერიოდს უკავშირდება. ამიტომ, კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, ზაფხულში დასვენების.
– ესე იგი, ზაფხული ცუდ ასოციაციებს აღძრავს შენში?
– დიახ, ასეა და ერთი სული მაქვს, როდის მოვა შემოდგომა. მოკლედ, მე და ზაფხული ერთმანეთს ვერ ვიტანთ (იცინის). სულ ვცდილობ, ზაფხულში ისეთ ქვეყანაში წავიდე, სადაც ცივა. ამ ზაფხულს, თითქმის ორი თვე ვიყავი საფრანგეთში, სადაც სულ წვიმდა და საჩემო ამინდი იყო. იქ ჩემი ახლობლები, დეიდაშვილები ცხოვრობენ – ორივე და ევროპაშია გათხოვილი. თითქმის ყველა ნათესავი უცხოეთში მყავს და მათთან ჩავდივარ. მათ კი, აგვისტოში აქვთ შვებულება, საქართველოში ჩამოდიან და მათ გამო, მეც აქ მიწევს ყოფნა. ჩემი მეგობრები და ოჯახის წევრები, ვისთანაც დიდ დროს ვატარებ ევროპაში, ყოველ ზაფხულს საქართველოში ჩამოდიან. ამიტომ, ივლისის ბოლო და მთელი აგვისტო ჩემთვის ექსკურსიების დროა. ვერ გეტყვით, წელს მათ გამო რამდენჯერ ვიყავი მცხეთაში და სიღნაღში (იცინის). მათი გიდი ვარ. თან, ყოველ წელს, ნათესავებს ემატება ორი-სამი მეგობარი. დავატარებთ მათ აქეთ-იქით და მათ გამო ვიტან ამ სიცხეს.
– გამოდის, რომ ტურიზმს ანვითარებ საქართველოში. ერთი კარგი იდეა გამიჩნდა, ხომ არ დაფიქრდები, ტურისტული ფირმის გახსნაზე?
– (იცინის). წელს ორმოცდაათი კაცი მყავდა სტუმრად და ვხუმრობდი კიდეც, ერთი კარგი ტურისტული ფირმა რომ გავხსნა საქართველოში და დავარქვა „ლალი თრეველი,” მაგრად იმუშავებს-მეთქი (იცინის). თუ გავითვალისწინებთ, რომ ნელ-ნელა სამოქალაქო სექტორისკენ მაქვს გეზი აღებული, ჩამოყალიბების პერიოდში ვარ და თან, ვაკეთებ პოლიტიკური პიარის სკოლას, რომელიც ოქტომბრიდან დაიწყებს ფუნქციონირებას, სხვადასხვა ბიზნესებსაც შევითავსებ, რა პრობლემაა? (იცინის).
– პოლიტიკური პიარის სკოლაზე მინდოდა მეკითხა და დამასწარი. რატომ გადაწყვიტე მისი გახსნა?
– იმიტომ გადავწყვიტე პოლიტიკური პიარის სკოლის გახსნა, რომ ჩვენ გვაქვს ყველაზე დაბალი პოლიტიკური კულტურა, რაც კი შეიძლება არსებობდეს დედამიწის ზურგზე. მინდა, ვასწავლო ქართველ ახალგაზრდა პოლიტიკოსებს, რა არის რეალური პოლიტიკა და როგორ ხდება რეალური პოლიტიკის კეთება. ეს იქნება ორთვიანი სწავლება საქართველოში საუკეთესო პედაგოგებთან და ერთთვიანი მასტერკლასები ბრიუსელსა და სტრასბურგში.
– ეს სკოლა, მხოლოდ ახალგაზრდა პოლიტიკოსებისთვის იქნება?
– სწავლა სიკვდილამდეა და ვისაც სურვილი ექნება ისწავლოს პოლიტიკური პიარის სკოლაში, ამის საშუალება ექნება. ეს მარტო ჩემი გადაწყვეტილება არ ყოფილა, ბრიუსელსა და სტრასბურგში მქონდა შეხვედრები და ევროკავშირის მესვეურებიც დაგვეხმარებიან მე და გიორგი ფოფხაძეს ამ სკოლის ჩამოყალიბებაში. ევროპაში მოისმინო მოწინავე პოლიტიკოსების მასტერკლასები, ვფიქრობ, საკმაოდ კარგია, როგორც მომავალი, ასევე დამწყები პოლიტიკოსისთვის.
– მოკლედ, დროს არ კარგავ. ზაფხულში ყველა ისვენებს, შენ კი აქტიურად სახავ გეგმებს. საყვარელი მამაკაცი ამას როგორ იტანს?
