როგორ გახდა ხრუშჩოვის ორეული თბილისელი სტუდენტი ცნობილი საბჭოთა აფერისტი, მეტსახელად „ნიკიტიჩა“
თბილისელი თაღლითი პავლე გლუშკო, მეტსახელად „ნიკიტიჩა“, გასული საუკუნის 60-70-იან წლებში მოღვაწეობდა და დიდი პოპულარობითა და ავტორიტეტით სარგებლობდა კოლეგებს შორის. მეტსახელი „ნიკიტიჩა“, მას საბჭოთა ლიდერის, ნიკიტა ხრუშჩოვთან აბსოლუტური მსგავსების გამო შეარქვეს და პირველი მისი მსხვილი თაღლითობაც ხრუშჩოვის სახელთანაა დაკავშირებული. დღევანდელ პუბლიკაციაში გთავაზობთ რამდენიმე ეპიზოდს თაღლით „ნიკიტიჩას“ კრიმინალური ცხოვრებიდან.
უკანონო შვილი
1940 წელს დაბადებული პავლე გლუშკო პლეხანოვზე იზრდებოდა და როგორც ყველა თბილისელი ბიჭი, ადრეული ასაკიდანვე ეზიარა ქუჩის ხიბლს. სხვა თანატოლების მსგავსად, ის ჩხუბობდა კიდეც, მტკვარზე საბანაოდ იპარებოდა და, რა თქმა უნდა, ფეხბურთს თამაშობდა. პატარა პავლიკა, ისევე, როგორც ყველა მისი ასაკის ბიჭი, ბორის პაიჭაძის თამაშის სანახავად დადიოდა „დინამოს“ სტადიონზე. დღევანდელობისგან განსხვავებით, იმ პერიოდში, სტადიონზე დასასწრები ბილეთის შოვნა თითქმის შეუძლებელი იყო და ბავშვებს სხვადასხვა ეშმაკობის მოფიქრება უწევდათ სტადიონზე შესაღწევად. ძირითადად, ისინი სტადიონის ღობეზე ძვრებოდნენ და ამგვარად იპარებოდნენ შიგნით. პავლიკას კი მხატვრობის ნიჭი გააჩნდა, მატჩის ბილეთს ხატავდა და აბსოლუტურად ლეგალურად შედიოდა სტადიონზე. მოგვიანებით, პალვე გლუშკომ ეს უნარი ბიზნესის წყაროდ აქცია. ის უკვე ათეულობით ბილეთს ხატავდა და ყიდდა. ამგვარად, მას ჯიბის ფული გაუჩნდა და საუკეთესო სამოსს ყიდულობდა, ძვირიან სიგარეტებს ეწეოდა. 1956 წელს 16 წლის პავლიკა მილიციამ დააკავა და ბილეთების ფალსიფიკაციაში ამხილა. თუმცა, არასრულწლოვნების გამო, მხოლოდ პირობითი სასჯელი აკმარეს. 1958 წელს პავლე გლუშკო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე მოეწყო. ის პირველი კურსიდანვე ჩაება სტუდენტურ თვითშემოქმედებაში და კომიკური როლების საუკეთესო შემსრულებელი გახდა. მთელ თავის დროს პავლიკა სტუდენტურ თეატრს უთმობდა და სწავლა მიაგდო. თუმცა, „ცნობილ კომიკოსს“ სამიანს არავინ ამადლიდა და კურსიდან კურსზე უპრობლემოდ გადაჰყავდათ. 1962 წელს, როდესაც პავლე გლუშკო მეოთხე კურსზე სწავლობდა, პოლიტეკონომიის ახალგაზრდა ლექტორი, ვინმე ჯუმბერ ხასია მას ჯინში ჩაუდგა და ნიშანს არ უწერდა. ხასიასთან არც პავლიკას კომიკოსობა ჭრიდა, არც კოლეგების თხოვნა და არც ფული. ერთი სიტყვით, გლუშკო გარიცხვის კანდიდატთა სიებში მოხვდა და სასწაული თუ უშველიდა. ერთ-ერთი რეპეტიციის შემდეგ, პავლეს პარტნიორმა, ვასო ჩიმაკაძემ მას უთხრა:
– პავლიკ, ერთი აზრი მომივიდა თავში და ეს თუ გადაგარჩენს გარიცხვისგან.
