კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აუკრძალა საკუთარ თავს კატეგორიულად ზურაბ აბაშიძემ და სად აღარ აპირებდა დაბრუნებას ის არასოდეს

ქართველი დიპლომატი, პოლიტოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის რედაქტორი ზურაბ აბაშიძე, მიუხედავად იმისა, რომ მასთან ინტერვიუს ჩაწერა იოლი საქმე არ არის, შეხვედრაზე მაინც დაგვთანხმდა. ძალიან თბილი და კარგი მოსაუბრეა. ჩვენთან თავისი ცხოვრების ყველა იმ მნიშვნელოვან პერიოდზე ისაუბრა, რამაც შეიძლება, მკითხველი დააინტერესოს. 

– ბატონო ზურაბ, ის, რომ მამა ასეთი განთქმული პოეტი იყო, ყველგან პატივს სცემდნენ, საინტერესო კავშირები ჰქონდა, ჰყავდა უამრავი ნაცნობ-მეგობარი, რას ნიშნავდა ეს თქვენთვის, როდის გააცნობიერეთ, რომ ეს პიროვნება სწორედ მამათქვენი იყო და თუ გქონიათ სურვილი თქვენც დაგეწერათ ლექსი?  

– ამას ყოველთვის ვხედავდი და ვგრძნობდი, რადგან ჩვენს სახლში, ისეთი ხალხი იყრიდა თავს, რომ არ დამენახა, არ შეიძლებოდა. ჩვენთან მინახავს გალაკტიონ ტაბიძე, კონსტანტინე გამსახურდია, გიორგი ლეონიძე, სიმონ ჩიქოვანი... გალაკტიონი მაინცდამაინც არ იყო ის პიროვნება, ხშირად რომ იჯდა სუფრასთან, მას თავის ცხოვრების სტილი ჰქონდა, მაგრამ კარგად მახსოვს სიმონ ჩიქოვანი, გოგლა ლეონიძე, კონსტანტინე გამსახურდია. კონსტანტინემ დაბადების დღეზე ისეთი მწევარი მაჩუქა, ახლაც თვალწინ მიდგას. რაც შეეხება ლექსების წერას, პოეტობის ნიჭი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არ აღმომაჩნდა. ლექსი რომ დავწერე, ალბათ მერვე კლასში ვიქნებოდი. ვაჩვენე მამას, მაგრამ არ ვუთხარი, რომ ჩემია. ვუთხარი, ჩემმა კლასელმა დაწერა და შენი აზრი გვაინტერესებს-მეთქი. საერთოდ, რბილი ხასიათის კაცი იყო, მისი ხმამაღლი საუბარი არც მახსოვს და მაშინ საკმაოდ მკაცრად მითხრა: იმ შენს ამხანაგს უთხარი, უნიჭოა და თავი დაანებოს ლექსების წერასო. ისე მითხრა, რომ გულში ჩამრჩა, ვფიქრობდი, ასე მკვახედ რატომ მომახალა-მეთქი. წლები რომ გავიდა, მერე მივხვდი, რა ჰქონდა მხედველობაში. გავშიფრე. მიხვდა, რომ ჩემი იყო და იფიქრა, ჯობია, აქედანვე ავაღებინო ხელი მწერლობაზე, ვიდრე მერე იწვალოს და ამისთანა უნიჭო ლექსები წეროსო. მას მერე აღარც მიცდია ლექსების წერა, ასე რომ ძალიან დამეხმარა მისი მკაცრი ტონი. გამორჩეულად რაღაცის ნიჭი მაინცდამაინც არ მქონია, უფრო სურვილები მქონდა. სკოლაში მეგობრები დამცინოდნენ კიდეც, ყველა ქვეყნის დედაქალაქი ვიცოდი, ვინ პრეზიდენტი იყო, ვინ პრემიერ-მინისტრი... ძალიან მაინტერესებდა გეოგრაფია, მოგზაურობები, ვკითხულობდი სათავგადასავლო ჟანრის წიგნებს. მოგეხსენებათ, საბჭოთა კავშირი დახურული სივრცე იყო და სულ მქონდა ეს განცდა: ნეტა, მე თუ ვნახავ რა ხდება იქით-მეთქი. ზოგი ლიტერატურა უცხოეთიდან ითარგმნებოდა. ინგლისურს მაშინაც ყველა სწავლობდა, სკოლაში კარგად გვასწავლიდნენ...  

