ეძიე კაცი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ N31(710)
თემომ და ივიკომ მორჩილად გადაყლაპეს შეურაცხყოფა, რადგან, იცოდნენ, რომ ნებისმიერი საპროტესტო წამოკნავლებაც კი ოთახიდან მათი გაძევებით დასრულდებოდა, ამიტომ, მომრიგებლური ღიმილით შეხვდნენ მიას სიტყვებს; უფრო მეტიც, პოზიციების გასამაგრებლად თემო წამოდგა, ოთახიდან გავიდა და ივიკოც გაიყოლა. ათიოდე წუთის შემდეგ კი უკან დაბრუნდნენ და დაბალ მაგიდაზე ყავიანი ფინჯნები, ერთი ბოთლი კონიაკი და შოკოლადიანი ნაყინი დააწყვეს, თან ხმამაღლა, ორ ხმაში მღეროდნენ საზეიმო „ტუშს“ და გოგოებს თვალებში შესცქეროდნენ – ხომ კარგი ბიჭები ვართო.
– ჩაგეთვალათ, – გაეცინა მიას, – ხანდახან ასეთი საყვარლები რომ არ იყოთ, მართლა აუტანლები იქნებოდით.
თემომ იგრძნო, რომ პოზიციები უკვე გაიმაგრეს და სადავეების საბოლოოდ ხელში ასაღებად სირჩები კონიაკით შეავსო, მერე ერთი სირჩა ხელში აიღო, ცოლს მიუჭახუნა და საზეიმოდ წარმოთქვა:
– ჩემი ქეთას თამადობით, ათივეს გაგიმარჯოთ! მართლა ძალიან მიყვარხართ და ძალიან მსიამოვნებს თქვენს საზოგადოებაში ყოფნა... – მერე წამით გაჩუმდა და უცბად ხმამაღლა გაეცინა, – ისე, ჩვენს სასტავს და ჩვენს ურთიერთობას რომ ვუყურებ ახლა, მგონი, ცოტა წავისერიალებთ...
– ანუ, წავიჩემიცოლისდაქალებთ? – ლამის ენა მოიტეხა ივიკომ.
– სულაც არა, – პროტესტი გამოთქვა ქეთამ, – ძალიან მიყვარს ეგ სერიალი და ყოველთვის ვუყურებ, მაგრამ, რომ გამოჩნდეს ვინმე მოხალისე და ჩვენ შესახებ დაწეროს რომანი – სცენარი არ ეკადრება ჩვენს დონეს – სულ სხვა რამე გამოვა.
– „სულ სხვა“ რას ნიშნავს, უკეთესი თუ უარესი? – იკითხა მირანდამ.
– უკეთესი ან უარესი არ მიგულისხმია, „სულ სხვაში“ ვიგულისხმე აბსოლუტურად განსხვავებული. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, „ჩემი ცოლის დაქალები“ მართლაც ძალიან სახალისო და სასიამოვნოა საყურებლად, მაგრამ, კაცმა არ იცის, როგორია წასაკითხად, იმიტომ, რომ სცენარია. აი, ჩვენზე დაწერილი რომანი კი, ჩემი აზრით, მართლა საინტერესო იქნება.
– ეგ არ არის ცუდი აზრი, – დაფიქრებით წარმოთქვა მიამ, მერე უცებ თემიკოს მიუბრუნდა, რომელსაც კონიაკიანი სირჩა ისევ ხელში ეჭირა:
– ყველას სახელით გიხდი მადლობას და ჩვენც გვიყვარხართ ორივე, მაგრამ, თუ ძმა ხარ, ახლა თამადობა არ მოინდომო და შეგვარგე ჭორაობა!
თემომ აღარ გააგრძელა სიტყვა და კონიაკი გადაკრა; ივიკომაც მხოლდ ის გაიმეორა, მეც მიყვარხართ და გაგიმარჯოთო, დალია და ჩუმად დაჯდა პატარა პუფზე.
– მერე, რაო, იმ შენმა ბებერმა სტერვამ? – შეწყვეტილი თემა შეახსენა ივიკომ მიას.
მიამ ყველაფერი დაწვრილებით უამბო მეგობრებს.
