რა დაუწერელი საგზაო ნიშნები უნდა იცოდეს ყველა მძღოლმა
მძღოლების ენა საერთაშორისო ენაა, რომელიც ყველა ქვეყანაში კარგად ესმით. რა ნიშნებითა და ჟესტებით ეხმიანებიან მძღოლები ერთმანეთს, როგორ გამოხატავენ ემოციებს, უფრო სწორად, რა ჟესტებით ლაპარაკობენ, ამის შესახებ გვესაუბრება საავტომობილო ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი მევლუდ მელაძე:
ყველამ იცის, რომ მძღოლები ერთმანეთს სულ რაღაცას ანიშნებენ: ხან ფარებს აუნთებენ, ხან ხელს გაიქნევენ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი მძღოლების ენაა, რომელიც დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა და არ წერია არც ერთ წიგნში. პირველი, ყველასთვის იოლად მისახვედრია უკნიდან ფარების აციმციმება, რაც ნიშნავს იმას, რომ უკნიდან მოდის და უნდა გავატაროთ. თუ გვიახლოვდებიან და ჩვენ გვერდზე არ გადავდივართ, შესაძლოა, შუქფარები უფრო მეტად აანთონ და ააციმციმონ. თუ მაინც არ გადავდივართ, მაშინ, გრძელ სიგნალს გვაძლევენ, რაც „გემრიელად“ შეგინებას ნიშნავს. თუ შემხვედრი ავტომობილი მოდის მაშინ, როცა გასწრებას ვახორციელებთ, ჩვენ უნდა ავაციმციმოთ ფარები, რომ მან გაითვალისწინოს – მის გზაზე ვართ გადასულები.
ძალიან სახალისოა ნიშნები, რომლებიც აქვთ სატვირთო ავტომობილების მძღოლებს. როცა სატვირთო ავტომობილი ძალიან გრძელია, მას უჭირს მანევრირება. გასწრების მომენტში ის სიჩქარეს მკვეთრად ვერ დაკარგავს, რადგან, ხელმეორედ ასაკრებად ძალიან დიდი დრო დასჭირდება. ამიტომ, წინა ავტომობილი ოდნავ დააგდებს სიჩქარეს და აცდის, სანამ გაასწრებენ. როცა უკანა ავტომობილი ხედავს, რომ მან უკვე დაასრულა გასწრება და იმხელა ადგილი დარჩა, რამდენიც სატვირთოს ეყოფა, მაშინ ფარებს უნთებს, რაც ნიშნავს: „გეყოფა ეს ადგილი, დაამთავრე გასწრება და გზაზე შემოდი“. ის ავტომობილი კი, რომელმაც გაასწრო, მადლობას უხდის შემდეგნაირად: ჯერ ერთ და მერე მეორე მხარეს ანთებს მაჭუტს. თუკი ერთ სატვირთოს აღმართში ასვლა უჭირს, ხოლო მეორე გვერდით ჩაუვლის, აუცილებლად დასცინებს და ხელს დაატრიალებს, უფრო სწორად, თითით ჰაერში წრეს შემოხაზავს – ეს ნიშნავს, რომ ერთმანეთს „ეკაიფებიან“.
– უცხოეთში როგორ ხდება?
– ბევრ ქვეყანაში იშვიათად გაიგონებ სიგნალს, მაგრამ, თურქეთში სიგნალებს გიჟებივით ხმარობენ, სულ ასიგნალებენ და, თან ისე აქვთ ათვისებული ეს ენა, რომ სიგნალებით ბიოგრაფიებსაც ყვებიან (იცინის). ასევეა, იტალიაშიც – ყველა სიგნალს თავისი მნიშვნელობა აქვს. ევროპის სხვა ქვეყნებში კი სიგნალი უზრდელობად ითვლება. როდესაც უსიგნალებ, ჰგონიათ, რომ შეურაცხყოფას აყენებ, ანუ, რაღაც შეეშალა და შენ მიანიშნებ. ჩვენთან კი, ვიღაცას გვერდით რომ ჩაუვლი, სიგნალით შეიძლება მიესალმო კიდეც. ჩვენთან სიგნალს ზოგჯერ დაზღვევის მიზნითაც იყენებენ, როდესაც შენს ზოლზე ჩქარა მიდიხარ, შეიძლება, ვიღაცამ გვერდითა ზოლიდან გზა ჩაგიჭრას. იცი, რომ საქართველოში ხარ და დაზღვევის მიზნით წინასწარ ასიგნალებ.
აქვე მინდა დავამატო, რა არის პროფესიონალთა საყვარელი მანევრი, რომელსაც ძალიან ცოტა თუ იგებს: როდესაც ვიღაცა შუა ზოლზე მიდის, თან, ძალიან მშვიდად, ჩვენ კი ამ დროს, ჩვენს ზოლში ვრჩებით, მაგრამ ძალიან ახლოს გავუვლით, ისე ახლოს, რომ, შესაძლოა, სარკეც შევახოთ. ამ დროს ის ინსტინქტურად გვერდზე იწყებს გადასვლას და, რამდენადაც ის გადადის, ჩვენც მივყვებით და ვზღუდავთ. ამას ზოგი იგებს, ზოგი – ვერა და იწყებენ სიგნალს, რომელიც ნიშნავს – „რას აკეთებ“. ასეთივე, უხეში ქმედება გვაქვს, როდესაც გზის სამივე ზოლზე ავტომობილები ერთნაირი სიჩქარით მიდიან, თან ისე, რომ ვერსად გაძვრები. წინ არავინაა, უკან „საცობი“ იქმნება. ამ დროს, რაღაც ხერხით, მათ ვასწრებთ, წინ ვუდგებით იმავე სიჩქარით და მკვეთრად ვამუხრუჭებთ. ოღონდ ისე, თუ ის რეაგირებას ვერ მოასწრებს, ჩვენ გავიქცეთ, რომ არ დაგვეჯახოს. უკან ყველა ამუხრუჭებს და იწყება პანიკა. ზოგი ხვდება, რა ვქენით და გვერდზე გადადის, ხოლო, თუ ტუტუცია და მართვის არანაირი კულტურა არ აქვს, მანქანით „ჩხუბს“ იწყებს.