– და ერთ დღესაც, გადაწყვიტეთ, წასულიყავით მოსკოვში უცხო ენათა ინსტიტუტში ჩასაბარებლად...           

– დიახ, გადავწყვიტე, მოსკოვში უცხო ენების შესასწავლად წავსულიყავი, ესპანურ ენას სწორედ მოსკოვში დავეუფლე. რომ ვიხსენებ, მიკვირს კიდეც ჩემი თავის, – 17 წლის ვიყავი, სრულიად ბავშვი. დედა, მამა ყველა გამომყვნენ. ჩავედით, ორი პატარა კომუნალური ოთახი ვიქირავეთ. მოსკოვში ბევრი იყო ასეთი ბინა მაშინ და ამ გრძელ, ვიწრო დერეფნებში ცხოვრობდა ათობით ოჯახი. არ ვიყავი მოხერხებული, მაგრამ ისე მაინტერესებდა ეს ყველაფერი და ისე ხალისიანად  ვიყავი, რომ არ გამჭირვებია იქ ცხოვრება. ეს დიდი ქალაქი, ახალი მეგობრები, რუსის გოგოები... ყველაფერი საინტერესო იყო, 17-18 წლის ბიჭს გოგოებით მქონდა თავი გამოტენილი. სხვათა შორის, ძალიან მომთხოვნი სწავლება იყო.  ლექციები დილის რვა საათიდან გვეწყებოდა და წარმოიდგინეთ, ზამთარში რა ძნელია – ჯერ რომ კარგად არ იყო გათენებული, შვიდის ნახევარზე გავდიოდი სახლიდან, გამოუძინებელი, ცალ-ცალი ფეხსაცმლით.  

– რა გიჭირდათ, რა გილხინდათ?     

– მაშინ, მართლა პრივილეგიურ მდგომარეობაში ვიყავი. ამიტომ, მაინცდამაინც არაფერი მიჭირდა. სტიპენდიასაც მიხდიდნენ, 35 მანეთს. ოჯახიდანაც მიგზავნიდნენ და მყოფნიდა. ამიტომ ის, სტუდენტობის წლები, კარგად მახსოვს. 70-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირში ჯერ კიდევ მეტ-ნაკლებად დინამიკური პერიოდი იყო ეკონომიკური თვალსაზრისით, რაღაც ჯერ კიდევ ვითარდებოდა. პროდუქტების დიდი არჩევანი იყო საბჭოთა სტანდარტებით, რა თქმა უნდა, მერე და მერე თანდათან რთული გახდა, იქ ცხოვრება. ჩემს თვალწინ ხდებოდა დახლების დაცარიელება, რაც საბჭოთა ეკონომიკის სირთულეების ანარეკლი გახლდათ. ყოველწლიურად უკან და უკან მიდიოდა, ეს მოსაწყენი რიგებიც იზრდებოდა, თუმცა ახალგაზრდა კაცისთვის დიდი მნიშვნელობა არც ჰქონდა რას ვჭამდით – რასაც ვჭამდით, ვჭამდით.  

– მოსკოვში ყოფნისას პოლიტიკურ მოვლენებსაც ადევნებდით თვალ-ყურს, ალბათ. რამდენად გაინტერესებდათ ეს სფერო, მაშინ თუ  ფიქრობდით, რომ მომავალში რუსეთში საქმიანი ვიზიტებით ჩახვიდოდით და თბილისიდან პოლიტიკური განცხადებების გაკეთება მოგიწევდათ?                             

