რატომ უთვლიდა ლიანა ასათიანი მამაკაცებს კომპლიმენტებს არაგულწრფელობაში
„ძალიან ბედნიერი ვარ. შეიძლება, კინოხელოვნებაში მეტის გაკეთება შემეძლო, მაგრამ, რაც მთავარია, კარგი შვილები აღვზარდე, კარგი შვილები კი წაუგებელი ბიზნესია...” ეს სიტყვები ლიანა ასათიანს ეკუთვნის.
ადრე კინოსთვის ლამაზ ქალებს ეძებდნენ. მერვე კლასელი ლიანა ასათიანიც ხომ სილამაზის გამო შეარჩიეს კინოში გადასაღებად. საქართველოს ულამაზესი ქალი _ დოდო ჭიჭინაძეც მწვანილის საყიდლად გზად მიმავალი შენიშნა ფილმ „დავით გურამიშვილის” რეჟისორის დედამ; ქართული კინოს პირველი ვარსკვლავის _ ნატა ვაჩნაძის კინოში მისვლის მიზეზი კი ფოტოსურათი გახდა, რომელიც ფოტოგრაფს ჰქონდა ქუჩაში გამოკრული...
ქალბატონი ლიანას დღიურებს ეთერ ავაზაშვილ-მაცხონაშვილმა ერთად მოუყარა თავი წიგნში „წუხილი სასწაულისა”, რომლის ფრაგმენტებიც ახლა გადაიშლება თქვენ თვალწინ და ამ ულამაზეს ქალბატონს უფრო ახლოდან გაგაცნობთ.
„...არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ, არ მჯერა სიყვარულში თავდავიწყებისა და თავგანწირვის. მქონდა გატაცებები, მაგრამ ზღვრამდე. ამაზე არ ვდავობ, შეიძლება, ასეთი რამ მართლა არსებობს, უბრალოდ მე ნამდვილად არ მქონია. ყოველთვის ოჯახის სიყვარულში ვიყავი თავგანწირული. ადამიანმა უნდა იცოდეს, სად დადგეს... შეიძლება, ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩემმა ბავშვობამ დამიტოვა მძიმე ნაკვალევი – დედას, სხვა შეუყვარდა და მშობლები დაშორდნენ, ამით კი შვილებს აგვერია ცხოვრება... მიყვარდა და მეამაყებოდა დედა, მაგრამ, ის და მამა რომ დაშორდნენ, ამის პატიება მიჭირს. მაშინ ბავშვი ვიყავი და იმდენად არ მესმოდა, მერე და მერე კი ეს ჩემთვის ტკივილად იქცა... როგორც ხედავთ, თავგადასავლები ჩემთვის ნამდვილად არ არის უცხო, მაგრამ არც არავისათვის მიმიცია უფლება და არც არავის შევუწუხებივარ. როცა გავიცანი გუგული თორაძე, კიდეც დავუშვი, რომ ჩემი მეუღლე გამხდარიყო. მოდი, ნუ დავარქმევთ ამას სიყვარულს, საპირისპირო სქესისადმი ლტოლვა ქვეშეცნეულად ხდება...
არ მიყვარს, არ მომწონს შესრულებული როლების გამოფენა... თეატრია და იმიტომ! ქალბატონი ლიანას გატაცებამ, ოცნებამ, შექმნა კინოსკენ მიმავალი გზა, თუმცა, შემთხვევამ თავად იპოვა გოგონა, რომელიც მხოლოდ მსახიობი უნდა ყოფილიყო. მიხეილ ჭიაურელმა, რომელიც თავისი ფილმის „გიორგი სააკაძიისთვის,” თეკლა დედოფლის როლის შესაფერის ქალიშვილს ეძებდა, არჩევანი მერვეკლასელ ლიანაზე შეაჩერა!.. გვერდით არაჩვეულებრივი გოგონები მედგნენ: გიორგი ლეონიძის ქალიშვილები _ ნესტანი და თინა ლეონიძეები, მანანა ქიქოძე, რუსუდან ბოკერია, მედეა იაშვილი (პაოლო იაშვილის ქალიშვილი). ჩემზე უკეთესი გოგონები გასინჯეს, ძალიან ლამაზები, ხორციელი სილამაზის მქონენი და მე, ერთი გამხდარი, აქეთ-იქით პატარა კიკინებით...” როდესაც ლიანა ასათიანი დედოფალ თეკლას როლზე დაამტკიცეს, სურვილი ჰქონდა, ვინმესთვის გაეზირებინა გულში დაუტეველი სიხარული, ასეთი კი ფანჯრის გვერდითა კედელი აღმოჩნდა, რომელზეც დანის წვერით ამოკაწრა: „19.01.1941 წ. დამამტკიცეს თეკლაზე.” მეორე დღიდან