– მაპატიე, მია, მაგრამ, მაგარი ბანძი მეზობელი გყოლია. ვერ ვიტან ბანძ ქალებს, – თქვა თემომ და სირჩები ისევ შეავსო კონიაკით.
– ბანძ კაცებს იტან? – ჰკითხა ცოლმა.
– არა, ვერც ბანძ კაცებს ვიტან, – გაეღიმა თემოს ცოლის გულუბრყვილო შეკითხვაზე.
– ნეტავი, ბანძი კაცი მეტია თუ ბანძი ქალი?
– დაინტერესდა სალომე.
კაცებს გაეცინათ და ერთმანეთს თვალი ჩაუკრეს, მაგრამ, ხმა არ ამოუღიათ – მინუსების დაწერას მოერიდნენ.
– ამ კითხვაზე პასუხი არავინ იცის, – თქვა სოფომ, – ეს არც ერთ სოციოლოგიურ სამსახურს არ გამოუკვლევია და, შესაბამისად, ამის სტატისტიკაც არ არსებობს.
– მე ვიცი, – თქვა უცებ მიამ, – აქამდე მეგონა, რაოდენობრივად ბანძი ქალი იყო მეტი, ხარისხობრივად კი – ბანძი კაცი, მაგრამ ახლა პირიქით მგონია.
– რატომ? – დაინტერესდა ლიკა.
– იმიტომ, რომ დღეს მე ყველა სიტუაციაში ისეთი ბანძი ვიყავი, რომ ყველა ბანძ კაცს ერთად გადავუჯოკრე და ახლა ძალიან მრცხვენია ამის, უფრო სწორად, ამის გამო მძულს საკუთარი თავი.
– ისეთი რა ქენი, რო?! – ხუმრობანარევი ხმით ჰკითხა თემომ.
– მეტი რა უნდა მექნა? მე დღეს ვიყავი ლაწირაკი ბირჟავიკი ბიჭი, რომელმაც ჟარგონებითა და შეურაცხმყოფელი, უწმაწური სიტყვებით გავურჩიე საქმე ხანდაზმულ ადამიანს, იმ მამა-შვილზე რომ აღარაფერი ვთქვა.
– ვინ მამა-შვილზე? – დაინტერესდა ნათია.
– ჩემს პირველ ქმარსა და მამამისზე, – დააზუსტა მიამ და ორივესთან საუბარი მოყვა თავიდან ბოლომდე.
– გოგო, სად პოულობ ასეთ, მაპატიე და, გამოსირებულ ხალხს? – აღშფოთდა თემო, – გინდა, იმ ბებერ ახვარს ყური ავუწიო?
– დაანებე თავი, თავისი გაჭირვება ეყოფა, – უპასუხა მიამ, – რაც შემეხება მე, ეტყობა, ორგანიზმში, სადღაც შიგნით, მაგნიტი მაქვს, რომელიც მხოლოდ იდიოტებსა და ნაძირლებს იზიდავს და მალე ისეთი უნიკალური კოლექცია მექნება, შეიძლება, გინესის წიგნშიც შემიყვანონ.
– მეორე ქმარიც ეგეთი როჟაა? – ჰკითხა ივიკომ.
– არა, ის ნარკომანი არ არის, მაგრამ, ისე, ზოგადად არის ნაძირალა, – აუხსნა მიამ.
– „ზოგადი ნაძირლობა“ რაში მდგომარეობს? – დაინტერესდა თემო.
– რადგან დღევანდელი საღამო ჩემი „ბენეფისი“ გამოვიდა, გეტყვით, ოღონდ, ძალიან მოკლედ, რადგან, არ მსიამოვნებს მისი გახსენებაც კი. ზოგადად ნაძირალა იმით არის, რომ, ყველაფერი მუქთა უყვარს, ყველაფრიდან გამორჩენას ელის. ქალებსაც და მეგობრებსაც ქონების მიხედვით ირჩევს და მერე მაგრად სარგებლობს ამით, თუმცა, ისე ოსტატურად აქვს ეს ყველაფერი დამხეცებული, ძალიან გვიან ხვდებიან მის ჩანაფიქრს. მერე კი იშორებენ თავიდან, მაგრამ, ამას „თავისი წილი“ სარგებელი უკვე გამოწოვილი აქვს ყველასგან.
