როცა ქალს უყვარს...
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ N27-31(710)
ისევ კოშმარი და ისევ ბუნდოვანი, გაურკვეველი სახეები, ხმები, ჩრდილები... დიანა მხოლოდ წუხდა და შფოთავდა... არ ცდილობდა, ჩაღრმავებოდა ნანახს და გაეაზრებინა ეს კავშირები, რომლებიც მის ღამეულ კოშმარებსა და წარსულს შორის იყო. ამჯერად მოახერხა საკუთარი თავის ხელში აყვანა. ლინა აღარ დაუფეთებია, უხმაუროდ ადგა და სამზარეულოში გავიდა. ფანჯარაში მორიდებით იჭყიტებოდა დილა – ნისლიანი, მწუხარე და მზის სხივებს გადაჩვეული... გული უჩვეულოდ დაუმძიმდა. მიხვდა, რომ მშობლები მოენატრა, მაგრამ, ჯერ ვერ გაემგზავრებოდა, დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მიეყვანა. ლინასაც ერთბაშად ვერ მიატოვებდა – შეეჩვია. ტელეფონი აიღო, დარეკა და ხმადაბლა ჩასძახა:
– დევიდ, გამარჯობა... მე ვარ, დიანა, როგორ ხარ... მომენატრეთ შენც და დედაც... ჰო, ვიცი, რომ ნერვიულობს... კარგია, რომ შენ ჰყავხარ... ჰო, რა ვიცი, აბა?! მართლა კარგად ვარ... ლინაც ძალიან კარგი გოგოა. შემიყვარდა... ანა ამბობს, რომ შეიძლება, რამე სისულელე ჩავიდინო? შეგიძლია, უთხრა, რომ მსგავსს არაფერს ვაპირებ... უბრალოდ, ცოტა დასვენება მჭირდება და ახალი გარემო. სულ ეს არის. მალე ჩამოვალ... ვილი და მარია სულ ორჯერ ვნახე, ცალკე ვართ ჩვენ, ლინას პატარა ბინაში... არა, არა, ნუ გააღვიძებ... შენთან მინდოდა ლაპარაკი... მიყვარხართ ორივე, ძალიან მიყვარხართ...
დიანამ ტელეფონი დადო და ჩაიდანში ყავა ჩაყარა...
– ვის ელაპარაკებოდი? – სამზარეულოს ზღურბლზე ლინა გამოჩნდა, თვალების სრესით.
– მამაჩემს, დევიდს... დედაჩემი ნერვიულობს ძალიან, ჩამოვიდესო..
– აუ, არა რა... არ წახვიდე. ძალიან შეგეჩვიე, – შეწუხდა ლინა და სახე დაუსევდიანდა, უშენოდ ძალიან მოვიწყენ, მართლა.
– ვიცი, მეც მოვიწყენ. მეც შეგეჩვიე. ძალიან კარგი და საყვარელი გოგო ხარ. მეც არ მინდა, ჯერ წასვლა.
ლინას ეშმაკურად აუციმციმდა თვალები.
– ვიცი, რატომაც არ გინდა წასვლა. სანდროს გამო.
დიანამ გაიცინა.
– ასე სერიოზულადაც ნუ უყურებ ჩვენს ურთიერთობას. მომწონს, კარგი ბიჭია, მაგრამ სულ ეს არის. რომ წავალ, შეიძლება, საერთოდ დამავიწყდეს კიდეც.
– იმას არ დაავიწყდები, დარწმუნებული ვარ. გუშინ ნახე?
დიანამ თვალები დაახამხამა მიამიტი ბავშვივით და გაიცინა.
– არა. ჯერ არ მომნატრებია.
– ჰმ, მთელი ერთი საათი ელაპარაკებოდი ტელეფონით... მე ვერ მომატყუებ. ისე, ცუდი ბიჭი არ არის.
