რას ნიშნავს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს მოკავშირედ აღიარება და რა ტიპის დახმარების გაწევა გაუადვილდება აშშ-ის ადმინისტრაციას ბიუროკრატიული ბარიერების გვერდის ავლით
მართალია, ჯერ პროცესი ბოლომდე არ მისულა, მაგრამ აშშ-ის საკანონმდებლო ორგანომ უკვე მიმართა თავის პრეზიდენტს, რომ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეების სტატუსი მიენიჭოთ და საქმესაც ისეთი პირი უჩანს, ამ ინიციატივას happy end-ი ექნება. რას ნიშნავს აშშ-ის სტრატეგიული მოკავშირეობა და რა ტიპის დახმარებას უნდა ველოდოთ ჩვენი ოკეანისგაღმელი სტრატეგიული პარტნიორისგან, – თემას სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე განგვიმარტავს.
– რას გულისხმობს აშშ-ის მოკავშირეობა და ამერიკის რა ტიპის დოკუმენტებშია გაწერილი ამ ტიპის თანამშრომლობის დეტალები?
– თავიდანვე დავაზუსტოთ, რომ ორი განსხვავებული თემაა: ერთია სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ორი ქვეყნის კეთილი ნების დემონსტრირებაა. ისინი აღიარებენ ერთმანეთს სტრატეგიულ მოკავშირეებად და ეს არის ორმხრივი ვალდებულება. ამის დეკლარირების შემდეგ, ბუნებრივია, სტრატეგიული პარტნიორობა გულისხმობს კონკრეტულ ნაბიჯებსაც, იმისდა მიხედვით, რა შესაძლებლობები აქვს ამა თუ იმ ქვეყანას. ასეთი ტიპის ურთიერთობის დეკლარირება ჩვენ უკვე მოვახდინეთ და საქართველო ამერიკისთვის, ისევე, როგორც ამერიკა საქართველოსთვის მიიჩნევა სტრატეგიულ პარტნიორად.
– 2009 წლის იანვარში გაფორმებულ ქარტიას გულისხმობთ?
– დიახ. იქ იყო საუბარი ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ბოლომდე არ არის მისული; დემოკრატიის მხარდაჭერაზე, გარკვეულ სამხედრო თანამშრომლობაზე. ყოველ შემთხვევაში, ეს მაინც იყო პოლიტიკური აქტი, საგარეო პოლიტიკური აქცენტების დემონსტრირება. განსხვავებულია ის ვითარება, რაზეც თქვენ მკითხეთ: ეს არ არის ქართული სახელმწიფოს მხრიდან არანაირი ვალდებულება ან საქართველოს ძალისხმევის შედეგი. ეს არის გარკვეულწილად ამერიკის, როგორც სახელმწიფოს თავისებურება. მას გააჩნია საკმაოდ ძლიერი ფინანსური, სამხედრო-ტექნიკური რესურსი და როდესაც ქვეყანას ანიჭებს გარკვეულ სტატუსს, ეს ნიშნავს, რომ აშშ გამოყოფს თავის გარკვეულ რესურსს იმისთვის, უზრუნველყოს ამ სახელმწიფოს ეკონომიკური ან სამხედრო უსაფრთხოება და დაეხმაროს მას.
– გასაგებია, რომ აშშ-ის ნებაა, როდესაც ამა თუ იმ ქვეყანას აღიარებს მოკავშირედ, მაგრამ იმ მეორე მხრიდან თანხმობა არ სჭირდება? თუ იციან, რომ უკვე თანახმანი ვართ?