– კარგი, მაგას თავი დავანებოთ. წეღან რაღაცას ამბობდი, ლაწირაკი ბირჟავიკივით მოვიქეციო... – შეახსენა შეწყვეტილი საუბარი მირანდამ.
– ჰო, ლაწირაკი ბიჭი ვთქვი, უფრო სწორად კი, ვიყავი ორღობის დიშოვკა, რომელსაც შეუძლია, ყველაფერი იკადროს, – განაგრძო მიამ, – მაგრამ, დედაჩემისგან რომ წამოვედი და მანქანაში ჩავჯექი, პირველად გამიჩნდა უცნაური შეგრძნება, რაც მანამდე არასდროს მქონია, – მიამ ჭიქაში ჩარჩენილი ყავა მოსვა და ისევ სიგარეტს მოუკიდა.
– რა გრძნობა? – ვეღარ მოითმინა სალომემ.
– ვიგრძენი, რომ, იმ საუბრის, უფრო სწორად, ურთიერთშეურაცხყოფის დასრულების შემდეგ, ჩვენ ერთმანეთის შეგვშურდა და, ეს შური, ორივეს მხრდან, თუ შეიძლება ასე ითქვას, იმ მომენტში იყო გულწრფელიც და გამართლებულიც.
– ესე იგი, გამოდის, რომ ეთანხმები მის ცილისწამებას? – შენიშნა ივიკომ.
– მე კი არ ვეთანხმები, ეს მას ჰგონია, რომ ასეა და ამიტომაც შეშურდა; თუმცა, საყვარლების ვერსია რომც გამოვრიცხოთ, მე ორი ქმარი და მას არც ერთი – უკვე საკმარისია შურის აღსაძვრელად, რაც, პრინციპში, ლოგიკურია, – უკვე მშვიდად განმარტა მიამ.
– მდაა... ეს უკვე ან სუფთა ქალური ლოგიკაა, რასაც მე ვერ ვხვდები, ან, ფილოსოფიის ის სიმაღლე, რომელსაც ვერასდროს შევწვდები. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ კანტის „წმინდა გონების კრიტიკას“ ჩავწვდი თუ ავწვდი თავის დროზე, რომ აღარაფერი ვთქვა ჰეგელზე, ნიცშეზე ან, თუნდაც, ფიხტეზე.
– შენ ახლა სულ სხვადასხვა ეპოქის, რანგის, კატეგორიისა და სფეროს წარმომადგენლები ჩამოთვალე, – გაეცინა ივიკოს.
– სპეციალურად მოვიქეცი ასე, ანუ, ამით ის ვთქვი, რომ, თითქმის ყველასი და ყველაფრის მესმის, ქალური ლოგიკისა და ქალური ფილოსოფიის გარდა.
– აბა, პასუხი არ უნდა გაეცა? – გაამართლა ლიკამ, – ასეთ რამეს რომ გაკადრებს ვიღაც ბანძი, იქვე უნდა მიუჩინო სათანადო ადგილი; თავისივე მეთოდით უნდა მოიგერიო.
მაგრამ, ამით ხომ შენც მისნაირი ბანძი ხდები? – არ დაეთანხმა მია.
– არაფერიც. მაპატიეთ, ბიჭებო, მაგრამ, ერთი ცოტა უზრდელური ანდაზა გამახსენდა ამასთან დაკავშირებით, – მორიდებით თქვა ქეთამ.
– მიდი, ნუ გერიდება, – „მწვანე შუქი“ აუნთო ქმარმა.
– ბებიაჩემმა იცოდა ხოლმე თქმა: კაცი რომ მოგაკუებს, შენც თუ არ მიაკუე, უტრაკო ეგონებიო, – თქვა ქეთიმ და გაწითლდა.
– ყველა ანდაზა ყოველთვის არ ამართლებს, მაგრამ, მოდი, შევცვალოთ თემა! წეღან თემომ ფიხტე ახსენა და მისი ერთი გამონათქვამი გამახსენდა, – მხიარულად თქვა რუსამ, რომელიც აქამდე თითქმის ჩუმად იჯდა და მხოლოდ სხვებს უსმენდა.
– შენ რა, სანამ ფიხტეს არ ახსენებენ, ხმას არ იღებ? – გაეცინა ივიკოს.
