ადარდებს თუ არა მერსი სულხანიშვილს ქართული საზოგადოების შეხედულებები და კიდევ რა არ იცის ხალხმა მის შესახებ
ტელეწამყვანი, მოდის ბლოგერი, ფორმალურად მოდელი და ბოლოს, მსახიობიც – ეს არის მერსი სულხანიშვილის მოღვაწეობის სფერო, რომელიც, ალბათ, დამეთანხმებით, 21 წლის გოგონასთვის ცოტა არაა. გასულ ზამთარს მერსი ცნობილი გახდა იმით, რომ ერთ-ერთ გადაცემაში, გაშიშვლდა. მას მერე საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. მერსი, ახალგაზრდა, წარმატებულ გოგონათა რიცხვში შესვლას ნამდვილად იმსახურებს. მან „თბილისელებთან“ ისაუბრა თავისი ცხოვრების დეტალებსა და საკუთარ შეხედულებებზე, ქართულ საზოგადოებასთან დაკავშირებით.
– გავიზარდე, ტრადიცულ, ქართულ ოჯახში. ჩემს ცხოვრებაში მოხდა ისე, რომ ჩავები ტელევიზიის საქმიანობაში და დღემდე აქ ვარ. მოდის სფერომაც იქონია ჩემს კარიერაზე გავლენა. ტელევიზიამდე ვწერდი ჟურნალში და ძალიან მენატრება ის დრო. ეს იყო დიდი გამოცდილება. მენატრება წერა. მოდის სამყარო ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის. მოდაში ვგულისხმობ, არა მხოლოდ ჩაცმულობას, არამედ ბევრ რამეს, რომელიც აერთიანებს კულტურას, ხელოვნებას... ბავშვობიდანვე მიყვარდა გამორჩეულად ჩაცმა. სკოლის ფორმა ჩემს დროს აღარ იყო. თუმცა, მაინც ეცვათ ბავშვებს თეთრი პერანგი და წინდები. მე დავდიოდი ჩაჩაჩული და ფერადი წინდებით (იცინის). ისე არ მეცვა, როგორც ჩვეულებრივ ბავშვს, ვცდილობდი, ვყოფილიყავი განსხვავებული. მინდოდა, წესებიდან გადამეხვია და სიახლე შემეტანა ცხოვრებაში. ეს იყო სურვილი, რომელიც ბავშვობიდან დამდევდა. ყოველთვის ბედნიერი ვარ, არ მქონია ცხოვრებაში მომენტი, უბედურად მეგრძნო თავი. ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს. ბედნიერებაა, როდესაც საყვარელი ადამიანები გყავს გვერდით. ამ კუთხითაც განებივრებული ვარ. მეგობრები და ის ხალხი, რომლებიც მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ ჩემს ცხოვრებაში, სულ ახლოს მყავს. რაც შეეხება მშობლებს, დედამ ყოველთვის იცოდა, რაც მომწონდა. ამიტომ, არ მეწინააღმდეგებოდა.
– როგორც ვიცი, შენს ცხოვრებაში სიახლეა. მოგვიყევი, რა ხდება?
– ძალიან დიდი სიახლეა. ვემზადები ახალი სატელევიზიო ეთერისთვის. მაყურებელი ნახავს სრულიად განსხვავებულ მერსის. ახალი გადაცემით წარვდგები ხალხის წინაშე. თითქმის ყველაფერი მზადაა, ბოლო დეტალებს ვაგვარებთ. შეიძლება ვთქვათ, რომ გამოვანათებთ ამ გადაცემით.
– რომელ სატელევიზიო არხზე გავა ახალი პროექტი?
– ამას ვერ გეტყვით. მოდი, ჯერ სიურპრიზად დავტოვოთ. მეც პრობლემები შემექმნება. ეს ცნობილი იქნება დაახლოებით, 20 აგვისტოდან.
– რა ტიპის გადაცემა იქნება, რას სთავაზობ მაყურებელს?
