ვინ იყო ქართველი გენერალი, რომელსაც რომის პაპი, იტალიის იმპერატორი და ადოლფ ჰიტლერი დიდი პატივით იღებდა
ცნობილი ქართველი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, 1919–1920 წლებში თბილისის გენერალ-გუბერნატორი, ვერმახტის ქართული ლეგიონის მეთაური, გენერალი შალვა მაღლაკელიძე დაიბადა 1893 წელს სოფელ დიხაშხოში, იმერეთში, გლეხის, ნიკო მაღლაკელიძის ოჯახში.
შალვა მაღლაკელიძის პიროვნების ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის, რა თქმა უნდა, მშობლებს. მამამ ყველაფერი გააკეთა, რათა მის შვილს კარგი განათლება მიეღო და სამხედრო გამოსულიყო.
მისი პიროვნების ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვით, ასევე, შესანიშნავ ქართველ პედაგოგებსა და საზოგადო მოღვაწეებს, მის მეგობრებს, გამოჩენილ ქართველ მეცნიერებს და პოეტებს; გავლენიან არაქართველებსაც კი, რომელთაც მისი რაინდული გარეგნობა და ვაჟკაცური ხასიათი ხიბლავდათ. მან ხომ დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში.
ასევე, საინტერესოა ლორთქიფანიძეების საგვარეულოს წარმომადგენელთა წვლილიც მისი ბედის ფორმირებაში.
ის გვიამბობს: „როცა მე დავიბადე, მამაჩემს გადაუწყვეტია – თავადი სევერიან ლორთქიფანიძე რომ მოდიოდა ეკლესიაში კაპიტნის პაგონებით, ისეთი პაგონებიანი უნდა იყოს ჩემი შვილიცო...
რომ გავხდი 6 წლისა, მიადგა თავად ლორთქიფანიძეს ნიკო – მამაჩემი. ეს იყო პირველი იურისტი და უთხრა, მე და შენს ძმას, ალექსანდრეს ერთი ძუძუ გვაქვს ნაწოვი, დედაჩემის. დამეხმარე, მინდა, ჩემი ბიჭი კადეტთა კორპუსში მომიწყო. შენ რომ პატარაობისას პაგონები გეკეთა და „ჩესტს“ იღებდი, ისე მინდა ჩემს შვილსაც ჰქონდეს. ხარჯს არ დავერიდებიო.
– ნიკოია, გასულელდი, – უპასუხია ნოე ლორთქიფანიძეს, – შენს შვილს ვინ მიიღებს კადეტთა კორპუსში. ის ჩვენთვის არის, თავადაზნაურობისთვის. შენ გლეხკაცი ხარ და მეტრიკაც არა გაქვს, მეტრიკა ხომ უნდა მოიტანოო.
ფულს გავიღებ, ნაუმ, ჩემოო, – უპასუხია მამაჩემს. ფული არ ჭრის, – უთქვამს ლორთქიფანიძეს, ღირსება ჭრისო. ყაძახი ხარ შენ, ყაძახი. მე შენ გირჩევ, შეძლებული კაცი ხარ, ვენახი გაქვს, სამოყიანი თოხი უყიდე და მიეცი ხელში. სამოყიანი თოხი არის თქვენი, ყაძახების საქმეო.
მამაჩემმა იფიქრა, ქვეყანა რომ დაიქცეს, ბავშვს პაგონები მაინც უნდა დავაკრა. რაცხას მოვახერხებ, წავალ ქუთაისშიო.
მართალია, იმ დროს ბატონყმობა გადავარდნილი იყო, მაგრამ რუსეთის იმპერიაში ადამიანები, ძირითადად, წარმოშობის მიხედვით ფასდებოდნენ. ვისაც არისტოკრატული წამოშობა ჰქონდა, მათთვის ხსნილი იყო ყველა სასწავლებლის კარი, ადვილად წინაურდებოდნენ სამსახურში და კარგ კარიერას იკეთებდნენ. საერთოდ, სრულუფლებიან ადამიანებად მხოლოდ ისინი ითვლებოდნენ.
მაგრამ, საბედნიეროდ, შალვა მაღლაკელიძის მამა არ შეურიგდა ბედს. მან მოახერხა, რომ პატარა შალვას დაწყებითი განათლება სერაპიონ ადეიშვილთან მიეღო. შემდეგ კი, მომავალი გენერალ-გუბერნატორი იხსენებდა: ,,ერთ დღეს მივედი სახლში და დამხვდნენ სტუდენტები, მამაჩემთან ერთად სვამდნენ. თურმე, მამაჩემს გადაუწყვეტია, ჩემი გიმნაზიაში წაყვანა და ესენი რეპეტიტორებად უნდოდა. ორი სტუდენტია: შალვა სანებლიძე – მღვდლის შვილი, მედიკური ფაკულტეტიდან და ჩვენი სალხინოს აზნაური – კოლია ლორთქიფანიძე, იურიდიული ფაკულტეტიდან.
