კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აღკვეთა ტიტოს, დიმიტროვის და ხოჯას თავნებობა სტალინმა

ბრმა ლეკვები 

(1951 წლის ივლისი)

არაერთხელ აღმინიშნავს, რომ სტალინი უდიდესი თავშეკავებულობით გამოირჩეოდა და თითქმის არასდროს კარგავდა წონასწორობას. თუმცა, იყო ისეთი მომენტებიც, როცა დიდი ბელადის მოთმინების ფიალაც ივსებოდა და ამ დროს ის გამძვინვარებულ ვეფხვს ჰგავდა. მრისხანების მომენტში სტალინი სახეზე წამოწითლდებოდა ხოლმე, თვალები აენთებოდა, შუბლს შეჭმუხნიდა, კოპებს შეკრავდა და ცივი ხმით, ჩვეულებრივზე უფრო ნელა და გამოკვეთილად საუბრობდა. მართალია, ასეთ მდგომარეობაში დიდი ბელადი ძალზე იშვიათად უნახავთ, მაგრამ, მრისხანე სტალინისთვის თვალის გასწორებას ვერავინ ბედავდა და მის ოპონენტებს საშინელი გრძნობა ეუფლებოდათ, რასაც მათ სახეებზე ადვილად ამოიკითხავდით. 1951 წლის ივნისის ბოლოს, ბულგარეთის, იუგოსლავიისა და ალბანეთის ლიდერებმა – დიმიტროვმა, ტიტომ და ენვერ ხოჯამ ერთობ უპასუხისმგებლო და ნაჩქარევი, ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთეს იმის თაობაზე, რომ მათ გაერთიანებული, კონფედერაციული სახელმწიფოს შექმნა სურდათ, რათა უკეთესად განვითარებულიყვნენ და საკუთარი თავდაცვისუნარიანობა გაეზარდათ. მათი ეს ერთობლივი დეკლარაცია ერთბაშად ევროპის ყველა მოწინავე გაზეთმა წინა გვერდებზე გამოაქვეყნა თავისებური ინტერპრეტაციებით. ძირითადი აზრი ის იყო, რომ სოციალისტური ბანაკი იშლება. როცა ეს ბერიამ სტალინს მოახსენა (ბერია ყოველთვის თავად აწვდიდა ხოლმე დიდ ბელადს უმნიშვნელოვანეს ინფორმაციებს), ის განრისხდა. სტალინმა კაბინეტის კუთხეში მოისროლა ერთობლივი დეკლარაციის ტექსტი და სხვადასხვა გაზეთის მიერ ზედდართული კომენტარების დაიჯესტი. მარჯვენა, მუშტშეკრული ხელი მკვეთრად აიქნია და თვალების ბრიალით ამომარცვლა: „დამოუკიდებლობა, ერთიანობა და თავისუფლება მოუნდათ არა მაგ ბრიყვებს და ჰგონიათ, საკუთარი ძალებით შეძლებენ თავის გატანას, სულელები?! ნეტავ, მაინც როგორი სამხედრო ბლოკის შექმნას გეგმავენ უჩვენოდ და საინტერესოა, ვისი ტექნიკით უნდა შეიარაღდნენ ეგ ვაჟბატონები? აქ ბრიტანეთის ხელი ურევია უეჭველად და თავს მოვიჭრი, თუ ეს ყველაფერი ტიტოს ოინები არ იყოს, რომელსაც ბრიტანელები აგულიანებენ“.

პირველი ემოციის ამოფრქვევის შემდეგ, სტალინი დამშვიდდა. თუმცა, სახე კვლავ წამოწითლებული ჰქონდა. მან ჩიბუხი მშვიდად დატენა, გააბოლა და კაბინეტში დინჯად გაიარ-გამოიარა. ბერია კი მაგიდის კუთხესთან უხმოდ, თავჩაღუნული იდგა და არ იძროდა. სტალინმა ნაფაზი დაარტყა და მოძრაობაშივე, ისე რომ, ნაბიჯი არ შეუცვლია, ჩაილაპარაკა: „სასწრაფოდ, ახლავე, პირადად შენ, მოიწვიე დიმიტროვი, ტიტო და ხოჯა ხვალისთვის მოსკოვში და ამცნე მათ, რომ ბალკანეთის კონფედერაციის საკითხებზე მოსალაპარაკებლად ვეპატიჟები“.

