კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ინაწილებენ ქართველი კაცები არაქართველ ცოლებთან საშინაო საქმეებს და რატომ არის ქართველი ცოლის ქმართან ურთიერთობის ფორმატი შეურაცხმყოფელი

არავისთვისაა დიდი საიდუმლო, რომ თანამედროვე ქართველები, ზოგადად, პასუხისმგებლობის, მაინცდამაინც, გამძაფრებული გრძნობით არ გამოვირჩევით. შესაბამისად, ეს ნაკლი საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც ვლინდება და პირად ურთიერთობებშიც. განსაკუთრებით თვალშისაცემია მამაკაცების უპასუხისმგებლობა, რადგან ქალების შემთხვევაში, დედობის ინსტინქტი ბუნებრივად აყალიბებს პასუხიმგებლობის განცდას. მეორე მხრივ, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ისიც ფაქტია, რომ სწორედ ეს პასუხისმგებლიანი ქალბატონები ახერხებენ საკმაოდ უპასუხისმგებლო მამაკაცების აღზრდას (ვაჟიშვილების სახით). რა თავისებურებებით ხასიათდება შვილების აღზრდის ქართული სისტემა, რატომ ირიყება ამ პროცესიდან მამა და რა როლს ასრულებს დედა ვაჟიშვილის ხასიათის ფორმირებაში, ამ არცთუ იოლი თემის დეტალებს საკონსულტაციო ცენტრ „სახლის“ ხელმძღვანელი, ექსპერტი რუსუდან ფხაკაძე განგვიმარტავს.

 

– პასუხისმგებლობის სიმწირე აშკარაა. როგორ ხდება, რომ პასუხისმგებლობის მქონე ქალი, რატომღაც, ზრდის საკმაოდ უპასუხისმგებლო მამაკაცს?

– ძალიან რთული კითხვაა, იმიტომ რომ, თავისთავად, პასუხისმგებლობა მამაკაცებსაც აქვთ, მაგრამ გააჩნია, რაში. მათ ახასიათებთ არჩევითი პასუხიმგებლობა, მაშინ, როდესაც ქალებს,  თუ აქვთ პასუხისგმებლობის გრძნობა, ყველაფერში აქვთ: სამსახურში, ოჯახში, მეზობლებისა თუ ნათესავების მიმართ ურთიერთობაში. მამაკაცებს გამოკვეთილად აქვთ პასუხისმგებლობა სამსახურის მიმართ. ამის უკან დგას, რას იტყვის ხალხი, მე რომ კარგი ბიჭი ვარ, ყველამ უნდა დამინახოს და ეს ნიშნავს ნაკლებ პასუხისგმებლობას ურთიერთობებში. ურთიერთობა ძალიან უჭირთ ქართველ მამაკაცებს.

– გულისხმობთ ურთიერთობებს ქალებთან?

– დიახ, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში, სასიყვარულო იქნება ეს თუ სექსუალური, პასუხისგმებლობას ძალიან ძნელად იღებენ მამაკაცები, თორემ სამსახურის მიმართ…

– მეგობრების მიმართ.

– დიახ, ამ ტიპის ურთიერთობებში მაღალი აქვთ პასუხისგმებლობის გრძნობა, მაგრამ რაც ყველაზე რთულია, ანუ ვიწრო, ინტიმურ ურთიერთობებში ძალიან უჭირთ, იმიტომ რომ, იქ მართლაც ჩანს შენი პიროვნული კოეფიციენტი და პასუხისმგებლობის ხარისხი, იქ ვერსად დაიმალები. იმავეს გამოხატულებაა ბავშვების აღზრდის პროცესში  მათი არმონაწილეობა. ახლა თითქოს შეიცვალა მიდგომა და იღებენ მონაწილეობას ბავშვების აღზრდაში, მაგრამ, როგორც კი კონფლიქტური მდგომარეობა იქმნება, როდესაც შვილი განსხვავებულ აზრებსა და შეხედულებებს გამოთქვამს, მამაკაცები თავს აღარ იწუხებენ ამ პასუხისმგებლობით. შეუძლიათ, შეტრიალდნენ და ამ დროს რა უნდა ქნას დედამ? ის, რასაკვირველია, მარტო რჩება ამ პრობლემის წინაშე.