– საშინლად (იცინის). ჩემს ასეთ აქტიურობას ირაკლი ვერ იტანს. ჩვენ, პირველივე დღიდან შევთანხმდით, რომ ერთმანეთისგან დასამალი და საიდუმლო არაფერი გვექნება. შესაბამისად, ჩემი სოციალური ქსელი მისიცაა. ყველა კომენტარს და მონაწერს კითხულობს და ჩვენთან პოლიტიკური კი არა, ზოგადად არანაირი კულტურა არ არსებობს. იციან და ხედავენ, რომ მე, ლალი მოროშკინას და ირაკლი ჯაფარიძეს საერთო „ფეისბუქი” გვაქვს და ხანდახან ისე უხეშად „გამოხტებიან”, ან გადამეტებულ კომპლიმენტს დაწერენ, რომ ამაზე ირაკლის საშინელი რეაქციები აქვს. კომენტარებს და მონაწერებს მომენტალურად შლის და ვისაც „მიწვდა” უშვერი სიტყვებით მოიხსენია. „ფეისბუქი” ერთადერთი პრობლემაა, რაც მე და ირაკლის გვაქვს (იცინის). ვერ ვხვდები, დაოჯახებულ ადამიანს სასიყვარულო მესიჯი ან გადამეტებული კომპლიმენტი, რატომ უნდა მისწერო, თუ ამას ჩემს წინააღმდეგ, გამიზნულად არ აკეთებ? უადგილო „გულები”, „ყვავილები” და კომპლიმენტები „ფეისბუქში” გაღიზიანებასაც იწვევს და მიმაჩნია, რომ მიზანმიმართულია ჩემი და ირაკლის გაღიზიანებისთვის. ამიტომ, ხშირად ვამბობ, ეს კეთილი განწყობის დაფიქსირება კი არა, საბოტაჟია. მოკლედ, როცა ჩემს მიმართ უზომო პატივისცემას გამოხატავენ მამაკაცები „ფეისბუქში”, ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია. არ მგონია საქართველოში, ჯერ ისეთი კაცი დაბადებულიყო, რომელიც „გიჟდება” პოლიტიკურად აქტიურ ცოლზე და არც ჩემი ქმარია გამონაკლისი. იგივე, ზაფხულში, პარლამენტის წინ, ცოლის დგომას ბევრი ვერ შეეგუება. მაგრამ, ეს გადამწყვეტია, ჩემი მოქალაქეობრივი ვალია, ვერ ვეგუები უსამართლობას. ამიტომ, მე ჩემი იეზიდი მეგობრის, იგივე ძმის, აგიტ მირზოევის გვერდით უნდა ვმდგარიყავი. ის ყოველთვის, როგორც დას, ისე მედგა გვერდით და მეც, იეზიდი ძმის და იეზიდი ხალხის გერდით ვიდექი ორმოც გრადუს სიცხეში, რუსთაველზე, პარლამენტის წინ.
– პოლიტიკურად აქტიური ცოლი, ორი შვილის დედა, როგორ ასწრებ ყოველთვის ფორმაში ყოფნას და საოჯახო საქმეებს?
– ძალიან კარგად ვასწრებ და ვფიქრობ, რაც ყველაზე კარგად გამომდის ცხოვრებაში, ეს სწორად დროის გადანაწილებაა. ძალიან ცოტა ხანი მძინავს და ამის ხარჯზე, ოჯახურ საქმეებსაც ვასწრებ. იდეა შეიძლება თეფშის გარეცხვის ან სარეცხის გაფენის დროს მომივიდეს და ხშირად ასეც ხდება. მე არ მივეკუთვნები ადამიანთა იმ კატეგორიას, თუ კარგად არ დაისვენა და იკვება, ისე იდეები რომ არ მოსდის თავში. მგონია, სავსე კუჭზე იდეა არ მოდის. რაც შეეხება თავის მოვლას, ეს ჩემთვის ჰიგიენაა. დილის და საღამოს „დუშის” გარდა, მე თავის მოვლის სხვა საშუალებები არ ვიცი – არანაირი სპა, არანაირი პლასტიკური ჩარევა და არანაირი კოსმეტიკური საშუალებები.
– მაგრამ, ქალისთვის ხომ აუცილებელია კოსმეტიკური პროცედურები და გაპრანჭვა? მით უმეტეს, თუ ის საზოგადოების ყურადღების ცენტრშია?
– მგონი, კარგადაც გამოვიყურები და გაპრანჭულიც ვარ, მაგრამ არანაირი პლასტიკური პროცედურები ამისთვის არ მჭირდება. ჩემს თავს არ მივცემ უფლებას, მოუწესრიგებელი გავიდე გარეთ და ფორმაში არ ვიყო. თუმცა, ეს ხელოვნური საშუალებებით არ ხდება. ამისთვის, არსებობს ვარჯიში, ზომიერი კვება და მადლობა ღმერთს, გენეტიკაც მშველის.