ბერიამ, რომელიც აქამდე ქანდაკებასავით გაშეშებულიყო, თავი ასწია და დიდ ბელადს მიაჩერდა. სტალინი თანდათან დამშვიდდა, სახეზე სიწითლეც გაუქრა, ბერიას ანიშნა, დაჯექიო და განაგრძო: „წინასწარვე გეტყვი, რომ დიმიტროვის გარდა, არც ტიტო და არც ხოჯა არ ისურვებენ აქ ჩამოსვლას და რაიმეს მოიმიზეზებენ,” – სტალინს ამ სიტყვებზე გაეცინა, ორი ნაფაზი დაარტყა და უკვე შეკრული კოპებით განაგრძო, – „მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე იქნება და ლავრენტი, უკვე პირადად შენ გევალება ჩვენი ურჩი მეგობრების (ეს სტალინმა დიდი სარკაზმით წარმოთქვა) ხვალ ჩემთან, კაბინეტში მოლაპარაკებაზე მოყვანა. მოლაპარაკებას ზუსტად საღამოს 8 საათზე ვნიშნავ“.

საუბარს რომ მორჩა, სტალინმა ხელით ანიშნა ბერიას, წადი და იმოქმედეო. ბერიამ სწრაფი ნაბიჯებით დატოვა დიდი ბელადის კაბინეტი. ზუსტად საათ-ნახევრის შემდეგ, ლავრენტი ბერია კვლავ დიდ ბელადთან გამოცხადდა და მას შემდეგ, რაც სტალინმა მოხსენების ნებართვა მისცა, ბერიამ დაიწყო: „ამხანაგო სტალინ, თქვენი სიტყვები აბსოლუტური სიზუსტით გამართლდა,” – ბერიამ პაუზა გააკეთა, რადგან მის სიტყვებზე სტალინს ხმამაღლა გაეცინა, თან ანიშნა, განაგრძეო და ისიც კვლავ ალაპარაკდა, – „დიმიტროვი უყოყმანოდ დამთანხმდა: ხვალ, შუადღეზე მოსკოვში ვიქნებიო, ხოლო ტიტომ ავადმყოფობა მოიმიზეზა და გვითხრა, კარდელს (იუგოსლავიის მთავრობის მეთაური) გამოვგზავნიო. თითქმის იგივე მითხრა ენვერ ხოჯამაც. თუმცა, მგონია, ხოჯას მართლა გრიპი აქვს და მოსკოვში ჩამოსვლას მოერიდა. ხოჯა ძოძეს (ალბანეთის მთავრობის ხელძღვანელი) გვიგზავნის“.

სტალინმა ჩიბუხი გააბოლა და თქვა: „გრიპი მიზეზი არაა. ერთხელ მე ძალიან მაღალსიცხიანი ვეახლე ილიჩს, რომელიც გერმანიიდან არალეგალურად ჩამოვიდა პიტერში. მე კი კატორღიდან ახალი გამოქცეული ვიყავი და მთელი ოხრანკა მეძებდა,” – სტალინმა კვლავ რამდენიმე ნაფაზი დაარტყა და განაგრძო, – „არც დიმიტროვი და არც ხოჯა, საფრთხეს არ წარმოადგენენ ჩვენთვის და ისინი უფრო მიამიტობის მსხვერპლნი არიან. რაც შეეხება ტიტოს, ეს სულ სხვა საკითხია, რადგან ცხვრის ტყავსაა ამოფარებული და მასში, სინამდვილეში მგელი ბუდობს. მეტიც, ტიტო ბოლოკივითაა, გარედან წითელია, შიგნიდან კი თეთრი. თუ არ გათალე, ამას ვერ მიხვდები. ჩვენდა სამწუხაროდ, ტიტო ორმაგ და შესაძლოა, სამმაგ თამაშსაც კი ეწევა. ამიტომ მას ჩვენი ძალა კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ და ახლა ყველაფერი შენზეა. აბა, შენ იცი, ლავრენტი, ხვალ საღამოს ყველანი ჩემთან უნდა იყვნენ“. საუბარი დამთავრდა და ბერიამ სტალინის კაბინეტი დატოვა. მან მშვენივრად იცოდა, რას ნიშნავდა დიდი ბელადის სიტყვები – „ყველანი ჩემთან უნდა იყვნენ“, ანუ, საუბარი იყო ურჩების ძალით მოსკოვში ჩამოყვანაზე, რაც არცთუ ადვილი განსახორციელებელი გახლდათ. ნებისმიერი ქვეყნის პირველი პირის მოტაცება საკმაოდ რთული საქმეა. თუმცა, ბერიას ნამდვილად არ ესწავლებოდა ასეთი რამ, მას მსგავსი ასობით ოპერაცია წარმატებით ჰქონდა შესრულებული. იმავე საღამოს ლავრენტი ბერიამ, საბჭოთა საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელები – სუდოპლატოვი და ფიტინი დაიბარა და იმის თაობაზე ეთათბირა, როგორ წამოეყვანათ საბჭოთა მზვერავებს ბელგრადიდან იოზეფ ბროზ ტიტო, ხოლო ტირანადან კი – ენვერ ხოჯა. ეს ოპერაციები ყოველგვარი სისხლისა და მსხვერპლის გარეშე უნდა ჩატარებულიყო და რაც მთავარია, არაფერი არ უნდა დაშავებოდათ, არც ტიტოს და არც ხოჯას.