– მაშინ პოლიტიკა ყველაზე ნაკლებად მაინტერესებდა. ჩემი ცხოვრებით და სწავლით ვიყავი გართული. მახსოვს, ერთხელ გამოვედი სახლიდან, ჩემს მეგობართან ერთად სადღაც მივდიოდი, შვიდი ნოემბრის აღსანიშნავად. მიზეზი გვქონდა, უქმე დღე იყო, სწავლა არ იყო და კარგ ხასიათზე ვიყავით. ებრაელი მეზობლები გვყავდა, ინტელიგენტი ხალხი, დიდი ამბით მოვულოცე შვიდი ნოემბერი და იმ კაცმა გაკვირვებულმა შემომხედა: „ს კაკიმ პრაზნიკომ, ზურაბ?..” ისეთი სახით მკითხა, დავიბენი, ვერ მივხვდი, რატომ გაუკვირდა. მერე, დრო გავიდა და მივხვდი. ახლა რომ ვიხსენებ, სულ უფრო მეცინება ჩემს თავზე. მივხვდი, რამხელა ტრაგიზმი იყო ეს მისი მხრიდან, უბედურებაგამოვლილი ოჯახი იყო, და ასეთი რამ არაერთმა ოჯახმა გადაიტანა. მე კი ასე სახეგაბრწყინებულმა რომ მივულოცე ბოლშევიკური, ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვების დღე, გაოცდა, რატომ ვხვდებოდი ასეთი აღფრთოვანებული ამ დღეს. 

– იყო თუ არა მამათქვენის გავლენის დამსახურება ის, რომ თქვენ მოსკოვში   წახვედით სასწავლებლად?  

– იყო, როგორ არ იყო. მამაჩემი ცნობილი კაცი იყო, ავტორიტეტი ჰქონდა და ეს მეხმარებოდა ყევლაფერში. ხომ არ დავმალავ?!. მაგრამ, სულ მქონდა იმის მოთხოვნილება, ვყოფილიყავი მე და არა ირაკლი აბაშიძის შვილი. ყველა ადამიანშია ჩადებული თავისი მეობის, იდენტურობის დამტკიცების სურვილი. აი, ასეთი დიდი პიროვნებების შვილები დაჩაგრულები არიან იმის გამო, რომ სულ ვიღაცის შვილები არიან. სტალინის შვილიშვილი ნობელის პრემიის ლაურეატიც რომ გამხდარიყო, ის მაინც სტალინის შვილიშვილი იქნებოდა. მამაჩემი ნამდვილად არ იყო სტალინის დონის პიროვნება, მაგრამ მე, როგორც მის შვილს, ქვეცნობიერად გული სულ  მიმიწევდა იმისკენ, ჩემი ადგილი დამემკვიდრებინა ამ საზოგადოებაში. ყოველ შემთხვევაში, როცა ინდოეთში, ბომბეიში გამაგზავნეს გენერალურ საკონსულოში სამუშაოდ, იქ უკვე ირაკლი აბაშიძის შვილი აღარ ვიყავი.       

– თქვენს ოჯახზეც ვისაუბროთ – რა გზა გამოიარა ოჯახმა თქვენამდე და მერეც?        

–  რეპრესიებმა ყველაზე გადაიარა. შეიძლება, ასე  კონკრეტულად, რეპრესირებული არავინ იყო ჩვენი ოჯახიდან, მაგრამ მამაჩემის ახლობლები, მეგობრები, მთელი იმ თაობის მწერლები, პოეტები – პაულო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, მიხეილ ჯავახიშვილი... ყველამ იწვნია იმ წლების სიმწარე. ეს კი ის ხალხია, ვის წრეშიც ტრიალებდა მამა. მის თვალწინ მოხდა ტრაგედია, მწერალთა სახლში პაულო იაშვილმა თავი რომ მოიკლა. იმ მომენტში მამა იქ იყო. მერე დაკითხვებზე იბარებდნენ. ტოლსტოი ხომ იცით როგორ იწყებს „ანა კარენინას”: „ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს და ყველა უბედური ოჯახი განსხვავებულია”. ბედნიერი ბავშვობა, ოჯახი მქონდა, მაგრამ პირადად, 90-იანი წლების დასაწყისი მახსოვს მართლაც როგორც კოშმარი. ყველაზე მძიმე წლები იყო   ქვეყნისთვის. იმ სამოქალაქო ომის დროს გარდაიცვალა მამაჩემი, ფაქტობრივად, ამ ამბავს გადაჰყვა, ვერ გადაიტანა. ამიტომ, ეს ჩემთვის უმძიმესი წლებია.

– ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება, თუ ხვდებოდით გზადაგზა ბარიერებს?    