– მე არ ვამბობ, რომ ცუდი ბიჭია. მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. ველაპარაკებოდი, არ უარვყოფ, მაგრამ იმიტომ, რომ იმას მოვენატრე. დღეს შეიძლება, შევხვდეთ კიდეც, ვნახოთ! შენ, ალბათ, ტომასსთან გინდა შეხვედრა.
– უარს არ ვიტყოდი. საინტერესო ვინმეა, მხიარული. მშვენივრად მამხიარულებს.
– და... ეგ საკმარისი გგონია, რომ სერიოზული ურთიერთობა დაიწყო ბიჭთან?
– სერიოზული ურთიერთობა ჯერ ადრეა, მაგრამ, ხომ არსებობს სიყვარული ერთი ნახვით.
დიანამ სკეპტიკურად აიჩეჩა მხრები.
– მე არ მჯერა ამ მითის. ერთი ნახვით შეიძლება, მოგეწონოს ადამიანი, ან ძალიან მოგეწონოს. მოგინდეს მასთან სიახლოვე, სექსიც... მაგრამ ნამდვილ სიყვარულს დრო სჭირდება. ერთგვარი გამოცდა...
– რა გამოცდა, რა დედაჩემივით ლაპარაკობ.
– მე არ ვიცი, რას ლაპარაკობს დედაშენი, მაგრამ ფაქტია, რომ ერთი ნახვით სიყვარული ვერაფრით იქნება მუდმივი, თუკი მას დრო არ გამოცდის.
– მაშინ, ძნელი ყოფილა სიყვარული. რამდენი ხანია საჭირო, რომ დარწმუნდე, მართლა გიყვარს თუ არა ადამიანი ან, პირიქით – უყვარხარ.
დიანამ მხრები აიჩეჩა.
– ეგ უკვე არ ვიცი. შეუძლებელია, წინასწარ განსაზღვრო.
ლინამ ტუჩი აიბზუა.
– მაშინ მე არავინ შემიყვარდება, არასდროს... იმიტომ რომ, ძალიან მალე მბეზრდებიან ჩემი თაყვანისმცემლები.
– მაგას გეუბნები, სწორედ... ესე იგი, ჯერ არ მოსულა ის სიყვარული შენთან, რომელიც დროს გაუძლებდა.
– ვაიმე, ასე რატომ მირთულებ ყველაფერს. დიანა, რა გჭირს?! მოეშვი ცოტა, ასეთი სერიოზულიც ნუ იქნები, თორემ მალე დაბერდები, – აკისკისდა ლინა და ორი თითით ყელი გამოიწია, – მეც წამიყვანე რა, სანდროსთან პაემანზე რომ წახვალ. მაინტერესებს, როგორ იქცევი მასთან.
– რა სისულელეა... ლინა, ეგ რაში გჭირდება? აბსოლუტურად ჩვეულებრივად ვიქცევი. არაფერი განსაკუთრებული.
– არა, რა... მაგრად მაინტერესებს. იქნებ შენგან რამე ვისწავლო, თორემ დედაჩემი მსაყვედურობს, სერიოზულობა გაკლიაო.
– სულაც არა. საკმარისად სერიოზული ხარ. საერთოდ არაფერში გჭირდება, ვინმეს მიბაძო, მით უმეტეს, მე.
– ტომასი? რომ გაიგებს, შენთან ერთად ვარ, ეგეც მოვა, სანდროს გამოჰყვება.
– თუ ჩემი რჩევა გინდა, მე ეგ ტომასი არ მომწონს. მეტისმეტად უპასუხისმგებლო და თავაშვებული მგონია.
– მერე რა, ცოლად კი არ ვაპირებ, გავყვე. ცოტას გავერთობი. შენც ხომ ერთობი სანდროსთან?
დიანამ ამოიოხრა.
– ჰო, ვერთობი...
– რა იყო, რა გაგახსენდა, რომ ამოიოხრე.