– არა, უბრალოდ, ისე კარგად იცნობს ფიხტეს, რომ, სიტუაციებიდან გამომდინარე, სულ მისი გამონათქვამები ახსენდება, – მსუბუქად დასცინა თემომ.
– ამას, იცი, რა პონტში გამოუვიდა? – სიცილით განაგრძო ივიკომ ღადავი, – მიხოს შვილი ჰყავს შვიდი წლის და ჯერ სიტყვა არ უთქვამს. ერთხელაც, ხაშლამას ჭამენ და ბავშვი ამბობს, ხაშლამას მარილი აკლიაო.
– მერე, შე შობელძაღლო, ლაპარაკი თუ იცოდი, აქამდე რატო ხმას არ იღებდიო, – თავში წაუთაქებს მიხო.
– აქამდე მარილი არ აკლდაო...
– ჯერ ერთი, ეგ ძალიან ძველი ანეკდოტია და, თანაც, რა შუაშია რუსასთან? – წარბის აწევით იკითხა სოფომ.
– გოიმები ხართ, თუკი ვერ მიხვდით. რა კავშირშია და, რუსას მთელი საღამო ხმა არ ამოუღია, მხოლოდ ფიხტეს ხსენებაზე ამოიდგა ენა და, რომ ვკითხე, ლაპარაკი თუ იცოდი, აქამდე რატომ დუმდი-მეთქი, მიპასუხა, აქამდე ფიხტე არ გიხსენებიათო...
გოგოებს არც კი გაუღიმიათ, თემომ და ივიკომ კი ერთმანეთს ხელი-ხელზე დაჰკრეს და ლამის ჩაბჟირდნენ.
– იუმორიც კი რა პრიმიტიული გაქვთ კაცებს, – დასცინა მიამ და ტუჩი აიბზუა.
– იმასხარავეთ რამდენიც გინდათ, – არ სწყენია რუსას, – სხვათა შორის, ძალიან საინტერესო რამ თქვა ქალებზე.
– მაინც, ლაო, ლა მინდაო, ფიხტემ? – ენა მოიჩლიქა თემომ.
ყველას გაეცინა, მათ შორის რუსასაც, მერე კი თეატრალურად გამოაცხადა: – ფიხტემ თქვა, ქალი სიყვარულის იქით ვერ იხედება და მისი ბუნებაც სიყვარულის ზღვარს ვერ შორდებაო.
– მერე, რას ერჩი, კაი ტიპი ყოფილა, ასეთი კარგი შეხედულება თუ აქვს ქალებზე. თან, პრინციპში, სიმართლე უთქვამს, – თქვა ივიკომ.
– სიმართლისა რა მოგახსენოთ, მაგრამ, მართალიც რომ იყოს, საკითხავი ისაა, ფიხტე ამ სიტყვებით აქებს ქალებს, ანუ, მოსწონს ქალების ეს თვისება თუ დასცინის ამის გამო. ჩემი აზრით, მაინცდამაიც ჩვენიანად არ უნდა ჩავთვალოთ, – თავისი პოზიცია დააფიქსირა ლიკამ.
– მართალი ხარ. მაგალითად, მეც გამაღიზიანა ამ სიტყვებმა, – აღშფოთებით დაეთანხმა სალომე.
– რატომ? – გაუკვირდა თემოს, – კაცი კანიდან ძვრება, რომ თქვენს ღრმა სულიერებას გაუსვას ხაზი, თქვენ კი ათას კუდს აბამთ ქალის მგრძნობიარე სულიერი სამყაროთი მის გულწრფელ აღტაცებას.
– აუ, რამდენი მაღალფარდოვანი სიტყვა დახარჯე, რომ ვიღაც საეჭვო გერმანელი და მისი ორაზროვანი გამონათქვამი გაგემართლებინა! – დასცინა მიამ.
– ვინ არის, გოგო, საეჭვო გერმანელი, ფიხტე?! – ჩაბჟირდა თემო.
– დიახაც! მეც მხოლოდ ირონია ვიგრძენი ქალების ასეთი შეფასების გაგონებისას. აშკარად არ ვევასებით ტიპს, – თქვა მიამ და თვითონვე აუტყდა სიცილი თავის სიტყვებზე, თუმცა, მაინც განაგრძო: – ყოველ შემთხვევაში, თუ არ დაგვცინის, ჩვენს დამცირებას მაინც ცდილობს.
