რა ცდუნებებზე მოუწია უარის თქმა ნატალი მაჩიტიძეს და ვის გამო თქვა უარი ყველაფერზე პოპულარობის ზენიტში ყოფნისას
ნატალი მაჩიტიძე წლების წინ გაიცნო მაყურებელმა რეალითი შოუდან „მდიდრები და ღარიბები.“ ნატალი რეალური შოუს პირველი გამარჯვებული გოგონა გახდა და მაყურებლის მხრიდან დიდი სიმპათიები დაიმსახურა. იმ პერიოდში ის საკმაოდ პოპულარული იყო, არაერთი საინტერესო შეთავაზება ჰქონდა, მან კი მოულოდნელად გათხოვება და საცხოვრებლად ბათუმში გადასვლა გადაწყვიტა, რის გამოც ყველაფერზე უარის თქმა მოუწია. დღეს ნატალი პატარა, საყვარელი გოგონას დედაა.
ნატალი მაჩიტიძე: ეს პროექტი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, მიუხედავად იმისა, რომ სამი თვე ვიტანჯე. ბევრი რამ გამოვიარე, მეგონა, დაბერებული გამოვედი, რადგან, დიდი გამოცდილება მივიღე. თან, ფულზე თამაში რომ იყო, ძალიან ბევრი ინტრიგა იხლართებოდა. რეიტინგული ვიყავი და ყველაფერი ჩემკენ იყო მომართული, ჩემზე ხდებოდა ზეწოლა, ჩემ წინააღმდეგ თამაშობდნენ. თავიდანვე პროტესტის გრძნობით შევედი: მინდოდა, დამერღვია ის სტერეოტიპი, რომ ქალები სუსტები ვართ და დამემტკიცებინა, რომ ჩვენც შეგვიძლია, მოვიგოთ რეალითი შოუ. შოუში უფრო გულჩვილი შევედი, ყველაფერზე მეტირებოდა. მაგრამ მერე, რომ ხედავ, შენ წინააღმდეგ ბინძურ რაღაცეებს აკეთებენ, ხლართავენ ინტრიგებს, კოალიციებს აწყობენ და ცდილობენ გაგაგდონ, უფრო ძლიერდები.
– უცებ ძალიან პოპულარული გახდი, მაგრამ მერე გაუჩინარდი. რა მოხდა?
– თეატრალურში გავაგრძელე სწავლა, მაგრამ, იმ დროს გავთხოვდი, როდესაც რეალურად ყველაზე მეტი შემოთავაზება მქონდა და ყველაფერზე უარის თქმა მომიწია. ჩემი შეყვარებული ცოტა აზიატი აღმოჩნდა. მაგრამ იმდენად მიყვარდა და ისე არგუმენტირებულად მიხსნიდა... თან, ჩემთვის პირველი სიყვარული იყო, ისე მიხსნიდა და მაჯერებდა, რომ მეც ვთმობდი ყველაფერს. იმ დროს მართლა ძალიან ბევრი შემოთავაზება მქონდა და მე, ფაქტობრივად, ყველაფერზე უარი ვთქვი. გოგი ქავთარაძემ მომცა კარგი როლი სპექტაკლში; მაშინ იწყებოდა ყველაფერი თეატრში, კინოში, მაგრამ სიყვარული ავირჩიე, რადგან, მეგონა, რომ მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებოდით. გადავსახლდი ბათუმში, სრულიად უცხო ქალაქში, სადაც არავის ვიცნობდი.