– მე მგონია, რომ, თუ კაცს შეუძლია, მოატყუოს ცოლს ან პარტნიორ ქალს, მას შეუძლია, მოატყუოს ნებისმიერს: თანამშრომელს, მეგობარ, მეზობელს. მამაკაცები ირწმუნებიან, ეს ასე არ არისო. მაშინ როგორ არის?!

– არა,  სწორედ ესაა პრობლემა: მათთვის საქმე სრულიად განსაზღვრულია, არანაირ მოულოდნელობებს არ უკავშირდება, დიდ შინაგან ემოციურ წვასა და ხარჯვას არ მოითხოვს. ზუსტად იცის, ამას გააკეთებს და ასეთ შედეგს მიიღებს. საპირისპირო სქესთან ურთიერთობა კი მოითხოვს პლასტიკურობას, მზაობას, რომ გამოხატო შენი გრძნობები, გააგებინო მეორე ადამიანს. სამსახურში ძალიან თუ არ გამოხატავ, რა ხდება შენს შიგნით, შეიძლება, ძალიან კარგი მუშაკი იყო და  ძალიან პასუხისმგებელი პიროვნების შთაბეჭდილებაც დატოვო. აქ კი სულ სხვა პლასტზეა საუბარი –  ემოციურ ურთიერთობებში ისინი თავს მეტად დაუცველად და უმწეოდ გრძნობენ, ამიტომ ურჩევნიათ, დატოვონ ბრძოლის ეს ველი, ვიდრე სცადონ, ისწავლონ და არ შეეშინდეთ მარცხის.

– მაგრამ ეს ხომ დეზერტირობაა?

– შეიძლება, დავარქვათ დეზერტირობაც, ინფანტილური ურთიერთობების მოდელი თუ დედების გაზრდილი კაცების თავისებურება, რომ ყველა ქალი მაინც დედაა და მათ უნდა იზრუნონ მათზე. ზრუნვა მაინცდამაინც ფულის შემოტანა ხომ არ არის?! ემოციურ პლანში ქართველი მამაკაცები მაინც დედებს ეძებენ, ამდენად, ეს უპასუხისმგებლობაც აქედან მოდის.

– შვილების მიმართ მამების უპასუხისმგებლობაც ამ მოდელით, ემოციური ურთიერთობების შიშით იხსნება?

– შვილებთან ურთიერთობაში ხომ დედაა მაინც წამყვანი?! ამიტომ შვილები გადაბარებულები ჰყავთ დედებისთვის და თავიანთ მონაწილეობას საჭიროდ არ თვლიან.  ერთი სიტყვით, რაც გამოსდით, იმას აკეთებენ, რაც არ გამოსდით, არც ცდილობენ, რომ ისწავლონ.

– არის მეორე მხარე, ერთიც მგლისკენო და ამ მამაკაცებს აჩენს და ზრდის ქალი, ესე იგი, ქალის პასუხისმგებლობაცაა, რომ ასეთებად ყალიბდებიან. ქალიც გამოდის დამნაშავე ამაში?

