ინტიმური საუბრები
თავისი საქციელის გამო ყველა ისჯება
მე და ჩემმა ცოლმა ძალიან კარგი შვილები გავზარდეთ. გოგო გავათხოვეთ და, ბიჭმა დასაოჯახებელ ასაკს რომ მიაღწია, ჩემმა მეუღლემ ლამის მთელი სანათესაო ჩართო „საქმეში“, რომ გიგისთვის შესაფერისი საცოლე მოეძებნათ, მაგრამ, რაღაცნაირად, არ გამოდიოდა გარიგებით გაცნობა.
ერთ დღეს კი გიგი ერთ პატარა, გამხდარ გოგოსთან ერთად მოვიდა სახლში და გამოგვიცხადა, ჩემი საცოლეაო. სიმართლე გითხრათ, გოგოს გარეგნობით დიდად არ გადავრეულვარ, მაგრამ, შევატყვე, რომ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და დავლოცე. მაგდამ (ჩემმა ცოლმა) კი თავიდანვე ამრეზით შეხედა სარძლოს და ბოლომდე ასეთი განწყობით იყო, უფრო სწორად, მერე უფრო აიმრიზა, როცა გაიგო, რომ ნია ხელმოკლე და არაცნობილი ოჯახიდან იყო, რამაც ძალიან შელახა მაგდას „არისტოკრატული“ თავმოყვარეობა და, ისე ცუდად ექცეოდა საწყალ გოგოს (ცხადია, მაშინ, როცა მე და გიგი სახლში არ ვიყავით), რომ იმანაც ვეღარ მოითმინა და, ერთ დღესაც, სახლიდან წავიდა. მოკლედ, ასე დაუნგრია შვილს ოჯახი ჩემმა ცოლმა და სასწრაფოდ დაიწყო თავისი (და არა შვილის) შესაფერისი სარძლოს ძებნა. ნიას სახლიდან წასვლის შემდეგ გიგის ცოლის შერთვაზე ორი წელი აღარ უფიქრია. სულ ნიაკოს სურათს დასცქეროდა, ურეკავდა, შერიგებას ეხვეწებოდა, ჰპირდებოდა, ოღონდ შემირიგდი და ცალკე ბინას ვიქირავებო, მაგრამ, ნიამ უთხრა, დედაშენი ისე ვერ მიტანს, ყველგან მოგვწვდებაო და არაფრით არ შეურიგდა. მეც ძალიან მენატრებოდა ნიას მხიარული ხასიათი, მისი მშვიდი ფუსფუსი, მაგრამ მე ვინ რას მკითხავდა.
ერთ დღეს კი მაგდამ იმდენი მოახერხა, რომ გიგის გააცნო მართლაც ულამაზესი გოგო, ჩემი ცოლის კრიტერიუმებით, საუკეთესო ოჯახიდან. ისეთი ლამაზი იყო, გიგიმაც ვეღარ შეხედა გულგრილად, მით უფრო, რომ ნია უცხოეთში წავიდა სასწავლებლად და კატეგორიული უარი თქვა შერიგებაზე.
მოკლედ, მაკოს გაცნობიდან ორ თვეში ჩემი შვილი მეორედ დაქორწინდა. მაგდა ძალიან ბედნიერი იყო, რომ „შესაფერისი“ რძალი მოიყვანა, მაგრამ, ამ ბედნიერებამ ერთ თვესაც არ გასტანა. ანგელოზივით ლამაზ გოგოს ისეთი ჯოჯოხეთი ხასიათი აღმოაჩნდა, დღეში ასჯერ გვანატრებინებს სიკვდილს. არც ჩვენზე (ჩემზე და გიგიზე) გიჟდება, მაგრამ, განსაკუთრებით აგრესიულია მაგდას მიმართ, ოღონდ, ვერ ვხვდები, რატომ. ჩემს თავს არ დავეძებ, ჩემი ბიჭი მეცოდება ამ აფთრის ხელში, თორემ, ისე, ვენაცვალე განგებას, რომ ჩემს ცოლს თავისი მოყვანილი გიჟი რძალი ასე უშრობს სისხლს და ეს კი პასუხის გაცემას ვერ ბედავს. ამას წინათ ცოლი გამომიტყდა – რას ვერჩოდი იმ ბავშვს, რატომ გავაგდე, ის რომ სახლში იყო, კედლები და ავეჯი იცინოდაო.
ასეა, ყველა ისჯება თავისი საქციელის გამო, მაგრამ, მე რა შუაში ვარ? თუმცა, ალბათ, მეც იმიტომ ვისჯები და ჩემი შვილიც, რომ ნიაკოს ვერ გავუფრთხილდით და ვერ დავიცავით მაგდას აგრესიისგან. ამიტომ, ალბათ, ჩვენზეც ახია, რაც გვემართება.
სერგი, 68 წლის
ქმარს ვერ შევურიგდები
გამოგიტყდებით და, იმიტომ გავთხოვდი, რომ უნდა გავთხოვილიყავი – ასე მოითხოვდა ჩემი ოჯახი, თან, სიმართლე გითხრათ, არც მე მინდოდა, ცხოვრებაში მარტო დავრჩენილიყავი და ვინმეს „შინაბერა“ დაეძახა. ვაჟა ორი თვის გაცნობილი მყავდა, ცოლად რომ გავყევი. პატარა გოგოც აღარ ვიყავი – 29 წლის ვხდებოდი და ძალიან მინდოდა შვილები. ამიტომაც მეშინოდა, კიდევ რამდენიმე წელი რომ ვიჯდე და სიყვარულს ველოდო, ვაითუ, ვერც სიყვარული ვიპოვო და ვეღარც ბავშვი გავაჩინო-მეთქი. ამ ნაბიჯის გადადგმა იმანაც გადამაწყვეტინა, რომ ვაჟა ჭკუადამჯდარი, სერიოზული კაცი ჩანდა; თან, ბინაც ჰქონდა, სამსახურიც, არც სასმელს ეტანებოდა; ცოტას მღეროდა, ცოტას უკრავდა – მოკლედ, მთლად დიმიტრი გელოვანი არ იყო, მაგრამ, თავისი წესიერებითა და სიდინჯით მომხიბლა. მართალია, ორ თვეში შეყვარება ვერ მოვასწარი, მაგრამ ნამდვილად გამიჩნდა სიმპათიები, თან, ძალიან დიდ პატივს ვცემდი მის თვისებებს, ინტერესებს და ეს ყველაფერი საკმარისად ჩავთვალე საიმისოდ, რომ მისი ცოლი გავმხდარიყავი.
პრინციპში, მოლოდინი არ გამცრუებია – ვაჟა ძალზე მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი აღმოჩნდა, უპრობლემო ხასიათის, ჩემ მიმართ გამოჩენილი სითბოს წყალობით კი საკმაოდ მალე შემიყვარდა. შეიძლება ითქვას, იდეალური ურთიერთდამოკიდებულება გვქონდა, მით უმეტეს, რომ ცალკე ვცხოვრობდით და არავინ გვიძაბავდა ურთიერთობას. ვაჟას მშობლებიც და და-ძმაც ძალიან კარგად მეპყრობოდნენ და ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. მაგრამ, ეს იდილია გაგრძელდა დაახლოებით ათი თვე და მთელი ეს პერიოდი, ერთადერთი, რაზეც ვნერვიულობდი, ის იყო, რომ არ ვფეხმძიმდებოდი. ვაჟა ამ თემაზე საერთოდ არაფერს ამბობდა და მეგონა, ჩემი განერვიულება არ უნდოდა. დაახლოებით ათი თვის თავზე დავფეხმძიმდი და, როცა ამაში ასი პროცენტით დავრწმუნდი, მხოლოდ მერე ვუთხარი ქმარს. ძალიან ვღელავდი და მეგონა, ისიც ჩემსავით გადაირეოდა. გადაირია, მაგრამ, არა სიხარულით. ასეთი ჭკუიდან გადასული ვაჟა არ მახსოვს, ლამის მთელი სახლი დალეწა და უკანასკნელ ხმაზე ღრიალებდა. პირველმა შემოტევამ რომ გადაუარა, მითხრა: მოკლედ, თუ გინდა, რომ ერთად ვიყოთ, მაგ ბავშვს მოიშორებ, თუ არა და, როგორც მოსულხარ, ისევე წაბრძანდი ჩემი სახლიდან. მე მშვიდი ცხოვრება მინდა და არანაირი სურვილი არ მაქვს, ეს სიმშვიდე ვიღაც ბავშვების ჭყივილმა დამირღვიოსო.
ჩემში უცბად იფეთქა დედობრივმა ინსტინქტმა და, იმით შეშინებულმა, რომ ჩემს ჯერარდაბადებულ შვილს თავისივე მშობლებისგან ელის საფრთხე, ჯერ შევეცადე, გონზე მომეყვანა ქმარი, მერე კი – გული ამეჩუყებინა და დაყვავებით ვუთხარი: ნუთუ არ გაგიხარდება, პატარა ადამიანი, შენი სიცოცხლის გაგრძელება რომ ჩაგეხუტება და მამას რომ დაგიძახებს-მეთქი? რა სურათები არ დავხატე, მაგრამ, არაფერი გამომივიდა. პასუხად, უჯრიდან ფული ამოიღო, მაგიდაზე დამიყარა და მითხრა: ან ამ დღეებშივე გაიკეთებ აბორტს, ან ორშაბათს აქედან აიბარგები, სამ დღეს გაძლევ ვადასო. ყველაფერი გასაგები იყო. დასაკარგი აღარაფერი მქონდა და პირდაპირ ვუთხარი, მე ჩემი შვილის მკვლელი ვერ გავხდები. რადგან ასე მეუბნები, მეც პირდაპირ გეტყვი: მთელი ცხოვრება ვოცნებობდი დედობაზე და ამ ბედნიერებაზე შენი ხუშტურების გამო უარს ვერ ვიტყვი. ჩათვალე, რომ ცოლი აღარ გყავს-მეთქი და ოთახიდან გავედი, რომ ჩემი ნივთები ჩამელაგებინა. ამ დროს, სრულიად შემთხვევით, ჩემი დედამთელი მოვიდა და, ასეთ დღეში რომ დამინახა, გაგიჟდა, რა დაგემართათო. მიზეზი რომ გაიგო, მთლად გადავიდა ჭკუიდან – ეცა თავის შვილს, უკანასკნელი სიტყვებით გალანძღა, მერე ქმარს და დანარჩენ შვილებს დაურეკა (ვაჟას სამი და-ძმა ჰყავს) და სასწრაფოდ ჩვენთან დაიბარა, მაგრამ, ვაჟასთან ვერავინ ვერაფერს გახდა. მე უკვე ისე მძულდა ჩემი ქმარი, რომელიც ნანატრი შვილის მოკვლას მაძალებდა, უკანაც რომ წაეღო თავისი სიტყვები, მასთან გამჩერებელი მაინც არ ვიყავი. დედამთილ-მამამთილის ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, იმავე საღამოს ჩავალაგე ჩემი ნივთები და დედაჩემთან დავბრუნდი. ისე გაიარა ჩემმა ორსულობამ, ვაჟას ერთხელაც არ მოვუკითხივარ, მისი მშობლები კი ყოველ მეორე დღეს მოდიოდნენ, ყველაფერი მოჰქონდათ, ფულსაც მიტოვებდნენ. ჩემი დედამთილი და მული ექიმებთანაც დამყვებოდნენ, ოღონდ, მოლაპარაკებულებივით, ვაჟას არც ერთი არ ვახსენებდით.
აბსოლუტურად ჯანმრთელი ბიჭი გავაჩინე და ჩემი მამამთილის სახელი დავარქვი. ვაჟამ მხოლოდ მაშინ დამირეკა, ბავშვი უკვე ერთი წლის რომ იყო და შერიგება მთხოვა. ბოდიშები მიხადა – ჭკუაზე არ ვიყავი და მაპატიე, ჩემს შვილთან ურთიერთობას ნუ დამიშლი და ნურასდროს ეტყვი, როგორც მოვიქეციო. მე შევპირდი, რომ არც შვილთან ურთიერთობას დავუშლიდი და არც არასდროს ვეტყოდი ბავშვს მამაზე ცუდს, მაგრამ, გადაწყვეტით ვუთხარი, რომ აღარ შევურიგდებოდი, რადგან მე ის აღარ მიყვარდა.
ახლა ჩემი შვილი უკვე 5 წლის ხდება და მთელი ეს პერიოდი, ვაჟა ცდილობს, ოჯახი დაიბრუნოს, მაგრამ, ყოველთვის, მისი ხმის გაგონებისას ან მისი დანახვისას, ის ვაჟა მახსენდება, გაცოფებული რომ ლეწავდა ყველაფერს, ბავშვის მოშორებას მაძალებდა და სახლიდან გაგდებით მემუქრებოდა.
ეტყობა, არ ვარ კარგი ქრისტიანი, რადგან, მიტევების უნარი არ მქონია, მაგრამ, რა ვქნა, ჩემი დამთმობი ხასიათის მიუხედავად, არის რაღაც, რასაც ვერასდროს ვერავის ვაპატიებ.
ლელიკო, 36 წლის