რთული იყო ცხოვრების ასე რადიკალურად შეცვლა. თან, ყველაფერი გენატრება – ოჯახი, მეგობრები. რამდენჯერ გამიღვიძია და ნოსტალგიის გამო ღამით მიტირია. სამწუხაროდ, ჩემი ამდენი დათმობის მიუხედავად, ყველაფერი არ დამთავრდა ისე, როგორც მეგონა – გვეყოლებოდა ბევრი შვილი, ცხოვრების ბოლომდე ერთად, ხელჩაკიდებულები ვიქნებოდით... ყველა გოგონას ვურჩევ, რომ არ იყვნენ იმპულსურები და კარგად გაიცნონ საყვარელი ადამიანი, ნახონ, შეუძლიათ თუ არა ერთად ცხოვრება, შეძლებენ თუ არა ერთმანეთის გაგებას და შემდეგ გადადგან ეს ნაბიჯი. ჩვენი ამბავი, უბრალოდ, სიშორემ დააჩქარა და იმან, რომ სამ დღეში ერთხელ ჩამოდიოდა ბათუმში. ერთ დღესაც, მომადგა მანქანით... ნახევარი წელი ვიყავით შეყვარებულები, ბათუმში გავიცანით ერთმანეთი. ერთი ნახვით გაგვიჩნდა ერთმანეთის მიმართ სიმპათია, თუმცა, სიყვარული მერე მოვიდა, როდესაც გავიცანით ერთმანეთი. როგორც აღმოჩნდა, ის კარგად მიცნობდა, რადგან, ძალიან გახსნილი ადამიანი ვარ, არასდროს არაფერს ვმალავ, ყველაფერს პირდაპირ ვყვები. სამაგიეროდ, ცოლქმრობის შემდეგ ჩემთვის ბევრი რამ სიურპრიზი აღმოჩნდა – ხასიათებით ძალიან განსხვავებულები აღმოვჩნდით. ძალიან კარგი პიროვნებაა, ცივილური, ნორმალური ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან, ჩემი შვილის მამაა და დიდ პატივს ვცემ. დღემდე გვაქვს აზრების გაცვლა-გამოცვლა, ერთმანეთს რჩევას ვეკითხებით.
– რამდენ ხანს იყავით ერთად?
– ორი წელი ვიცხოვრეთ ერთად, მაგრამ, მერე გადავწყვიტე, წამოვსულიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ცალ-ცალკე კარგი ადამიანები ვართ, ვერ ვთავსდებოდით ხასიათებში. მე მინდოდა, ჩემი შვილი სიმშვიდეში გაზრდილიყო, კონფლიქტისთვის მომეშორებინა. სიმართლე რომ გითხრა, ეს არ იყო ადვილი, ასეთ მდგომარეობაში პირველად ვიყავი. როდესაც ადამიანის გამო ყველაფერს თმობ, მერე მისგან პატარა რამეც კი გწყინს, მით უმეტეს, ეს საყვარელი ადამიანისგან უფრო მეტად გულსატკენია. ზოგადად, ამ თემაზე ბევრს არ ვლაპარაკობ. უბრალოდ, ხდება ზოგჯერ ისე, რომ ადამიანები ვერ ეწყობიან ერთმანეთს, ასე იყო ჩვენს შემთხვევაშიც.
– ეს შვიდი წელი, ალბათ, დაკარგულად მიგაჩნია.