– არა, ქალი არ გამოდის დამნაშავე. იმ ურთიერთობის შედეგად, რომელიც ქალსა და მამაკაცს შორის არის ჩამოყალიბებული წლების განმავლობაში, ქალი ვერ არის რეალიზებული თავის  ინტიმში და ეს ინტიმი არ ნიშნავს, მაინცდმაინც, სექსუალურ ურთიერთობას: ინტიმი არის ემოციური ურთიერთობები. როდესაც ამის დეფიციტია წყვილს შორის, მთელი ეს ემოციები, რომელიც აქვს ქალს, გადააქვს შვილზე და მისდა უნებურად აპარაზიტებს მას, აუვნებელყოფს, რომ მასში ჩამოყალიბდეს ემოციური ზრუნვა სხვა ადამიანის მიმართ. შვილი იზრდება მოდელში, რომ დედა წყვეტს ყველაფერს და როდესაც თქვენ მთლიანად უზრუნველყოფილი ხართ, აღარ იზრუნებთ საკვების მოპოვებაზე. ამიტომ ყოველი ქალი მამაკაცისთვის მაინც არის იმ დედის სიმბოლოს მატარებელი, რომელმაც შეიძლება, შენ მოგიძღვნას ყველაფერი, შენ კი არაფერიც არ მიუძღვნა ემოციურ პლანში. ოჯახური კონფლიქტები და გაუგებრობები აქედან მოდის. 

– ანეკდოტი გამახსენდა: ინგლისელს ჰყავს ცოლი და საყვარელი, მაგრამ უყვარს ცოლი; ფრანგს ჰყავს ცოლი და საყვარელი, მაგრამ უყვარს საყვარელი, ქართველსაც ორივე ჰყავს, მაგრამ უყვარს დედა.

– ჩვენი სადღეგრძელოები გაიხსენეთ: დედის, სამშობლოსი, მეგობრების. ქალისადმიც დეკლარირებულია დამოკიდებულება, მაგრამ ემოციური, ქმედითი დამოკიდებულება ძალიან სუსტია.

– დღეგრძელობისას მიმიქცევია ყურადღება: ძირითადი აქცენტი ბედნიერ დედობაზეა. მამაკაცები ნაკლებად უსურვებენ ხოლმე ქალებს, იყავი ბედნიერი, როგორც ქალიო.

– იმიტომ რომ, ეს უკვე ბოზობის ტოლფასია. გაგახსენებთ ერთ-ერთ ბოლო მკვლელობას, როდესაც ყოფილმა ქმარმა მოკლა ყოფილი ცოლი: საზოგადოება სადღაც მაინც ამართლებს მკვლელს, იმიტომ რომ, ის ქალი თურმე ბოზი ყოფილაო. არადა, კეთროვანი იყო, ბოზი თუ შეურაცხადი, არანაირი უფლება არ აქვს ერთ ადამიანს მეორის გაწირვის, მაგრამ, მენტალობაში ამას რაღაც გამართლებას რომ უძებნიან, ეს ფსიქიკური აღქმის, მენტალობის  ძალიან მნიშვნელოვან დაზიანებაზე მიუთითებს.

– მაგრამ ეს ემოციურად არარეალიზებული ქალი ზრდის შვილ გოგონასაც და ვაჟსაც. გოგონა რატომ გამოდის უფრო ნორმალური პიროვნულად, ვიდრე –  ვაჟი?

– იმიტომ რომ, გოგონას მიმართ ამხელა ემოციებს არ ამჟღავნებს დედა. გოგონა აღიქმება, როგორც დამხმარე, მაინც ჩემნაირია და ჩემი ბედი უნდა გაიზიაროს. ეს არაცნობიერად დევს დედაში. ვაჟი კი არის მამაკაცთან არარეალიზებული ურთიერთობების გადატანის საშუალება და ძალიან ღრმა ფსიქოლოგიაში შევალთ, ამის განხილვა რომ დავიწყოთ. ზედაპირზე ჩანს, რომ მამაკაცები უპასუხისმგებლოები არიან ემოციურ ერთიერთობებში და აქვთ ეს პასუხისმგებლობა საქმეში, სინამდვილეში კი ეს არის მათი უუნარობა ინტიმურ ურთიერთობებში და უნარიანობა –  საქმეში.

– თუმცა, თუ ჩვენი ქვეყნის სტატუსსა და რუკას შევხედავთ, არ მგონია, დიდად იცოდნენ და გამოსდიოდეთ საქმიანი ურთიერთობები.