დაიწყო სასინჯი გადაღებები – ჩააცვეს დედოფლის სამოსი, გაუკეთეს გრიმი, თავზე გვირგვინი დაადგეს – ისე მორთეს, რომ საკუთარი თავი ვეღარ იცნო. ჩაიყვანეს იქ, სადაც გადაღება მიმდინარეობდა. „ჩავედი თუ არა, მაშინვე მომესმა რაღაც საოცარი, ხავერდოვანი ხმა. ახლოს რომ მივედი, სპარტაკ ბაღაშვილი შემრჩა. იმ ადამიანების გვერდით აღმოვჩნდი, ვის სურათებსაც დიდი წვალებით ვაგროვებდი და რუდუნებით ვაკრავდი ალბომებში... თავდაპირველად „გიორგი სააკაძეში” მეფე ლუარსაბი ჟორა შავგულიძეს უნდა ეთამაშა, გიორგი სააკაძე კი – სპარტაკ ბაღაშვილს, მაგრამ, რადგან სააკაძის როლზე აკაკი ხორავა დაინიშნა, სპარტაკი ლუარსაბზე გადაიყვანეს. პარადოქსია: კაცი მეფეს თამაშობდა და ცხოვრებაში თოკით გადაჭერილი ფეხცასმელებით დადიოდა...” შემთხვევითობა, რამაც „კინკილა გოგო” კინოხელოვნებას აზიარა და მაყურებელმაც უმალ აიტაცა მისი ბავშური, მაგრამ დედოფლური სილამაზე, არც ამით დამთავრებულა. „ჭირვეული მეზობლები”, „ეთერის სიმღერა”, „გაზაფხული საკენში”, „მწვერვალთა დამპყრობნი”, „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“, „ჭერი”, „ბედი ქართლისა” და სხვა მრავალი და, აი, მოვიდა ნანატრი სახე, რასაც ელოდა, სადაც ყველაზე კარგად იპოვა თავი – „თავადის ქალი მაია“. „არა იმიტომ, რომ ის იდეალურად ვითამაშე, ის იყო ნამდვილი გმირი, ის იყო ნამდვილი ხასიათი, თუმცა, რეჟისორი ლანა ღოღობერიძე იშვიათად მოიხსენიებს ამ ფილმს. არადა, ბევრს მიაჩნია, რომ ეს ფილმი მისი ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია... სხვათა შორის, როდესაც გიორგი სააკაძეს იღებდნენ, მაშინ ომისგან განადგურებული ქვეყანა შიმშილსა და სიღატაკეს განიცდიდა და, თუ ვინმეს უჭირდა, უპირველესად – მსახიობს. ძნელი დრო იყო. ქვეყანა ჭრილობებს იშუშებდა... ვხედავდი, როგორ მიდიოდნენ გამოჩენილი მსახიობები მიშა ჭიაურელთან და როგორ სთხოვდნენ, „მასოვკაში” მაინც დაგვაკავე, რომ პურის ფული გაგვიჩნდესო. ვიცოდი, როგორც არ უნდა გამჭირვებოდა, არც რეჟისორებთან და არც არავისთან არ მივიდოდი სათხოვნელად, არიქა, მიშველეთ-მეთქი და, გადავწყვიტე, ისეთ ფაკულტეტზე მესწავლა, რომელიც დამოუკიდებელს გამხდიდა, არსებობის საშუალებას მომცემდა (ეს იყო სამედიცინო ინსტიტუტი, – ავტორი). კინოსტუდიის შტატში შემომთავაზეს ჩარიცხვა... ბევრი ფიქრის შემდეგ უარი ვუთხარი ჩემს თავს. თუ გადაღებებზე დაკავებული ვიქნებოდი, ჰონორარს თავისთავად მივიღებდი, თუ არა და, არაფრის კეთებაში ფულის ასაღებად ვერ ავეყუდებოდი სალაროებთან... ყოველდღე კინოსტუდიაში რეგისტრაცია, რომ, იქნებ, რომელიმე გადამღებ ჯგუფს რამეში დასჭირდე, ნებისმიერ რამეში – მოკლედ, ეს პირობები ჩემთვის მიუღებელი იყო და შემოთავაზებაც არ მივიღე”...
ლიანა ასათიანს მხოლოდ მაშინ ეცვა ექიმის ხალათი, როდესაც გადასაღებ მოედანზე არ იდგა. მისთვის ხელოვნება ბომონად იქცა – ის ბედნიერია მაშინ, როდესაც გადაღებები აქვს. დიდ სკოლას გადიოდა, როდესაც თვალმოუშორებლად შესცქეროდა კინოსა და თეატრის ქურუმებს. შესცქეროდა და სწავლობდა, შესცქეროდა და იმახსოვრებდა, რადგან ურთიერთობა დიდზე დიდი აკადემია იყო...