– მეც ისე გავიგე, რომ პირდაპირ გვეუბნება, თქვენი გონებრივი თვალსაწიერი ფიზიკური სიყვარულის იქით ვერ მიდისო... – დაიწყო ელისომ, მაგრამ თემომ შეაწყვეტინა:
– ეცი ახლა ამათ პატივი, – და ივიკოს გახედა.
– ... ესე იგი, – განაგრძო ელისომ და თემოს კომენტარისთვის ყურადღება არ მიუქცევია, – გამოდის, რომ, მთელი მსოფლიოს პრობლემები, დაწყებული ოჯახის რჩენით და დამთავრებული ქვეყანაზე ზრუნვით, კაცებს ჰქონიათ ზურგზე წამოკიდებული, ჩვენ კი მხოლოდ ალერსსა და ხვევნა-კოცნაზე ვფიქრობთ, რადგან, მეტზე საფიქრალად ტვინი არ გვყოფნის.
– ვისაც გვეყო, ბატონო, ვინც გადავიხედეთ ამ ავადსახსენებელი სიყვარულის ზღვარს იქით, ვინც ყველა საკეთებელი და საზრუნავი საკუთარ თავზე ავიღეთ და ქოთნის ყვავილებივით ჩავათბუნეთ ქმრები სახლში, რა მოვიგეთ? – გაკაპასებით თქვა მიამ, – ვიქეცით უსქესო არსებებად, მუტანტებად, რომლებსაც გარეგნობა, ისიც მეტ-ნაკლებად, ქალის შეგვრჩა, თუკი შრომით დაკუნთულ ხელ-ფეხს, სიმძიმეების თრევით დაყენებულ მხარ-ბეჭს, გამობურცულ ზურგსა და მამაკაცურ სიარულს ქალის გარეგნობა ჰქვია; ყველაფერი დანარჩენი კი – სინაზე, სიკეკლუცე, ვარსკვლავები თვალებში, ვნებიანი ღიმილი და ასე შემდეგ – ძირითადად, უცხოელი მოხუცების, რბილად რომ ვთქვა, დასვრილ პამპერსებსა და ღამის ქოთნებში გაიბნა, რომ აღარაფერი ვთქვა, მათ დამჭნარ უკანალებზე;
– ოჰ, ფიხტე, შენი ჭკუაც რა ვთქვი! – გაუბრაზდა გერმანელ ფილოსოფოსს თემო და, ჩუმად, ისე, რომ გოგოებს არ გაეგოთ, შეუკურთხა – ჩვენ რას გვერჩოდიო.
ყველაზე-ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში კი, – თემოსთვის არც კი შეუხედავს, ისე განაგრძო მიამ, – მათი, უფრო სწორად, ჩვენი, ქალების ძალიან მცირე ნაწილი იქცა ფულის მშოვნელ უსინდისო, ან, თუნდაც, შედარებით სინდისიერ პოლიტიკოსად; კიდევ უფრო მცირე ნაწილი – დაპროგრამებულ რობოტებად, რომლებმაც რაღაც მანერები და რამდენიმე ფრაზა ისწავლეს, ამა თუ იმ პარტიაში აქიცინებენ კუდს ვიღაცის გულის მოსაგებად და იმდენსაც შოულობენ, რომ საბერძნეთში ან თურქეთში წასვლა ნამდვილად არ სჭირდებათ. ძმებს, ქმრებსა და საყვარლებსაც კარგ თანამდებობაზე აწყობენ, ზემოდანაც გვიყურებენ, ჭკუასაც გვასწავლიან და წესიერებისკენაც მოგვიწოდებენ, თუმცა, შეიძლება, ისიც კი არ იციან, რომ აღმაშენებელი, რუსთაველი და ფშაველა გვარები არ არის და რომ დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო, და არა პირიქით... – ემოციებისგან სახეაწითლებული მია უცებ ჩაცხრა და უკვე ძალიან მშვიდად თქვა: – და, ეს, რაც მე ახლა ვთქვი, სამწუხაროდ, ყველაფერი არ არის, მაგრამ, ლაპარაკის თავი აღარ მაქვს... – მერე უცბად გადაიფიქრა და