წამიყვანეს ქუთაისში და მიმიღეს კერძო გიმნაზიაში, მეორე კლასში. ეს კერძო გიმნაზია იყო ქართული, სადაც თავმოყრილი იყვნენ მასწავლებლები, რომლებიც შემდეგ ცნობილი სწავლულნი და პროფესორები გახდნენ: დიტო უზნაძე, გრიგოლ ნათაძე, ალექსანდრე გარსევანიშვილი, მომავალი აკადემიკოსი ჯანელიძე. ქართული ენის მასწავლებელი და გიმნაზიის ინსპექტორი იყო სილოვან ხუნდაძე, ხოლო გიმნაზიის დირექტორი გახლდათ იოსებ ოცხელი’’.
მართლაც, ამ გიმნაზიაში ნასწავლმა ადამიანებმა დიდი წვლილი შეიტანეს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს შექმნასა (1918–1921) და ქართული კულტურის აღორძინებაში.
გიმნაზისტი შალვა მაღლაკელიძე ქუთაისში ცხოვრობდა საშა წულუკიძის ოჯახში, რომლის მეუღლეც ლორთქიფანიძის ქალი გახლდათ.
როგორც ჩანს, მამა გრძნობდა, რომ მისი ვაჟი, როგორც მხედარი, სამშობლოს გამოადგებოდა და არ ცდებოდა.
შემდეგ, მოსკოვის უნივერსიტეტში, შალვა უდოკუმენტოდ მიიღეს. იქიდან მეორე კურსის სტუდენტი, თავისი სურვილით გამოცხადდა სამხედრო კომისარიატში და გამოაგზავნეს თბილისში, სამხედრო სასწავლებელში.
ასე გახდა ის ჯარისკაცი. ჯარისკაცი, რომელიც იბრძოდა სამშობლოს თავისუფლებისთვის და მრავალჯერ ასახელა თავისი გვარი სამშობლოში და სამშობლო კი – ემიგრაციაში. მას დიდი პატივით ხვდებოდა და იღებდა ყველა, მათ შორის, რომის პაპი, იტალიის იმპერატორი – ვიქტორ-ემანუელ მესამე, ძველი, ნაცისტური გერმანიის ლიდერი – ადოლფ ჰიტლერი და ახალი დემოკრატიული გერმანიის აღმშენებელი – ადენაუერი, პოლონეთის ლიდერები, პაკისტანის მომავალი პრეზიდენტი და სხვა მრავალი, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა.
მისი ბიოგრაფია ამტკიცებს, რომ არც ერთი ქართველი არ ჩამოუვარდება სხვას, მიუხედავად იმისა, რა საფეხურზე იდგნენ მათი წინაპრები იერარქიულ, ფეოდალურ საზოგადოებაში. ყოველი ქართველი თანაბარი უნდა იყოს და თანაბარი შესაძლებლობები ჰქონდეს. მხოლოდ ამგვარად გამოვლინდება ნიჭი და განვითარდება ქვეყანა.
ახლა კი გავიხსენოთ, როგორ გახდა ის პოლიტიკოსი:
,,ახლა მოვყვები იმ ამბავს, რამაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა და რამაც მთელ ჩვენს პოლიტიკურ მოღვაწეობაზე გარკვეული ზეგავლენა იქონია.
მეხუთე ასეულში არის ხარკოვის უნივერსიტეტის სტუდენტი ბაგრატ ილურიძე, კარგი პატრიოტი ბიჭი. ერთ დღეს გავედით სასეირნოდ თბილისში, მაგრამ გოლოვინის, ახლანდელი რუსთაველის პროსპექტზე, ბევრი გენერალი დადის და ჩვენ დავიმალეთ – გვეზარება მისალმების ცერემონია.
ჩავედით ალექსანდრეს ბაღი რომ არის, ახლა ძნელაძის ბაღი – ქვედა ბაღში. მაშინ გაყოფილი არ იყო, ახლა იქ ძნელაძის ძეგლია და მაშინ იმ ადგილას იდგა (მგონი, ახლაც არის) „სკამეიკა.“ დავჯექით ამ „სკამეიკაზე“ მე და ბაგრატ ილურიძე.
უცებ, მოულოდნელად, მოვიდა ჩვენთან ცივილიზებულად ჩაცმული კაცი – შავი შლაპა ახურავს, შავ ტანისამოსშია და დაჯდა ჩვენთან. შეგვეკითხა, რაღაც უცნაური, თურქული თუ სპარსული აქცენტით, მაგრამ ქართულს კარგად ლაპარაკობს:
– ქართველები ხართ?