– ნამდვილად დაკარგულია. ბავშვის გამოც ბევრ რამეზე ვთქვი უარი, რადგან, მინდოდა, მე გამეზარდა. თეატრი ისეთია, სულ იქ უნდა ვყოფილიყავი, დედაც არ მყავს საქართველოში, რომ მომხმარებოდა, ამიტომ, მარტოს მომიწია ბავშვის გაზრდა. ეს რთულია, მაგრამ, მეორე მხრივ, ძალიან დიდ ძალას გმატებს. ბავშვს რომ მოვკიდე ხელი და წამოვედი ბათუმიდან, უკვე ვიცოდი, რომ ყველაფერი უნდა გამეკეთებინა წესიერების ფარგლებში, რათა ჩემი შვილი კარგად ყოფილიყო. მალევე დავიწყე ტელევიზიაში მუშაობა, პირდაპირ ეთერში ვიმუშავე ერთი წლის განმავლობაში. მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ კაპიკებს მიხდიდნენ და მე და ჩემს შვილს არ გვეყოფოდა, გადავინაცვლე კარაოკეს სფეროში, წამყვანად. ახლა მაქვს კარგი შემოთავაზებები და რომელიმეს ავირჩევ. გარდა ამისა, პილოტი გადავიღეთ, უკვე დაამტკიცა „იმედმა“ და მალე გავა დეტექტიური ჟანრის სერიალი, სადაც ერთ-ერთი მთავარი როლი მექნება. რაც მეუღლეს გავშორდი, იმის მერე მივედი სხვადასხვა ქასთინგზე, მაგრამ, ძირითადად ისეთი სცენები იყო, რაზეც არასდროს დავთანხმდები. ზოგი იხდის და ამით იკეთებს პიარს, მე მათ არ ვაკრიტიკებ, მაგრამ, ამას არ გავაკეთებ. თან, ჩვენთან ისეთი დამოკიდებულებაა, ერთხელ რომ გაიხდი, მერე სულ ასეთ როლებს გთავაზობენ. მე ასეთი რამ კიდევ არ მინდა – როგორც მსახიობს გაფუჭებს: აღარ გიწევს თამაში, იხდი და ამით ხარ პოპულარული. მე არ ავირჩიე ეს გზა. ვითმენ და, იმედია, ეს საბოლოოდ გამოიღებს შედეგს, ჩემთვისაც გამოჩნდება როლები. მირჩევნია, დამამახინჯონ, სასაცილო როლი მომცენ, ვიდრე გავიხადო და ამით გავხდე ცნობილი. „ფლეიბოიშიც“ მთავაზობდნენ გადაღებას, მაგრამ უარი ვთქვი – არ მინდა, მამაკაცების გასართობი ობიექტი ვიყო-მეთქი, რადგან, ყველამ იცის ამ ჟურნალს რა დატვირთვა აქვს.
– ამ შვიდი წლის განმავლობაში რა იყო შენთვის ყველაზე დიდი სირთულე?
– წარმოიდგინე, ყველაფრის წინაშე რჩები მარტო, გყავს შვილი, გაქვს პასუხისმგებლობა და, ამ დროს, 100 კაციდან 99 გეპრანჭება. ჩვენთან ძალიან ცუდი დამოკიდებულება აქვთ. ჰგონიათ, ქალი თუ ქმარს გაშორდა, სხვანაირ ცხოვრებას იწყებს, არადა, ადამიანები არ იცვლებიან. მერე ძალიან დიდი პროტესტი მიჩნდებოდა მათ მიმართ. ერთხელ მიყვარდა და ასე დამთავრდა და, როგორ ფიქრობ, ახალი ურთიერთობის დაწყების სურვილი გამიჩნდებოდა?! პირიქით, იმხელა პროტესტის გრძნობა მქონდა, რომ ლამის ფემინისტი გავხდი. ოთხი წელი გავიდა, რაც გაშორებული ვარ და დღემდე არ მიცდია პირადი ცხოვრების აწყობა. ფობიასავით ჩამომიყალიბდა თითქოს. ალბათ, ყველაფერი ღმერთის, დროის ამბავია.
– ახალი სახელი დაირქვი – „საშიში ნატალი“. ვისთვის ხარ საშიში?
