რატომ აწამა კლიენტმა ცნობილი მკითხავი და როგორ დაეუფლა მის ფულსა და ძვირფასეულობას
57 წლის ნუცა შ-იაზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის შესახებ სამართალდამცველებისთვის ინციდენტიდან რამდენიმე დღეში გახდა ცნობილი, იმის მიუხედავად, რომ დაზარალებულს პოლიციაში არ განუცხადებია. სამართალდამცველებმა ეს ისტორია სამედიცინო სამსახურისა და საკუთარი წყაროს მეშვეობით შეიტყვეს. დაზარალებულ ქალს თავისა და ყელის არეში მძიმე დაზიანებები და ნაჭდევები აღენიშნებოდა. როგორც გამოძიებით დადგინდა, ნუცა შ-ია ორი დღის განმავლობაში ეწეოდა თვითმკურნალობას, მაგრამ უშედეგოდ და მხოლოდ ამის შემდეგ გახდა იძულებული, სამედიცინო დაწესებულებისთვის მიემართა, რაც, საბოლოოდ, საქმეში სამართალდამცველების ჩართვით დასრულდა.
დაზარალებული ქალის განცხადებით, მასზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმა იმის გამო დამალა, რომ საკუთარი რეპუტაციის შელახვას მოერიდა. თუმცა, მოგვიანებით დადგინდა, რომ ქალი, რომელიც მკითხაობას ეწეოდა, წარსულში თაღლითობისთვის იყო ნასამართლევი და სამართალდამცველებთან ამ საქმის გახმაურება აღარ აწყობდა. ნუცა შ-იას განცხადებით, მასზე ყაჩაღური თავდასხმა განახორციელა მისმა კლიენტმა, ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც მას ინციდენტამდე ორი თვით ადრე გაეცნო.
ამონაწერი დაზარალებულის ჩვენებიდან: „გოგა ორი თვის წინ გავიცანი. ის ჩემთან მოვიდა როგორც ჩვეულებრივი კლიენტი და მითხრა, რომ ბიზნესში ჰქონდა პრობლემები და ჩემი დახმარება ესაჭიროებოდა. ძალიან კულტურული ბიჭი იყო, თავაზიანი და ჩემი ნდობა იოლად მოიპოვა. ჩვენი ურთიერთობა მკითხავისა და კლიენტის ურთიერთობას გასცდა. გოგა უსაჩუქროდ არასდროს მოდიოდა ჩემთან, ერთხელ მალინა მოვინდომე და მეორე დღეს მალინაც კი მომიტანა. გარდა ამისა, იმაზე მეტ ფულს მიტოვებდა, ვიდრე ეს განსაზღვრული იყო. მე მისი ვიანობა არ ვიცოდი – ამ თემაზე ცოტას საუბრობდა, მხოლოდ ის მითხრა, რომ ხის პატარა საწარმოს მფლობელი იყო და მისი გაფართოება ჰქონდა დაგემილი. ჩვენი გაცნობიდან ორი თვის თავზე, დღისით, დამირეკა და მითხრა, რომ ჩემთან მოსვლა სურდა. გამაფრთხილა, ისეთ დროს მინდა მოვიდე, მარტო რომ იქნებიო. იმ საღამოს ჩემი ქმარი და შვილიშვილები სოფელში მიდიოდნენ. გოგას ამის შესახებ ვუთხარი და შევთანხმდით, ცოტა გვიან მოსულიყო. მერე მივხვდი, რომ დრო – გვიანი ღამე სპეციალურად შეარჩია. ამ დროს ჩემთან კლიენტი აღარ მოვიდოდა. ღამის თერთმეტი საათი ხდებოდა, როცა გოგა ჩემთან მოვიდა. ხელში პატარა სპორტული ჩანთა ეჭირა. ცოტა ხანს ვისაუბრეთ. მე დიდ კერძო სახლში ვცხოვრობ, სახლი ისეა შემოსაზღვრული ღობით, რომ ჩემი ეზოდან არც ხმა გადის და არც არაფერი ჩანს. საუბრის დროს გოგა ცოტა აღელვებული ჩანდა. სამზარეულოში ვისხედით. გოგა ფეხზე ადგა და კარადასთან მივიდა. უცებ კარადის უჯრიდან დანა ამოიღო, მომიახლოვდა და დანა ყელზე მომადო. ვერც კი მივხვდი, რა ხდებოდა. თავიდან მეგონა, ხუმრობდა, მაგრამ, დანა ისე მომაბჯინა, ლამის ყელი გამომჭრა. უცებ მითხრა: აქ მხოლოდ ჩვენ ვართ, ვერავინ ვერაფერს გაიგონებს, ამიტომ, არც ყვირილს აქვს აზრი. ისე მოგკლავ, კაციშვილი ვერ გაიგებს ვერაფერს, სახლში რაც ფული გაქვს, უნდა მომცეო. მე ვუთხარი, სახლში ფულს არ ვაჩერებ, ამდენ ხალხს ვინახავ, სად მაქვს შესანახი ფული-მეთქი. კარგი, ქალბატონოო, _ მითხრა, სპორტული ჩანთიდან თოკი ამოიღო, რომლითაც ჩემს სამზარეულოში, რკინის მილზე მიმაბა და წამება დამიწყო. ორჯერ თოკი ისე წამიჭირა ყელში, ძლივს ამოვისუნთქე. ხან თავში მირტყამდა, ხან ჩემს დახრჩობას ცდილობდა. დროდადრო მეუბნებოდა, ხომ არ გაგახსენდა, ფული სად გაქვსო? იძულებული გავხდი, ფული გამომეჩინა, საძინებელში სამი ათასი ლარი და ხუთასი დოლარი მქონდა გადამალული. მთელი ეს თანხა ერთად მედო პარკში. გოგას ერთი წუთი არ დავუტოვებივარ, სამალავთან თვითონ მიმიყავნა და მივეცი ეს ფული. მე ყოველთვის ბევრ ოქროს სამკაულს ვატარებ, გოგამ მომხსნა ყველა სამკაული, რაც კი მეკეთა. ზარალმა ათი ათასი ლარი შეადგინა. ამის შემდეგ მან პირზე სკოჩი ამაკრა, გაკოჭილი დამტოვა და ჩემი სახლიდან წავიდა. მთელი ღამე სვეტზე მიკრულმა გავატარე. დილით მეზობელმა ქალმა მიპოვა ნაცემ-ნაბეგვი, სისხლჩაქცევებით. საავადმყოფოში არ წავედი, თვითონ ვცადე საკუთარი თავისთვის მეშველა, მაგრამ, ორი დღის შემდეგ უფრო ცუდად გავხდი და ექიმს ამის შემდეგ მივმართე”.
სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. დაიწყო გამოძიება. როგორც საქმის მასალებით გახდა ცნობილი, ნუცა შ-ია წარსულში თაღლითობისთვის იყო ნასამართლევი, ციხიდან გამოსვლის შემდეგ კი განაცხადა, რომ ნათელხილვის ნიჭი აღმოაჩნდა და მკითხაობა დაიწყო. გამოძიებამ ივარაუდა, რომ ქალზე განხორციელებული თავდასხმა, შესაძლოა, მის წარსულთანაც ყოფილიყო დაკავშირებული. მართლაც, როგორც მოგვიანებით დადგინდა, ამ ისტორიის კვალი მკითხავი ქალის წარსულში მიდიოდა. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით დადგინდა დანაშაულში სავარაუდო ეჭვმიტანილის ვინაობა. ის 38 წლის გოგა ჩ-ძე აღმოჩნდა, რომელიც ციხიდან პირობით იყო გათავისუფლებული, ის სასჯელს ქურდობისთვის იხდიდა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ახალგაზრდა კაცმა საერთო ნაცნობის ოჯახში გაიცნო პედაგოგი მანანა ჭ-შვილი, რომელთან საუბრიდანაც შეიტყო, რომ მან ორსართულიანი სახლი და სხვა ქონება (ძვირფასეულობა, მიწის ნაკვეთი) მისი ნაცნობი ქალის, ნუცა შ-იას თაღლითობის წყალობით დაკარგა. გოგა ჩ-ძე და მანანა ჭ-შვილი ერთმანეთს გაცნობისთანავე დაუახლოვდნენ და გოგა ჩ-ძემ ქალისგან ბევრი საინტერესო დეტალი შეიტყო. მანანა ჭ-შვილმა ისე მისცა „ნაკოლი” გამოცდილ ქურდს, რომ ამას თავად ვერ მიხვდა. მამაკაცმა გაარკვია, რომ ქალი მკითხაობით იყო დაკავებული და საკმაოდ დიდი შემოსავალი ჰქონდა. გოგა ჩ-ძემ ქალზე ყაჩაღური თავდასხმაც მისი საქმიანობიდან გამომდინარე დაგეგმა. ის ქალს ჩვეულებრივ კლიენტად გაეცნო, დაუახლოვდა, მისი ნდობა მოიპოვა და მხოლოდ ამის შემდეგ მოიყვანა თავისი განზრახვა სისრულეში.
ნუცა შ-იასა და მისი ახლობლების განცხადებით, გოჩა ჩ-ძემ დანაშაული მანანა ჭ-შვილთან ერთად დაგეგმა. ქალმა მას „ნაკოლი” მისცა და ამით იძია ჩემზე შურიო – ამტკიცებდა ნუცა შ-ია, რასაც კატეგორიულად უარყოფდა როგორც დაკავებული, ასევე, მოწმის სახით დაკითხული მანანა ჭ-შვილი, რომელიც მკითხავის წყალობით იყო დაზარალებული წლების წინ. საქმის მასალებით, არ დადასტურდა მანანა ჭ-შვილის მონაწილეობა ყაჩაღურ თავდასხმაში, რაც განსასჯელმა სასამართლო პროცესზეც დაადასტურა. განსასჯელის ადვოკატი მიიჩნევდა, რომ გოგა ჩ-ძის მიმართ წაყენებული ბრალდება არაადეკვატური იყო და მის მიერ ქალზე განხორცილებულ ქმედებებში მკვლელობის მცდელობის მაკვალიფიცირებელ გარემოებას ადგილი არ ჰქონია, რაც სასამართლომ არ გაიზიარა – გოგა ჩ-ძე ჩადენილი დანაშაულისთვის გამოძიების დროს აღძრული მუხლებით გაასამართლა და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.