–  ინსტიტუტი რომ დავამთავრე, ჩამოვედი. ხუთი წელი ვიმუშავე საგარეო საქმეთა სამინისტროში. მაშინ საგარეო საქმეთა სამინისტრო იყო სუფთა ფორმალობა. სულ 15 კაცი მუშაობდა, სტუმრების დახვედრა-გაცილება იყო მთავარი საქმე, მაგრამ მაინც რაღაც გამოცდილება მივიღე. მერე ინდოეთში წავედი, ჩამოვედი და ისევ აქ ვიმუშავე ოთხი წელი. მერე ესპანეთში წავედი. 1993 წელს ელჩი ვიყავი ბრიუსელში, რუსეთშიც ვიყავი, მერე აქ ხელისუფლება შეიცვალა, აღარ დავჭირდი მათ. წავედი და ჩემს გზას ვეწიე, საჯარო სამსახურს თავი დავანებე. მაშინ ჩავთვალე, რომ ჩემი დიპლომატიური კარიერა დამთავრდა. არ იყო ეს ჩემთვის იოლი, საკმაოდ მძიმედ გადავიტანე, მაგრამ ნელ-ნელა შევეგუე, გავხდი დამოუკიდებელი ექსპერტი. ჩემი თავი ამოვქაჩე ჭაობიდან.

–  მიზანსწრაფული და მებრძოლი ადამიანი ხართ?   

– მიუხედავად იმისა, რომ იმ საქმეს, რაც მე კარგად ვიცოდი,  ვეღარ ვაკეთებდი, არ გავბოროტებულვარ, არ მიფიქრია, რომ მეტი მეკუთვნის და რატომ არ ვარ ისევ ელჩი... არ ხარ, არ ხარ, რას იზამ, უნდა შეეგუო რაღაცეებს და ყურები არ უნდა ჩამოყარო. თუ გაინძრევი, რაღაც გამოჩნდება და გამოჩნდა კიდეც. მოსკოვიდან რომ დავბრუნდი, როცა გამათავისუფლეს, აქ ჯერ ჩემთვის რაღაცეებს ვწერდი, სტატიებს ვაქვეყნებდი. მერე დამოუკიდებელი ექსპერტი დავირქვი. იქ, სადღაც ინსტიტუტში მიმიწვიეს და ლექციების წაკითხვა მთხოვეს... ასე, ნელ-ნელა ჩემი ამპლუა მოვნახე. ისე შევეჩვიე  დამოუკიდებლობას, როცა მინდოდა, ვდგებოდი, როცა მინდოდა, ვწვებოდი, რასაც მინდოდა, იმას ვამბობდი, რომ აღარც კი მიფიქრია საჯარო სამსახურში დაბრუნდებაზე. პირიქით, ჩემს თავს მივეცი პირობა, რომ შემომთავაზონ, არასადროს დავბრუნდები-მეთქი. ეს იყო ჩემი პრინციპული გადაწყვეტილება.                                

– ინდოეთზეც მინდა გკითხოთ. როგორც მახსოვს, თქვენ იყავით პირველი ქართველი, ვინც ქეთევან წამებულის ნეშთი აღმოაჩინა. ძალიან საინტერესოა. მოგვიყევით ამის შესახებ და იქ გატარებულ პერიოდზე...    

– ინდოეთში საბჭოთა დიპლომატები ცხოვრობდნენ ძალიან სპარტანულ პირობებში. მე და ჩემი ცოლი ვიყავით მარტო, გვქონდა ორი ძალიან პატარა ოთახი პატარა სამზარეულოთი, ასე თუ ისე იქაურ პირობებს, კლიმატს სწრაფად შევეგუეთ. თუმცა, თავიდან, რომ ჩავედით, ჩემთვისაც და მისთვისაც იყო კულტურული შოკი, ქუჩაში რომ გამოვედით და ამდენი მათხოვარი, ხეიბარი ადამიანი დავინახეთ. თან, იყო საშინელი ანტისანიტარია... ხელფასი 400 დოლარი მქონდა, აქედან 10 დოლარს ვუხდიდი მძღოლს. ინდოეთი ის ქვეყანა იყო, სადაც საბჭოთა დიპლომატისთვის თავისუფლად შეიძლებოდა წასვლა-წამოსვლა. არ იყო ადგილობრივი მთვარობისგან შეზღუდვები. ამიტომ, ბევრს დავდიოდით მანქანით და ბევრი რამ ვნახეთ. სწორედ მაშინ აღმოვაჩინე და გადავიღე ის ადგილი – დაგრასას მონასტერი, სადაც ქეთევან წამებულის ნეშთია დამარხული. ეს ფაქტი ცნობილი იყო ჩვენს ლიტერატურაში, რომ ინდოეთის შტატ გოაში, არის ადგილი, სადაც ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებია დამახრული. ჩავედი გოაში, იქაურ არქივებში ვიპოვე, მივაკვლიე მასალებს, მივედი და გადავიღე ეს მონასტერი. მერე ბევრმა გააგრძელა ეს კვლევა, რეზო თაბუკაშვილი ჩავიდა, ვაჟა ლორთქიფანიძე და სხვები.  