– გოგოებს ეშინიათ, შეყვარებულები არ წავართვა, არადა, არავის შეყვარებული არ მაინტერესებს. არასდროს არავის შეყვარებული ან ქმარი არ მჭირდება. ზუსტად ვიცი, რომ ურთიერთობაში მესამე არასდროს ვიქნები, მაგრამ, მაინც ეშინიათ გოგოებს. რომ მიცნობდნენ, ყველანაირ შიშს გამორიცხვდნენ, მაგრამ, არ მიცნობენ. ბიგ თიკო, ჩემი დაქალი, სულ აღნიშნავს ჩემზე: ეს არის ადამიანი, რომელსაც აბსოლუტურად განსხვავებული ვიზუალი და შინაგანი სამყარო აქვს, ერთმანეთს საერთოდ არ ემთხვევაო. გარეგნულად თავისუფალი, ლაღი ვჩანვარ, რომ გამიცნობენ, ხვდებიან, რომ სულ სხვანაირი ვარ. ჩემი ვიზუალი იტყუება და არ დაუჯეროთ, ჯერ გამიცანით და მერე გამოიტანეთ დასკვნები.
– მამაკაცებისთვისაც ხარ საშიში?
– განქორწინების შემდეგ ერთადერთი მამაკაცი მომეწონა და, აღმოჩნდა, რომ შეყვარებული ჰყავდა. რა თქმა უნდა, არანაირი ნაბიჯი არ გადამიდგამს, მაგრამ, მან მომწერა: შენთან შეხვედრის მეშინია, რომ საყვარელ ადამიანს არ ვაწყენინოო. ეშინიათ, რომ არ შევუყვარდე. არ მინდა და ნამდვილად არ ვაპირებ სხვების ურთიერთობაში შუაში ჩადგომას. კიდევ, იცი, რატომ ვარ საშიში? ბოლო დროს სამსახურიდან უარგუმენტოდ გამომიშვეს. უფროსის ცოლმა, ვინც ცოტა ვიზუალურად ნორმალური ვიყავით ყველა, გამოგვიშვა. არადა, ვის სჭირდებოდა მისი ქმარი?! ასეთი ცხოვრება რომ მდომებოდა, კარაოკეში ღამისთევით მოვიკლავდი თავს?! თან, შემოთავაზება უამრავი იყო, მაგრამ მე ყველას უარი ვუთხარი და, ავირჩიე გზა, რომლითაც ჩემთვის, მარტო, წესიერად ვივლი. გოგო მეზრდება, ამიტომ, ჩემს ყოველ ნაბიჯს ვუფრთხილდები. ძალიან რთული გზა ავირჩიე, მაგრამ, მეამაყება, რომ წესიერი, სუფთა ნაბიჯებით მივდივარ. ჩემ გარშემო ძალიან ბევრი ცდუნება ყოფილა, ისეთი შემოთავაზებები მქონდა, რომ დავთანხმებულიყავი, დღეს ძალიან კარგად ვიქნებოდი, მაგრამ, როგორც კი შემიტყვია, რომ ის, ვინც სამსახურს მთავაზობს, მეპრანჭება, აღარ დამიწყია მუშაობა. არ მინდა, ვინმეს ხარჯზე დავიწყო რამე.
– ალბათ, მამაკაცების მიმართ უფრო მეტი მოთხოვნები გაქვს, უფრო ბევრ რამეს გაითვალისწინებ მათთან ურთიერთობისას.
– უნდა ვეწყობოდეთ ერთმანეთს, ურთიერთობებში დათმობები ცალმხრივად არ უნდა ხდებოდეს. რა თქმა უნდა, კომპრომისები აუცილებელია, მაგრამ, ეს დაბალანსებული უნდა იყოს. ვერ მოვიტყუები და ვიტყვი, რომ, უპირველეს ყოვლისა, ვიზუალს ვაქცევ ყურადღებას, პირველად პიროვნების ადამიანობას ვერ დაინახავ. რომ მწერენ, შენთან მეგობრობა მინდაო, სასაცილოა. რამხელა ტყუილია! ფოტოს რომ დაინახავენ, რა მეგობრულად გამოვიყურები, მკერდში დაინახა მეგობრული თვისებები თუ რა?! ამაზე მხოლოდ მეცინება. ძალიან ვაფასებ თავმდაბლობას, ერთი თვისებაც არ გამაჩნია ყალბი და ასეთ ადამიანებს ვცემ პატივს.