ვეტერინარის რჩევები
კითხვა: ზაფხულის ცხელ დღეებში სასურველია ძაღლს წყლის დოზა გავუზარდოთ თუ არ აქვს ამას მნიშვნელობა?
პასუხი: აუცილებლად, უნდა გაუზარდოთ წყლის დოზა და ცხელ ამინდში მუდმივად შეუვსოთ წყლის ჭურჭელი. ეს უნდა გააკეთოთ, მით უმეტეს იმ შემთხვევაში, თუ ძაღლი ეზოს პირობებში გყავთ და ცხელ ამინდში შენობაში არ იმყოფება.
კითხვა: რა ასაკიდან უნდა მოვამზადოთ ძაღლი შოუსთვის?
პასუხი: პირველივე თვეებიდან უნდა დავიწყოთ ძაღლის ჰენდლინგი, ანუ ძაღლის მომზადება რინგისთვის. შესაბამისად, ძაღლი როცა გამოფენაზე გაჰყავთ, მან უნდა აჩვენოს კბილები, ანუ უნდა დადგეს ნაბულში. ყველა ჯიშის ძაღლს ნაბულის თავისი სტილი აქვს, რომელიც თავისთავად სტანდარტშია მითითებული. კორექტირებას თუ გაუკეთებთ, მაგალითად, ფეხს გადმოუწევთ ოდნავ მარცხნივ ან პირიქით, უნდა გემორჩილებოდეთ, რადგან მსაჯს უნდა უჩვენო მისი ანატომია. ძაღლი რინგზე წრის შემოვლისას უნდა მოძრაობდეს პატრონთან ერთად და სხვა ძაღლებს არ აქცევდეს ყურადღებას. არ უნდა ჰქონდეს მიდრეკილება თამაშის, ჩხუბისკენ და ასე შემდეგ. ძაღლი აუცილებლად ყველანაირად მომზადებული უნდა იყოს და ეს ეტაპები გაიაროს, რომ გამოფენაზე მოხვდეს შესაფერის დონეზე. სამწუხაროდ, საქართველოს გამოფენების დონე არა მხოლოდ იმიტომ არ ვარგა, რომ დაფინანსებაა მწირი, არამედ იმიტომაც, რომ 99 პროცენტი პირდაპირ ჯაჭვიდანაა მოხსნილი და ისეა გამოფენაზე მიყვანილი. ამიტომაც არის აყალ-მაყალი, ყვირილი, რინგზე მოშარდვა და ასე შემდეგ.
კითხვა: რატომ ხდება, რომ ზოგ შემთხვევაში, ერთი და იგივე ჯიშის ძაღლი სხვადასხავა ფასი ღირს? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ხშირად ფასში სხვაობა საკმაოდ დიდია
პასუხი: ფასიდან გამომდინარე, სუფთა სისხლის ძაღლებშიც არის განსხვავება ხარისხის მიხედვით, რაც მოყვარულისთვის ძნელი შესამჩნევია. ამიტომ, არ უნდა დაინანოთ ლეკვში თანხის გადახდა. საბოლოოდ, დაბალფასიანი ძაღლი ვერ გაიზრდება ისეთი, როგორიც წარმოგედგინათ. ფულის დაზოგვის მიზნით, მიიღებთ ჯიშის დაბალი ხარისხის წარმომადგენელს. მერე კი გულს აიცრუებთ. გაითვალისწინეთ, რომ ძაღლზე ეკონომიის გაკეთება, არავითარ შემთხვევაში, არ შეიძლება.
კითხვა: თუ ცხოველი ცოფით არის დაავადებული, რამდენ ხანში ვლინდება ის?
პასუხი: დაავადების სიმპტომები ვლინდება მას შემდეგ, რაც ვირუსი გავრცელდება მთელ ორგანიზმში. დაავადების კლინიკური სურათის ჩამოყალიბებას წინ უსწრებს მისი ფარული, ანუ ინკუბაციური პერიოდი. ცხოველი აღნიშნულ პერიოდშიც საშიშია. ხშირად ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 10-14 დღის განმავლობაში, ხოლო ადამიანში მისმა ხანგრძლივობამ შეიძლება, წლამდეც კი გასტანოს. მოხვდება რა ცოფის ვირუსი თავის ტვინში, იქიდან ისევ ნერვის გავლით ხვდება სანერწყვე ჯირკვალში, სადაც ხდება მისი აქტიური პროდუცირება და გამოყოფა ნერწყვთან ერთად. კლინიკური ნიშნების გამოვლინებამდე 10 დღით ადრე შეიძლება, დაიწყოს დასნებოვნებულმა ცხოველმა ვირუსის გამოყოფა.