1951 წლის 2 ივლისს საბჭოთა საგარეო დაზვერვის სპეცდანაყოფებმა ერთდროულად, ბელგრადსა და ტირანაში ორი უნიკალური ოპერაცია ჩაატარეს, ერთი კოდური სახელწოდებით – „შამათი“. ოპერაციას პირადად ლავრენტი ბერია კურირებდა. რაც მთავარია, ორივე ოპერაცია ყოველგვარი მსხვერპლისა და ხმაურის გარეშე განხორციელდა. საბჭოთა მზვერავებმა შიშველი ტიტო საწოლიდან ააცალეს ერთ-ერთ მის მორიგ ლამაზმანს (ტიტოს უამრავი საყვარელი ჰყავდა). ენვერ ხოჯა კი მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა ჰაშიშის თრობისგან, როცა საბჭოთა სამხედრო თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა ხოჯასთან ერთად (ენვერ ხოჯა ჰაშიშით იყო გატაცებული და საღამოობით ხშირად ეწეოდა. საბჭოთა მზვერავებმა ის სწორედ მაშინ მოიტაცეს, როცა ჰაშიშის მოწევა დაასრულა და შარბათით იქცევდა თავს).

3 ივლისს ლავრენტი ბერია შუადღეზე ეახლა დიდ ბელადს და მოახსენა: „ამხანაგო სტალინ, დიმიტროვი ახლახან ჩამოფრინდა და ამჟამად მისთვის განკუთვნილ სასტუმროსკენ მიეშურება მანქანით. მას ჩვენი ხელმძღვანელობიდან არავინ დახვედრია და მხოლოდ მძღოლი და მორიგე ოფიცერი მიაცილებენ. უფრო ადრე ჩამოფრინდნენ კარდელი და ძოძე. ისინი უკვე დაბინავებულები არიან“.

სტალინი ჩიბუხს ეწეოდა, კაბინეტში ბოლთას სცემდა და ბერიას პატაკს ყურადღებით ისმენდა, რომელიც თხრობას განაგრძობდა: „ახლა, რაც  შეეხება „შამათს“. ორივე განაკაწრის გარეშე ჩამოიყვანეს ჩვენებმა და ამჟამად კრემლის სასტუმროში იწესრიგებენ თავს. ხოჯა უფრო ყოჩაღადაა და არაყიც კი გადაჰკრა ჩვენს მორიგე ოფიცერთან ერთად. თუმცა, მათი მუსლიმანობა ამის ნებას არ იძლევა. რაც შეეხება ტიტოს, ის ნელ-ნელა მოდის აზრზე და ისეა შეშინებული, კარგა ხანს ენა ვერ ამოადგმევინეს. თავიდან არც კი სჯეროდა, რომ ჩვენთან იყო. უფიქრია, ფაშისტმა პარტიზანებმა მომიტაცეს და უნდა დამხვრიტონო. მას, როგორც უკვე მოგახსენეთ, მრავალჯერ დაემუქრნენ და ერთი-ორჯერ ესროლეს კიდეც. შემდეგ, როდესაც შეიტყო, რომ ჩვენთან იმყოფებოდა, ცოტა კი დამშვიდდა, მაგრამ მაინც მოუსვენრადაა და მორიგე ოფიცერთან მანაც გადაჰკრა სამი ჭიქა“.