– აბა, მითხარი, რა აზრი მოგივიდა, – მიუგო ჩიმაკაძეს გლუშკომ.
– შენ ხომ მაგრად ჰგავხარ ნიკიტა ხრუშჩოვს.
– ჰო. რა, მერე?
– რა და, – ჩიმაკაძეს გაეცინა, – არ გეწყინოს, მაგრამ, მოდი, ვთქვათ, რომ ვითომ შენ მისი უკანონო შვილი ხარ. თითქოს ის შენ ფარულად გპატრონობს და აღარ გაგრიცხავენ.
– ხასიასთან მივიდე და ვუთხრა, ხრუშჩოვის ნაბიჭვარი ვარ-მეთქი? – თავი გააქნია გლუშკომ, – რაებს როშავ.
– ხასიასთან რა გინდა. რექტორს დავურეკავ და ვეტყვი. ის კი ხასიას ნიშანს დააწერინებს.
– ვასკა, შენ, მე მგონი, გამოშტერდი, – გაეცინა პავლიკას.
ვასო ჩიმაკაძის დედა საქართველოს „ცეკას“ პირველი მდივნის, ვასილ მჟავანაძის დამლაგებელი იყო და სანამ ვასილ პავლოვიჩი სამსახურში მივიდოდა, დამლაგებელი მის კაბინეტს აკრიალებდა ხოლმე. ვასოც ხშირად ხლებია დედამისს და დედა-შვილს უპრობლემოდ უშვებდნენ „ცეკას“ შენობაში.
გლუშკოს სიტყვებზე ვასოსაც გაეცინა და უთხრა:
– კარგად მომისმინე. ხვალ დილით რექტორს „ვეჩეთი“ (სამთავრობო ტელეფონი) „ცეკას“ პირველი მდივნის კაბინეტიდან მჟავანაძის ხმით დავურეკავ და ვეტყვი, რომ მოგხედოს. აღარ გახსოვს, ადრე რომ გიყვებოდი, მჟავანაძის პირად ტუალეტში მოვფსი-მეთქი?
– რომ არ გამოვიდეს? – დაეჭვდა გლუშკო.
– გამოვა. შენ მხოლოდ დამთანხმდი.
– თანახმა ვარ. მიდი.
მეორე დღეს, ვასო ჩიმაკაძემ დილის ცხრის ნახევარზე ვასილ მჟავანაძის კაბინეტიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ევგენი ხარაძეს „ვეჩეთი“ დაურეკა და მჟავანაძის ხმით უთხრა:
– გამარჯობა. მჟავანაძე გაწუხებს.
– გისმენთ, ვასილ პავლოვიჩ.
– ხასია გყავს შენ, პოლიტეკონომიის ლექტორი.
– დიახ, ვასილ პავლოვიჩ, ჯუმბერ ხასია.
– რა სჭირს მაგ კაცს, გაგიჟდა?
– რატომ, რაშია საქმე?
– პავლე გლუშკოს სამიანს ამადლის და უნივერსიტეტის მეოთხე კურსიდან რიცხვს? – ხმას აუწია „განრისხებულმა პირველმა მდივანმა“, – ვისი შვილია, თუ იცი, შენ? შეხედე და მიხვდები...
– ხრ... – წამოსცდა ხარაძეს, მაგრამ „მჟავანაძემ“ გააწყვეტინა:
– ჩუმად. ჰო, მაგისი. ხომ მიხვდი, ახლა?
– ყველაფერი გასაგებია, ვასილ პავლოვიჩ. ახლავე მოვაგვარებ ამ პრობლემას, – მიუგო ხარაძემ.