– თანხმობა არის შემდგომი პროცესი. მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც ომის საშიშროებაა, აშშ შეიმუშავებს გარკვეულ პოლიტიკას, სტრატეგიას, რომელიც არის ძალიან მოქნილი, მაგრამ ზოგადი და შემდეგ ეს სტრატეგია იღებს კონკრეტულ ფორმებს. მაგალითად, როდესაც აშშ ჯერ კიდევ არ იყო ჩართული გერმანიის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში, აშშ-ის საკანონმდებლო ორგანომ პრეზიდენტს მიანიჭა უფლება, ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე განეხორციელებინა ღონისძიებათა მთელი წყება. მათ შორის, მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური დახმარება აღმოეჩინა ქვეყნებისთვის, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ან შეეძლოთ, შეესრულებინათ ფაშიზმთან ბრძოლაში, იმისდა მიუხედავად, იყვნენ თუ არა ჩართულნი საბრძოლო მოქმედებაში. ანუ, ფაქტობრივად, ხელ-ფეხი გაუხსნა ადმინისტრაციას იმისთვის, რომ, სამხედრო საჭიროებიდან გამომდინარე, ემოქმედა დამოუკიდებლად. იმავე დემოკრატიით განთქმულ რომში, სადაც კონსულიც კი ორი ჰყავდათ, რომლებსაც ერთმანეთის ნებართვის გარეშე არ შეეძლოთ გარკვეული ღონისძიებების გატარება, არსებობდა დიქტატორის ინსტიტუტი. როდესაც ერთ-ერთი ან ორივე კონსული შეარჩევდა პირს, რომელიც 6 თვის განმავლობაში აბსოლუტური ძალაუფლებით აღიჭურვებოდა და სენატს არ ეკითხებოდა ამა თუ იმ ღონისძიებაზე ნებართვას, დაახლოებით ასეთივე მექანიზმია ამ ტიპის კანონპროექტებში ჩადებული: როდესაც განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო ამა თუ იმ სახელმწიფოს ენიჭება სტრატეგიული პარტნიორის სტატუსი, ადმინისტრაცია თავისუფლდება ზედმეტი ბიუროკრატიული, გნებავთ, დემოკრატიული ტვირთისგან, რომ ყველა ნიუანსზე მოახსენოს პარლამენტს და მიიღოს ნებართვა.
– კონკრეტულად ჩვენს მაგალითზე ვთქვათ, რა ღონისძიებების გატარება შეეძლება აშშ-ის პრეზიდენტს ჩვენ მიმართ მოკავშირის სტატუსის მინიჭების შემდეგ?
– თუ საქართველოს, უკრაინას ან მოლდოვას დასჭირდება დახმარება, ამერიკის ადმინისტრაციას შეუძლია, დაჩქარებული წესით მიიღოს გარკვეული ფინანსური ან სხვა ღონისძიებათა გეგმა და ამისთვის არ დასჭირდეს სენატის თანხმობა. ამ კანონპროექტში კეთილი ნება იმთავითვეა გამოხატული, ადმინისტრაციას კი აქვს აბსოლუტური თავისუფლება მოქმედებაში. ავიღოთ კონკრეტული მაგალითი: აშშ-ის ადმინისტრაციას ძალიან სჭირდება საქართველო „აისაფის“ მისიაში, მას და პენტაგონს კარგად ესმით ქართველი სამხედროების როლი ამ მისიაში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის დაძლეული ეგრეთ წოდებული ლიცენზირების ბარიერი. იმისთვის, რომ საქართველომ იარაღი შეისყიდოს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, საკმარისი არ არის მხოლოდ ადმინისტრაციის ნება, ამას სჭირდება ლიცენზირების პროცედურების გავლა და სენატის თანხმობის გარეშე, საქართველო სამხედრო დანიშნულების ჭანჭიკსაც კი ვერ იყიდის ამერიკაში.
– და ამ ბარიერს ხსნის ეს მოკავშირის სტატუსი.
– როდესაც ეს კანონპროექტი კანონად იქცევა, ადმინისტრაციას შეუძლია, არა მხოლოდ ახალი ფინანსური რესურსები გამოითხოვოს სენატიდან, არამედ თავისი, პენტაგონის უკვე დამტკიცებული რესურსებიც გამოიყენოს, რომ დაეხმაროს საქართველოს, როგორც მოკავშირეს. აქ მხოლოდ თანხაზე არ არის საუბარი: თანხა და რესურსი, ეს დახმარებები მრავალპლანიანია და მარტო ტანკითა და საბრძოლო თვითმფრინავით ან ფინანსებით არ შემოიფარგლება. აქ საუბარია დაჭრილებისთვის სისხლზე, ტანსაცმელზე…
– ოღონდ წყალი არ გვინდა.