...კომპლიმენტი ყველა ქალს სიამოვნებს, მაგრამ კომპლიმენტიდან იმდენს იღებს, რამდენიც ეკუთვნის. არ მოსწონს, როდესაც ადამიანებმა არ იციან თავიანთი ადგილი. ქალბატონი ლიანა იხსენებს ერთი უმეცრების ამბავს: მოსკოვის გაზეთში დიდი სტატია დაბეჭდილა – მეღორეობის ფერმის მუშა ქალის პრეტენზია ალა პუგაჩოვას მისამართით: რატომ აქვს მას დიდი აპარტამენტები, უცხოური მანქანები და განუსაზღვრელი შემოსავალიო. „აი, სადამდე მიდის მავანის უმეცრება, – აკეთებს კომენტარს ლიანა, – თუ ადამიანის ფასი მხოლოდ იმით განისაზღვრება, რომ ერთი თავი, ორი ფეხი და ორი მკლავი აქვს, მაშინ აღარაფერს ჰქონია ღირებულება. ადამიანებმა უნდა იცოდენენ თავიანთი შესაძლებლობის შეფასება და ეს გონივრულიც იქნება.
სერგო ზაქარიაძე ბევრად უფროსი იყო და მაინც მოვალედ თვლიდა თავს, ეთქვა, რა მშვენიერი ხართო. აი, მე ისეთი ხასიათის ვარ, ვიცი ჩემი ადგილი. ნიუ-იორკში ლექსო ისეთ სახლში ცხოვრობდა, ბუზი ვერ შეფრინდებოდა. ორმეტრიანი ზანგი მიღებდა ხოლმე კარს და – ოო, ლამაზო ქალბატონო, – ასე მომმართავდა. ერთხელ, ვზივარ ვესტიბიულში და ვუცდი ჩემს შვილს. ამ დროს ჩამოვიდა მოხუცებული ქალბატონი. ზანგმა მასაც იმავე სიტყვებით მიმართა. ცხადია, ეს ზრდილობის ნიშანი იყო. ყველაფერი რომ სერიოზულად მიიღო და დაიჯერო, როგორ შეიძლება?..“
მაგრამ, ერთხელ მაინც დაიჯერა თავისი სილამაზე – მაშინ, როდესაც მეფე ლუარსაბი უბრძანებს გიორგი სააკაძეს _ ემთხვიე საქართველოს დედოფლის კალთასო. სადედოფლო გვირგვინი დაადგეს და, როდესაც გაისმა: „ვისია, ვისია ქალი ლამაზი”, ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს მართლაც მშვენიერი ვიყავი”, – იხსენებს ქალბატონი ლიანა.
ეკრანზე ოთხ ფილმში ითამაშა დედოფალი. სცენაზე და ეკრანზე სიკვდილი ლამაზიცაა და ადვილიც. ცხოვრებაშია ძნელი დისკომფორტებისა და პრობლემების გადალახვა უდრტვინველად, თორემ, ფილმში შადიმანის საწამლავიც ადვილად შესვა, რადგან, იცოდა, რომ სასმისში წყალი ესხა...
კითხვაზე, თუ რაზე ან ვისზეა დამოკიდებული ოჯახის სიმტკიცე – ასეთ პასუხებს სცემს ქალბატონი ლიანა: „ქალზე, უპირველეს ყოვლისა. მეც მქონია რაღაც პრეტენზიები გუგულის მიმართ, ცხოვრება პრობლემებითაა სავსე (თუმცა, გუგულის რა ჰქონდა სასაყვედურო). მე ვგრძნობდი მის მენტალიტეტს, ნიჭიერებას და ანგარიშს ვუწევდი ყველაფერს... ღალატი რა არის? – არაფერი!.. რაღაც გატაცება რომ არ ჰქონდეს მამაკაცს, შეუძლებელია... ალბათ, მტკივნეულია, მაგრამ, აქაც ჭკუა, გონება უნდა ეყოს ადამიანს, რომ კვალი არ დატოვოს; თანაც, „სტოპ” ხომ არსებობს?! ჩვენი პირველი შეხვედრა 1945 წელს მოხდა. გუგული გამორჩეული ახალგაზრდა იყო, ამიტომ, ყველა იცნობდა და დღითი დღე ზრდიდნენ მის იმიჯს... მე ვიცოდი, რომ გუგული ექსტრაორდინარული პიროვნება იყო. მისი უზადო დიდი ნიჭი და ადამიანური თვისებები ყველანაირ ხელშეწყობასა და ანგარიშის გაწევას საჭიროებდა. ჩვენი ცხოვრება იყო საინტერესო, წარმატებებით სავსე, მოჭარბებული პრობლემებით, დამშვენებული მეგობრებითა და ახლობლებით; ჩვენი ოჯახი მისი სტუდენტებისთვის საიმედო ნავსაყუდელი იყო... გულუხვად გაიღებდა სიკეთეს სხვისთვის. ხანდახან ვეტყოდი ხოლმე. ცოტა შენთვისაც დაიტოვე დრო, ცოტა ჯანმრთელობასაც მიხედე-მეთქი, მაგრამ, ხასიათი... ხასიათი წყვეტს ყველაფერს და ყველაფერი ჩემ თვალწინ ხდებოდა...”