– დილიდან ღამემდე სამსახურში არიან, საქმეს აკეთებენ, სხვა თემაა, რა ხარისხით და როგორი გონებრივი და ზნეობრივი მონაცემების კრებადობით, ეს სულ სხვა პრობლემაა, მაგრამ 24 საათს სამსახურში რომ არის ადამიანი, ეს თავისთავად მაინც არის პასუხისმგებლობის გამოხატვა. ასე მთლიანადაც ვერ გადავუსვამთ ხაზს.

– რა ტიპის კულტურებისთვისაა დამახასიათებელი ასეთი ტიპის მამაკაცები?

– კოლექტივისტური კულტურებისთვის. ინდივიდუალისტური კულტურებისთვის –  ნაკლებად, სადაც ბავშვს 16 წლის ასაკიდან დამოუკიდებლად უშვებენ. ჩვენთან კი ბავშვი ყველა ასაკში ბავშვია: 45 წლისაა თუ 60-ს?! ხშირად გავიგონებთ: ჩემი ბიჭი, ჩემი სიამაყე, ჩემი იმედი. ის ყოველთვის შვილია; შვილი კი ხომ ის არის, ვისზეც ზრუნავენ?! ამიტომ, როდესაც ვინმე მოგეახლება ქალის სახით, მანაც ხომ ასევე უნდა იზრუნოს შენზე?! იმიტომ რომ ასეთი მოდელი გაქვს ჩამოყალიბებული.

– მეორე მხრივ, მიუხედავად იმისა, რა ასაკში ხარ, მშობლებისთვის მაინც შვილად რჩები, ანუ ეს როლი მაინც გვრჩება მთელი სიცოცხლის განმავლობაში. 

– რასაკვირველია, მაგრამ, როდესაც გოგონა წამოიზრდება, მას უყურებენ, როგორ დამხმარეს, ვაჟი კი ყოველთვის საფუფუნებელი არსებაა.

– მე არ მყავს ვაჟიშვილი, ნეტავ, მეც ასე გავზრდიდი?

– მე ორივე მყავს და ჩემდაუნებურად ვიჭერ თავს, უბრალოდ ვაკონტროლებ ხოლმე, რადგან მენტალობას ვერც ჩვენ გავემიჯნებით, რაც უნდა დიდი ფსიქოლოგები ვიყოთ.

– ყოველთვის არარეალიზებულები იყვნენ ჩვენთან ქალები და უპასუხისმგებლო ვაჟებს ზრდიდნენ?

– გასულ კვირას იყო ცოტნე დადიანის ხსენების დღე, ის ისტორიას შემორჩა, როგორც გმირი, მაგრამ, თუ გმირობაა სხვების ბედის გაზიარება, როდესაც ქვეყნის უსახელო გმირი ქალები, რომლებიც ასევე იზიარებდნენ სხვების ბედს, არ შემორჩენია ისტორიას?! ყოველთვის დასაფასებელი იყო კაცის გამზიარებლობა.

– ნორმაა, რომ ქალი დარჩეს მკვდარი ქმრის სახელზე, მარადიულ ქვრივად. ანუ ქალისგან თითქოს მოითხოვენ გამზიარებლობას და ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობაა.

– ხალხიც მოუწოდებს ქალს, რომ მუდმივად იგლოვოს გარდაცვლილი ქმარი. ამ ლოგიკით, თავის დროზე, ბელადებს სიკვდილის შემდეგ ზედ აკლავდნენ საყვარელ მხევლებსა და ცოლებს და ატანდნენ ყველაფერს, რაც ამ ცხოვრებაში უყვარდა. ჩვენთვის ქალს ბუნებრივად შეუძლია, იყოს მარტო, აი, კაცი კი ცოდვაა ცოლის გარეშე, აბა, რას იზამს მარტო?! ყველგან დევს გენდერული უთანასწორობის მომენტები.