განაგრძო: თუმცა, რადგან დავიწყე, ბოლომდე ვიტყვი: არსებობს ქალების კიდევ ერთი კატეგორია, რომლის წარმომადგენლებმაც, თავიანთი ჭკუით, ერთგვარი პროტესტი გამოხატეს იმით, რომ, მაპატიეთ და, საქვეყნოდ გაიხადეს, უფრო მეტიც – ჩაიხადეს და ამით გახდნენ ცნობილები, პოპულარულები, სასურველები და – ფულიანები... ასეთებმა ბომონდი ბოზმონდად აქციეს და სულაც აღარ ეთაკილებათ ცნობილ ქმრებთან ერთად ტელევიზიებში მისვლა და იმავე „ვაჟკაცი“ მეუღლეების თანდასწრებით, ხმამაღლა, აჟიტირებულად და ნიშნის მოგებით (ნიშნს კი იმ ქალებს უგებენ, ვინც ეს ვერ გააკეთა და ახლა მათი შურს) საუბარი თავიანთ წარსულ და ახლანდელ ინტიმურ ურთიერთობებზე და, უნდათ, რომ ეს „შინაგანი თავისუფლება“, როგორც თვითონ უწოდებენ თავიანთ ამორალობას, სამაგალითო გახადონ... – მიას საკმაოდ გრძელი ტირადა გამოუვიდა, თან, ზედმეტად ემოციური, რაც აშკარად არ მოუხდა მხიარულად დაწყებულ საღამოს. მიამ იგრძნო ეს და შეწუხდა.
– ბოდიშს გიხდით, ცოტა ზედმეტი მომივიდა, მაგრამ, ამ თემას გულგრილად ვერ ვუვლი გვერდს...
– არა უშავს, ყველაფერი ნორმალურად არის, მაგრამ, ამაღამ ვერ დავიძინებ, თუ არ გვეტყვი, მართლა საერთო საყვარელი ჰყავთ შენს ყოფილ მულსა და დედამთილს? – „საწყის პოზიციას“ დაუბრუნდა ქეთა.
– მე ერთად ნამდვილად არ დამინახავს, მაგრამ, სულ სხვადასხვა სასტავში ჭორაობდნენ ამაზე. ისე კი, ჩემი აზრით, როცა ასეთ ბინძურ ჭორს გივრცელებენ, სამი ვარიანტია: ან მართლა მიეცი საბაბი; ან ვიღაცას ძალიან სძულხარ; ან ვიღაცას ძალიან სერიოზულად დაუშავე რაღაც, შური იძია და გამოუვიდა კიდეც – მთლად ფრთიანი ანგელოზიც რომ იყო, წადი და იმართლე თავი, მაინც არაფერი გამოგივა; პირიქით, ყველას სათითაოდ რომ ჩამოუარო და ახსნა-განმარტებები დაუწყო, უფრო დაარწმუნებ ჭორის სიმართლეში...
– ამას წინათ „დისქავერს“ ვუყურებდი, თევზებზე იყო გადაცემა, – მოულოდნელად თქვა ნათიამ.
– თევზები რა შუაშია? – ვერ მიხვდა თემო, რომელსაც გაუხარდა კიდეც თემის შეცვლა, რადგან, აღარ შეეძლო აღარც ფიხტეს კრიტიკის და აღარც თავის თანამოძმეთა ლანძღვის მოსმენა, არადა, ოთახიდან გასვლაც არ უნდოდა – აინტერესებდა გოგოების აზრი კაცებზე.
– მაპატიეთ, მაგრამ, ისევ იმ თემას უნდა დავუბრუნდე, მია რომ განიხილავდა, ოღონდ განსხვავებულ ასპექტში, – განაგრძო ნათიამ.
– აუ, კარგი, რა, გეყოფათ ჩვენი მიწასთან გასწორება! – პროტესტი გამოთქვა ივიკომ, – თქვენ მოგეწონებათ, ახლა მე და თემომ ქალები რომ ვლანძღოთ?
– ვისაც არ მოსწონს და არ სიამოვნებს, შეუძლია, გავიდეს, – წარბი ასწია მიამ, – თუმცა თვითონაც აღარ უნდოდა ამ თემაზე საუბრის გაგრძელება, – ჩვენ არ გვითხოვია, შემოდით და გვისმინეთო.