სტალინი აშკარა კმაყოფილებით უსმენდა ბერიას და სიამოვნებით აბოლებდა ჩიბუხს, ხოლო, მოხსენება რომ მორჩა, დიდმა ბელადმა სარკაზმით ჩაილაპარაკა: „ესეც თქვენი პარტიზანი გმირი, რომელსაც, თურმე, ნუ იტყვით და ბალკანეთის გაერთიანება და დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება მოესურვა. თუმცა, ნიფხვისამარა ასწიეს ლოგინიდან. ფუი, ლოთები! ნერვები ვერ მოუთოკავთ, საკუთარი თავი ვერ დაუცავთ და დაუზღვევიათ, მწვერვალებს კი ეპოტინებიან და ვარსკვლავების მოწყვეტა სურთ“.

სტალინმა კვლავ შეკრა კოპები, კაბინეტში მდუმარედ გაიარ-გამოიარა, ჩიბუხი დატენა, დინჯად გააბოლა და ჩაილაპარაკა: „მართალია, დიმიტროვიც შეცდა, მაგრამ, ვფიქრობ, შეიგნო საკუთარი შეცდომა, ნანობს და მას ისეთი პატივი მიაგეთ, როგორც ჩვენს მოძმე სახელმწიფო მეთაურს შეეფერება. რაც შეეხება იმ ორს, განსაკუთრებით კი მრუშ, გათახსირებულ ტიტოს, ზუსტად რვა საათზე მომითრიეთ კაბინეტში“.

სტალინმა საუბარი დაასრულა და ბერია გაუშვა, თავად კი ტელეფონს დასწვდა და მცირედი პაუზის შემდეგ ალაპარაკდა: „ვიაჩესლავ მიხაილოვიჩ (სტალინი მოლოტოვს ესაუბრებოდა), სანამ საღამოს შევიკრიბებით, დიმიტროვს გამოუარე, წამოიყვანე და ერთ საათში ჩემს ბინაში გელოდებით“.

2 საათზე მოლოტოვი და დიმიტროვი სტალინს ეახლნენ, რომელიც მათ თავის პატარა სასტურმოში შეხვდა. დიმიტროვი დარცხვენილი ჩანდა. ეტყობოდა, უხერხულად გრძნობდა თავს, მაგრამ სტალინის კეთილგანწყობამ ყოველგვარი კომპლექსი მოუხსნა. მეგობრული ხელის ჩამორთმევის შემდეგ კი თავისუფალი, გულღია საუბარი გაჩაღდა. სტალინმა დიმიტროვთან თავისი გულისტკივილი გამოთქვა ცნობილი დეკლარაციის გამო და აღნიშნა: „თქვენზე ნაკლებად ვარ გაბრაზებული, თუმცა ყველაზე მეტად თქვენგან მეწყინა ეს ნაბიჯი. ნუთუ მართლა გგონიათ, რომ ბალკანეთის კონფედერაცია თუ ფედერაცია, სულ ერთია, რას დავარქმევთ ამ სისულელეს, ერთი დღე მაინც შეძლებს არსებობას და დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას?  ნუთუ თქვენ, გამოცდილ პოლიტიკოსს, პატიოსან კომუნისტს, მართლა მიგაჩნიათ, რომ ამ ხელოვნური წარმონაქმნით მთებს გადააბრუნებთ და საბჭოთა კავშირის გვერდის ავლით, მოაგვარებთ შინაურ და საგარეო პრობლემებს?“