– ერთნაირი ტიპის ფეოდალიზმი გავიარეთ ჩვენც და დასავლეთ ევროპამაც. შესაბამისად, მათაც იგივე დამოკიდებულება ჰქონდათ ქალისადმი, როგორც ჩვენ, მაგრამ მათ დაძლიეს ეს გენდერული უთანასწორობა, ჩვენ –  ვერა. როგორ მოახერხეს?

– ევროპამ ეს მოახერხა ისევ იმით, რომ მაინც იდვივიდუალისტური მიდგომა ჰქონდათ  როგორც საკუთარი პერსონისადმი, ისე სხვებისადმი. ჩვენ კი ყოველთვის ვამბობთ, ჩვენ. რას ნიშნავს ეს ჩვენ?! არადა, მე მე ვარ, შენ –  შენ, ის –  ის. არ უნდა გადაჰყვე არავის, არც შვილს და თუ გადაჰყვები, არ უნდა წამოაძახო მთელი ცხოვრება, შენ შემოგწირე ყველაფერიო, რადგან ეს შენთვის არავის დაუვალებია. ჩვენ კოლექტივისტური მიდგომა გვაქვს: ჩვენ უფრო მაღლა დგას, ვიდრე –  მე.

– როგორ უნდა ვასწავლოთ ემოციურ ურთიერთოებში პასუხისმგებლობა ჩვენს თანამემამულე მამაკაცებს?

– ჩვეულებრივად, სიყალბის გარეშე უნდა უთხრათ, რომ დღეს არ გინდათ, გააკეთოთ საჭმელი ან მოუაროთ, იმიტომ რომ, თქვენი საქმე გაქვთ, სერიალს უყურებთ ან სხვა რამეს აკეთებთ. უპირობო მზაობა გადასაფოფრად არ არის საჭირო.

– ოპონენტები გეტყვიან, მაშინ სხვას იპოვის, ვინც უპირობოდ დაურეცხავს და დაულაგებს, ოღონდ იყოს მომვლელი და არა ქალი.

– ისევ ქალს შეუძლია ამის გამოსწორება. იმ გარემოს შეცვლა, სადაც იზრდება მამაკაცი, რომ ეს დაზიანებული მოდელი არ ჩამოუყალიბდეს, რომელსაც შემდეგ მთელი ცხოვრების განმავლობაში რეალიზებას უკეთებს და თვითონაც იტანჯებიან ამის გამო. არ ესმით, რატომ არის ამდენი კონფლიქტი ინტიმურ სფეროებში, ამიტომ საპასუხოდ, ცოლი საერთოდ აღარ მოჰყავთ, მთლიანად გადაერთვებიან სამსახურზე ან ბერბიჭებად რჩებიან, ან თუ გაეყრებიან ცოლს, აღარ ოჯახდებიან. 

– ისიც ფაქტია, რომ რუს და უკრაინელ ქალებთან ნაკლებ პრობლემურ ოჯახებს ქმნიან.

– იმიტომ რომ ეგრევე იწვრთნებიან, იქაურ ქალებს შინაგანად აქვთ: ახლა შენ გააკეთე, რადგან გუშინ მე გავაკეთე. ასეთ მიდგომას ბუნებრივად ატარებენ შინაგანად. აქვთ მოთხოვნები და ამ მოთხოვნების ფორმატიც არ არის შეურაცხმყოფელი. ქართველი ქალი, როგორც წესი, შეურაცხმყოფელი ფორმით ავლენს ამ მოთხოვნებს. არადა, ეს ბუნებრივად უნდა იყოს, ისევე, როგორც რძალ-დედამთილს შორის ურთიერთობაშიც. უნდა თქვა, ახლა არ მაქვს სურვილი, რომ გავაკეთო სადილი და არა დაძაბული ტონით –  ახლა კეთილი ინებე და შენ გააკეთე. რატომღაც, ურთიერთობებში სულ ნიშნის მოგებისა და უპირატესობების დამტკიცების პოლიგონად ქცევის დაუცხრომელი მოთხოვნებია.

скачать dle 11.3