– სატელევიზიო გადაცემები ხალხისათვის განკუთვნილი ბიზნესია. ეს იქნება ჩვენს საზოგადოებაზე მორგებული გადაცემა. ქართველებისთვის მისაღები. იქნება ის, რაც მათ აინტერესებთ და მოსწონთ. რომ ვთქვა, ამ გადაცემით მსოფლიო სატელევიზო სივრცეში სიახლეს შევიტანთ-მეთქი, მოგატყუებთ. ამბობენ ხოლმე, რომ ვიღაც რაღაც პროექტს ბაძავს და ასე შემდეგ. ყველა გადაცემა რაღაცის მსგავსია, რადგან ჩვენთან არ იქმნება ეს პროექტები. მას ქმნიან ისეთი დიდი ქვეყნების წარმომადგენლები, როგორიცაა მაგალითად, ბრიტანეთი. ქართულ სატელევიზიო სივრცეში გვქონია ასეთი გადაცემა, მაგრამ ეს იქნება, რაღაც კუთხით, განსხვავებული. მნახავთ ახალ რაკურსში. ვფიქრობ, რომ ეს გადაცემა ერთ-ერთი რეიტინგული და ძალიან საინტერესო იქნება.
– კარიერის მიღმა რა ხდება შენს ცხოვრებაში?
– ყველაფერი ძალიან კარგადაა, როგორც პირადში ასევე კარიერაშიც. ჩემთვის ეს ყველაფერი – სამსახურიც და ასე შემდეგ, არის პირადი ცხოვრება. მშვენივრად და ბედნიერად ვგრძნობ თავს. მიხარია ცხოვრება და ვტკბები მისით (იცინის). ზოგადად, არ მომწონს, როდესაც პირად ცხოვრებაში, ასე ვთქვათ, იქექებიან. ხალხს უნდა აინტერესებდეს, რას ვთავაზობ მათ და არა ის თუ როგორ ვცხოვრობ. ვარ წამყვანი და ვმუშაობ მათთვის. დღემდე ვერ ვხვდები, რატომ აინტერესებს ქართულ საზოგადოებას: ვარ თუ არა შეყვარებული, მყავს თუ არა ვინმე. ძალიან ბევრი რამეა ჩემთვის გაუგებარი.
– კონკრეტულად, რას გულისხმობ?
– ზოგადად, ყველაფერს, რაც ქართველებს ეხება. ქართველების, უპირველესად, არ მესმის ის, რაღაცაზე რომ ამბობენ ცუდიაო, მაგრამ არ აკონკრეტებენ, რა არ მოსწონთ. უნიკალური ერი ვართ მსოფლიოში. ნიკო გომელაურს აქვს ასეთი ლექსი „საქართველოში მანდილოსნები, სახელს ითქვამენ პატიოსნებით“. ზუსტად ეს ლექსია ჩვენი ქვეყნის რეალობაზე მორგებული. მთავარია, საკუთარ თავში იყო დარწმუნებული, სხვისი აზრი კი, მეორეხარისხოვანია. ჩემთვის ასეა, ყოველ შემთხვევაში.
– საკმაოდ თამამი ნაბიჯები გადადგი. იყო კრიტიკა, შეურაცხყოფაც კი. რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის ხალხის აზრი?
– არ ვფიქრობ, რომ თამამი ნაბიჯი გადავდგი. ქართველების პრობლემა ისაა, რომ პირველ ეფექტს, რასაც ხედავენ – არაადეკვატურად აღიქვამენ. გავამართლებდი იმას, რომ არ მოსწონდეთ ჩემი გემოვნება. ხალხის პროტესტს, რომ მე გახდილი გამოვედი ტელევიიზით, არ მივიღებ. იმიტომ, რომ არ ვყოფილვარ შიშველი – მეცვა გამჭვირვალე მაისური. გახდილი ხარ, როცა არაფერი გაცვია. შესაბამისად, მე მეცვა. საზოგადოებამ შეაფასა ის, რომ მიჩანდა მკერდი და არა ის, თუ რა მეცვა, როგორი გემოვნებით მქონდა შეხამებული ტანსაცმელი. ვიტყვი, რომ მაშინ, რაღაც ხარვეზები მქონდა გარეგნობასთან დაკავშირებით, მაკიაჟი არ მქონდა სწორად შერჩეული. ამას მივხვდი გადაცემის ნახვის შემდეგ. თორემ, რაც მეცვა იმ დღეს, მშვენივრად ეხამებოდა ერთმანეთს. ამაზე არავინ გაამახვილა ყურადღება და მხოლოდ ჩემს მკერდზე დაიწყეს ლაპარაკი. ცოტა გული დამწყდა ამ მხრივ. კრიტიკა და გარკვეული კომენტარი, ჩემთვის მისაღებია თეა აგლაძისგან, გიორგი კიკალიშვილისგან – იმ ხალხისგან, რომლებმაც ჩემზე მეტი იციან და მეტი გამოცდილება აქვთ. როდესაც მაძლევენ პროფესიულ შენიშვნას, აუცილებლად გავითვალისწინებ, მაგრამ იმ ადამიანს, რომელსაც თავისი ცხოვრება არ გააჩნია და მაკრიტიკებს, მისგან რჩევას კი არა, არაფერს არ მივიღებ. დარწმუნებული ვარ, ასეთები კომენტარს რომ დაწერენ, მერე ამოწმებენ, ვინმე თუ გამოეპასუხა ან თუ დაულაიქეს... ანუ, ამით მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია ვინ მომცემს შენიშვნას და არა ის, რას იტყვიან ჩემზე. გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, მიყვარს ყველა, ვინც ჩემზე ცუდს წერს და ასევე, ის, ვინც ჩემ მიმართ დადებითადაა განწყობილი. მიყვარს ეს ხალხი, იმიტომ რომ, მათ ძვირფასი წუთები დამითმეს და ცუდად თუ კარგად, შემაფასეს.
– განსხვავებული იმიჯი, საზოგადებისთვის მიუღებელი საქციელი – იყო თუ არა ეს ყოველივე პოპულარობის მოსაპოვებლად გამიზნული?
– არა, პოპულარობა, ჩემი აზრით, უფრო სხვა რამეა. პოპულარული უნდა იყო შენი სფეროდან გამომდინარე, რამდენად პროფესიონალი ხარ. ხალხმა გამიცნო სრულიად სხვა რაკურსში. ის სიკეთე, რაც მიკეთებია, მგონი, ყველამ დაივიწყა და მხოლოდ ჩემს მკერდზე ალაპარაკდა. უბრალოდ, იმ დღეს, როდესაც, მაია ასათიანის, გადაცემაში მივედი, დაემთხვა ჩემი ჩაცმულობა, თორემ სპეციალურად არ ჩამიცვამს. კარიერული თვალსაზრისით, ჩემს ასაკთან შედარებით, საკმაოდ დიდი ნაბიჯები მაქვს გადადგმული. რატომ ამაზე არ საუბრობენ, ვერ ვხვდები?! მე დავწერე ორჯერ ისეთი გამოცემისთვის, რომელსაც სიამაყით ვამბობ, რომ ეს არის კულტურული ენციკლოპედია – „სახელები და სახეები“. ის ერთად აჯამებს შოუ-ბიზნესისა და კულტურის სიახლეებს. ეს გამოდის 2 ტომად და მსოფლიოს 8 ქვეყანაში გადის. ეს არის ჩემთვის საამაყო. 21 წლის ასაკში დავწერე ავთანდილის პარიზულ მოგზაურობაზე. შეიძლება ითქვას, რომ ავთანდილი შევაფასე სხვა კუთხით. როდესაც მსოფლიოს მასშტაბით შენი გვარი ფიგურირებს, ეს იმაზე მეტს ნიშნავს, ვიდრე ის, თუ რას იტყვიან ჩემს შიშველ მკერდზე.
– რა მიზანი გაქვს? რისთვის იბრძვი?
– 15 წლის რომ ვიყავი, მაშინ ვიცოდი, რა მინდოდა ცხოვრებისგან. მე შემეძლო, ჩამებარებინა სხვა ფაკულტეტზე, მაგრამ ჩემში არ იყო სხვა პროფესია. ბედნიერი ვარ იმით, რასაც ვაკეთებ. მივხვდი, რა მინდა ცხოვრებაში.
– განსხვავებული შეხედულებებისა და ქმედებების გამო, რაიმე სერიოზული პრობლემის წინაშე თუ აღმოჩენილხარ?
– ასეთი რამ არ ყოფილა, პრობლემა არ შემქმნია. როგორც იცით, ფილმში გავიხადე. ეს იყო ფილმი „ტაქსი“. თუ პროფესიონალი მსახიობი ხარ და ამაში ხელს გარეგნობაც გიწყობს, რატომაც არ უნდა გაიხადო. ეს არის ჩვეულებრივი პროფესია. ერთ დღეს შეიძლება შიშველი იყო კადრში, მეორე დღეს კი მიმტანის როლი მოირგო. ამ ფაქტმაც დიდი აღშფოთება გამოიწვია საზოგადოებაში. ყველას თავისი შეხედულება აქვს. შეიძლება, მათ არ ვითვალისწინებ, მაგრამ თითოეულ მათგანს პატივს ვცემ.