სტალინი აბოლებდა, ოთახში დადიოდა და თავჩაღუნულ დიმიტროვს შეგირდივით შეაგონებდა: „ეს ყოველივე რომ ტიტოს ხრიკებია, რომელიც ბრიტანელებმა შეაგულიანეს, ჩემთვის აშკარაა. ხოჯაზე ბევრი ლაპარაკი არ ღირს, რადგან გონებაშეზღუდულია. მაგრამ, თქვენ როგორ გადაგიბირათ, ეს ჩემთვის ნამდვილად სიურპრიზი იყო. მთელი ამ საუბრის განმავლობაში დიმიტროვს თავი არ აუწევია და შეპასუხება არ უცდია. სტალინმა სამი ჭიქა წითელი ღვინით შეავსო, სტუმრებს ანიშნა, აიღეთო და წარმოთქვა: „ჩვენი ქვეყნების საუკუნო მეგობრობისა იყოს“, – სასმისი დიმიტროვს მიუჭახუნა და ბოლომდე გამოცალა.

იგივე გაიმეორეს მოლოტოვმა და დიმიტროვმა, სტალინმა კი ასე დაასრულა ეს შუალედური შეხვედრა: „რვა საათზე ჩემს კაბინეტში გელოდებით, კონფედერაციის (ეს სიტყვა სტალინმა განსაკუთრებული სარკაზმით წარმოთქვა) დანარჩენი ორი მეთაურიც იქნება და იმედია, შეცდომას აღარ გაიმეორებთ“.

დიმიტროვმა უხმოდ დატოვა დიდი ბელადის ბინა და მოლოტოვთან ერთად კიბეებისკენ გაეშურა. როდესაც სტუმრები წავიდნენ, სტალინი ტელეფონს დასწვდა და ჩაილაპარაკა: „ლავრენტი, ჩვენი უნიფხვო და მწეველი ლოთები როგორ არიან? ყურადღება მიაქციე, რომ არ გამოთვრნენ და ფხიზლები იყვნენ საღამოსთვის“.

ზუსტად რვა საათზე სტალინის კაბინეტში ტიტო და ხოჯა შევიდნენ. იქ უკვე შეკრებილიყვნენ სტალინი, მოლოტოვი, დიმიტროვი, კოლაროვი, კარდელი და ძოძე, რომლებიც მაგიდას უსხდნენ. ბერია კი გვერდით, ტახტზე იყო მოკალათებული. სტალინმა კიდევ ერთხელ მოავლო თვალი  შეკრებილებს და დაიწყო: „ვხედავ,  უკვე საკუთარი იმპერია შეგიქმნიათ და ჩვენი დახმარება აღარ გჭირდებათ. ნეტავ, რას უნდა ნიშნავდეს ეს ყოველივე?! თქვენ საკუთარი უსაფრთხოება და ხელშეუხებლობა ვერ დაგიცავთ და უზარმაზარი რეგიონის ბედის გადაწყვეტას აპირებთ, თანაც ჩვენი გვერდის ავლით“.

სტალინს მრისხანება თანდათან ემატებოდა.  წამოდგა, კაბინეტში ბოლთის ცემას მოჰყვა და ცივი ხმით განაგრძო: „თქვე უნიფხვო, ლოთო სარდლებო, ისე როგორ დაგებინდათ გონება, რომ ელემენტარულს ვერ ხვდებით. ანუ, იმას, რომ კაპიტალისტები ისე გადაგსანსლავენ, თქვენგან სველი ადგილიც კი არ დარჩება. თქვენ ბრმა ლეკვები ხართ და სანამ თვალები არ აგეხილებათ, ვერაფერს დაინახავთ. ამასობაში კი, შეიძლება, ყველაფერი დამთავრდეს და იმდენი უბედურება დაატრიალოთ, ხალხი არასოდეს გაპატიებთ“.

სტალინის მრისხანება თანდათან დაცხრა, თუმცა არც ტიტოს და არც ხოჯას, თავი არ აუწევიათ. ისე დატოვეს სტალინის კაბინეტი,  მისთვის თვალის გასწორება ვერ შეძლეს. ენვერ ხოჯამ სტალინთან შეხვედრის შემდეგ, სწორი დასკვნები გამოიტანა, ტიტო კი უფრო გაჯიუტდა. იმ დღიდან მოყოლებული, ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ხსენებაც არ უნდოდა.

скачать dle 11.3