– შეიძლება, წყალიც დაგვიჭირდეს. სტანდარტული ღონისძიებები მოიცავს ყოველმხრივ დახმარებას. 2008 წელს მაშინდელი პოლიტიკური ხელძღვანელობის სიბეცის გამო მოხდა, რაც მოხდა, თორემ, ადრე თუ გვიან, წინააღმდეგობაში მაინც მოვიდოდნენ რუსეთი და ევროპა და ახლა გაცილებით მარტივი იქნებოდა ჩვენი მიზნების მიღწევა.
– სულ იმაზე ვფიქრობ, ახლა რომ 2008 წლის 7 აგვისტომდე მოცემულობა იყოს როგორც ტერიტორიული, ისე პოლიტიკური, რამდენად დიდი შანსები გვექნებოდა: არც ერთი ჩვენი სეპარატისტული ტერიტორია არ იყო აღიარებული, აქეთ – დიდი ლიახვის ხეობასა და ახალგორს, იქით – კოდორის ხეობას ვაკონტროლებდით და იქ ქართველები სახლობდნენ. რას ნიშნავს აშშ-ის ასეთი ჟესტი, რა უთხრა ამით რუსეთს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა?
– ის, რომ ზესახელმწიფომ გვაღიარა, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო, კარგია სტრატეგიულ ჭრილში, მაგრამ დღეს გვიწევს ბეწვის ხიდზე სიარული, რადგან ჩვენი ნებისმიერი ფრაზა და ქმედება ასაწონ-დასაწონია, რომ დროზე ადრე არ აღმოვჩნდეთ ჩათრეულნი ამა თუ იმ კონფლიქტში.
– დროზე ადრე, ანუ ნებისმიერ შემთხვევაში აღმოვჩნდებით ჩათრეულნი?
– რაკი ამერიკამ მიიღო ასეთი კანონპროექტი, ეს არის დემონსტრირება იმისა, რომ ამერიკა შეშფოთებულია რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებით; რუსეთ-„ნატოს“ დაპირისპირება გაშიშვლებულია და ალბათობა იმისა, რომ ეს გადაიზრდება სამხედრო კონფრონტაციაში, ძალიან მაღალია. დაწესებული ეკონომიკური სანქციები მნიშვნელოვანია, მაგრამ შედეგს გამოიღებს გარკვეული დროის შემდეგ. ამიტომ ეს არის ერთი ფაზა, თუმცა არ არის გამორიცხული, ეკონომიკური სანქციების მიუხედავადაც, რუსეთმა დაიწყოს ავანტიურისტული მოქმედება, რომ პუტინმა შეინარჩუნოს ძალაუფლება. ამ სცენარების განხილვა შორს წაგვიყვანს, მთავარია ის, რომ ორივე მხარე – რუსეთიც და ამერიკა-დასავლეთიც – ამ მოვლენებს უყურებს, როგორც ომის ერთ-ერთ ეტაპს და საბრძოლო მოქმედებების დაგეგმვა შტატებში მიმდინარეობს ინტენსიურად. ომებს აქვს მიზნები და ამ მიზნების მისაღწევად საჭიროა გეოგრაფიული, ეკონომიკური და ფინანსური კატეგორიებით აპელირება. ჩვენ იმ გეოგრაფიულ არეალში ვიმყოფებით, რომ ვართ ამ გეგმების შემადგენელი ნაწილი. შესაბამისად, ჩვენგან დამოუკიდებლად შეიძლება, აღმოვჩნდეთ ამ მოვლენებში, მაგრამ გარკვეულწილად დაბალანსებული პოლიტიკით შეგვიძლია, რაც შეიძლება, შორს გადავწიოთ ეს საფრთხე და არ აღმოვჩნდეთ წამგებიან პოზიციაში. ოღონდ, ნებისმიერ ვარიანტში, ახლავე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ დაპირისპირების დასრულების შემდეგ, ჩვენ აღმოვჩნდებით ძალიან მომგებიან სიტუაციაში: ჯერ ერთი, ვიმყოფებით რა ფრონტის წინა ხაზზე, ასევე, უკრაინასა და მოლდოვას გვერდით ვართ ამ კანონპროექტის შემადგენელი ნაწილი; მეორე – ჩვენ ვართ მნიშვნელოვანი დასავლური უსაფრთხოებისთვის და მესამე – მთავარი საფრთხე, რამაც გამოიწვია ეს დაძაბულობა, არის სეპარატიზმი, რაც ჩვენი მთავარი პრობლემაა, იმიტომ რომ, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის რღვევა მოხდა არა მხოლოდ ოკუპაციის გამო, არამედ სეპარატიზმიც იქნა გამოყენებული. ახლა დასავლეთმა აღიარა, რომ სეპარატიზმი არის უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი დამანგრეველი. ჩამოგდებული „ბოინგიც“ ამის შედეგია, რითაც აღმოჩნდა, რომ ყველაზე უცოდველ სეპარატისტსაც კი შეუძლია დააყენოს მსოფლიო პრობლემის წინაშე. ამიტომ, როდესაც ეს კონფლიქტი დასრულდება, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა ამ კონფლიქტის შემადგენელი ნაწილი სამხედრო მოქმედებები, ამ სივრცეში აღარ იარსებებს არც ერთი სეპარატისტული რეგიონი.
– იმას ამბობთ, რომ ეს კონფლიქტი ცალსახად ამერიკის, დასავლეთის გამარჯვებით დასრულდება?
– არ მინდა, პროგნოზი გავაკეთო, მაგრამ, თუ ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალით ვიმსჯელებთ, რა თქმა უნდა. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის შეიარაღებული ძალები ერთ-ერთი ყველაზე ორგანიზებული იყო მსოფლიოში და მას ჰყავდა საკმაოდ მძლავრი მოკავშირეებიც, გერმანიამ რესურსების გამო და იმიტომაც, რომ მისი პოტენციალი გაცილებით დაბალი იყო, ვიდრე მისი მოკავშირეების, ეს ომი წააგო. მე არ ვიცი, ხვალ რუსეთი მოახერხებს თუ არა ჩინეთის მოკავშირეობას, მაგრამ ამ ეტაპზე რუსეთის სამხედრო მოკავშირეები არიან აფხაზეთი, „სამხრეთ ოსეთი“, ალბათ, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებიც გახდებიან და სირია. ამ მოკავშირეებით რუსეთის პოტენციალის ერთობლიობა საკმაოდ ჩამორჩება მოწინააღმდეგე ბანაკის პოტენციალს. ამიტომ მგონია, რომ რუსეთის მარცხი გარდაუვალია. საქმე ის არის, როგორი იქნება ეს მარცხი: იმპერიის ჩამოშლა თუ საზავო ხელშეკრულება, რომელშიც რუსეთი თავის კაპიტულაციას ღირსეულად შეხვდება.
– თუ ჩვენი მონაწილეობით დადებულ საზავო ხელშეკრულებებს გავიხსენებთ, ჩვენ აზრს არავინ გვეკითხებოდა და, როგორც წესი, სხვები ზავდებოდნენ ჩვენი ტერიტორიების ხარჯზე.