თემო და ივიკო გაბრაზდნენ და მართლა დააპირეს ოთახიდან გასვლა, მაგრამ, ორივეს ისევ ცნობისმოყვარეობამ სძლია და მორჩილად გაჩუმდნენ.
– მიდი, მოყევი, მართლა დავინტერესდი, რა ნახე ასეთი, – შეაგულიანა ნათია ლიკამ.
– მოკლედ, რაღაც ჯიშის თევზია, სახელი აღარ მახსოვს. ულამაზესი ფერები აქვს, ყველასგან გამორჩეული, მაგრამ, მთავარი ის არის, რომ, თურმე, ძალიან უცნაურად მრავლდებიან; უფრო სწორად, უცნაური ოჯახური თანაცხოვრება აქვთ: დედა თევზი ქვირითის დაყრისთანავე კვდება, მაგრამ ლიფსიტებს, რომლებიც მალე გამოიჩეკებიან, ხომ უნდათ მოვლა?! ჰოდა, მამა თევზი იცვლის სქესს, ქალად, ანუ, დედად გადაიქცევა და, როგორც თავგადაკლული დედა, ისე უვლის და პატრონობს შვილებს, სანამ ბოლომდე დამოუკიდებლები გახდებიან.
– აი, კაცობაც ამას ჰქვია! – გაეცინა ლიკას, – მე რომ მოვკვდე, ჩემმა ქმარმა, შეიძლება, ბავშვები გააშვილოს, რომ თვითონ არ შეწუხდეს.
– ნუ ხარ შენ იაზვა, – გამოექომაგა ლიკას ქმარს ივიკო, – ძალიან კარგი ბიჭია შენი ქმარი და მუდმივად ნუ კბენ.
– ჰო, კარგი ბიჭია, ოღონდ, გარეთ, სხვებისთვის, – ირონიულად თქვა ლიკამ და გაჩუმდა.
– აუ, ეგეთი ქმარი მომცა! ოღონდ, სიკვდილი არ მინდა, ტეხავს, – ოცნებით წარმოთქვა სოფომ.
ყველას სიცილი აუტყდა.
– შენ რომ ყოველთვის მეოცნებე იყავი, ცნობილი ამბავია, მაგრამ, ქართველი ქალების შრომასთან რა კავშირშია ეგ თევზი, ეს ვერ გავიგე, – გამოვიდა სიტყვით მია, – გაგვაგებინე, ერთი, რისი თქმა გინდოდა.
– რა ვერ გაიგე, გოგო, – გაუკვირდა ნათიას, – ჩემი ნაამბობი პირდაპირ, უფრო სწორად, პირუკუ კავშირშია ქართველი ქალების თემასთან.
– ვერც მე გავიგე, რა პირდაპირ, რა პირუკუ, – თქვა ელისომ და ბოთლში ჩარჩენილი კონიაკი დაისხა.
– „ყველაფერი იგივე, ასინეთა, ოღონდ, უკუღმა“, – ციტატა მოიშველია ნათიამ, – ანუ...
– ბოლოს და ბოლოს, გეყოფათ ჩვენი ლანძღვა და დამცირება! – აღშფოთდა უცებ ივიკო, – რა, სხვა სალაპარაკო თემა აღარ გაქვთ? სულ იაზვობთ, იგესლებით, ორგანულად ვერ იტანთ კაცებს და, თან, გინდათ, რომ ხელისგულზე გატარონ. ეგრე არ ხდება, ჩემო ლამაზებო და კარგებო. ცოტა პოზიციები და განწყობა შეიცვალეთ და, იქნებ, ჩვენც უკეთესები გავხდეთ!
– ჰო, ნაწილობრივ მართალი ხარ, მაგრამ, ცუდი არ იქნებოდა, ჯერ თქვენ გეცადათ შეცვლა; ბოლოს და ბოლოს, თქვენ გქვიათ ძლიერი სქესი, – ისევ ირონია გაურია ხმაში ნათიამ.
– რა უნდა გელაპარაკოთ! – ხელი ჩაიქნია ივიკომ და კარისკენ წავიდა, – ასეთი აგრესიულები თუ იყავით, არ მეგონა!
თემო უხმოდ ადგა და გავიდა – მასპინძელი იყო და თავს უფლება ვერ მისცა, სიტყვით გამოეხატა პროტესტი, რომ გოგოებს არ სწყენოდათ.