– კი, ბატონო.
– სამხედროდ ემზადებით, არა?
– დიახ, ბატონო.
– დიდი მთავრის სასწავლებლიდან ხართ? მამაშვილურად თუ შეიძლება, თქვეთან ლაპარაკი (მახსოვს ის და არ დამავიწყდება, აქედან დაიწყო მთელი ჩემი პოლიტიკური ამბავი).
– თუ თქვენ გვიკადრებთ, ჩვენ საწინააღმდეგო რა გვაქვს.
გვკითხა:
– თუ იცით, რა არის სამაჰმადიანო საქართველო.
ბაგრატმა უთხრა: ვიცითო.
– რომელ კუთხეს თვლით სამაჰმადიანო საქართველოდ?
ბაგრატმა უთხრა:
– ბატონო, თქვენ, ალბათ, უკეთესად იცით და ჩვენ, მე და ჩემი ამხანაგი, მაგ საკითხში მაინცდამაინც ვერ ვერკვევით. ისე, ჩვენი გაგებით, ბორჯომის გადაღმა თათრებიაო.
– ყმაწვილებო, აღარ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ მე ქართველი მაჰმადიანი ვარ. ჩემი გვარია ლორთქიფანიძე. მე ვარ სამხედრო ექიმი, პოლკოვნიკი, მაგრამ ტყვე და არ მეშინია, მამაშვილურად გელაპარაკებით, ბაქოდან თბილისში მოსული. თქვენ არ შეგეშინდეთ, არავითარი ცნობები მე არ მჭირია, ჩემი ძმა სულთანის მინისტრია (მერე გამოირკვა, რომ კონსტანტინეპოლში მართლაც იყო „ლორთქიფანიძე-ბეგი“). ერთი რამ უნდა გითხრათ, – განაგრძო მან, – ამ ომს შეიძლება ბევრი რამ მოჰყვეს და ჩვენი მიზანია, შევქმნათ ერთიანი, დიდი საქართველო, ჯვრისა და მთვარის საქართველო. ამისთვის იყავით ვაჟკაცები და შეეცადეთ, კავკასიის ფრონტზე მოხვდეთ, თურქების წინააღმდეგ, მაგრამ ამისთვის წარჩინებით უნდა დაამთავროთ სასწავლებელი, რადგანაც ვაკანსიები ქართველებისთვის საქართველოში არ არსებობს. ამიტომ, თავი ისე უნდა ისახელოთ, რომ გამონაკლისი დაუშვან და ჩემი თხოვნა იქნება, ასეთ შემთხვევაში, ყარსში ან ახალციხეში მოხვდეთო.
ჩვენ შევთანხმდით, რომ ყოველი თვის ბოლოს ბაღში, ამ ადგილას შევხვედროდით ერთმანეთს. დავამთავრეთ სასწავლებელი პირველი ხარისხით, ლორთქიფანიძეს ვხვდებოდით რეგულარულად, ვსაუბრობდით პოლიტიკურ გეგმებზე და იმაზე, თუ როგორ ვსწავლობდით...
გამომიძახეს პირველი მე, ქუთაისში არის ვაკანსიაო. გენერალ ზაგიუს ეს გაუხარდა და მთავაზობს. არადა, მე ყარსში ან ახალციხეში მინდა, ხოლო ყარსში და ახალციხეში სულ სამი ადგილია...
როგორც მოგეხსენებათ, პირველად მე გამომიძახეს და ავირჩიე ახალციხე. მითხრეს კიდევაც, ქუთაისელი კაცი ხარ და ახალციხეში რატომ გსურსო. მაგრამ მე ხომ არ გავუმხელდი, შეთანხმებული რომ ვიყავი მაჰმადიან ლორთქიფანიძესთან, პოლკოვნიკთან. ბაგრატმა აირჩია ყარსი და ორივენი ჩვენ-ჩვენ ადგილზე აღმოვჩნდით. ამის შესახებ ვაცნობეთ მას და შემდეგ აღარ შეგვხვედრია არც მე და არც ბაგრატს, რომელიც ჩემთან ერთად აღმოჩნდა ემიგრაციაში. ალბათ, დაიღუპა სადმე“...
მართლაც საინტერესოა იმ ადამიანის ბედი, თუმცა მის შესახებ სხვა ცნობები არ არსებობს, გარდა მაღლაკელიძის მოგონებისა. ამ ინფორმაციიდან ჩანს, რომ დიდი საქართველოს აღდგენა მარტო ქრისტიანი ქართველების ოცნება არ იყო.
შალვა მაღლაკელიძე მთელი ცხოვრება ერთგულებდა იმ საქმეს, რაც სთხოვა მას მაჰმადიანმა ლორთქიფანიძემ.