– არაფერი. ცოტას ვნერვიულობ დედაჩემზე. ანა ძალიან ემოციურია და წარმომიდგენია, რა დღეში აგდებს მამაჩემს. მარტო რატომ გაუშვი ბავშვიო. დევიდს არაფერი უთქვამს, მაგრამ, მე ხომ ვიცი.
– შენ ისე ლაპარაკობ, დიდხანს აღარ გაჩერდები ჩემთან, – ლინამ ისევ მოიწყინა. მერე რაღაც გაახსენდა, – ჰო, მართლა, მეც ველაპარაკე ჩემებს, და ამ შაბათ-კვირას აუცილებლად მოგვიწევს მათთან ჩასვლა, თორემ ორშაბათს თვითონ მოგვადგებიან.
– დარწმუნებული ვარ, მაგაშიც დედაჩემის ხელი ურევია. დევიდს დაარეკინებდა მამაშენთან. არიქა, უპატრონოდ არიან მიტოვებული ბავშვები და არაფერი დააშავონო.
– რა უნდა დავაშავოთ? – ვერ მიხვდა ლინა, – ჭურჭელს ხომ არ დავამტვრევთ. მე ამ ბინაში სულ მარტო ვარ ხოლმე.
– ჰოდა, ვიცი... ანას ახასიათებს ასეთი ნერვიულობები „აბსტრაქტულ სუბსტანციებზე“. მე უკვე შევეჩვიე ამას. კარგი. წავიდეთ შენებთან. მაინტერესებს კიდეც თქვენი პატარა კოშკი. დევიდი მეუბნებოდა, ძალიან ლამაზიაო.
– ჰო. ლამაზია, მაგრამ მე არ მიყვარს იქ ყოფნა. თავი რაინდების ეპოქაში მგონია. დედაჩემმა მარტო ერთი მისაღები და სამზარეულო გადააკეთა თანამედროვე სტილში, დანარჩენი ხელუხლებელი დატოვა. თვითონ, ეტყობა, მოსწონთ, მაგრამ მე დისკომფორტს მიქმნის. ჩემს საძინებელში ისეთი ძველი და დიდი საწოლი დგას, ვერ წარმოიდგენ. შენც ზუსტად ასეთივე საწოლში მოგიწევს ძილი.
– კარგია მე მიყვარს რაინდები და ძველებური ციხე-კოშკები... საკუთარი ტბაც გაქვთ, მგონი...
– ტბაც გვაქვს, ზედ ნავები და იხვებიც... პატარა ტყე და საგვარეულო სამლოცველოც. ერთი სიტყვით, სრული კომპლექტია. ცხენზეც დაგსვამთ, თუ გინდა... ხოლო, თუ მამაჩემს დაარწმუნებ, რომ საკუთარ თავს საფრთხეს არ შეუქმნი, შეიძლება, სანადიროდაც კი წაგიყვანოს
– მართლა? ახლა მართლა მომინდა შენებთან და... რაზე უნდა ვინადირო, იხვებზე?
– რა გიხარია? წარმოდგენა არ მაქვს, ახლა რომელ ცხოველზე ან ფრინველზეა ნადირობის სეზონი. მამაჩემი ამ წესებს მკაცრად იცავს და როგორც კი რომელიმე ნადირზე ნადირობის სეზონი იხსნება, ამ ამბავს დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნავს. იმდენი სტუმარი იყრის ხოლმე თავს ჩვენთან... უმეტესობას არც ვიცნობ და გამოვრბივარ. ერთხელ სპეციალური კაბაც კი შემიკერა ამ დღისთვის. რა თქმა უნდა, არ ჩამიცვამს.
– ტრადიციების მიმდევარი ყოფილა.
– უჰ, არ იცი შენ, როგორი ტრადიციულია, – ლინამ შეწუხებული გამომეტყველებით ამოიოხრა. აკვიატებული აქვს, ვისაც გინდა, იმას გაჰყევი ცოლად, მაგრამ აუცილებლად ჩვენს საგვარეულო სამლოცველოში იქორწინებო. წარმოგიდგენია?