– უბრალოდ, შეახურე. სამსახურიდან ნუ გაუშვებ. უთხარი, რომ სტუდენტებს ნუ გაამწარებს. და, კიდევ ერთი, ამ საუბრის შესახებ დაივიწყე. მე შენთვის არაფერი მითხოვია. გასაგებია?!
– ყველაფერი რიგზე იქნება. ნახვამდის...
გლუშკოს პოლიტეკონომიაში ხუთიანი დაუწერეს და მეოთხე და მეხუთე კურსები ისე დახურა, ისე უპრობლემოდ აიღო ეკონომისტის დიპლომი, რომ პავლიკას ერთი სამიანიც არ გამოჰყოლია...
– „ნიკიტიჩ“, ხომ გითხარი, ყველაფერი მოგვარდება-მეთქი? – უთხრა ჩიმაკაძემ გლუშკოს, როდესაც მეგობრები იმავე დღეს რეპეტიციაზე შეხვდნენ ერთმანეთს.
თბილისური ტანდემი
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, „ნიკიტიჩას“ და ჩიმაკაძის გზები გაიყო. გლუშკო რუსეთში გაემგზავრა და თაღლითობას მიჰყო ხელი. ორჯერ ციხეშიც იჯდა და უკვე საკმაოდ ცნობილი აფერისტი იყო. 1971 წელს მოსკოვში, ძველი მეგობრები შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს და გადაწყვიტეს, ერთად „ემუშავათ“. მათ რამდენიმე მსხვილი აფერა ჩაატარეს და საკმაოდ დიდი ფულიც იშოვეს. „ნიკიტიჩამ“ თავისი „ნათლია“ ბოროტმოქმედთა სამყაროში შეიყვანა და კოლეგებმა მათ „თბილისური ტანდემი“ შეარქვეს. წყვილი მთელ საბჭოთა კავშირში მოღვაწეობდა და სისხლს უშრობდა მილიციას.
1973 წლის 10 ოქტომბერს, ტანდემმა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აფერა განახორციელა თავის ბიოგრაფიაში. ამ დღეს მოსკოვში, ლუჟნიკის სტადიონზე საბჭოთა კავშირის ფინალური მატჩი იმართებოდა ფეხბურთში. ერთმანეთს ხვდებოდნენ – ერევნის „არარატი“ და კიევის „დინამო“. 100-ათასიან სტადიონზე ბილეთები ერთი თვით ადრე იყო გაყიდული და ათასობით ერევნელი და კიეველი გულშემატკივარი 50 მანეთს იხდიდა ბილეთში, რომ სტადიონზე მოხვედრილიყვნენ. „ნიკიტიჩამ“ წინასწარ დაიჭირა თადარიგი და მოსკოვის ¹3 სტამბაში, არალეგალურად 5 ათასი ბილეთი დააბეჭდვინა. თამაშის დღეს კი მან და ჩიმაკაძემ ეს ფალსიფიცირებული ბილეთები სტადიონის მისადგომებთან სულ რაღაც საათ-ნახევარში გაყიდეს, თითო 50 მანეთად. ამგვარად, 250 ათასი მანეთი აიღეს და მიიმალნენ...
ამ აფერის გამო ტანდემს მილიცია კუდზე დააჯდა და სამი წლის განმავლობაში ეძებდნენ. ჩიმაკაძემ უცხოეთში გაქცევა მოახერხა და დღემდე ნორვეგიაში ცხოვრობს. „ნიკიტიჩა“ კი 1976 წელს უზბეკეთის დედაქალაქში იმ დროს დააპატიმრეს, როცა ცნობილი აფერისტი ერთ-ერთი რესტორნის დირექტორისთვის ფალსიფიცირებული ჩეხური ლუდის მიყიდვას ცდილობდა.
პავლე გლუშკო 1991 წელს, 51 წლის ასაკში გარდაიცვალა მოსკოვში, ტუბერკულოზისგან...