– მგონი, მართლა ზედმეტი მოგვივიდა, – თქვა მიამ, კაცები რომ გავიდნენ.
– არა უშავს, გადაიტანენ, – ხელი აიქნია რუსამ, – სწორედ იმიტომ არ ვთხოვდები... ამ კაცებს სულ იქით უნდა ელოლიავო და თვალებში უყურო და თან, ბედნიერი უნდა იყო, თუ ეს ყველაფერი დედის რძესავით შეირგო, სამაგიეროდ კი, არაფერს არ უნდა ელოდე. სად მაქვს მაგათი თავი!..
– დედობაზე რომ ოცნებობ? – შეახსენა მირანდამ.
– დედობა ისეც შეიძლება, ოფიციალური ქმრის გარეშე, მთავარია, შინაგანად იყო მზად ამ ნაბიჯის გადასადგმელად.
– მერე, ხარ მზად?
– თითქმის. ძალიან ცოტა მიკლია, – გაეღიმა რუსას.
– ისე, მგონი, ჯობია, ვინმე უცხოელი გამოიჭიროთ შენ და სოფომ, – აზრი გამოთქვა ელისომ, – ეგენი უფრო აფასებენ ქალებს.
– არც მთლად მასეა საქმე, – რუსამ ცარიელ ფინჯანში ჩაიხედა და ქეთას მიმართა: – ყავა აღარ გაქვს?
– თემიკო! – გასძახა ქეთამ ქმარს, – ყავა მოგვიდუღე, რა!
– რამდენი? – მორჩილად იკითხა ოთახში შესულმა თემომ და აწეული ხელების თვლა დაიწყო, – არის, ხუთი ყავა, ქალბატონო გენერალო! – მერე ნათიას მიუბრუნდა და ღიმილით უთხრა: – ხომ ხედავ, სულაც არა ვარ ბოღმიანი, – და ყავის მოსადუღებლად გავიდა.
– მართლა კარგი ბიჭია შენი ქმარი და გაუფრთხილდი, – უთხრა მიამ ქეთას.
– აქეთ გამიფრთხილდეს, – გაინაზა ქეთა, თუმცა გულში დაეთანხმა დაქალს.
– აქეთაც და იქითაც, ანუ, გაუფრთხილდით ერთმანეთს, კარგი წყვილი ხართ და სისულელის გამო ნუ გაიფუჭებთ ურთიერთობას, – თქვა მიამ და რუსას მიუბრუნდა: – რას ამბობდი უცხოელ კაცებზე?
– რას და, ბიძაშვილი მყავს ერთი. მართლა ძალიან კარგი გოგოა ყველანაირად, მაგრამ, არ გაუმართლა. პირველი ქმარი, რომელსაც სიყვარულით გაჰყვა, უკაცრავი პასუხია და, ჩვეულებრივი ვირი ქართველი გამოდგა...
– რა არის, რუსა, რა სიტყვებს ამბობ, არ გრცხვენია? – რატომღაც, იუხერხულა სოფომ.
– ბოდიში ხომ მოვიხადე?.. მოკლედ, ითმინა ამ ჩემმა ბიძაშვილმა, ითმინა და ბოლოს მაინც გაშორდა – ვეღარ გაუძლო მის უხეშობას, დაიღალა. არადა, თავისებურად იმ ბიჭსაც უყვარდა: აავსებდა ყვავილებითა და საჩუქრებით, ლამის ლექსებით უხსნიდა სიყვარულს, ხუთი წუთის შემდეგ კი შეეძლო, უმიზეზოდ ეგინებინა. მართალია, მერე ბოდიშებს უხდიდა და პატიებას სთხოვდა, მაგრამ, არც მის საჩუქრებს, არც სიყვარულის ახსნას და არც ბოდიშებს ფასი აღარ ჰქონდა. ერთი სიტყვით, გაშორდა ქმარს და ორი წლის შემდეგ ცოლად გაჰყვა გერმანელს (სად გაიცნო, არ მახსოვს), რომელსაც დედა ფრანგი ჰყავს, განათლება კი ამერიკაში აქვს მიღებული.
– იშვიათი ეგზემპლარია, – ჩაურთო მიამ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში