როგორ გახდა მარიამ მარგველაშვილი დიუსელდორფის „ფეისი” და რატომ ინტერესდებიან ქართველი გოგონათი გერმანელები
16 წლის ქართველი ემიგრანტი გოგონა, მარიამ მარგველაშვილი, უკვე 11 წელია, ოჯახთან ერთად გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფში ცხოვრობს და ქალაქში საკმაოდ პოპულარული მომღერალია, თუმცა, მისი პოპულარობა მხოლოდ სიმღერით არ შემოიფარგლება – ის ცნობილი მოცეკვავეც არის. მას ტელეარხებზე ხშირად იწვევენ და სხვადასხვა შოუ-პროგრამაში იღებს მონაწილეობას. ის ყოველ ზაფხულს ჩამოდის საქართველოში და დიდი სურვილი აქვს, საბოლოოდ, თავის ქვეყანაში დაბრუნდეს საცხოვრებლად.
მარიამ მარგველაშვილი: გერმანიაში რომ გადავედი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად, 5 წლის ვიყავი. ქართულის გარდა არც ერთი ენა არ ვიცოდი. სკოლაში რომ შევედი, პირველი კლასიდან დავიწყე გერმანული და რუსული ენების შესწავლა; მესამე კლასში ინგლისური დამემატა, მეოთხეში – ლათინური, ხოლო მერვეში – ფრანგული.
– საქართველოში ხშირად ახერხებ ჩამოსვლას?
– აქ ზაფხულობით ჩამოვდივარ. ძალიან მიყვარს საქართველო, განსაკუთრებით – თბილისი. აქ მყავს ძალიან ბევრი ნათესავი, აქ არიან ჩემი მეგობრები და ასე შემდეგ. წამოსვლამდე ხუთი თვით ადრე ვემზადები, საჩუქრებს ვამზადებ. ექვსკვირიანი არდადეგები მაქვს და აქედან ოთხ კვირას ყოველთვის საქართველოში ვატარებ, ორი კვირით კი სკოლიდან საფრანგეთში მივდივართ ფესტივალზე – მე გუნდშიც ვმღერი. გერმანიაში საკარნავალო კომიტეტია, რომელმაც ქასთინგი გამოაცხადა და 12 წლის ვიყავი, მონაწილეობა რომ მივიღე. 150 მსურველიდან მხოლოდ ორნი შეგვარჩიეს და მას შემდეგ ყოველ წელს სხვადასხვა ფესტივალზე მაქვს მიწვევა. გამოვდივარ, ვმღერი და გარკვეულ ჰონორარსაც მიხდიან ამაში. შარშან 35-მდე მიპატიჟება მქონდა, წელს – კიდევ უფრო მეტი, მაგრამ ყველგან წასვლა ვერ მოვახერხე. ძალიან დიდი დატვირთვა მქონდა სკოლაში, რადგან, მომავალ წელს სკოლას ვამთავრებ და აქცენტი სწავლაზე მაქვს გადატანილი. უნივერსიტეტში მინდა ჩაბარება, ხელოვნებადმცოდნეობის ფაკულტეტზე, ასევე, რეჟისურაც ძალიან მაინტერესებს, მინდა, ფილმზე ვიმუშაო. სხვათა შორის, ორკვირიანი პრაქტიკა ბანკში გავიარე, მომდევნო ორი კვირა კი – ადვოკატურაში. ორივე ძალიან საინტერესო იყო.
– ეს ორივე სფერო ხომ შენი საქმიანობისგან ძალიან განსხვავებულია.
– მინდოდა, ამ დარგებსაც გავცნობოდი, თუმცა, მაინცდამაინც ვერ გამიტაცა. მე უფრო ცოცხალი ცხოვრება მინდა მქონდეს – მინდა, სულ რაღაც ხდებოდეს. ერთ ადგილზე ვიჯდე კომპიუტერთან და ეს იყოს ჩემი სამუშაო – ნამდვილად არ მინდა, ვერც წამომიდგენია.
– ცეკვა გერმანიაში დაიწყე?
– დიახ. ჯერ ბალეტით დავინტერესდი, შემდეგ კი ლათინურ-ამერიკული ცეკვებით. 10 წლის ვიყავი, ცეკვა რომ დავიწყე და დღემდე ძალიან მიყვარს. ამჟამად ფედერაციის წევრი ვარ, უკვე B კატეგორია მაქვს და პედაგოგიც ვარ – პატარა სტუდია მაქვს და 6-დან 12 წლამდე ბავშვებს ვასწავლი ცეკვას.
– კიდევ რით იყავი ბავშვობაში დაკავებული?
– ფორტეპიანოზეც ვუკრავდი. ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი და ბევრი რამ მაინტერესებდა. სპორტიც მიყვარს. ერთი პერიოდი ძალიან მინდოდა ფიგურულ სრიალზე და კარატეზე შესვლა. ერთ ადგილზე ვერ ვჩერდები.
– რა მიღწევები გაქვს ცეკვაში?
– ძალიან ბევრი მიღწევა მქონდა. უამრავ ტურნირში ვიღებდი მონაწილეობას სხვადასხვა ქალაქში ჩემს მეწყვილესთან ერთად. თავიდან ცოტა გვიჭირდა, მაგრამ, მერე ყოველთვის ვხვდებოდით ფინალში. უამრავჯერ გვაქვს აღებული პირველი ადგილი, მეორე ადგილზეც გავსულვართ და მესამეზეც. ამ შეჯიბრებებიდან პუნქტებს აგროვებ და საფეხურებზე ადიხარ. ამის მერე კი ერთ-ერთი ფედერალური მიწის გამარჯვებულები გავხდით. ყოველ წელს სკოლაში შოუ-პროგრამას ვაწყობთ, შემოსულ თანხას კი აფრიკის ერთ-ერთი სახელმწიფოს ინვალიდი ბავშვების დასახმარებლად ვრიცხავთ. ამის ერთ-ერთი ორგანიზატორი მე გახლავართ რამდენიმე ახალგაზრდასთან ერთად. ერთხელ, შოუს დროს ერთი ქალბატონი გავიცანი. გერმანიაში არის არხი „ვივა“, რომელზეც სულ მუსიკალური კლიპები და შოუ-პროგრამები გადის. ამ ქალბატონს ამ არხზე აქვს სატელევიზიო შოუ, სადაც მიმიწვია და მონაწილეობა მივიღე. ძალიან საინტერესო გამოვიდა. 20-წუთიანი გადაცემა იყო, რომელიც მერე ბევრმა არხმა გაიმეორა.
– კიდევ რა იყო შენს ცხოვრებაში საინტერესო, რასაც სიამოვნებით გაიხსენებ?
– სატელევიზიო არხმა „ვედეევმა“ ქასთინგზე შემარჩია ერთ ბიჭთან ერთად. თინეიჯერებზე ფილმის გადაღება უნდოდათ და ორივე გამარჯვებულზე ცალ-ცალკე ფილმი გადაიღეს.
– რაზე იყო ფილმი?
– ფილმი ჩემს ცხოვრებაზე იყო, ყველგან კამერით დამყვებოდნენ – სახლშიც, სკოლაშიც და ასე შემდეგ. აქცენტი ჩემს ემიგრანტობაზე იყო გაკეთებული, რომ, გერმანიაში ჩასულმა, მიუხედავად იმისა, რომ ენა არ ვიცოდი, დიდი შრომის ფასად, მაინც მივაღწიე წარმატებას. 40-წუთიანი ფილმია, რომლის რეჟისორმაც ფესტივალზე გაიმარჯვა და ჟურნალისტის პრიზი მიიღო.
– მოკლედ, შენი ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე.
– დიახ. სხვათა შორის, 2013 წელს დიუსელდორფის „ფეისი” გავხდი. „ფეისბუქზე” ნახეს ჩემი ფოტოები და მესიჯი მივიღე – მწერდნენ, რომ ასეთი კონკურსი ტარდებოდა და გაუხარდებოდათ თუ კი მონაწილეობას მივიღებდი. მივედი და 300-მდე მონაწილე გოგონა დამხვდა. მთელი დღე ფოტოგადაღება მიდიოდა, რაც ძალიან დამღლელი იყო. საბოლოოდ, 10 გოგონა შეგვარჩიეს, ათივეს ფოტო „ფეისბუქზე” დადეს და, რომელიც ყველაზე მეტ ‘ლაიქს~ მიიღებდა, ის გახდებოდა ‘დიუსელდორფის ფეისი.~ 10-დან სამნი აგვირჩიეს, ბოლოს კი, ჟიურის გადაწყვეტილებით, მე გავიმარჯვე.
– თაყვანისმცემელი, ალბათ, ბევრი გყავს.
– თაყვანისმცემლები მყავს, მაგრამ, ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი მიზანი მაქვს – მინდა სკოლა კარგად დავამთავრო და უნივერსიტეტში ჩავაბარო. როცა ჩემს მიზანს მივაღწევ, თაყვანისმცემლებზე მერე ვიფიქრებ.
– მარიამ, როგორც აღნიშნე, საქართველოში ყოველ ზაფხულს ჩამოდიხარ. ამჯერად ჩამოხვედი და შენი მოგვარე პრეზიდენტი დაგხვდა. როგორი შეგრძნებაა?
– ძალიან სასიამოვნოა. ვინც გაიგებს, რომ მარგველაშვილი ვარ, ყველა იმას მეკითხება პრეზიდენტის ნათესავი ხომ არ ვარ, ვიცნობ თუ არა მას და ასე შემდეგ. აეროპორტშიც შეგვემთხვა ამასთან დაკავშირებით კურიოზი: მამაც გიორგი მარგველაშვილია და, როცა მისი პასპორტი შეამოწმეს, ჯერ პასპორტის სურათს დახედა აეროპორტის თანამშრომელმა, მერე მამას ახედა, მერე – ისევ პასპორტს. ძალიან ბევრი ვიცინეთ.
– ანუ, ვინც გაიგებს, რომ გიორგის ასული მარგველაშვილი ხარ, ყველას პრეზიდენტის შვილი ჰგონიხარ?
– კი, ასეა. აეროპორტშიც ასე მოხდა. თავიდან ყველა გაკვირვებული მიყურებს ხოლმე.
– ნათესავები ხომ არ ხართ?
– არა, უბრალოდ, მოგვარეები ვართ.
– რას გეგმავ გერმანიაში დაბრუნების შემდეგ?
– წლის ბოლომდე ყველაფერი დაგეგმილი მაქვს, საახალწლო შოუ-პროგრამაც კი. მაგალითად, უკვე წელიწად-ნახევარია ვიცი, რომ იტალიაში მივდივარ ფესტივალზე, სადაც ჩემს მეწყვილესთან ერთად მივიღებ მონაწილეობას.
– საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნებაზე თუ ფიქრობ?
– კი, ძალიან მინდა და, ალბათ, მომავალში აუცილებლად მოვახერხებ საქართველოში დაბრუნებას.