– შენც რა გაღელვებს. ჯერ ხომ არ აპირებ გათხოვებას?
– ღმერთმა დამიფაროს. არც ირლანდიელს გავყვები. ყველა ირლანდიელი კაცი ერთი ჭკუისაა. სულაც არ მინდა, რომელიმემ თავის საგვარეულო ციხე-კოშკში გამომკეტოს. ვინმე ამერიკელს ვნახავ და გავყვები. ამერიკაში ნაკლებად მომწვდება მამაჩემი და მისი ტრადიციები.
***
დევიდი უხმაუროდ შევიდა ოთახში და ფეხაკრეფით მიუახლოვდა საწოლს.
– არ გძინავს? – გამოეხმაურა ანა, – რამე გაქვს სათქმელი?
– შემირიგდი? – გაუხარდა კაცს, – გაბრაზებული აღარ ხარ?
– რა აზრი აქვს გაბუტვას. პატარა ბავშვები ხომ არ ვართ? გაბრაზებული კი ისევ ვარ, თანაც, ძალიან გაბრაზებული. იქამდე არ დავმშვიდდები, სანამ დიანას არ ვნახავ და არ დაველაპარაკები.
– ველაპარაკე უკვე, – თქვა დევიდმა და ცოლს საწოლზე ჩამოუჯდა.
ანა წამოჯდა.
– რა? დეას ელაპარაკე? დაურეკე?
– არა. იმან დამირეკა, ეს წუთია. კარგად არის. ლინასთან ერთად კარგად ერთობა... ასე რომ, სულ ტყუილად ნერვიულობდი.
– რა გულუბრყვილო ხარ... ან ცდილობ, მე მომატყუო. რას გეტყოდა, აბა, გეგონა, მოგიყვებოდა, რითაა იქ დაკავებული? ვილის თუ დაურეკე?
– რა თქმა უნდა, – დევიდმა ცოლს თავზე გადაუსვა ხელი. ანამ ბრაზით შეხედა.
– მერე?
– შაბათს და კვირას მამულში წაიყვანს.
– ეგ საკმარისი გგონია?
– გეხვეწები, ნუ ართულებ. არაფერი ხდება ისეთი, შენ რომ ასე ინერვიულო.
– გული რომ საპირისპიროს მიგრძნობს?
– არა, ანა, არა... მართლა არაფერი ხდება... გადაგივლის ის ამბავი, რამაც ასე ძალიან აგაფორიაქა და მიხვდები, რომ სულ ტყუილად ინერვიულე.
– ნეტავი, ასე იყოს, – ამოიოხრა ანამ, – ორი ღამეა, კოშმარები მესიზმრება.
– რა კოშმარები, – მზრუნველად ჰკითხა კაცმა.
– იცი შენ, რა კოშმარებიც. გინდა, მოგიყვე ის, რის დავიწყებასაც ამდენი ხანია, ვცდილობ?!
– არა, არ მინდა.
– იცი, რომ შენ ეს კოშმარები გამიცოცხლე და ჩემს რეალობაში დააბრუნე? – ქალს ნელ-ნელა ხმა შეეცვალა და ტონიც უფრო პრეტენზიული გაუხდა.
– არა, ანა, არა, – ამოიოხრა დევიდმა. – ადგა და ფანჯარასთან მივიდა. საფეთქელთან ამობურცული, მფეთქავი ძარღვი გასცემდა მის მღელვარებას. ერთბაშად შემობრუნდა, – შაბათს ოპერაცია არ მაქვს. გინდა, ჩვენც სადმე წავიდეთ? დღესვე ავიღებ ბილეთებს.
– მინდა. თანახმა ვარ. აიღე ბილეთები.
კაცს თვალები გამოუცოცხლდა.