– მაგრამ ეს იმ ტიპის ზავი იქნება, როგორიც იყო ვერსალი, პოტსდამი. აქ საუბარია იმაზე, როდესაც ერთი მხარე არის გამარჯვებული და მეორე მხარე აცხადებს კაპიტულაციას. ამდენად, ეს საზავო ხელშეკრულება არ იქნება იმ ზავების მსგავსი, რაც ჩვენ გვქონია. ასეთი კატაკლიზმების მერე დადებული ხელშეკრულებები 30-50 წლის შემდგომ განსაზღრავს უსაფრთხოების არქიტექტურას. ვფიქრობ, ამ არქიტექტურაში სეპარატიზმს ადგილი არ ექნება. გასაგებია, რომ ჩვენი მთავარი პრობლემაა ტერიტორიული მთლიანობა და ამ მარტივი ლოგიკიდან გამომდინარე, მხარე უკვე არჩეული გვაქვს. ამდენად, წყნარად და დინჯად უნდა დაველოდოთ შედეგებს.
– თქვით, რომ მოკავშირის სტატუსი გულისხმობს დახმარებების ფართო სპექტრს, შედის ამაში ამერიკის სამხედრო დანაყოფების ფიზიკურად განთავსება საქართველოს ტერიტორიაზე? იმ სცენარის შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთი დაიშლება, ჩრდილოკავკასიელებისგან თავის დაცვა მათ გარეშე წარმოუდგენელი მგონია.
– თუ რუსეთის დაშლა პროგნოზირებადი იქნება, დაგვეხმარებიან, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები იმ დონეზე არ დარჩეს, რა დონეზეც დღესაა. სამხედრო მოქმედებების თეატრი ამ ეტაპზე შემოსაზღვრულია უკრაინით, იმიტომ რომ, რუსეთს არ აქვს ფიზიკური ძალა, კავკასიაც მოიცვას. სანამ რუსეთი არ დაიწყებს ფართომასშტაბიან მოქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ, მანამდე არავინ ეცდება საქართველოს ტერიტორიაზე ქვედანაყოფების განთავსებას.
– უკრაინაში უკვე დაწყებულია, ანუ იქ განათავსებს?
– სანამ დაპირისპირება საბრძოლო მოქმედებების ფაზაში არ გადავა, არც იქ განათავსებენ. ამ ეტაპზე ეს არ არის დაპირისპირება დასავლეთსა და რუსეთს შორის, მაგრამ არ არის გამორიცხული, თუ მსხვერპლი გაიზარდა, ეკონომიკური სანქციები გამკაცრდეს და ფიზიკური დახმარება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გაიზარდოს. მე მაინც ვფიქრობ, რომ სამხედრო ქვედანაყოფებს არ განათავსებენ, სანამ შეუქცევადი არ გახდება პროცესი, რომ რუსეთი დაიწყებს უკრაინის სამხედრო ინტერვენციას. ყველას ინტერესია, რომ საბრძოლო მოქმედებები არ დაიწყოს, რადგან, რაც უნდა ხანმოკლე აღმოჩნდეს ისინი, მსხვერპლი მაინც დიდი იქნება.
– ნაკლებად მჯერა, რომ პუტინმა ასე მარტივად დათმოს და კაპიტულაცია აღიაროს.
– მე ვფიქრობ, როდესაც ადამიანს რამდენიმე ათეული მილიარდი აქვს, ის ასეც მოიქცევა. მას არ აქვს ვაჟკაცობა, რომ ჰიტლერივით კაპიტულაციას თვითმკვლელობა ამჯობინოს. კაპიტულაცია იქნება ქვეყნისთვის გადადგმული ნაბიჯი, რომ რუსეთი არ ჩამოიშალოს. მოაწეროს ხელი კაპიტულაციას, გადადგეს და დაელოდოს…
– რუსეთის ჩამოშლას, რომელიც მის მიერ კაპიტულაციაზე ხელის მოწერის შემდეგ მაინც ჩამოიშლება?!
– რატომ?! რუსეთს თავისი პოტენციალი არ ამოუწურავს. უბრალოდ არ უმართლებს, იმიტომ რომ, ხშირად მისი პოლიტიკური ლიდერები იქცევიან, როგორც დამპყრობლები. ხშირად ისეთ პოლიტიკურ მეთოდებს იყენებენ საკუთარი მოსახლეობისადმი, როგორიც მონღოლებსაც კი არ გამოუყენებიათ.