– ალბათ, ძნელად წარმოსადგენია ირაკლი აბაშიძის შვილი სხვანაირი გამოსულიყო, მაგრამ მაინც მინდა გკითხოთ, ქუჩა თუ გიზიდავდათ, თუ აცდენილხართ რაიმე ხიფათს?        

– არ მომწონს და კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის ქუჩის რომანტიზაცია. არანაირი სიკეთე არ მახსოვს ქუჩიდან. ქუჩაში შემოვიდა ყველა უბედურება – ნარკომანია, ერთმანეთის დაუნდობლობა, სუსტის დაჩაგვრა. ქუჩამ გარყვნა თაობები, უამრავი ადამიანი გადაიყოლა ამ ფსევდო რაღაც გამოგონილმა კულტურამ. სტილი იყო ასეთი. ყველა ცდილობდა ძველბიჭობას. არასდროს არ მხიბლავდა ეს. ყველანაირი მეგობარი მყავდა, ზოგი მოძველბიჭო, ზოგი მართლა ძველი ბიჭი – თბილისი პატარაა და ყველა ხელისგულზე ჩანდა, ვინ ვინ იყო. ცოტა რაღაც-რაღაცეებში, ალბათ, მეც ვიყავი გარეული, მაგრამ ნარკომანობის სურვილი არასდროს მქონია. დანები მედო ჯიბეში რომ ვთქვა, არც ასეთი ყოფილა. ჩხუბსა და დავიდარაბაში, გარჩევებში კი ნამდვილად გავრეულვარ, მაგრამ არ იყო ჩემი სტიქია ქუჩური ცხოვრება. 

– რომ არ ყოფილიყავით ის, ვინც დღეს ხართ, მაშინ ვინ  იქნებოდით, რა გზას აირჩევდით?  

– სიამოვნებით ვიქნებოდი კარგი ჯაზმენი. მაშინ იყო სულელური მეთოდი მუსიკის სწავლების. რატომღაც, ვინც ჩემ  გარშემო იყო, ყველა მუსიკაზე დადიოდა და მეც წლების განმავლობაში დამატარებდნენ მუსიკის მასწავლებელთან. ეს იყო ჩემთვის რაღაც კოშმარი. სულ მინდოდა რაღაც სასიამოვნო მუსიკა, კომპოზიცია დამეკრა. ვეუბნებოდი არ მინდა ეს გამები, არ მინდა, გამოვიდე პიანისტი. მინდა, უბრალოდ, კარგად ვუკრავდე ფორტეპიანოზე-მეთქი. თბილისი იყო უნიკალური ქალაქი იმ თვალსაზრისით, რომ ჯაზი აკრძალული იყო, მაგრამ რაღაც არხებით, მაინც შემოდიოდა უცხოეთიდან, რადიოებს ვუსმენდით, ნელ-ნელა ფირფიტებიც შემოვიდა. ახალგაზრდობაც ფანტასტიკურად იყო გათვითცნობიერებული ჯაზის სფეროში. მგონი, დასავლეთის ქვეყნებში არ იცოდნენ იმდენი ჯაზის შესახებ, როგორც თბილისში. მოსკოვში რომ ჩავედი და ჯაზზე რომ ვლაპარაკობდი, პირდაღებულები მიყურებდნენ ჩემი ამხანაგები. არ იცოდნენ ამდენი. ძალიან მინდოდა, ჯაზი დამეკრა, მაგრამ არ გამოვიდა.   

скачать dle 11.3