– ძალიან კარგი. მითხარი, საით გირჩევნია... თუმცა, ვიცი... რომელიმე პატარა და მყუდრო კუნძულზე... მზე... ზღვა... ორივეს დაგვამშვიდებს.
– არა. ვერ გამოიცანი. მეც ირლანდიაში მინდა წასვლა, ვილისთან და მარიასთან.
– არ ხუმრობ? ამას მართლა ამბობ? – შეცბა დევიდი. კი, მაგრამ ხომ შევთანხმდით, რომ ამას არ გავაკეთებდით?!
– არაფერზე არ შევთანხმებულვართ. ხომ დაგვპატიჟეს თავიანთ საგვარეულო ციხე-კოშკში რამდენჯერმე. ჰოდა, ახლა ჩავიდეთ. გაუხარდებათ.
– იმათ კი გაუხარდებათ, მაგრამ დეა გაბრაზდება.
– პირიქით, ეს მისთვის სიურპრიზი იქნება.
– უსიამოვნო სიურპრიზი, – უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა დევიდმა.
– თუ უარს მეუბნები, მაშინ ვრჩები სახლში და ჯობია, ამ თემაზე აღარ დამელაპარაკო.
– კარგი, – ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ თქვა დევიდმა, – იყოს ისე, როგორც შენ გინდა. წავიდეთ ვილისთან და მარიასთან... მაგრამ, იქნებ დეასთვის წინასწარ გვეთქვა, რომ ჩავდივართ?
–არა. ხომ ვთქვი, მისთვის ეს სიურპრიზი იქნება-მეთქი და იყოს სიურპრიზი. პასუხისმგებლობას მთლიანად საკუთარ თავზე ვიღებ...
***
... ლენუკა ნებივრად გაიზმორა და გვერდით არხეინად მძინარე, ახროტინებულ ქმარს მსუბუქად წაჰკრა იდაყვი.
– შენ დღეს არსად გეჩქარება, რომ „გააბი“?
კაცმა დაიზმუვლა. გადმობრუნდა და ცოლი მოჭუტული თვალებით შეათვალიერა.
– რა გინდა, ლენუკა? დამაძინე, რა ცოტა ხანი კიდევ.
– კოტიკ, რა ჩაატარე წუხელ?! ზოგჯერ შეძლებ ხოლმე ჩემს გაოცებას. არ გინდა, გავიმეოროთ?
– რა უნდა გავიმეოროთ, ქალო... „დაბავკა“ მომინდომა ახლა. ისიამოვნე და შეირგე, გეყოფა ცოტა ხანი.
ლენუკამ ტუჩები აიბზუა.
– აუტანელი ვინმე ხარ, მაინც... რომ არ ჩამამწარო, არ შეგიძლია. თუ არსად გეჩქარება, უარს რატომ მეუბნები? სულაც შენი ინიციატივა არ იყო?
– რომ იყო, კიდევაც ისიამოვნე. ახლა კი შემეშვი. ამას აჯობებს, ადგე და რამე მაჭამო. აქაც მარიკა ხომ არ მომიმზადებს საუზმეს. მერე კი, იმ შენს განებივრებულ შვილს დაურეკე. გუშინ ნერვები მომიშალა.
– სანდრიკას ელაპარაკე? რაო ჩემმა სიხარულმა?
– ჰმ, შენმა სიხარულმა, აქ აღარ მომწონს და სასწრაფოდ ლონდონში გადამიყვანეთ სასწავლებლადო. უზრდელი და თავხედია. დაურეკე შენც და მოიყვანა როგორმე ჭკუაზე.
– რა ჭირს ჭკუაზე მოსაყვანი? – მხრები აიჩეჩა ლენუკამ, – მეც ვეთანხმები, რომ ლონდონში ჯობია სწავლაც და ცხოვრებაც.
– რა უნდა გელაპარაკოთ. დედა და შვილი ერთნაირები ხართ, – ამოიოხრა კაცმა...
გაგრძელება შემდეგ ნომერში